ავტორი:

"პაპკაზე" დავწერე: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები!" - რა ემოციურ ისტორიას იხსენებს აჩიკო მეფარიძე, რომელმაც გეგა კობახიძე დახვრეტამდე ციხეში ნახა

"პაპკაზე" დავწერე: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები!" - რა ემოციურ ისტორიას იხსენებს აჩიკო მეფარიძე, რომელმაც გეგა კობახიძე დახვრეტამდე ციხეში ნახა

მომღერალმა აჩიკო მეფარიძემ "მთავარ არხზე" ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას ციხის საავადმყოფოში გადახდენილი ისტორიების შესახებ ისაუბრა, რომელთა შესახებაც აქამდე მხოლოდ მის რამდენიმე მეგობარს სმენია.

მეფარიძე, რომელიც ციხის საავადმყოფოში ექიმად მუშაობისას 21-22 წლის ასაკის იყო, იხსენებს, როგორ ნახა ციხეში "თვითმფრინავის ბიჭები" და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ბოლო ადამიანი იყო, ვინც დახვრეტამდე გეგა კობახიძე გაამხნევა.

"არ არსებობს, არასოდეს სადმე ეს ამბები გამეჟღერებინოს... ერთ-ერთი ჩემი მორიგეობის დროს, გამთენიისას, მოჰყავთ პაციენტი, რომელიც ყელის არეშია ტყვიით დაჭრილი, სადაც ტრაქეაა იქ. მოყვება ძალიან ბევრი თანამშრომელი - უშიშროება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სოსო წერეთელი.

მოიყვანეს აეროპორტიდან "თვითმფრინავის ხალხი" - გეგა კობახიძე, ზუსტად იმ მოვლენების შემდეგ, როცა მოხდა გატაცების ამბავი. მე მახსოვს, რომ გეგა ფეხშიშველი იყო, ფეხსაცმლის გარეშე. მას არაფერი ჰქონდა დაზიანებული...

შემდეგ შემოიყვანეს უფროსი ივერიელი, რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, მას დასჭირდა ოპერაცია. სწორედ ამ დროს მოვიდა ჩემი განყოფილების უფროსიც და გავუკეთეთ ოპერაცია, გადავარჩინეთ. თუმცა, წერეთლის შემთხვევაში არ მოგვცეს ტრაქეოსტომიის ჩატარების უფლება, რადგან ის საუბრობდა, ჩვეულებრივად იყო, ტყვია ჰქონდა გაჩხერილი ხერხემალთან.

გეგა კობახიძე პირდაპირ გადაიყვანეს ციხეში, შემდეგ წერეთელი გადაიყვანეს, კახა ივერიელს გავუკეთეთ ოპერაცია და ისიც წაიყვანეს ციხეში. სხვას არავის აკარებდნენ, მარტო მე და ჩემი განყოფილების გამგეს გვქონდა ამ პაციენტების მონახულების, გადახვევის და ა.შ უფლება.

ერთი რამ უნდა ვაღიარო, ეს არც ჩემი განყოფილების გამგემ არ იცის: მე მქონდა პაციენტის ისტორია, რომელიც იდო "პაპკაში". შევდიოდი ციხის კამერაში თვითმფრინავის გამტაცებელთან და ვიცოდი, რომ არის მიკროფონები, მისმენენ, ვერც თვალით, ვერც ხელით ვერაფერს მანიშნებ... მაგრამ, ბავშვი ვიყავი მაინც, 21 წლის, ამ "პაპკაზე" დავწერე უკნიდან: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები! და ეს დავანახე... მოსაყოლად იოლია, მაგრამ ამის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა და რითიც დასრულდა... ძალიან რთულია, როცა ამდენი რამით ცხოვრობ ადამიანი..." - ისაუბრა აჩიკო მეფარიძემ, რომლისთვისაც ამ ისტორიის გახსენება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.