ავტორი:

8 თვის ბიჭუნას ღვიძლი გადაუნერგეს, მაგრამ ოჯახს რეაბილიტაციისთვის თანხა აღარ აქვს - "კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, მაჩუქოთ ჩემი გიორგი"

8 თვის ბიჭუნას ღვიძლი გადაუნერგეს, მაგრამ ოჯახს რეაბილიტაციისთვის თანხა აღარ აქვს - "კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, მაჩუქოთ ჩემი გიორგი"

8 თვის გიორგი ვახანია თურქეთში ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. მას ურთულესი ოპერაცია აჯიბადენის კლინიკაში ჩაუტარდა, ღვიძლი გადაუნერგეს, რადგან პატარას ღვიძლის ციროზი ჰქონდა. ბავშვი 2 თვის იყო, როდესაც ინსულტი გადაიტანა. მაშინ ურთულესი ოპერაცია ექიმმა ედიშერ მაღალაშვილმა იაშვილის კლინიკაში ჩაატარა და სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან. ამის შემდეგ თურქეთში რეანიმობილით გადაიყვანეს, რადგან აქ დიაგნოსტირება ვერ ხერხდებოდა. გაირკვა, რომ სანაღვლე გზების ატრეზია ჰქონდა, რამაც ღვიძლის ციროზი გამოიწვია. ბავშვის სიცოცხლე ფინანსებზე იყო დამოკიდებული. ოპერაციისთვის 750000 დოლარის გადახდა მოითხოვეს, ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა. ხალხის დახმარებით, კლინიკის ანგარიშზე 60.000 დოლარის ჩარიცხვა საბოლოოდ მოხერხდა და ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, დონორი დედა იყო. ახალნაოპერაციევ დედას კორონავირუსი დაემართა და თითქმის ერთი თვე ბავშვთან მიახლოების საშუალებაც კი არ ჰქონდა. პატარას მამა უვლიდა. ახლა დედა-შვილი რეაბილიტაციას ისევ კლინიკაში გადის. სრული რეაბილიტაციისთვის 3 თვეა საჭირო, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ოჯახს ისევ შეექმნა ფინანსური პრობლემა. ამას ისიც ემატება, რომ კლინიკა ოპერაციის დარჩენილი თანხის გადახდას სასწრაფოდ ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის რეაბილიტაციას პრობლემა შეექმნება. ოჯახი ისევ საზოგადოების მხარდაჭერის იმედად არის დარჩენილი. იქნებ გულთან მივიტანოთ პატარა ბიჭის გასაჭირი და ყველამ ერთად შევძლოთ გიორგის ბოლომდე გამოჯანმრთელება.

მაკა ცაავა, ბავშვის დედა:

- პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენს ოჯახს გვერდში დაუდგა და გიორგის გადარჩენაში გვეხმარება. მართლა უფლის სასწაულია, რაც ჩემს გიორგის გადახდა. გასული 6 თვე გიორგის დიაგნოზირებიდან უმძიმესი იყო ჩვენი ოჯახისთვის. თავდაპირველად დონორის პრობლემა გაჩნდა, მეუბნებოდნენ შენი სისხლის ჯგუფი არ ემთხვევაო. ძალიან განვიცადე, უფალს შევთხოვდი არ გავეწირე. ძალიან რთულია ნერვიულობა იმაზე, როდის გამოჩნდებოდა სასურველი დონორი, ამისთვისაც საკმაოდ დიდი თანხა იყო საჭირო, ჩვენ კი თითოეულ ლარს ვაკოწიწებდით. დრო არ ითმენდა, ყოველდღე მძიმდებოდა ბავშვის მდგომარეობა, გაყვითლებული ბავშვი მეჭირა ხელში. საბედნიეროდ, თურქეთში გაირკვა, რომ მე გამოვდგებოდი დონორად, რაც უდიდესი სიხარული იყო. გიორგის მდგომარეობა გართულდა დაგეგმილ ოპერაციამდე სამი თვით ადრე, რამაც თავზარი დაგვცა.

