ავტორი:

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

ნიჭიერი გოგონას ანანო ონიანის ნამღერმა ინტერნეტსივრცე მოიცვა, ის ამა თუ იმ სიმღერას მარტო, რამდენიმე ხმაში შლის, რომელიც ისეთი ჟღერადობისა და ჰარმონიისაა, რომ ნამუშევრები ინტერნეტჰიტად მაშინვე იქცევა ხოლმე.

ანანო ონიანი მუსიკოსია, კონსერვატორიის სტუდენტი, აკადემიური ვოკალის განხრით იქ წელს ჩაირიცხა, ამასთან, მოყვარული ფოტოგრაფია და იღებს ვიდეოსაც.

ცუდი ისაა, რომ პანდემიის პერიოდში პირველკურსელს დისტანციურად უწევს სწავლა. საოპერო მუსიკის ონლაინ შესწავლა ადვილი არ არის, თუმცა არსებული ეპიდსიტუაცია სხვა საშუალებას არ იძლევა...

„კი, ყველაფერი ონლაინაა, რაც დღესდღეობით გასაკვირი არ არის, ზოგ შემთხვევაში, როცა გამოუვალი მდგომარეობაა, ესა თუ ის მასწავლებელი სტუდენტს სახლში იბარებს. ვისაც სახლში ინსტრუმენტი არ აქვს, მაგალითად, მე, კონსერვატორიამ ნება დაგვრთო, მის აუდიტორიებში ვიმეცადინოთ" - გვეუბნება ანანო, რომელიც ბავშვობიდან მღერის და სულ რეპეტიციებზე უწევს ყოფნა.

"გუნდში სიმღერა 5 წლისამ დავიწყე, მაგრამ მერე პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, მომიწია, გუნდთან მუშაობა შემეწყვიტა. აკადემიური ვოკალი ავირჩიე, სხვა სპეციფიკაა... ახლა ამ მრავალხმიან ვიდეოებს რომ ვაკეთებ, სწორედ გუნდის ნოსტალგიაა. რადგანაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის გუნდის გარეშე ცხოვრება,“ - გვეუბნება გოგონა.

- მაშინ რატომ თქვი უარი გუნდზე?

- რამდენიმე წელი ვცადე, შემეთავსებინა გუნდიც და ვოკალიც, მაგრამ პრიორიტეტული მაინც ვოკალი აღმოჩნდა.

ოპერას ვმღერი, მაგრამ ჯაზიც და საერთოდ, ყველა ჟანრის მუსიკა მიყვარს... 12-წლიანი გუნდის პრაქტიკა ფოლკლორსაც მოიცავს. მსოფლიოს ფოლკლორთანაც მქონია შეხება, „ავთენტიკურთნ“, საესტრადოსთან... თუმცა ჩემს თავს მაინც ოპერის სცენაზე ვხედავ.

- ბევრი სხვადასხვა ხმის შესრულება, მერე ამის გაერთიანება, ვიდეოდ ქცევა და ადამიანებისთვის ამის წარდგენა როდის დაიწყე?

- აბიტურიენტი ვიყავი, კონსერვატორისთვის ვემზადებოდი და ერთ დღესაც ქალაქური სიმღერის „გაზაფხული“ მოსმენისას გადავწყვიტე, ჩემი ასეთი ნამღერი საჯარო გამეხადა, თორემ ასე უკვე 4 წელია, ვიდეოებს ვწერ. რამდენიმე ხმაში სიმღერა რომ შემიძლია, ეს გუნდში მიღებული გამოცდილების დამსახურება. იქ ყველა პარტიის ხმას ვსწავლობდი. ხშირად გადავუნაწილებივართ კიდეც გუნდში და სხვადასხვა ხმა შემისრულებია.

- ხმების ასეთი ცვლა ხმაზე არ მოქმედებს?

- კი, ამიტომ შევწყვიტე გუნდში სიმღერა. თუმცა ხომ ვამბობ, ეს აპლიკაცია დიდი ხანია, მაქვს, ამ ვიდეოებს სულ ვწერდი და საჯარო პანდემიის პერიოდში გავხადე, ანუ პირველად მაშინ ვცადე გამოქვეყნება. გამომივიდა. ყურადღებაც მიიქცია, მეც მომეწონა, მაგრამ აბიტურიენტი რომ ვიყავი, ხშირად ვერ ვწერდი. ახლა პანდემიის პირობებში და კარჩაკეტილობისას უფრო მიწევს ხოლმე ამ კუთხით გააქტიურება.

- რა არის შენთვის ეს ნამუშვარი?

- მასში ხელოვნების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა, ყველაფრის ჰარმონიზაცია ხდება, თანაზომიერი შერწყმა. ზოგადად ვცდილობ, ცხოვრებაშიც, ნებისმიერი საქმის კეთებისას იგივე გავითვალისწინო. ხოლო როცა მუსიკაში ამდენი ხმის ჟღერადობაა, ამდენი სპეციფიკური ნიუანსია, რომელიც ერთმანეთს ჰარმონიულად, ინტონაციურად უნდა დაემთხვეს, გამართული იყოს, რომ მუსიკალური თვალსაზრისით და მსმენელისთვისაც საინტერესო იყო, ამ დროს განსაკუთრებულ მონდომებას ვიჩენ.

ამით პანდემიის პერიოდში, ვირუსის გამო სახლში მყოფებ მუსიკოსებსაც საშუალება გამოგვიჩნდა, საჯაროდ გამოვიტანოთ ნამუშევრები იმიტომ, რომ თან, კონცერტებიც მოგვენატრა. არ არის ადვილი სცენის გარეშე ყოფნა. წელიწადში მინიმუმ 20 კონცერტი მაინც უნდა გვქონდეს და 2020 წელს არცერთი კონცერტი არ გვქონია.

- შენს ვიდეოს თუ დავუბრუნდებით. რადენი ხმაა?

- ყველა ხმა ინდივიდუალურად არის წარმოდგენილი. ადრე სამ ხმას ვაკეთებდი და ბოლო დროს გამიჩნდა სურვილი, დამემატებინა, ამიტომ, ბოლოდროინდელში უფრო მეტი ხმაა, ვიდრე სხვებში - ასე 5-6. ისე სამი ხმის ბალანსი უფრო რთულია, ვიდრე მეტის.

- როგორ შეხვდი იმას, რომ აუდიტორიამ ასე მოგიწონა ნამუშევარი?

- მიხარია, რომ მსმენელს მოეწონა, რადგანაც როგორც ვთქვი, საჯარო სივრცისთვის კეთდება ეს, რომ ხალხმა ამ ჩაკეტვის პერიოდში ადამიანური გუნება-განწყობა შეინარჩუნოს. ნეგატიურ პერიოდში მუსიკა ყოველთვის ეხმარება ყველას. ჩემთვისაც დიდი შვება და სიამოვნებაა ამის კეთების პროცესი იმის მიუხედვად, რომ მასზე მუშაობა დამღლელია, როგორც ვთქვი, ყველა ხმას სათითაოდ ვწერ, მერე თუ რამე არ მომწონს, რამდენჯერმეც, სანამ საბოლოოდ იდეალური არ იქნება.

- რას განიცდი, როცა მღერი?

- გააჩნია, რას ვმღერი. სახლში ჩემთვის რომ დავჯდები და ვმღერი, სულ სხვა შეგრძნებაა... თუმცა სიმღერა ყველანაირი შეგრძნების ერთობლიობაა... ერთი საოპერო არია რომ ავიღოთ, ის ყველაფერია. დაიწყებ თუ არა, გახსენებს როდის განიცადე ის კონკრეტული შეგრძნება - სევდა, წუხილი, აღტაცება, ბედნიერება. ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა.

ჩემთვის პრიორიტეტულია, პროგრესი არასდროს შევწყვიტო. დინამიური ვიყო აღმოჩენებში, სიახლეებში. მუსიკა ამ ყველაფერში მოტივაციას და საშუალებას მაძლევს.

- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც შენს საქმიანობას, მონაცემებს ხელი შეუწყვეს და აქამდე მოხვედი?

- სიმართლე გითხრათ, ყველა ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი მქონია, კეთილგანწყობილი იყო ჩემი საქმის მიმართ. არანაირი ხელშემშლელი ფაქტორი არ მქონია და იმედია, არ მექნება. მშობლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ ჩემს ინტერესებს.

- მუსიკასთან ერთად, მოყვარული ფოტოგრაფი ყოფილხარ...

- კი, ჩემი გვერდიც მაქვს. კონკრეტული ჟანრი ჯერ ვერ ავარჩიე, მოყვარული ფოტოგრაფისთვის რთულია ერთ ჟანრში საქმიანობა, ძირითადად, პორტრეტებს ვაკეთებ.

- რაზე ოცნებობ?

- მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ, ოპერა და არ მგონია, ერთ ადგილზე გავჩერდე. ხელოვანები მეოცნებეები ვართ. მთავარია იყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა და არის რამდენიმე ოპერის თეატრი, სადაც მინდა, რომ ვიმღერო... მთავარია, პანდემია დასრულდეს.