ავტორი:

"გირჩის" წევრების გარდა, ლაპარაკია, კიდევ 10 ადამიანზე, მათი უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" სიიდან არის" - ვინ შეიძლება თქვას ბოიკოტზე უარი და პარლამენტში შევიდეს

"გირჩის" წევრების გარდა, ლაპარაკია, კიდევ 10 ადამიანზე, მათი უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" სიიდან არის" - ვინ შეიძლება თქვას ბოიკოტზე უარი და პარლამენტში შევიდეს

(ფოტოკოლაჟი: მანუჩარ კვირკველია, ხათუნა სამნიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი)

2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო, რაზეც პარლამენტმა ამ ეტაპზე უარი თქვა და ეს საკითხი გაურკვეველი დროით ღიად დატოვა. ეს მოსალოდნელიც იყო, მით უფრო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საგაზაფხულო სესიის გახსნისა და მანდატების გაუქმების საკითხის განხილვის თაობაზე მოწოდება გაავრცელა:

"იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური დიალოგი ვერ უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას, კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს. უთანხმოებების მოსაგვარებლად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა განაგრძოს მუშაობა", - განაცხადა ჰარცელმა.

ცხადია, მეტი ლეგიტიმაციისთვის "ოცნებას" პარლამენტში ოპოზიცია სჭირდება, ამიტომ მმართველი პარტია ყველა რესურსს იყენებს, რაც შეიძლება მეტ პირს ათქმევინოს უარი საკუთარ გადაწყვეტილებაზე და პარლამენტში შეიყვანოს. "ოცნების" პროგრამა მაქსიმუმი 113 დეპუტატამდე მიღწევაა, რაც მოქმედი პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობაა, მინიმუმი კი - 100 დეპუტატია - პარლამენტის სრული უფლებამოსილების განმსაზღვრელი რაოდენობა. მოგეხსენებათ, დღეს პარლამენტში "ქართული ოცნების", "პატრიოტთა ალიანსის" კვოტით 4 და "მოქალაქეების" 2 მანდატის ჯამით, პარლამენტში სულ 96 დეპუტატია და პროგრამა მინიმუმამდე კიდევ 4 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

ოპოზიციის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ "ოცნება" დროს წელავს, ვინაიდან ეძებენ სუსტებს, რათა ეგება მათგან ვინმე შეიყვანონ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავის მხრივ განაცხადა:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე დეპუტატს პარლამენტში უნდა შემოსვლა, მაგრამ შანტაჟისა და ბულინგის გამო, დღემდე ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას, შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი და სადეპუტატო მანდატების შენარჩუნების შესაძლებლობა".

"გირჩი" - ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია

ambebi. ge შეეცადა გაერკვია, ვინ არის ის 20-მდე ოპოზიციონერი, ვის გადმობირებასაც "ოცნება" ცდილობს და ვისაც დანარჩენი ოპოზიცია "აბულინგებს". "ოცნებასთან" დაახლოებული წყაროს თქმით, კობახიძის ეს განცხადება რეალობას მოწყვეტილი ნამდვილად არ არის.

"გირჩის" 3 წევრის გარდა, ლაპარაკია, დაახლოებით, კიდევ 10 ადამიანზე და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" სიიდან არის. როგორც ვიცი, ყველაზე უკმაყოფილონი არიან "რესპუბლიკელები" - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. როგორც ამბობენ, მათი პარტიის ყოფილი წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილზე თავდასხმა პირადად სააკაშვილმა დაგეგმა და ამით ყველას აგრძნობინა, - ვინც პარლამენტში შევა, ყველა ცუდ დღეში აღმოჩნდებაო. სამნიძე-კორძაიას გარდა, დიდი უკმაყოფილებაა "ნაცმოძრაობის" სიის მილიონერ დეპუტატებშიც. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეკრანებზე მხნედ გამოიყურებიან, ბევრი ძალიან გაბრაზებულია, მათ პროცესების განვითარების რევოლუციური სცენარის არ სჯერათ", - ყვება ambebi.ge - სთან სანდო წყარო.

თამარ კორძაია

მისი თქმით, დიდი ალბათობით, შეიძლება პარლამენტში შევიდნენ მანუჩარ კვირკველია და რამაზ ნიკოლაიშვილი. "სხვა შედარებით მომცრო სამი პარტიიდან თითქმის ყველაგან მეტ-ნაკლები სიმშვიდეა, ერთადერთი, ვინც შეიძლება ამ სამი პარტიიდან პარლამენტში შევიდეს, "ევროპული საქართველოს" სიით გასული ტარიელ ნაკაიძეა, რომელმაც ხელფასი უკვე აიღო", - აცხადებს ის.

საერთო სურათს თუ შევხედავთ, ოპოზიციაში აშკარად დიდი უნდობლობაა. "ლელოს" რაც შეეხება, ჩვენი ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე იყვნენ პარლამენტში შესვლის მომხრენი, მაგრამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ვერ დაითანხმეს. ამის შემდეგ დავით უსუფაშვილი პროცესს საერთოდ გაერიდა, მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა ამის მიზეზად, თუმცა მასთან დაახლოებულმა წრემ კარგად იცის, რომ ეს უპირველესად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

"სტრატეგია აღმაშენებელს" რაც შეეხება, ვაშაძეს ხიჭვივით ჰყავს შერჭობილი თაკო ჩარკვიანი, ახლა თავბედს იწყევლის, რას ჩავსვი სიაში, რაში მჭირდებოდაო. ვაშაძის უკან დიდი ფულია და იმ დამფინანსებელს უნდა, რომ ვაშაძე იყოს პარლამენტში, როგორც ვიცი, ოქრიაშვილსა და ჩოჩელსაც უნდათ შესვლა. რა თქმა უნდა, აწყობთ, პარლამენტში ჯდომა და იმუნიტეტის ქონა", - ამბობს სანდო წყარო.

"დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე, რაც დასანანია" - ნიკა მელია

"მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმას ეხმაურება

"იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა!" - ოპოზიცია მაისში მასშტაბურ აქციას აანონსებს