ავტორი:

"სამხრეთ კავკასიაში, რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, სად არის დასავლეთი?“ - რა პასუხს გასცემს ამ კითხვას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია?

"სამხრეთ კავკასიაში, რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, სად არის დასავლეთი?“ - რა პასუხს გასცემს ამ კითხვას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია?

"ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში“, - ეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებია, რომელიც მან საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას წარმოთქვა. მისივე თქმით, "დამთავრდა დრო, როდესაც ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას".

ამერიკის ახალი პრეზიდენტი ფიცის დადებიდან პირველივე დღეებში გამორჩეულად აქტიურად შეუდგა საქმიანობას - მაგალითად, პირველივე დღეს 17 ბრძანებულებას მოაწერა ხელი. შეიძლება ითქვას, რომ მისი პოლიტიკის პირველი კონტურები, საარჩევნო კამპანიის დაპირებებზე დაყრდნობით, ახლა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება. ადრეული განცხადებებიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მისი მიდგომები რუსეთისა და ჩინეთის მიმართ საკმაოდ მკაფიო და მტკიცე იქნება. საგარეო პოლიტიკის კუთხით რაზე შეიძლება დასკვნების გამოტანა დემოკრატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოქმედებებიდან და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? -ამაზე Ambebi.ge-ს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ესაუბრება.

- ფიცის დადებიდან მოყოლებული, ჯო ბაიდენის პირველი დღეები მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებების რეალიზებით გამოირჩევა. ამ დაპირებებს შორის უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორებთან სახით შემობრუნება იყო - ჩვენ ეს მთელ რიგ შემთხვევებში ვიხილეთ. ეს იყო პარიზის შეთანხმებასთან დაკავშირებით კლიმატის საკითხებზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ირანთან ბირთვული იარაღის კონტროლზე შეთანხმების ხელახლა ამოქმედებას უკავშირდება და სხვა.

ქართული გადმოსახედიდან უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა ქართულ-ამერიკული პარტნიორობა. თუ ამ აქტივობაზე ვსაუბრობთ, აქ აუცილებლად გამოსარჩევია პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, რომელმაც საქართველოში ერთგვარად დაბნეულობა და უკმაყოფილების გრძნობა გააჩინა, ვინაიდან საუბრის პროცესში, პირდაპირ და უშუალოდ არ იყო ნახსენები საქართველო. იმავდროულად, მართალია, გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება ბაიდენის მხრიდან, რომ აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეები და პარტნიორები ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ უკმაყოფილებას ალბათ, გარკვეული საფუძველი ჰქონდა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკა ერთი ან რამდენიმე ზარით ყოველთვის როდი კეთდება და თუნდაც, ამ ერთი, რაოდენ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბრიდანაც რაიმე შორსმიმავალი დასკვნა არ უნდა გავაკეთოთ. განსაკუთრებით, რომ სულ ახლახანს ჩვენ აღმოვჩნდით სხვა ასევე მაღალი რანგის სატელეფონო საუბრის მოწმენი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გაიმართა, სადაც ამერიკული მხრიდან უკვე ქართული თემა პირდაპირ იქნა აღნიშნული. აქაც ერთი დათქმა უნდა გავაკეთოთ, რომ სატელეფონო საუბრის რუსულ და ამერიკულ ვერსიებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.

ერთ-ერთია ის, რომ რუსულ ვერსიაში საქართველოზე საუბარი საერთოდ არაა, თუმცა ჩვენ ასეთ განსხვავებებს და როგორც იტყვიან, ამა თუ იმ საუბრის გადმოცემის რუსულ ფორმულას უკვე მიჩვეულები ვართ. ამდენად, ვეყრდნობით რა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მათ გასაგონად, ვისაც ბაიდენისა და პუტინის შორის საუბრის შედეგად გარკვეული უკმარისობის განცდა დარჩა, ამ წუთისათვის ამგვარი უკმაყოფილების მიზეზი "აღმოფხვრილია“. მისასალმებელი და იმედისმომცემია, რომ ამ საუბრისას ნახსენებ 4-5 უმთავრეს სასაუბრო თემას შორის, - ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლით დაწყებული და სხვა საკითხებით გაგრძელებული - საქართველოს მიმართ რუსულმა სამხედრო აგრესიამ ბლინკენის მხრიდან მტკიცე შეფასება მიიღო. ეს კი, რა თქმა უნდა, მთლიანობაში უკვე ფრთხილი ოპტიმიზმის კარგი საფუძველია.

- როგორც ჩანს, ბაიდენი უფრო ინტენსიური და მკაცრი პოლიტიკის განხორციელებას აპირებს რუსეთის წინააღმდეგ - მაგალითად, ეს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოწოდებაში ჩანს. ამის შესახებ რას გვეტყვით?

- ამჟამინდელი გადმოსახედიდან ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს სამი მიმართულებით წარმოვიდგენდი. პირველია ადამიანის უფლებები და როგორც ახსენეთ, ნავალნის თემა, როგორც ამის ერთ-ერთი მაგალითი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით მეტი გაბედულობითა და სიმტკიცით იქნება გამორჩეული, არ მოერიდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რუსეთში შექმნილ ვითარებაზე მწვავე კომენტარების გაკეთებას.

ამერიკულ-რუსული ურთიერთობების მეორე მიმართულება მთელ რიგ მრავალმხრივ და ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს შეეხება, იქნება ეს გარემოს დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა თუ ბირთვული იარაღზე მეტი კონტროლის გარანტიები. ამ მიმართულებით, მიმაჩნია, რომ მხარეთა შორის საკმარისი ხარისხით თანამშრომლობას უნდა ველოდოთ, რადგან არის საკითხები, სადაც მათ უბრალოდ, ინტერესთა ბუნებრივობა და რაციონალური თანხვედრა აკავშირებთ. ამდენად, ამ მეორე მიმართულების საკითხთა მიმართ ნაკლები კონფრონტაციული ხაზის მოლოდინში უნდა ვიყოთ.

მესამე მიმართულებას კი სწორედ რომ ქართულ თემატიკას დავუკავშირებდი. ზუსტად აქ მინდა, რომ მკითხველს ზომიერი ოპტიმიზმისკენ მოვუწოდო. ჯერ ოპტიმიზმით დავიწყოთ, ვინაიდან აშშ-სთან საქართველოს ძალიან მაღალი რანგის თანამშრომლობის დოკუმენტები აკავშირებს. მაგალითისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დასახელებაც იკმარებს და ამ ქარტიაზე დაშენებული არაერთი სხვა აქტი, იქნება ეს პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ეკონომიკის დარგსა თუ კულტურის სფეროეში მეტად საინტერესო თანამშრომლობის ჩათვლით. ამდენად, დღევანდელი გადმოსახედიდან რთულია, ობიექტური შემფასებელი ქართულ-ამერიკულ პარტნიორობაში განვლილი გზის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდეს. ამასთანავე, ოპტიმიზმთან ერთად ზომიერებაზე საუბრისას მსურს საგანგებოდ განვმარტო. საქმე ისაა, რომ მე პირადად მექმნება ისეთი წარმოდგენა, რომ აშშ-ს პოლიტიკა ჩვენი რეგიონის მიმართ ამჟამად საკმარისად მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის და ამ საკითხში სიცხადის თვალსაზრისით დეფიციტია.

- დიახ, სწორედ რუსეთთან აშშ-ის პოლიტიკის თუნდაც ნაწილობრივ გამკაცრების ფონზე, რას შეიძლება ველოდოთ ბაიდენის ადმინისტრაციისგან თავად ჩვენს რეგიონში?

- ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, ამაზე ბევრი იწერება და ბევრი ითქვა. მაგრამ თუ თავად აშშ-ის სტრატეგიულ დოკუმენტებს ვნახავთ, რომლებიც საგარეო პოიტიკის პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას, ვფიქრობ, ჩვენს გეოგრაფიულ არეალთან დაკავშირებით გარკვეული უკმარისობა დაგვრჩება. ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო სამიტზე, რომელიც ალიანსის რეფორმირების საკითხებს და მის განვითარებას მიეძღვნა 2020-2030 წლის ჩათვლით, ვთვლი, რომ საქართველოსა და შავ ზღვის თემატიკა არასაკმარისად მოცულობითა და სიღრმით იქნა განვითარებული. არ ვამბობ, რომ დოკუმენტებში ჩანაწერები მხოლოდ საკითხებზე აღნიშვნის გამო კეთდება, უბრალოდ, დროის კარნახია, რომ შავი ზღვის რეგიონალურმა პრობლემატიკამ მეტი სიღრმისეული დამოკიდებულება და აქედან მომდინარე, შესატყვისი პრაქტიკულ ნაბიჯები განაპირობოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკული მხრიდან აუცილებელია საჭირო აქცენტების მეტი ადეკვატურობით გამოკვეთა, განსაკუთრებით, რეგიონში სხვა სახელმწიფოთა გააქტიურების ფონზე. ამ ასპექტის ხსენებისას, არ გვიკვირს ტრადიციულად რუსული ფაქტორი. მაგრამ ასევე აღსანიშნია გაცილებით აქტიური თურქეთი და ირანის მხრიდან რეგიონისადმი ბუნებრივი ინტერესი. სწორედ ასეთი რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის ფონზე, გავიმეორებ კითხვას: "სად არის დასავლეთი?“. ცხადია, რომ დასავლურ სამყაროზე საუბრისას მის უპირველეს და ძირითად ფიგურანტს - ამერიკის შეერთებულ შტატებს მოვიაზრებთ. ჩემი აზრია, რომ ამ შეკითხვას ჯერჯერობით დროისა და გამოწვევების შესაბამისად საკმარისი პასუხი არ გაეცა. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.

ხოლო თუ კონკრეტიკაზე გადავალთ, მაგალითისათვის, მიზანშეწონილად ვთვლი, რეგიონისადმი აშშ-ის დამოკიდებულება გამოიკვეთოს ან ცალკე კონცეპტუალური დოკუმენტის სახით, ან უკვე არსებულ დოქტრინალურ დოკუმენტებში, - იქნება ეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა თუ ეროვნული თავდაცვის კონცეფცია - ჩვენს რეგიონზე ჩანაწერების განვრცობაში; ისევე, როგორც დამატებით ნაბიჯად შეიძლება მოვიაზროთ ფიქრი შავი ზღვის არეალში განსაზღვრული მრავალმხრივი სათანამშრომლო პლატფორმის შექმნის თაობაზე, სადაც აშშ-სთან - როგორც რეგიონში მკაფიო ინტერესების მქონე სახელმწიფოსთან ერთად, საქართველო და შავი ზღვის პირეთის სხვა ქვეყნები მიიღებდნენ მონაწილეობას. აქ გასაგებია, რომ საუბარია ისეთ ქვეყნებზე, რომელთა საგარეო ვექტორი დასავლეთთან ინტეგრაციისკენაა მიმართული და რაც ერთიან დასავლურ პოლიტიკურ ერთობას ქმნის. ეს ინიციატივა შეიძლება, გამოიხატოს საგანგებო დოკუმენტის ხელმოწერის გზით, რასაც, მაგალითად, შავი ზღვის დეკლარაცია ეწოდება, და რომელიც რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და სავაჭრო პრინციპების გამაერთიანებელი ფორმატი გახდებოდა.

აღნიშნული რამდენიმე მეტად კონკრეტული მოსაზრება - ისევე როგორც სხვა შესაძლო წინადადებები - მაღალი ალბათობით, ერთგვარად იმ გეოპოლიტიკურ ვაკუუმს შეავსებდა, რაც რეგიონში დასავლური ინტერესის არასაკმარისი პროტექცირების გამო შეიქმნა.

