ავტორი:

„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში

„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში

ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი მწერლის ალეკო შუღლაძის მოთხრობების კრებული - „ლაბირინთი მანუელისთვის“ უკვე გამოიცა.

წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში - https://bit.ly/2YATXqj

ავტორი თავისი რომანებით, მაგალითად, „გადამალვა“, „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მისტიკური, მოულოდნელობებით აღსავსე სამყარო, რომელშიც პერსონაჟები ჩაგვრას, ქაოსს, პრობლემებს გაურბიან და გადარჩენის გზას ეძებენ, თითოეული მკითხველისთვის საკმაოდ ახლო და ნაცნობი აღმოჩნდა.

ალეკო შუღლაძეს აზიაში მოგზაურობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც მის შემოქმედებაზეც აისახა. მისი გმირები ძიებას აგრძელებენ იქამდე, სანამ სულიერებაში არ იპოვნიან სიმშვიდეს, თუმცა ეს გზა რთული და ხანდახან ცდუნებებით აღსავსეა.

რისი თქმა უნდოდა ავტორს თავისი ახალი მოთხრობებით? როგორ ცხოვრობენ, რას გრძნობენ, რას განიცდიან მისი გმირები? ამის შესახებ თავად ალეკო შუღლაძეს ვესაუბრეთ.

საინტერესოა, თქვენი ახალი მოთხრობების ინსპირაცია ცხოვრებისეული გამოცდილება ხომ არ გახდა?

კრებულში შესული ექვსი მოთხრობიდან თითოეული მათგანის ინსპირაცია სხვადასხვაა. ამბები, რომლებიც მოთხრობებშია, სხვადასხვა დროს გადამხდა, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად წარმოვაჩინე. ხომ იცით, მწერალი უშუალოდ და ღარიბულად არ ტოვებს-ხოლმე მომხდარს, ცდილობს ფანტაზიებში მოაქციოს... აქედან გამომდინარე, ის გამდიდრდა, მიიღო სხვადასხვა ფორმა, მიმართულება და იმგვარი სახით ჩამოყალიბდა, როგორიც ახლაა.

თქვენმა ინდოეთში მოგზაურობამ, იქ მიღებულმა გამოცდილებამ რამდენად იქონია გავლენა თქვენს მოთხრობებზე?

რა თქმა უნდა, იქ მიღებული გამოცდილებაც, გარემო, გარკვეულწილად გაიელვებს ჩემს მოთხრობებში. პირველი მოთხრობა - „სასჯელი“ სწორედ ასე იწყება: ვარ ინდოეთში და ამბავს ერთი ირლანდიელი მიყვება. ეს კაცი წამოსულია თავისი ქვეყნიდან. ჩანს, რომ თითქოს გადამალულია, თავის თავსაც ემალება და თითქოს გარემოსაც და ეს მენამდვლად შემემთხვა.

თქვენი რომანების - „გადამალვა“, „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ პერსონაჟები თითქოს დაჩაგრულები, დაღლილები არიან და ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ელიან, რა ხდება მოთხრობების პერსონაჟების შემთხვევაში?

შეიძლება ითქვას, მოთხრობებშიც ასეთივე პერსონაჟები არიან. ყველა მათგანი რაღაც განსაცდელის წინაშე დგას. შეიძლება, ეს განსაცდელი გარეგნული ფორმით არ ვლინდება, ომში არ არიან ან რაღაც ასეთი, მაგრამ ზოგი იჩაგრება, ზოგს კიდევ შინაგანი ბრძოლები აქვს, თავის გონებასთან და თავის რწმენასთან, ხედვასთან, რომელიც შემდეგეცვლებათ... ეცვლებათ ცნობიერება და ეს არის ყველაზე რთული. პრინციპში, ომიც ალბათ იმიტომ არის ყველაზე საშიში, რომ იქ რაღაც ისეთზე მიდიხარ, რაც აქამდე არ გაგიკეთებია და აქედან გამომდინარე, მთავარი პრობლემა და მთავარი საფიქრალი არის საკუთარი თავი.

როგორია გზა პიროვნულ ცვლილებებამდე და როგორ აისახება ეს პროცესი ადამიანზე?

ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ თუ ადამიანმა არ მიმართა ჭეშმარიტ სულიერ გზას და თუ მართლა არ იპოვნა რაღაც აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ შეეხო მას, მაშინ გარემო, სამყარო, მას „აბურთავებს“, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს და ხშირად ადამიანი აქედან გამოსავალს ვერც იპოვნის.

ვფიქრობ, რომ ამ სულის პრიზმაში გატარებული პრობლემები მეტნაკლებად გადაიჭრა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვისრაღაც გასაღები, რაღაც გზა არსებობს, რომელზეც შეიძლება დავდგე. შეიძლება, ჯერ კარგა ხანი ვერ გავიდე ამ გზის ბოლომდე, მაგრამ აუცილებლად დავდგები. ეს არის სამყაროს აღმოსავლური ხედვა, კონკრეტულად კი ვაიშნავიზმი და ასევე, იოგას ისეთი ფორმა, როგორიც არის ბჰაკტი-იოგა. ამ ყველაფერმა და ასევე, სულიერმა მასწავლებელმა მიჩვენა გზა და დამანახა, რომ ჩემთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი. მე ამის გამო, შემიძლია ყველაფერს, მათ შორის, მწერლობასაც დავანებო თავი, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არის გადარჩენა, სულიერ სამყაროსთან შეხება, ეს არის ჩემთვის მთავარი, ამიტომ ეს არის ცვლილება, დანარჩენი ცვლილებები კი არის ზედაპირული, მიწიერიდა აქვე რჩება.

რას მიიღებს მკითხველი თქვენი ახალი მოთხრობებისგან?

მე მინდოდა, რომ ისინი მოთხრობებში შესულიყვნენ. დღეს, ბევრი ტექსტი ისეა დაწერილი, რომ მკითხველი ძალდატანებით კითხულობს. მე ვერიდები ხოლმე ასეთ რამეს და ვცდილობ, მკითხველი შევიყვანო ჩემს მოთხრობებში. პირველი რასაც მკითხველი მიიღებს არის ის, რომ სიუჟეტური ხაზი იქნება ძალიან საინტერესო. ასევე, მოთხრობები რაღაც ტრამპლინს მისცემს მკითხველს ჩამოყალიბდეს, რა დროს რა გადაწყვეტილება მიიღოს ან გარისკოს თუ არა ცხოვრებაში. ყოველთვის მინდა, რომ ჩემი წიგნი მხოლოდ ერთხელ არ წაიკითხონ და მიუბრუნდნენ, მეორეჯერ და მესამეჯერაც. მინდა, ამას მივაღწიო.

წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში - https://bit.ly/2YATXqj

8 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი გამოვა

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

1-ლი თებერვლიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად