ავტორი:

"ზამთრის ომში" უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრები - ინფორმაცია არქივიდან, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო

"ზამთრის ომში" უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრები - ინფორმაცია არქივიდან, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო

AMBEBI.GE-ს მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ რუსეთ-ფინეთის ე.წ ზამთრის ომის მონაწილე იმ ქართველების გვარ-სახელების მოძიებას, რომლებიც ამ დრომდე ოჯახებისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. მათი ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა.

ინფორმაცია მოპოვებულია ფინეთის ეროვნული არქივიდან, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო. იქ ფინეთის საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანილი საბჭოთა მეომრების სიაც არის დაცული.

დავით ეფრემის ძე რეხვიაშვილი - დაბადებული 1916 წელს სამტრედიაში, სოფელ დიდ ჯიხაიშში. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული იყო და მსახურობდა მახაჩყალაში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 7 აგვისტოს. დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 17 თებერვალს. დასაფლავებულია ფინეთში, სავო-კარელიაში.

დავით გიორგის ძე კალანიძე - დაბადებული 1915 წლის 7 იანვარს, ბათუმში, ჭავჭავაძის 16/3-ში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 5 დეკემბერს, დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 25 მაისს, ვიბორგის რაიონში. დასაფლავებულია ვიიპურის ლაზარეთის სასაფლაოზე, სტაციონარულ სასაფლაოზე - #30-ში.

კაპიტონ ჯაღალოვის ძე ქარდავა - დაბადებული 1916 წელს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ხუდონში. დაიღუპა ტყვეობაში, 1942 წლის 5 ივნისს საერთო სისუსტის დიაგნოზით. დასაფლავებულია ვიბორგის რაიონში, სელზნოვოს (ტიენჰაარა) სასაფლაოზე, საფლავის ნომერი 1617.

ივანე გაბრიელის ძე კერვალიშვილი (ან კერვაშვილი) - დაბადებული 1916 წელს, ონის რაიონში, სოფელ სორში. მამა გაბრიელი ზურაბის ძე. საბჭოთა არმიაში 1938 წელს გაიწვიეს, წოდება - სერჟანტი. ტყვედ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად აღმოჩნდა. დასაფლავებულია ფინეთში, ოულუს გუბერნიაში, იულივიესკაში, რომელიც ციხის სასაფლაოდ ითვლება.

კვიროსი ერმილეს ძე კილაძე - დაბადებული 1917 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მაშოთში. ცხოვრობდა ბათუმში, კიროვის ქუჩის 30-ში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 24 ივნისს. დაიღუპა ტყვეობაში, დასაფლავებულია, ტურკუ-პორში, კონკრეტული ადგილი რიკაანმიაკის სასაფლაოზე.

ალექსანდრე კირვალიძე - დაბადებული 1918 წელს, თელავის რაიონის სოფელ ვანთაში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 24 ივნისს, დაიღუპა 1941 წლის 28 დეკემბერს ფინეთში, დაპის გუბერნიაში, ქალაქ კემში. დასაფლავებულია, აიოაარში, საერთო სასაფლაოზე.

ალექსანდრე იანეს ძე ქისტაური - დაბადებული 1915 წლის მაისში. თიანეთის რაიონის სოფელ თუშურებში. დედა ბაბალე ივანეს ასული. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 1 სექტემბერს. დაიღუპა ტყვეობაში, 1942 წლის 28 მარტს... დასაფლავებულია ლენინგრადის ოლქში, ქალაქ ტერიოკში, კაუკიარვის სასაფლაოზე.

იასონ პეტრეს ძე კორინთელი - დაბადებული გორის რაიონის სოფელ აძვში, ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 2 აგვისტოს. ცოლი მარუსია გრიგორის ასული საბაშვილი. იასონი დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 8 აგვისტოს, ტუბერკულოზით. დასაფლავებულია ფინეთში, პიექსიამაკის გუბერნიაში.

მამიკონ ბარსეკის ძე სააკიანი - დაბადებული 1920 წლის 16 თებერვალს, ახალციხის რაიონის სოფელ პატარა პამაჩში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 4 ოქტომბერს. დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 21 სექტემბერს. დასაფლავების ადგილი ლენინგრადი ოლქში, სელეზნევოს რაიონი, საფლავის ნომერი 1871.

კარლო გიორგის ძე სირაძე - დაბადებული 1917 წლის 1-ელ ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის, სოფელ ბაილეთში. მამა - გიორგი ივანეს ძე სირაძე. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 26 აგვისტოს, დაიღუპა ტყვეობაში, 1942 წლის 10 ივნისს. დასაფლავებულია ლენინგრადის ოლქში, სელეზნოვოში, საფლავის ნომერი 1486.