- რაც შეეხება ჩინეთს - რა იქნება ის მთავარი წინააღმდეგობები, რაც ამ ორ ქვეყანას შორის შეიძლება წამოიწიოს ამჯერად?

- ერთადერთი საკითხი, რომელიც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის და შესაბამისად, ტრამპსა და ბაიდენს შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრაქტიკულად, სადავო არასდროს გამხდარა, ჩინეთი და ჩინური ფაქტორის შეფასება იყო. ეს ორივე პოლიტიკური ბანაკის ყველაზე გამოკვეთილ "გამაერთიანებელ“ თემადაც კი იქცა. ისმის მოწოდებები ჩინეთთან დამოკიდებულების გამკაცრებისა, ლამის, ცივ ომზეა საუბარი აშშ-სა და ჩინეთს შორის. ამ დროს, ახალი "ცივი ომის“ პროგნოზირებისას ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს რამდენიმე არსებითი გარემოება: პირველი, ორი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ურთიერთდამოკიდებულია; მეორეა, რომ თავად ჩინეთის ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში საკმაოდ მაღალია; და მესამე გარემოებაა, რომ ამერიკულ-ჩინური დაპირისპირება ვერ გამოდგება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის ანალოგად, ვინაიდან აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირება არ გამოირჩევა იმ იდეოლოგიური ფაქტორით, რაც სსრკ-ს პერიოდს ახასიათებდა. ვფიქრობ, რომ იმათი მოლოდინიც, ვინც ისტორიის ამ ეტაპზე ორ გლობალურ სახელმწიფოს შორის მეორე მსოფლიო ომის "კლასიკური“ ცივი ომის გამეორებას ელის, დროა, რაციონალური გახდეს. საქმე ისაა, რომ აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთკავშირი, ურთიერთგადაჯაჭვა და ურთიერთდამოკიდებულება, - გნებავთ, ეკონომიკასა თუ მთელი რიგი სხვა გლობალური საკთხების ირგვლივ - იმდენად დიდია, რომ საღი მიდგომა და პრაგმატიმზი პრაქტიკულად გარდაუვალს ხდის აუცილებელი დოზით თანამშრომლობასაც. ამდენად, კონფლიქტის "ცხელ ფაზაზეც“ ნებისმიერი წინასწარმეტყველება ჯერჯერობით უსაფუძვლოა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერჯერობით, არც ჩინეთი გამოირჩევა გლობალური არენის ნახტომისებური "დაპყრობით“. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში გლობალურ არენაზე ჩინეთი მეტ წონას შეიძენს და ამისკენ უკვე დგამს ნაბიჯებს. მაგრამ, ამ მომენტისათვის ეს ნაბიჯები უფრო ე.წ. "რბილი ძალის“ ხასიათისაა, ხოლო ამ მომენტისთვის პეკინის მხრიდან შედარებით მეტი აგრესიულობა მის უშუალო გეოგრაფიაში სავაჭრო-საზღვაო გზებზე კონტროლის განმტკიცებასა და სამეზობლოში აშშ-ს ინტერესის შევიწროვებისაკენ მცდელობაში ვლინდება. ალბათ, ამერიკულ-ჩინური შესაძლო კონფრონტაციის ძირითად ასპარეზად უმთავრესად სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების სივრცე იქცევა და არა - გლობალური ასპარეზი. მაღალი ალბათობით, ჩინეთი კვლავაც გააგრძელებს მიმდებარე ქვეყნებთან მიმართებაში საკუთარი "მონროს დოქტრინის“ დამკვიდრებას, ხოლო ამის საპასუხოდ აშშ ეცდება, რეგიონში თავისი მოკავშირეები არ მიატოვოს და შეუზღუდავი ნაოსნობა შეინარჩუნოს.

როგორ გადაურჩნენ ზვავს სასრიალოდ წასული მეგობრები - დრამატული კადრები იუტადან

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე