ავტორი:

როგორ იხარჯება ფული StopCoV ფონდიდან - რა თანხა მოხმარდა 2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენი ლარია ფონდში ამ დროისთვის

როგორ იხარჯება ფული StopCoV ფონდიდან - რა თანხა მოხმარდა 2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენი ლარია ფონდში ამ დროისთვის

2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი StopCoV ფონდიდან 132 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ინტერპრესნიუსმა“ StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების ცნობით, 2020 წლის ბოლოსთვის StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 138.3 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 132.9 მლნ. ლარი გამოიყო სამი მიმართულებით: ჯანდაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროების გავლით.

უფრო კონკრეტულად, ფონდიდან 18 წლამდე ბავშვების ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე 122.8 მლნ ლარი დაიხარჯა. ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული მიმართულების სრულად დასაფინანსებლად ფონდის თანხა საკმარისი არ იყო და პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 65 მლნ ლარი გამოიყო. პროგრამის მთლიანმა დაფინანსებამ კი 187.8 მლნ ლარი შეადგინა.

გასულ წელს StopCoV ფონდიდან თანხის ხარჯვის კიდევ ერთი მიმართულებაა საგანმანათლებლო დაწესებულებების საწმენდი და სადეზინფექციო მოწყობილობების შესყიდვა, რაზეც განათლების სამინისტროს ხაზით 5.7 მლნ ლარი დახარჯა.

მესამე მიმართულება კი ეხება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცხელ ხაზებზე („112“ და „144“) გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე ცენტრის IT ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორიის მიერ კორონავირუსზე ლაბორატორიული გამოკვლევის ან/და სწრაფი ტესტირების ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს, რაზეც StopCoV ფონდიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით 3.6 მლნ ლარი დაიხარჯა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის StopCoV ფონდში არსებული თანხა 7 მილიონ ლარამდეა. აღნიშნული რესურსი მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად დაიხარჯება.

„StopCoV ფონდში 2021 წლის 25 იანვრის მდგომარეობით არსებობს მცირე რესურსი (7 მლნ ლარამდე), რაც წარმოქმნილია 2020-2021 წლებში მიღებული ჩარიცხვებით, რომლებიც განხორციელდა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ და მისი განკარგვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“, - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.

შეგახსნებთ, რომ StopCoV ფონდი გასული წლის მარტში შეიქმნა და მასში თანხის ჩარიცხვა კომპანიებსა და მოქალაქეებს შეეძლოთ. როგორც დაანონსდა, ფონდში აკუმულირებული თანხა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და მისგან დაზარალებულთა დახმარებისათვის, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიმართებოდა.

1-ელი თებერვლიდან ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება

2020 წელს, საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 10-ჯერ შემცირდა

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს