ავტორი:

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამების ტაძარი - რა  დაიწუნეს და რატომ შეარჩიეს არჩილ მინდიაშვილის პროექტი ტაძრის ასაშენებლად

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამების ტაძარი - რა  დაიწუნეს და რატომ შეარჩიეს არჩილ მინდიაშვილის პროექტი ტაძრის ასაშენებლად

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი 1995-2004 წლებში, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აშენდა. მისი საერთო სიმაღლე, ფუნდამენტისა და ჯვრის ჩათვლით, 100.17 მეტრია, რითაც ის ქვეყნის ყველაზე მაღალი ტაძარია.

სამების საძირკველი 1995 წლის 23 ნოემბერს - გიორგობის დღეს ჩაიყარა, 2004 წლის 23 ნოემბერს კი, ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

როგორ შეირჩა კონკურსის შედეგად არჩილ მინდიაშვილის პროექტი, რა ტიპის ტაძრების პროექტები წარმოადგინეს კონკურსის მონაწილეებმა და რატომ მიენიჭა უპირატესობა იმას, რითაც საბოლოოდ აშენდა სამების ტაძარი? - 25 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება AMBEBI.GE-მ საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოს წევრს რეზო ჯანაშიას და ისტორიკოს ჯაბა სამუშიას სთხოვა.

სამუშიას ეკუთვნის წიგნი - "ასე შენდებოდა თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარი", რომელიც 2010 წელს გამოიცა. ისტორიკოსი გვიყვება, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის საკათედრო ტაძრის მშენებლობის თაობაზე ოფიციალური მიმოწერა 1988 წლის აგვისტოში დაიწყო:

ჯაბა სამუშია

- ფართო საზოგადოებამ თბილისში წმ. სამების საკათედრო ტაძრის აგების იდეის შესახებ პირველად 1989 წ. აპრილში შეიტყო. მაგრამ, როგორც ითქვა, ამას წინ სერიოზული სამზადისი უძღოდა..

კონკურსის პირველი ეტაპი 1990 წლის თებერვალში გაიმართა. ექსპოზიცია მხატვრის სახლის პირველ და მეორე სართულზე იყო განლაგებული და სულ 41 ნამუშევარი იყო გამოფენილი. მათ შორის 34 პროექტი დასრულებული სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო 7 ნამუშევარი სამუშაო ვარიანტს ან მოსწავლეთა მიერ შექმნილ მაკეტებს წარმოადგენდა. თითოეულ პროექტს თან ერთვოდა ავტორის განმარტებითი ბარათი.

პროექტთა მრავალფეროვნებამ საზოგადოებაში არაერთაზროვანი განწყობა გამოიწვია, ბევრისთვის საეკლესიო არქიტექტურაში მოდერნიზმი მიუღებელი იყო, დამთვალიერებლების ნაწილი პირიქით, ამგვარ ტენდენციას იწონებდა.

თენგიზ ჩხაიძის პროექტი კონკურსის პირველ ტურში

ჟიურიმ თავისი გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე საბოლოოდ 29 მარტს, ბოლო სხდომაზე გამოაცხადა. სხდომა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ გახსნა, რომელმაც დიდი კმაყოფილება გამოთქვა, რომ კონკურსმა მაღალ დონეზე ჩაიარა, მადლობა გადაუხადა პროექტთა ავტორებს და საზოგადოებას გააცნო ჟიურისა და საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ პირველი ივლისიდან კონკურსის ახალი ეტაპი გაიმართებოდა.

1990 წლის პირველ სექტემბერს მხატვრის სახლში კონკურსის მეორე ეტაპი გაიხსნა. მასში 56 ავტორი თუ საავტორო ჯგუფი მონაწილეობდა. სამმა არქიტექტორმა - პაატა ქურდიანმა, ანტონ შაიშმელაშვილმა და თენგიზ ჩხაიძემ ორ-ორი პროექტი წარადგინეს. იყო 55 პროფესიონალური პროექტი, დანარჩენი 4 კი არასრულ ვარიანტს წარმოადგენდა.

პაატა ქურდიანის პროექტი კონკურსის პირველ ტურში

კონკურსის მსვლელობის დროს თითოეულ ავტორს ჟიურისა და საკონსულტაციო საბჭოს წინაშე პროექტის პრეზენტაცია უნდა მოეხდინათ, დაგეგმილი იყო, რომ ეს ღონისძიება 11-12-13 სექტემბრით გამართულიყო 18:00 საათიდან, პროექტის ავტორთა გამოსვლებს რეგლამენტი 5 წუთი ეძლეოდათ. საზოგადოების ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პროექტების ავტორთა გამოსვლებს ჟიურის გარდა უბრალო დაინტერესებული პირების საკმაოდ დიდი ჯგუფი ესწრებოდა.

