ავტორი:

"მომწონს დაბერება, ეს თითქოს გამარჯვებაა...მე მოსაწყენი და ცოტა უფრო შეშლილი ვარ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ" - ანჯელინა ჯოლი

"მომწონს დაბერება, ეს თითქოს გამარჯვებაა...მე მოსაწყენი და ცოტა უფრო შეშლილი ვარ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ" - ანჯელინა ჯოლი

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 45 წლის ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტთან მტკივნეული განშორების შემდეგ, მაქსიმალურად ერიდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას და პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტებთან საუბარს, თუმცა ზოგჯერ უშვებს გამონაკლისებსაც. ექვსი შვილის დედამ ინტერვიუ ბრიტანულ Vogue-ს მისცა და გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზეც სწორედ ანჯელინას ფოტოა დატანილი.

Vogue-ს გადამღებ ჯგუფს მსახიობმა ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. მან პანდემიის პერიოდში ცხოვრების სირთულეებზე, გამოწვევებზე, საკუთარ თავზე, როგორც დედაზე ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

  • მრავალფეროვანი ოჯახი

"ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს. შესაძლოა იმიტომ, რომ 6 ბავშვთან ერთად ვცხოვრობ, რომელთა ასაკიც 12-დან 19 წლამდეა, ვხედავ რამხელა ზეწოლაა მათზე. ისინი გადატვირთულნი არიან უამრავი ინფორმაციით. მაგრამ, როცა ვუყურებ, რომ მედოქსი ონლაინ ესაუბრება ვიღაცას რუსულად, ან საუბრობს კორეაში მცხოვრებ მეგობართან, შაილო ესაუბრება ნამიბიელ მეგობრებს, ვხვდები, რომ ეს არის გზა ახალგაზრდებისთვის დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გლობალური მასშტაბით გაიცნონ ადამიანები“

  • პანდემია

"გასულ წელს ზაჰარამ ოპერაცია გაიკეთა და ბედნიერები ვიყავით იმით, რომ ის კარგად იყო. როცა საავადმყოფოდან შინ დავბრუნდით, "ლოქდაუნი“ დაიწყო. პაქსი უფროსკლასელი გახდა, მაგრამ პანდემიის გამო ჯერჯერობით ვერ გრძნობს, რას ნიშნავს იყო უფროსკლასელი, ზაჰარამ აიღო მართვის მოწმობა, მაგრამ ტესტირების დროს სრულ ეკიპირებაში, პირბადეში იყო. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოგვედგინა, თუმცა ცხოვრება გრძელდება.ვფიქრობ, რომ ყველაფერმა უფრო ადამიანურები გაგვხადა, არის რაღაც ლამაზი ამ ყველაფერში.“

  • სახლი ბრედთან ახლოს

"მსურდა ბავშვები მამასთან ახლოს ყოფილიყვნენ. მისი სახლი ხუთი წუთის სავალზეა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ბილიკი, ადგილი სეირნობისა და ფიქრისთვის.

მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა და დედა ვყოფილიყავი, თუმცა დედობა არ წარმომედგინა ტრადიციული გაგებით. ვგრძნობ, რომ არ მაქვს უნარი ტრადიციული დედის მსგავსად სახლში ვიყო. ბავშვები მეხმარებიან, სულაც არ ვარ ამაში (გულისხმობს დედობას) კარგი."

  • ბედნიერი ცხოვრების სცენაზე დაბრუნება

"არ ვიცი ვარ თუ არა ახლა ბედნიერების ეტაპზე. გასული რამდენიმე წელი რთული იყო. კონცენტრირებული ვიყავი ჩემი ოჯახის განკურნებაზე. ახლა თითქოს ყინული დნება და სისხლი უბრუნდება ჩემს სხეულს. მომწონს სიბერე. თავს 40 წლის ასაკში უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი. არ ვიცი, შესაძლოა ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ დედას დიდხანს არ უცოცხლია - ჩემთვის ასაკში არის რაღაც, რაც მაგრძნობინებს, რომ ასაკის მატება არა სამწუხარო ამბავი, არამედ გამარჯვებაა. ასე რომ, მომწონს. მოუთმენლად ველოდები 50-ს."

  • შვილები

"ერთხელ ბატუტზე ვიყავით და შვილებმა მითხრეს, "დედა, ეს არ გააკეთო, თავს დაიზიანებ“. და ვიფიქრე, ღმერთო, ეს სასაცილო არ არის?! იყო დრო, როცა აქტიური ვარსკვლავი ვიყავი, ახლა კი შვილები მეუბნებიან, რომ ბატუტიდან ჩამოვიდე იმიტომ, რომ რამე არ დავუშავო თავს. მათთვის მნიშვნელოვანია გრძნობდნენ სიყვარულს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩემი შვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ გვაქვს სხვადასხვა კულტურისა და რასის ადამიანებისგან შემდგარი ოჯახი. ჩვენ ყველანი ვსწავლობთ ერთმანეთისგან.

ახლა უფრო მეტს ვფიქრობ ბავშვებზე, რომლებიც იშვილეს და მშობლებზე, რომლებმაც ბავშვები იშვილეს. ბავშვებმა თქვენ უნდა აგირჩიონ. ოჯახი არ არის მხოლოდ მშობლების, ის შვილების ოჯახიცაა - ეს ჩვენი ოჯახია.

მე და დედა საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ყოველთვის მსურდა ბევრი შვილი მყოლოდა. ბედნიერი ვიყავი როცა ბავშვები პატარები იყვნენ და ახლა კი მიყვარს ღამით მათთან ერთად ჯდომა და საუბარი. მე მიყვარს მათთან ერთად ყოფნა. ისინი ფიქრობენ, რომ ცოტა სასაცილო ვარ. ყველა მათგანი სხვადასხვაგვარად აღმიქვამს. ყველამ გაანცნობიერა, რომ ჩემში განსაკუთრებული არაფერია, მე უბრალოდ მათზე უფროსი ვარ და მე დედა ვარ."

  • უფრო მოსაწყენი და უფრო შეშლილი

"ყოველთვის ვფიქრობდი რა იქნებოდა ჩემი პასუხი თუ მკითხვადნენ, რა არის შენში ისეთი, რაც ხალხმა არ იცის და რაც ყველას გააკვირვებს - პასუხი არასდროს მომიმზადებია. ვფიქრობ მე ცოტა უფრო მოსაწყენი ვარ, ვიდრე ხალხი ფიქრობს და ცოტა უფრო შეშლილი, ვიდრე სხვებს ჰგონიათ."