ავტორი:

"2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა..." - როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა

"2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა..." - როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა

ბოლო დროს ბევრი ადამიანი ცდილობს, დედაქალაქიდან გავიდეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მიაშუროს და იქ შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი ხელით ხის, თუ სხვა ტიპის სახლი ააშენოს...

2019 წლის ზაფხულში მხატვარ-დეკორატორმა ვანო ჭელიძემ მეგობრების დახმარებით, რაჭაში, 6 დღეში ხის სახლი ააშენა. ამ თემას, ცოტა ხნის წინ, ვანო ჭელიძის ინტერვიუში მოკლედ შევეხეთ, რადგანაც საუბარს სხვა მიმართულება ჰქონდა. თბილისის წლევანდელი ნაძვის ხის ავტორს, დედაქალაქის სადღესასწაულოდ მოწყობის გამოცდილებასა და მის არაერთ პროეტზე ვესაუბრებოდით.

თუმცა რაჭაში 6 დღეში აშენებულ ხის სახლთან დაკავშირებით მკითხველს კითხვები გაუჩნდა, გაუკვირდათ და დაინტერესდნენ - ასე მცირე დროში სახლის აშენება როგორ მოახერხაო?!

თუ როგორ შეძლო ჩვენმა რესპონდენტმა ეს, ამაზე თავად გვიამბობს:

"ამბროლაურის რაიონის სოფელი ნამანევში დაიბადა ჩემი ბაბუა. იქ მოსახლეობის უმეტესობა ჭელიძეა, სადაც ბაბუის შთამომავლებიც ცხოვრობენ. ჩემს ნათესავებთან ხშირად ჩავდიოდი... ერთხელაც სურვლი გამიჩნდა და მათთან ვთქვი - აქ სახლს შევიძენდი-მეთქი. ეს მოვინდომე კიდეც, მაგრამ პირველ ცდაზე არ გამომივიდა, შემდეგ უკვე ნათესავებმა მოინდომეს, დამხმარებოდნენ. ბიძაჩემის ცოლმა სოფელში ერთი ადგილის ნახვა შემომთავაზა - თუ მოგეწონებაო...

ნამანევი თავის დროზე დიდი სოფელი იყო, 500-მდე კომლი ყოფილა, მაგრამ ახლა იქ უკვე ბევრი ნასახლარია, ზამთარში სულ 5-6 ოჯახი რჩება... მოკლედ, ნაკვეთი, რომელიც მაჩვენეს, მომეწონა. მოსწორებული ადგილი არ მომწონს, ჩემთვის პრიორიტეტული კარგი ხედია და ადგილი სწორედ ხედის გამო მომეწონა... საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ის ტერიტორია მაჩუქეს. რაღაცნაირად მათი დიდი ინიციატივა იყო, იქ დავსახლებულიყავი. ადამიანმა, ვინც მაჩუქა, მითხრა, გამიხარდება, თუ ჩემების ნასახლარზე სახლს ააშენებო... სახლამდე ძველი საურმე გზა იყო და ისიც ჩაშლილი, ტრაქტორს მოვასწორებინე. ახლა იქ უკვე ლამაზი ბილიკია, სადაც ჩემი მანქანითაც ავდივარ...

- და ერთ დღესაც იქ სახლის ასაშენებლად ჩახვედი?..

- კი, ჩემს მანქანაში ჩავაწყე დაჭრილი ფანერები, არმატურა, ცემენტი, ქვიშა და რაჭაში წავედი. წამყვა მეგობარი. როგორც მქონდა სახლი წარმოდგენილი, იმის მიხედვით ჯერ საძირკვლის დამუშავება დავიწყე. თავიდან მოვხაზე, მერე თოკები გავავლე, ფაქტობრივად, სახლი ჯერ თოკებით ავაწყე. დიდი სიზუსტე მჭირდებოდა, 2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა, როგორიც მინდოდა.

17 აგვისტოს 3-4-მა კაცმა ორმოები ამოვთხარეთ, ფანერებით კვადრატები შევკარით, არმატურები ჩავულაგეთ და კოლონები ბეტონით ჩავასხით. ბეტონს გაშრობა უნდოდა და ამიტომ, თბილისში დავბრუნდი. აქ ვიყიდე სახურავის მასალა, ფიცრები... საჭირო ზომებზე დავჭერი, კარ-ფანჯრები დავამზადებინე და ამ ყველაფრით თავის აბაზანა-უნიტაზით სატვირთო მანქანა გავავსე, ჩემს ბიძაშვილთან და კიდევ ორ თანამშრომელ-მეგობრებთან ერთად რაჭაში წავედი. იქ კდევ 2 ადამიანი შემოგვემატა და 24 აგვისტოს ნელ-ნელა მუშაობით, 6 დღეში სახლი გავმართეთ.

