ავტორი:

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა

1963 წლიდან მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია. ბევრ საბავშვო სპექტაკლში აქვს ნათამაშევი: წითელქუდა, ბურატინო, კარლსონი, წითელკანიანთა ბელადი, ზურაბი, ქეთო... მათ შორის, არაერთ მთავარ როლია...

არ არის ადვილი, ბავშვების გულებამდე მისვლა, ნათელა პაატაშვილი-გიორგაძემ ეს შეძლო, პატარა მაყურებელს დააჯერა, რომ მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ნამდვილები არიან. სწორედ ამიტომაც იყო, რომ სპექტაკლის შემდეგ ბავშვები თეატრის გამოსასვლელთან ელოდნენ ხოლმე...

ქალბატონი ნათელას სამსახიობო კარიერა ბავშვობაში დაიწყო. თუ როგორ, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს:

- 10 წლის ვიყავი, პიონერთა სასახლის თოჯინების თეატრში რომ დავდიოდი. ერთხელაც, იქ ტელევიზიიდან (ახალი გახსნილი იყო და ფუნიკულიორიდან მაუწყებლობდა) მოვიდნენ, გადაცემისთვის ბავშვები გვჭირდებაო. ჩვენმა მასწავლებელმა, ბიჭიკო (ნოდარ) ჩხეიძემ, რომელთანაც სპექტაკლებში ვმონაწილეობდით, მე შემარჩია (სასახლის სხვადასხვა წრიდან სულ 12 ბავშვი შევგროვდით). წაგვიყვანეს ფუნიკულიორზე არსებულ ტელესტუდიაში.

გოგოებიც იყვნენ და ბიჭებიც. იქ მისულებს არაფერი გაგვიკეთებია, მხოლოდ მწკრივზე დაგვაყენეს, შემდეგ ცნობილი ჟურნალისტი და ტელედიქტორი ჯულიეტა ვაშაყმაძე შემოვიდა, გვერდით კიდევ ვიღაც კაცი ედგა. ჯულიეტამ თითი ჩემსკენ გამოიშვირა - აი, ეს ყველაზე პატარა, შავთვალა გოგო რომააო. მერე პირველი რაც მითხრა: შენ კაკლის მურაბები გაქვს, თუ თვალებიო? ამაზე დავიძაბე, თვალები დავხუჭე, ვიფიქრე ე.ი. არ ვარგა ჩემი თვალები ტელევიზიისთვის-მეთქი. მოკლედ, ჯულიეტამ - ამას მე წავიყვან, დანარჩენებს თქვენ მიხედეთო. იმათ ვინ და როგორ მიხედა, არ ვიცი, მერე ტელევიზიაში არცერთი მინახავს.

- რა გამოცდის ჩაბარებამ მოგიწიათ ქალბატონ ჯულიეტასთან?

- რაღაც ტექსტი მომცა, - გენაცვალე, აბა, ეს წაიკითხე და თუ შეძლებ მის ზეპირად თქმასო? ერთხელ რომ წავიკითხო, თუ შეიძლება-მეთქი? აბა, ისე როგორ იტყვიო? მოკლედ, დიდი განცდებით წავიკითხე და თითქმის ზეპირად ვუთხარი. გაეცინა: გოგო, შენ მეორე ჯულიეტა ვაშაყმაძე ხარო?! წაკითხულის მარტივად დამახსოვრების ნიჭი აღმომაჩნდა, მანამდე არ ვიცოდი, თუ ეს შემეძლო.

მოკლედ, 10 წლის ასაკში ტელევიზიში მუშაობა ასე დავიწყე, საბავშვო გადაცემებში ვმონაწილეობდი...

- პატარა ბავშვს ასეთი ვარსკვლავების გარემოცვაში გიწევდათ ყოფნა... რას გაიხსენებდით იმ პერიოდიდან?

- მაშინ არც ვიცოდი, ვინ ვარსკვლავი იყო და ვინ - არა, ვხედავდი მხოლოდ იმას, ჯულიეტა როგორ გაილექსებოდა ხოლმე, მისი ეს უნარი ყოველთვის მაოცებდა... სახლში ტელევიზორი "რეკორდი" გვქონდა, როცა იქ გამოვჩნდებოდი, პაპას უხაროდა, პირველად რომ მნახა, სახლში მოსულს მითხრა - შვილო, ტელევიზორში ცოცხლად დაგინახეო... ეზოშიც დიდი სიხარულით მხვდებოდნენ.

როგორ მინდოდა, ჩემი თავი მეც მენახა, მაგრამ მაგის საშუალება ადრე არ იყო... ტელევიზიაში ერთი პატარა ოთახი იყო, სადაც ორი ოპერატორი იდგა და გადაცემას იღებდნენ... რომ წამოვიზარდე, საბავშვო გადაცემების მერე იყო ასეთი - "მხიარული სასტუმრო" გურანდა გაბუნიას მიჰყავდა და მასში ვმონაწილეობდი. სატელევიზიო სპექტაკლებში ვთამაშობდი და სპექტაკლებს თვითონაც ვდგამდი.

- მოზარდმაყურებელთა თეატრში როგორ მოხვდით?

- სკოლა რომ დავამთავრე, მაშინდელი პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიურზე ჩავაბარე. იქ სწავლა დედამ მირჩია, კარგად წერო, მართლაც მიყვარდა წერა... მეორე კურსზე ჯერ არც ვიყავი, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძემ მითხრა, ფილოლოგიურზე სწავლა არ არის ცუდი, ტელევიზიაშიც იქნები, გამოგადგება, მაგრამ შენ მსახიობი უნდა იყოო (მას ახალი დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო).

- ე.ი. ჯულიეტა ვაშაყმაძე ცხოვრებაში კეთილ ფერიად მოგვლენიათ...

- კი, მას უდიდესი ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში - 65 წლის მეგობრობა გვაკავშირდებდა... ვერ მომინელებია მისი გარდაცვალება. ძალიან განვიცდი, რომ აღარ არის... ჯულიეტა მოვლენა იყო, ჯერ მარტო სამი უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანი გახლდათ... აიღებდა მიკროფონს, გავიდოდა ხალხში და ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე ლაპარაკობდა ისე, ერთ გრამატიკულ შეცდომას არ დაუშვებდა, ან როგორ წერდა და როგორი კეთილი იყო, ბევრს ეხმარებოდა...

ჩემთვის დედაც იყო, დაც, მეგობარიც და ყველაფერი. მან შემივსო ცხოვრება და ჩემთვის როგორი ახლობელი იყო, ამის გადმოცემა სიტყვებით ძნელია...

...მოკლედ, შენ მსახიობი ხარო, რომ მითხრა - გამიკვირდა... მერე მოზარდმაყურებელთა თეატრში დარეკა და უთხრა: ერთი კარგი გოგონა უნდა მოგიყვანოთ, გამოგადგებათო. კი, ბატონოო, - უთხრეს და წამიყვანა. თეატრში სამხატვრო საბჭო მოიწვიეს - ყველა დიდი მსახიობი, თეატრის ხელმძღვანელობა, ვინც იმ დროს თეატრში იყო, იმ შეკრებაზე მოვიდა. ლექსი წამაკითხეს, ეტიუდი გამაკეთებინეს, მამღერეს, მაცეკვეს - ყველაფერი გავაკეთე. ცნობილმა მსახიობმა გოგუცა კუპრაშვილმა გულში ჩამიკრა და ჯულიეტას უთხრა - ეს რა ბრილიანტი მოგვიყვანე. არ ვიცით, როლებში როგორი იქნება, მაგრამ ერთი ნახვით ძალიან მოგვეწონა, ეს ამ თეატრის წამყვანი მსახიობი გახდებაო. ვუსმენდი და ვფიქრობდი - რას ლაპარაკობენ-მეთქი...

- და იქიდან მოყოლებული დღემდე თეატრში ხართ...

- კი, 1963 წლიდან... უამრავი როლი მაქვს ნათამაშევი... თავიდან 17 წლისას ერთ წელიწადში 5 მთავარი როლი მათამაშეს, მაგრამ იმას რატომღაც არც თამაშად და არც როლებად არ მივიჩნევ... იმ პირველ წელს მუშაობამ ცოტა დამძაბა და თეატრიდან წასვლაც დავაპირე, მაგრამ თემურ ჩხეიძემ გადამაფიქრებინა. ამ თეატრისთვის ყოველთვის საჭირო იქნები, უნდა დარჩეო.

- ალბათ მსოფლიოში იშვიათია მსახიობი, რომელიც 28 წლის განმავლობაში წითელქუდას როლს თამაშობდა...

- არ მიყვარდა ასეთი როლები - პრინცესები, მზეთუნახავები, სახასიათო როლები მიზიდავდა... წითელქუდა რომ მომცეს, პატარა ვიყავი, მიუხედავად ჩემი განწყობებისა, ვითამაშე და მითხრეს - კარგიაო. ალბათ გულწრფელი ვიყავი და ამიტომ... თუ გულწრფელი და უშუალო ხარ ბავშვთან, ყოველთვის გამარჯვებული ხარ. ეს მუმუშა (შალვა) გაწერელიას სპექტაკლი იყო. ამ რეჟისორთან ერთად ბევრი როლი მაქვს შექმნილი...

მერე როცა „წითელქუდა“ აღადგინეს, ისევ დამტოვა. ვთხოვდი: უკვე ბებია ვარ, შვილიშვილი მყავს და აღარ მინდა, წითელქუდა ვიყო-მეთქი... სხვას ვერ ვათამაშებო... როდესაც პრემიერაზე ლიზი, ჩემი შვილიშვილი მოიყვანეს, სპექტაკლს დარბაზიდან უყურებდა, მაგრამ მგელმა რომ "შემჭამა", - ბებოო, ბებოო, - ტირილი დაიწყო...

ამ ეპიზოდზე ჯერ ჩემი ბიჭი ყვიროდა პატარაობისას და სცენაზე ამორბოდა... ამიტომ, ვცდილობდი, არ წამომეყვანა, მაგრამ ჩემი ქმარი (ტარიელ გიორგაძე, დამსახურებული არტისტი) მაინც ატარებდა, სახლში დამტოვებელი არ გვყავდა... მოკლედ, შვილიშვილიც გადაბჟირდა. სპექტაკლის შემდეგ რომ დამინახა, სულ ხელებზე მკოცნიდა, სახეში მიყურებდა - ხომ ცოცხალი ხარ? ხომ აღარ წახვალ "წითელქუდაში"? იმის მერე განცხადება დავწერე - აღარ მჯერა, რომ წითელქუდა ვარ და ამხელა ქალმა რატომ ვითამაშო-მეთქი?..

- თქვენს შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა როლების პარალელურად, ბიჭუნების როლები გაქვთ ნათამაშევი...

- "ბიჭუნა და კარლსონში" 15-16 წელი ბიჭუნას როლი მქონდა... მერე შეწყდა სპექტაკლი, რადგან მუმუშა გაწერელია თეატრიდან წავიდა... როდესაც თავიდან დაიდგა (ქეთევან ხარშილაძემ ახალი შემადგენლობით აღადგინა) უკვე კარლსონი ვიყავი... მაშინ ბუმბულივით ვიყავი, სცენაზე დავფრინავდი... კარლსონი მსოფლიოში ქალს არ უთამაშია, მის როლში სულ კაცები იყვნენ...

ვიყავი ბურატინოც "ბურატინოში" (ქეთევან ხარშილაძის დადგმა) - მუსიკალური სპექტაკლი იყო, ბევრი ცეკვა-სიმღერით, ქორეოგრაფი იური ზარეცკი გახლდათ. ეს სპექტაკლი მოსკოვშიც ვითამაშეთ. მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოიწონეს და მოსკოვის საბავშვო მუსიკალური თეატრიდან სერიოზულ შემოთავაზებაც მივიღე - რამდენიმეწლიან ხელშეკრულებას მიფორმებდნენ. თქვენნაირი მსახიობი გვჭირდებაო. დავფიქრდები-მეთქი, - ვუთხარი. ეს ამბავი არ გამოვიდა, რადგანაც ჩვენმა თეატრმა მითხრა - ბევრი როლი გაქვს აქ და ასე უცებ ვინ შევიყვანოთ სპექტაკლებში, შენი წასვლა არ გამოვაო...

ო’ჰენრის "წითელკანიანთა ბელადში" ბელადი ვიყავი, რთული სათამაშო იყო, მაგრამ მიყვარდა ეს როლიც. საერთოდ, ბიჭუნების როლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. როლზე უარი არ მითქვამს. იმასაც ვხდებოდი, რომ ამ თეატრისთვის საჭირო ვიყავი, რეჟისორებიც შთამაგონებდნენ, რომ ამა თუ იმ როლის თამაშს შევძლებდი... სპექტაკლის შემდეგ, როდესაც ბავშვები მხვდებოდნენ, საოცარი იყო მათი ემოციები - უი, კარლსონი გოგო ყოფილა, ბურატინო ქალია და ხშირად იყო ასეთი შეძახლები...

შეიძლება ულამაზესი და უნიჭიერესი არ ვიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ შრომისმოყვარეობა და თავდაუზოგავობა მახასიათებდა ყოველთვის... მახსოვს, "ბურატინოს" პრემიერა, 39 გრადუსი სიცხით ვითამაშე...

გოგუცა კუპრაშვილის პრემიის ლაურეატი ვარ... ვაჟა-ფშაველას "სათაგურში" წრუწუნას როლი რომ ვითამაშე, გოგუცა სცენაზე საჩუქრით ამოვიდა, სცენაზე შემცვლელს ვტოვებ და უფლება მაქვს, წავიდეო...

- როგორც ვიცი, პარალელურად თვითონაც გქონდათ თქვენი საბავშვო თეატრი და არაერთ მოსწავლესთან მუშაობდით...

- პროფკავშირების კულტურის სასახლეში ჩემი თეატრი "წითელქუდა" მქონდა, სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი, 120 ბავშვი მყავდა. საერთოდ, ნიჭიერი თაობა გვყავდა ყოველთვის და მიხარია, რომ ახლაც ასეთია. პატარებისთვის მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებაა. საერთოდაც ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია ყველა ეტაპზე სიამოვნებას მგვრიდა...

- ბოლო დროს არაერთ სერიალშიც მონაწილეობდით...

- ფილმებში, ასევე ჩვენს ყველა სერიალში ვარ გადაღებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. როცა თეატრის მსახიობი ხარ, სამუშაო თეატრშია, არტისტად იქ ყალიბდები, თუმცა მაინც გვიწევს ხოლმე კომპრომისები...

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მსახიობის ძმის კომენტარი

ლეგანდარული მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან