ავტორი:

"სასწაული მოხდა, რეანიმაციაში იწვა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე უკეთ გახდა, იტირა ამ დაფასებისთვის" - ემოციური კადრები მთაწმინდიდან, სადაც დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს

"სასწაული მოხდა, რეანიმაციაში იწვა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე უკეთ გახდა, იტირა ამ დაფასებისთვის" - ემოციური კადრები მთაწმინდიდან, სადაც დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს

საქართველოს "პირველმა არხმა" მთაწმინდის პარკში ალექსანდრა მაჭავარიანის, ლია მიქაძის, ჯულიეტა ვაშაყმაძის, ჟანეტა არჩვაძის, ნუგზარ ჯუღელისა და თენგიზ ნათაძის შემდეგ, დღეს ლეგენდარულ დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნა.

ცნობილი ტელესახეებისთვის სახელობითი ვარსკვლავების გახსნის ტრადიცია 2013 წელს დამკვიდრდა და სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის თქმით, მომავალშიც გაგრძელდება.

ბოლო წლებია დავით სოკოლოვი მძიმე სენს ებრძვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომელიც გასული საუკუნის ცნობილი დიქტორის ახლო მეგობარია.

როგორც Ambebi.ge-ს მაკა რაზმაძე უყვება, მას შემდეგ, რაც დიქტორმა საკუთარი ვარსკვლავის გახსნის შესახებ შეიტყო, რეანიმაციაში მწოლიარე მოულოდნელად უკეთესად გახდა...

- დავით სოკოლოვის ჯანმრთელობა ბოლო დროს არაერთხელ დამძიმდა. ძალიან მიხარია, რომ დროულად მოხერხდა მისთვის ვარსკვლავის გახსნა. ორ კვირაში მოხდა ორგანიზება მისი ვარსკვლავის გახსნის. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორმა თიკო ბერძენიშვილმა, რუსუდან მანჯგალაძემ, ბონდო მძინარიშვილმა და დავით ოქიტაშვილმა მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეს, რომ კარგად ჩაევლო ღონისძიებას.

- როდესაც გაიგო, რომ ვარსკვლავს უხსნიდნენ, როგორი იყო მისი რეაქცია?

- ბატონი დავითი რეანიმაციაში იწვა, როდესაც გაიგო, რომ მისი ვარსკვლავი უნდა გახსნილიყო. საოცრება მოხდა, მაშინვე მომჯობინდა და მოითხოვა, რომ დასწრებოდა ღონისძიებას. მართალია, ეტლით მოიყვანეს, მაგრამ ფეხზე იდგა და ისე იღებდა მილოცვებს, სასწაული მოხდა.

- რა სიტყვები წარმოსთქვა გახსნის დროს?

- ცრემლის გარეშე ამ დღეს არ ჩაუვლია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის გულჩვილი ადამიანი. იტირა იმ დაფასებისთვის, რაც საკუთარი თვალით ნახა, გული აუჩუყდა. მადლობების გარდა, წაიკითხა თავისი ინიციატივით ლექსი, „თავს არ მოიკლავს ქართველი არა...“

- ახლა ვინ ზრუნავს მასზე, გვახსოვს, ცოტა ხნის წინ საკუთარი ბინა მიიღო, რისთვისაც კახი კალაძეს უხდიდით მადლობას...

- გახსოვთ ალბათ, რომ ბატონ დავითს თბილისის ომის დროს დაეწვა ბინა და მას შემდეგ 20 წლის განმავლობაში ითხოვდა კუთვნილ სახლს. დავით სოკოლოვი არ არის უბრალოდ დიქტორი, ის ისტორიული პიროვნებაა, ბოლო წლებში საქართველოში დატრიალებული მოვლენების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. ბინაც შეწირა ამ ყველაფერს და ოჯახის წევრებიც. საბედნიეროდ, კახი კალაძის მეშვეობით რამდენიმე თვეში მოუგვარდა ეს პრობლემა და ახლა თავის რძალთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად საკუთარ ბინაში ცხოვრობს. ისინი უვლიან, სასწაული რძალი ჰყავს, მაგდა ბურდილაძე, ისეთი მაგარი გოგოა, რომ ზოგს შვილი არ ეყოლება ასეთი, ხმალამოღებული იბრძვის მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

- როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- როგორც იცით, ბატონი დავითი მძიმე სენს ებრძვის და პერიოდულად უმჯობესდება ხოლმე მისი მდგომარეობა. დღეს ისე ბრწყინავდა, მას რა მოერევა ამის შემდეგ, არ ვიცი. ისეთი ბედნიერი იყო და ისეთი მუხტი მიიღო, რომ იმედი მაქვს, დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელად.