ავტორი:

კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ზაზა გახელაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტის ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

აქციის მონაწილეები ასევე მიიჩნევენ, რომ საკითხის გადასაჭრელად საერთაშორისო საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობის აქციაზე აქვთ ტრანსფარანტები წარწერით : "რუსეთი ოკუპანტია, თავისუფლება ზაზა გახელაძეს!“.

"პირველ რიგში, სოლიდარულები ვართ ზაზა გახელაძის მიმართ, რომელიც რეალურად რუსეთის ტყვეა, მას 12 წელი მიუსაჯეს. 5 არასამთავრობო ორგანიზაცია შევიკრიბეთ და ვაპროტესტებთ ამ უკანონო ფაქტს. ასევე, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი უფრო აქტიური გახდეს საერთაშორისო დონეზე. ზაზა გახელაძის საკითხი უნდა მოგვარდეს. „რუსეთი ოკუპანტია!“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საკითხის მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო და საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა უნდა გამოსცეს რუსეთის ფედერაციის მიმართ.

"ეს აქცია ეძღვნება ზაზა გახელაძის უკანონო გატაცებას. ეს არის 21-ე საუკუნის ლეკიანობა. ეს მანამდე არ დამთავრდება, სანამ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მხარდაჭერილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. ჩვენმა მეგობრებმა, ევროკავშირმა, აშშ-მ გააკეთეს სათანადო განცხადება. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება, რის პირდაპირ შედეგებსაც ვიმკით. ამავე დროს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება რუსეთს რომ შეესრულებინა, ახლა ეს არ მოხდებოდა. საქართველოს მთავრობა მხოლოდ შეშფოთებით და პროტესტებით შემოიფარგლება, რაც საკმარისი არ არის, უნდა გავიდეს ეს ამბავი საქართველოს ფარგლებს გარეთ,საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა უნდა გამოსცეს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ამ საკითხის ირგვლივ მეტი ყურადღებაა საჭირო“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

"AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით,  უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობას ვარაუდობენ" - ნანა გეგეჭკორი

"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს