გვანცა დარასელიამ და ვახო მჭედლიძემ ჯვარი ამ ზაფხულს დაიწერეს და ვაჟა-ფშაველაზე ახალაშენებულ კორპუსში დამოუკიდებლად დაიწყეს ცხოვრება. ახალბედა წყვილს შინ ვესტუმრეთ. ვახო ახალი გაღვიძებული ჩანდა და ცოტა დაბნეული (პირველს მას მოვუწყვეთ დაკითხვა). სამაგიეროდ, გვანცა დიდხანს ფიქრობდა, სანამ პასუხს გაგვცემდა.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ახალბედაა, მათი პასუხების უმეტესობა დაემთხვა.
- რა ასაკში ეწვია პირველი სიყვარული?
ვახო:
- "დუბლიორში" იყო. მაშინ ალბათ 16 წლის იქნებოდა. თვითონ მითხრა ამის შესახებ.
გვანცა:
- ნამდვილი სიყვარული ჩემამდე არ ჰქონია, ე.ი. 27 წლის ასაკში, ასე ვიცი. მეც ახლა, 20 წლის ასაკში მეწვია ნამდვილი სიყვარული.
- დამისახელე მისი ყველაზე ახლო მეგობარი? შენი?
ვახო:
- თიკი მოსულიშვილი, ჩემი - ბექა გელაძე.
გვანცა:
- ბექა გელაძე, ჩემი - თიკი მოსულიშვილი.
- პირველად რომ ნახე, რა ეცვა? შენ?
ვახო:
- შავი პიჯაკი, შავი შარვალი და შავი პერანგი. თმა გადაწეული ჰქონდა, უკან შეკრული. მე არ მახსოვს რა მეცვა.
გვანცა:
- თვითონ რომ არ ახსოვს, რა ეცვა, ზუსტად ვიცი (იცინის). შავი შარვალი ეცვა და შავი ლაბადა. ეს მახსოვს მხოლოდ. მე შავი შარვალი მეცვა, ნაცრისფერი პერანგი, შავი პიჯაკი და შავი ფეხსაცმელები. თმა შუაზე გაყოფილი და გადაწეული მქონდა.
- როგორ შეიძლება მისი მოთაფვლა? შენი?
ვახო:
- თხოვნით ვიყოლიებ, ქრთამს არ ვაძლევ (იცინის). მეც ასეთივე პრინციპით ვითაფლები.
გვანცა:
- მოფერებით, ტკბილი სიტყვით, რაღაც ჩემეული მეთოდები ალბათ მაქვს (იცინის), მოთხოვნა ნამდვილად ჭრის. ვახო ჩემს დაყოლიებას ზოგჯერ შანტაჟითაც ცდილობს. ხუმრობით, მაგრამ მაინც. შანტაჟისტია. შენ ეს გააკეთე და მე ამას გაგიკეთებო, უთქვამს. ანუ ქრთამს მთხოვს. უფრო სწორად, ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა.
- რას გსაყვედურობს ყველაზე ხშირად? შენ?
ვახო:
- მიმნდობი ვარ, ადვილად ვენდობი ადამიანებს და ამაზე მიმითითებს ხოლმე. მე არ ვიცი რას ვსაყვედურობ (ფიქრობს), ან ჯერ რა დროს საყვედურებია, ახლახან შევქმენით ოჯახი.
გვანცა:
- საყვედურებით, მართალი გითხრა, არ ვავსებთ ერთმანეთს, ალბათ არ გვაქვს სასაყვედურო არაფერი.
- რომელი ცეკვა გამოსდის უკეთ? შენ?
ვახო:
- გვანცა ევროპულ ცეკვებს კარგად ცეკვავს, ქართული არ გამოსდის. მე უფრო ქართულ ცეკვას ვახერხებ.
გვანცა:
- ვახო ქართულს ცეკვავს უკეთ, ლათინურიც გამოსდის. მე ქართული ნამდვილად არ გამომდის, ევროპულს უკეთ ვცეკვავ.
- როგორ გგონია, გაბრაზებულ გულზე მეგობრებს შენზე ეჭორავება? შენ?
ვახო:
- არასდროს! მე გვანცასთან ერთად რაღაც მიამბია მეგობრებთან მის შესახებ, მაგრამ მის ზურგს უკან არასდროს ვლაპარაკობ.
გვანცა:
- არასდროს! ცუდად არასდროს მიჭორავია, ამბავი ალბათ მომიყოლია, მაგრამ ჭორაობა რასაც ჰქვია - არა.
- ბოლოს რაზე იკამათეთ?
ვახო:
- არ მახსოვს, რაიმე უმნიშვნელო იქნებოდა. გამახსენდა, რაღაც ფოტოსესიის გამო ვიკამათეთ. გადაღებაზე ისე წავიდა, არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი. ამის გამო ცოტა ვიკამათეთ.
გვანცა:
- არ მახსოვს (ფიქრობს), მართლა არ მახსოვს, მოიცა, გუშინდელ დღეს გადავხედავ, დღე ისე არ ჩაივლიდა (იღიმის). არა, ვერ ვიხსენებ. საბაბი ალბათ ეჭვიანობა იქნებოდა, მაგის გამო ვიჩხუბებდით. საერთოდ, ადვილად მავიწყდება კამათის მიზეზი, იმიტომ, რომ უმნიშვნელო რაღაცებზე ვჩხუბობთ.
- მისი საყვარელი კერძი? შენი?
ვახო:
- იმდენია, რომელი ერთი ჩამოვთვალო. სხვათა შორის, ჩემზე მეტს მიირთმევს (იცინის), უყვარს ჭამა. ალბათ მაინც იტალიურ კერძს ანიჭებს უპირატესობას, სახელი არ მახსოვს, ყველით და პომიდვრით კეთდება. მეც არ მაქვს გამორჩეული კერძი, ხილი მიყვარს, განსაკუთრებით საზამთრო.
- გვანცას კარგი ხელი აქვს?
- კი, რასაც ეტყვი, ყველაფრის გაკეთება იცის.
გვანცა:
- იმდენია... ალბათ მაინც მწვადი უყვარს ყველაზე მეტად. მე - ტოლმა.
- ამოჩემებული ტანსაცმელი თუ აქვს? შენ?
ვახო:
- რა ვიცი, გაზაფხულზე მოვიყვანე ცოლად და სულ შარვალი ეცვა, ახლა სულ შორტი აცვია. მე ჯინსის ამოჩემება ვიცი, აი ამის, მაგალითად, ახლა რომ მაცვია.
გვანცა:
- აქვს ერთი ფირმის სხვადასხვა ფერის ოთხი მაისური და იმას იცვლის ხოლმე. მე ბოლო დროს ატმის ყვავილისფერი მაისური ამოვიჩემე.
- როგორი საწინააღმდეგო სქესის ადამიანები იზიდავს? შენ?
ვახო:
- ერთი რამ ვიცი ამის შესახებ, გვანცა სულ ამბობდა, თუ ბიჭს სმენა არა აქვს, იმას ცოლად არ გავყვებიო, მაგრამ ხომ ნახეთ, გამომყვა (იცინის).
- შეგამოწმა, სანამ გამოგყვებოდა ცოლად?
- კი, სმენა შემიმოწმა, მამღერა (იცინის). მე ლამაზი გოგონები მომწონს, სხვა კრიტერიუმი არ მაქვს.
გვანცა:
- გემოვნება აქვს (იცინის), იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი ცოლი ვარ. მისი წარსული ასე თუ ისე ვიცი და ამიტომ ვამბობ. კრიტერიუმებს რაც შეეხება, შავგვრემნები და გამხდრები მოსწონს. მე მხოლოდ ერთი კრიტერიუმი მაქვს ამ მხრივ, ასაკით ჩემზე უფროსი მამაკაცები მომწონდა ყოველთვის.
- ცნობისმოყვარეა? აინტერესებს რა ხდება კარის მეზობლის ბინაში? შენ?
ვახო:
- არა. მე უფრო ცნობისმოყვარე ვარ. სხვისი ოჯახის შიდა საქმეებში, რა თქმა უნდა, არ ჩავერევი, მაგრამ ჩხუბის ან ყვირილის ხმას თუ გავიგებ, აუცილებლად დავინტერესდები, რა ხდება, რომ დავეხმარო.
გვანცა:
- კარის მეზობლის ამბით შეიძლება არ დაინტერესდეს, მაგრამ რაც მას, მე და მის ახლობლებს ეხება, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იცოდეს. რომ გაიგოს ჩემს დაქალს ტელეფონზე ვეჭორავები, კვდება ინტერესით, რა თემაზე ვლაპარაკობთ. მეც ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ ასე აშკარად არ გამოვხატავ, სხვა გზებით, უფრო ჩუმად ვცდილობ ინფორმაციის მოპოვებას.
- ეჭვიანია? იქექება შენს მობილურში საეჭვო შინაარსის წერილების აღმოსაჩენად? შენ?
ვახო:
- არა, გვანცა არ არის ეჭვიანი. მე უფრო ვიქექები მის მობილურში, ოღონდ მისი თანდასწრებით.
გვანცა:
- ხშირად არა, მაგრამ ასეთი შემთხვევა ყოფილა. მე მის მობილურში მის უკითხავად არასდროს ჩავიხედავ. ისე, რაც მაინტერესებს, ვეკითხები. ვიცი, არ მომატყუებს და ასე ვიკმაყოფილებ ჩემს ეჭვებს.
- როცა ერთად მიდიხართ სადმე, გეკითხება რა ჩაიცვას? შენ?
ვახო:
- ორივე ვეკითხებით ერთმანეთს რა ჩავიცვათ, ოღონდ მხოლოდ რჩევისთვის და არა აკრძალვისთვის.
გვანცა:
- ძალიან ღრმა დეკოლტე, რა თქმა უნდა, არ უყვარს ვახოს, მაგრამ რჩევებს ძირითადად გემოვნების თვალსაზრისით ვაძლევთ ერთმანეთს. არის ერთი კაბა ჩემს გარდერობში, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს, ლურჯი თეთრი კოპლებით.
- რა ფერისაა მისი კბილის ჯაგრისი? შენი?
ვახო:
- ცისფერი, მგონი. ჩემი არ ვიცი.
გვანცა:
- მგონი თეთრია, ღია ფერებში. ჩემიც - თეთრია ლურჯი და მწვანე ზოლებით.
- რა მეტსახელით მოგმართავს? შენ?
ვახო:
- ვახუნხულას მეძახის (იცინის) ხოლმე, პაწის. მე პაწის ვეძახი.
გვანცა:
- პაწის ვეძახით ერთმანეთს, ბაჯაჯას მეძახის კიდევ ვახო.
- როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
ვახო:
- ალბათ 80%-ით დაემთხვევა.
გვანცა:
- 60%-ით ალბათ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)