ექიმებს სამი კვირა დასჭირდათ მდგომარეობის დასტაბილურებისათვის. მოულოდნელად გიორგობა დღეს გამოგვიცხადეს, რომ გიორგი მზად იყო საოპერაციოდ, მზად ვიყავი დონორიც და 30 ნოემბერს გაგვიკეთებდნენ ოპერაციას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მინიმუმ 60 000 დოლარს გადავიხდიდით. ჩვენ მხოლოდ 35 000 დოლარი გვქონდა შეტანილი. არაფერია იმაზე მძიმე და მტკივნეული, როცა შენი შვილის სიცოცხლე ფულზეა დამოკიდებული. გიორგის გადასარჩენად დაიდო ინფორმაციები, ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო იყო სასწრაფოდ 25 000 დოლარი. აი აქ დაიწყო სასწაული, ზუსტად ერთ დღე ღამეში გიორგის ანგარიშზე ჩაირიცხა 23 000 ლარი. დილის ხუთ საათზე შევამოწმე ბარათი, თვალებს არ ვუჯერებდი. სიხარულისგან ცრემლები მახრჩობდა, ვერავის გავუზიარე სიხარული, რადგან ძალიან ადრე იყო. რამდენიმე დღეში თანხამ მიაღწია 64 000 ლარს და 30 ნოემბერს ჩაგვიტარდა ურთულესი ოპერაცია - ღვიძლის გადანერგვა. ჩემი ბიჭი გადარჩა. იგი გადაარჩინა საზოგადოების გასაოცარმა კეთილშობილებამ და მხარში დგომამ. უსაზღვროა ჩემი ოჯახის მადლიერება თითოეული ადამიანის მიმართ. მადლობა სრულიად საქართველოს, მადლობა ქართველ ემიგრანტებს...

მადლობა ქართველი და თურქი ექიმების გუნდს, რომლებმაც გიორგი გადაარჩინეს. ჩემი გიორგი მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაძლევდა ძალას გვებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად, თავისი ღიმილით სულ გვამხნევებდა. ოპერაციიდან მალე 2 თვე გადის, ახლა თურქეთში რეაბილიტაციას გავდივართ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პოსტოპერაციული პერიოდი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან რისკები ძალიან მაღალია. ეს სამი თვე კრიტიკულია, ამიტომ ვართ სრულად იზოლირებულად. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებულია და მინდა, ბოლომდე გამოჯანმრთელდეს გიორგი. ეს კი დიდ თანხებს საჭიროებს. მარტო ანალიზებში გასულ თვეს 4 000 დოლარი გადავიხადე. ამას გარდა სასწრაფოდ გადასახდელია ჩატარებული ოპერაციის დარჩენილი 10 000 დოლარი. ყოველდღე გვეუბნებიან, რომ სასწრაფოდ უნდა დავფაროთ თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის რეაბილიტაციას პრობლემები შეექმნას. სხვა გზა არ დამრჩენია. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას, ვინც გულთან მიიტანს ჩვენს გასაჭირს. სულ ცოტა დაგვრჩა, ბავშვის ნანატრ გამოჯანმრთელებამდე და ჩემო კეთილო ადამიანებო, იქნებ ბოლომდე მიმაყვანინოთ და მაჩუქოთ ჩემი გიორგი. სასწაული თქვენშია, ხალხო, უფალს ვთხოვ ასმაგად დაგიბრუნდეთ ის სიკეთე, რასაც აკეთებთ. მხოლოდ თქვენი გვერდში დგომის იმედად ვარ დარჩენილი. გიორგი გაიზრდება და მოვუყვები ამბავს, რომელიც მართლა ზღაპარს ჰგავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაიზარდოს ღირსეული, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე. დიდება უფალს.

მიმღები ბანკები:

"საქართველოს ბანკი" (Bank of Georgia) ბანკის კოდი (SWIFT):BAGAGE22

ანგარიშის ნომერი #GE04BG0000000034711800

მიმღები (დედა): მაკა ცაავა მიმღების ბანკი:

თიბისი ბანკი, ბანკის კოდი (SWIFT) : TBCBGE22

ანგარიშის ნომერი: #GE14TB7695945064300010

მიმღები (დედა): მაკა ცაავა

ტელ: 0901 701 560 (ზარის საფასურია 1 ლარი)

საქართველოში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი პაციენტი - როგორია ბოლო 24 საათის მონაცემები?

"საინტერესოა, ბატონი დავითი ჩვენთვის პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს" - თენგიზ ცერცვაძე ჭიჭინაძეს პასუხობს