იმ დღეებში დასაძინებლად სხვა სოფელში მივდიოდით, სხვა საშუალება არ იყო. მეორე დღეს დილას ძალიან ცხელოდა და 4 საათამდე მუშაობას ვერ ვაახლებდით. ამიტომ გვიანობამდე პროჟექტორის შუქზე ვშრომობდით. 29 აგვისტოს დავასრულეთ ყველაფერი და 30 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეს ახალსახლობა და იუბილე ერთად აღვნიშნე. იმ დროისთვის ავეჯიც ჩამომივიდა, ჩემი ოჯახიც ჩამოვიდა და სტუმრებიც მივიღე.

- რით თბება სახლი?

- კარგი თბოიზოლაცია მაქვს გაკეთებული, კედლები ორმაგია, გარედან ტენის დამცავია გამოყენებული. სახლში ღუმელი დგას და იქაურობას სრულიად ყოფნის. ახალ წლამდეც ვიყავით, ახალი წლის მერე რამდენჯერმე და არცერთხელ არ შეგვცივნია. სახლი 2 სართულნახევარია. პირველი 50 კვ-მია, მეორე - 40 და ზემოთ კიდევ 2 პატარა ანტრესოლია - 8-8 კვმ-ის საძინებლები.

- ინტერიერი როგორ მოპირკეთდა?

- შიგნით კედლები ნაწილობრივ ხით მაქვს მოპირკეთებული, ასევე არის თაბაშირიც. ზაფხულში სამღებრო სამუშაოებს ვაპირებ, რაღაცები კიდევ დასასრულებელია. სახლს აქვს ორი ტერასა და გასაშლელი აუზი, რომელსაც ასევე ტერასა მოვუწყე.

- ე.ი. საკუთარი ხელით შესაძლებელია სახლის აშენება?

- მთავარი მონდომებაა, მერე ყველაფრის სწორად დაგეგმვა, დროის სიზუსტით გათვლა. ეს საქმის 90%-ია. გარდა ამისა, სოფელში კარგი საქმეები დავიწყე. ნამანევს წყალი არ ჰქონდა, მოსახლეობა ავიყოლიე და ერთად იმას მივაღწიეთ, რომ დღეს იქ წყალი უკვე არის.

- ამ საახალწლოდ, იქ ნაძვის ხეც მორთე, ფერადი განათებებით შემოსე. ადამიანები მის სახნახავად რაჭის სხვადასხვა სოფლიდან მიდიოდნენ. იქ საცხოვრებლად გადასვლას ხომ არ აპირებ?

- იქ საცხოვრებლად არ გადავსულვარ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, მაშინვე მივდივარ, რადგანაც ჩემთვის ნამანევში ყოფნა სასიამოვოა. საოცარი სიწყნარეა და ეს სიმშვიდეს მანიჭებს. მოკლედ, მიხარია იქ ყოფნა. ასევე გარშემო უბოროტო, საყვარელი, კეთილი ხალხია და ესეც ძალიან მომწონს. საერთოდ კი, რაჭაში გადასვლას და იქ უფრო აქტიურ საქმიანობას ვაპირებ, რომ მეტი კარგი რაღაცები გავაკეთო, იქაურობის აშენებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ახლა რაც შემეძლო, საახალწლო განწყობა მაქსიმალურად შევქმენი, არავის უთქვამს, არ ვარგაო. ჩემი მიზანიც ეგ იყო და არის, ადამიანები გავახარო.

- გარშემო ტყე გაკრავთ, ხომ?

- კი, ჩემი სახლი ახლოსაა ტყესთან. ჩვენ ზემოთ ძველად სალოცავი იყო, რომელიც კომუნისტების დროს დაარღვიეს. გეგმაში გვაქვს, რომ ისიც აღვადგინო. იქაურობა თბილისიდან 4 საათის სავალზე კია, მაგრამ ისე მიყვარს ჩვენი სოფელი, რომ ეს სიშორე და მანძილი არაფერს ნიშნავს...