ერთგვარი სახალხო განხილვა მიმდინარეობდა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ყველა პროექტის ავტორთა გამოსვლა 3 დღეში ვერ მოხერხდა და ამ ვადებმაც გადაიწია. საბოლოო გადაწყვეტილება 1990 წლის 29 სექტემბერს იქნა მიღებული.

- მინდიაშვილის გარდა, სხვა რომელი პროექტები განიხილებოდა ასარჩევად ყველაზე მეტად?

- საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე ლიდერი პროექტი გამოიკვეთა. განსაკუთრებით 2 პროექტს შორის მიდიოდა კონკურენცია, ეს არჩილ მინდიაშვილისა და თენგიზ ჩხაიძის ნამუშევრები გახლდათ.

თენგიზ ჩხაიძის პროექტი კონკურსის მეორე ტურში
ვიქტორ ჯორბენაძის პროექტი მეორე ტურში

მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, გარკვეული ხნის შემდეგ სხდომა შეწყდა. დამსწრე საზოგადოება დარბაზიდან დაითხოვეს, მხოლოდ საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი და წმიდა სინოდის წევრები დარჩნენ. გარკვეული ხნის შემდეგ, პატრიარქის თხოვნით, დამსწრე საზოგადოება დარბაზში შევიდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობისათვის ყველას დიდი მადლობა მოახსენა, გამარჯვებულ პროექტად კი არჩილ მინდიაშვილის პროექტი დასახელდა.

თვითმხილველთა თქმით, მინდიაშვილი მუხლებზე დაცემულა და ასე ხოხვით მისულა უწმიდესთან.

პატრიარქი არჩილ მინდიაშვილის პროექტის მაკეტთან

საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოს წევრი რეზო ჯანაშია თავად იყო ჩართული არჩილ მინდიაშვილის პროექტის მომზადებაში. ამბობს, რომ გამარჯვებული პროექტი უკონკურენტო იყო:

- თუ არ ვცდები, კონკურსი 9 აპრილის მოვლენების შემდეგ გამოცხადდა. რა თქმა უნდა, უწმინდესს მანამდეც ჰქონდა გონებაში, რომ ეს ტაძარი აშენებულიყო. მერე ადგილის ძებნა იყო, თუ სად უნდა აეშენებინათ. იყო სხვადასხვა ვერსია, მაგალითად: ვაკეში, ავლაბარში, ოღონდ - უფრო ქვევით. მერე ჩვენმა ხელმძღვანელმა და არქიტექტორმა, ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ბესარიონმა მოძებნა ადგილი, სადაც ახლა სამების საკათედრო ტაძარია - ნახა, პატრიარქს აჩვენა და ამაზე დაიწყეს ფიქრი.

რეზო ჯანაშია

ორი კონკურსი ჩატარდა, პირველ ეტაპზე სულ ავანგარდული პროექტები იყო. საპატრიარქოს და საეკლესიოს მოთხოვნა კი იყო, რომ აუცილებლად ის ტრადიცია გაგრძელებულიყო, რაც ძველად, რადგან ეს თავის სიმბოლიკას შეიცავს, ეს უფლის მიერაა დადგენილი - დღეს რაც არის უფალი, ის იყო გუშინ და იგივე იქნება ხვალაც.

- არქიტექტურულად, ეს ტრადიცია კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა?

- არქიტექტურულად იმაში, რომ ჩვენს ტაძრებს, ყველას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მეორე კონკურსის ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ პირველი კონკურსზე მაგალითად, ზოგი პროექტი შეიცავდა ანთროპოსოფიურ, შტაინერის მიმდინარეობას, რაც ქრისტიანული არ არის. მეტ-ნაკლებად ყველა პროექტი იყო არსებული ტაძრების, ჩვენი ტრადიციის ერთგვარი პროტესტი, პროტესტანტული უფრო იყო, ვიდრე მართლმადიდებლური.

ზედგენიძის, მ. გოქაძის და პ. პოპიაშვილის პროექტი პირველ ტურში
ირაკლი მასხარაშვილის ნამუშევარი პირველ ტურში
ავთო ჩიხლაძის პროექტი კონკურსის პირველ ტურში

პირველ კონკურსში არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი, ჩემი მეგობარი, რომელსაც მეც, როგორც არქიტექტორი და მეგობარი, ვეხმარებოდი, სხვა პროექტით მონაწილეობდა. პრაქტიკულად, მისი ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო: მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნე ქეთი აბაშიძე, მოძღვარი და არქიტექტორი მამა ბესარიონი და ა.შ. ეს მეორე კონკურსამდე ხდებოდა.

პირველ კონკურსში მინდიაშვილსაც იგივე, პროტესტანტული მიმართულება ჰქონდა აღებული. პირველ კონკურსზე გამარჯვებული არ გამოცხადებულა, რადგან პროექტები დაიწუნა ეკლესიამ, მათთვის მიუღებელი იყო. ეკლესია უკვეთავდა, ხომ? ეკლესიას რაც უნდოდა, ის უნდა გაკეთებულიყო.

- რა არის მთავარი, რაც გააკეთა არჩილ მინდიაშვილმა და რატომაც გაიმარჯვა?

- დანარჩენი პროექტების ავტორებიდან ეკლესიაში არავინ მისულა და არ უკითხავს, რა გავაკეთოთ, რა გინდათო. არჩილის დამსახურება იყო, რომ მივიდა ეკლესიაში და ჰკითხა მამებს, არქიტექტორებს - რა ვქნა, როგორ გავაკეთოო? ის მივიდა აღმსარებელთან, მამა ბესარიონთან და ყველაფერთან ერთად, ეკლესიური ცხოვრებაც დაიწყო. ტაძარი ააშენო და შინაარსი არ იცოდე, ეს არ გამოდის, რადგან ტაძარი თავიდან ბოლომდე ღვთისმეტყველებაა და ის თუ არ წაიკითხე და შიგნიდან არ შეისწავლე, ისე ვერაფრის დიდებით ვერ გააკეთებ, სულიერი ხედვა უნდა გაგიჩნდეს.

არჩილ მინდიაშვილი ეკლესიურ ცხოვრებასაც შეუდგა და შინაარსის შესწავლაც დაიწყო, თუ რა არის ტაძარი - ეს ქრისტეს სხეულია; ჯვარი სამყაროს ოთხი მხარეა და გუმბათი ზეცაა; საკურთხეველი რომ სამოთხეა, რატომ გამოაძევეს ადამი და ევა იქიდან და ა.შ. ყველაფერი გაწერილია და მერე ტაძრების მოხატვისას, ყველა ადგილია იმის მიხედვით, თუ სად რომელი სიუჟეტი უნდა დაიხატოს - საკურთხეველში, მკლავებზე, სვეტებზე და ა.შ.

როცა მინდიაშვილმა გაიგო, რა სიმბოლიკა უნდა ყოფილიყო, მერე ტრადიციული ტაძრის პროექტი გააკეთა, ის, რაც ტრადიციას შეესაბამებოდა. არჩილმა სწორედ ის გააკეთა, რაც ეკლესიას სურდა.

- როგორი იყო ემოციები, როდესაც მინდიაშვილის პროექტმა გაიმარჯვა?

- რა თქმა უნდა, სხვა არქიტექტორები ვერ მიხვდნენ (მიზეზს), რადგან პროტესტანტული სულით იყვნენ. ეს გასაგებია, მეც და ყველა არქიტექტორს, იმავე, არჩილსაც, გვინდოდა, ჩვენი აღმაფრენა არქიტექტურაში გამოგვესახა. არქიტექტურა ხომ პრაქტიკულად, გაქვავებული მუსიკაა და ამ დროს ახალი მუსიკის შექმნა გინდა - ეს სხვა, საოცარი რამაა, რომ იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, მაგრამ ამ დროს, შენ როცა ეკლესიას ეხები, აქ დოგმატებია მთავარი და რაც ეკლესიას უნდა, ესაა მთავარი.

თუმცა ამაშიცაა შესაძლებლობა, ახალი ფორმები ეძებო, რადგან ჩვენი ტაძრებია ჯვარულ-გუმბათოვანიც, ცენტრალურ-გუმბათოვანიც და ა.შ. უამრავი სახეა ძველ არქიტექტურაში, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოიძიეს. მაგალითად, მცხეთის ჯვარზე რომ ვთქვა, ეს ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარია, რომლის დონის არქიტექტურას ჩვენ დღესაც ვერ შევწვდებით, ჩვენი სულიერი დონე ამხელა არ არის - რადგან ალბათ, ის კაცი ღმერთს პირდაპირ ელაპარაკებოდა.

მეორე კონკურსზე სხვა ლიდერი არ ყოფილა, მხოლოდ ეს ერთი იყო, რომელიც ეკლესიას უნდოდა, რომელიც გაჰყვა ეკლესიის გზას და ეკლესიის დაკვეთა შეასრულა. თავად პატრიარქმა თქვა, რომ აი, ასე იყოსო და მორჩა.

ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჯაბა სამუშიას