ავტორი:

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

ჯანსაღი ცხოვრების წესი მედიკოსების მთავარი რეკომენდაციაა. ყველამ ვიცით, რომ ეს წესი უნდა დავიცვათ, მივყვეთ ექიმების რჩევებს, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, მაგრამ თანამედროვე ადამიანს ეს რთულად გამოსდის, მით უფრო, დღეს, როდესაც პანდემიამ ყველა სახლში გამოკეტა.

ნანიკო ხაზარაძე ერთ-ერთია, რომელმაც სწორედ პანდემიის დროს რადიკალურად შეცვალა ცხოვრების წესი - 35-წლიანი "სტაჟის" მქონე მწეველმა, სიგარეტს თავი დაანება და ცდილობს ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს, რაც 48 წლის ტელეწამყვანის გარეგნობაზეც აისახება.

როგორ ინარჩუნებს ფორმას ნანიკო ხაზარაძე, ეს საიდუმლო მან AMBEBI.GE-ს მკითხველს გაუზიარა:

- მსოფლიო კი ლაპარაკობს ცხოვრების ჯანსაღ წესზე და სხვადასხვა წყაროდან სულ გვესმის, რომ კარგია ბევრი წყლის მიღება, მოძრაობა, მაგრამ სანამ ადამიანი რაღაცებს საკუთარ თავზე არ გამოცდის, ყურადღებას ამ რეკომენდაციებს არ აქცევს, რადგანაც ასეა მისი ბუნება მოწყობილი.

ჩემს თავზე ვიტყვი: როგორც კი შემექმნა პრობლემა, იმ წუთას მივმართე ცხოვრების ჯანსაღ წესს. თავი დავანებე ყველაზე ცუდ რაღაცას - სიგარეტს, მაგრამ იქიდან დაიწყო ჩემი კილოგრამების მატებაც. 6 თვეში ზედმეტი 10 კილო დავაგროვე...

გურამ წიბახაშვილის მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე, ნანიკო ხაზარაძე 23-24 წლისაა

როდესაც სიგარეტს ეწევი, ვერ ხვდები რა შავ ლაქასთან, ღრუბელთან გაქვს საქმე. არსებობს კარცეროგენების რისკები და ბევრი ცუდი რამ - ნეგატივის მთელი კასკადია... მაგრამ სიგარეტის გადაგდებიდან, რამდენიმე თვეში, მივხვდი, რომ ჩემმა ყველა ორგანომ, სისხლმა, ნივთიერებათა ცვლამ, ნერვულმა სისტემამ ახლებურად დაიწყო ცხოვრება. ახალი სუნთქვა გამეხსნა, ახალი ცხოვრება დავიწყე. მანამდე ორგანიზმს ნიკოტინთან ერთად უჭირდა ჰარმონიაში ყოფნა, ეს მისთვის შეუძლებელი იყო.

ახლა თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მე გადავლახე ის ძალიან დიდი ბარიერი და იმ გრძელი, "შავი გვირაბიდან" გამოვედი. ახალი ცხოვრება დავიწყე და ვარ ბედნიერი, ჯანსაღი. ზედმეტი კილოგრამებიც დავიგდე. მალე ერთი წელი გადის, სამი კილოგრამიც და დავუბრუნდები იმ წონას, რა წონაზეც სიგარეტის თავის დანებებამდე ვიყავი.

- სიგარეტისთვის თავის დანებება ბევრს უნდა, მაგრამ არ გამოსდის. შენ მარტივად შეძელი? რამ გადაგადგმევინა ეს ნაბიჯი?

- მუდმივად ვგრძნობდი, რომ სიგარეტი მაწუხებდა, ბოლოს პატარ-პატარა დისკომფორტებსაც მიქმნიდა. მაგალითად, ხმა "ჩამეხეხა", რაც ჭარბი მოწევით იყო გამოწვეული. მერე თავის დანებებას სხვადასხვა საშუალებით ვეცადე - პროგრამაში ჩავერთე, აბებს ვიღებდი, არაფერმა მიშველა მანამ, სანამ სერიოზული "ტვინის გარეცხვა" არ ჩავიტარე. კოგნიტური ფსიქოლოგიის კურსზე ვიარე, სადაც თამბაქოზე ლექციების ვრცელი კურსი მოვისმინე... მიზანს ასე მივაღწიე. უფრო მარტივად არ გამომივიდა. მოკლედ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მსურველებს ეხმარებიან...

- ერთი პრობლემა დაძლიე, მაგრამ ამან ახალი პრობლემა წარმოშვა - წონაში მოიმატე...

- ამან ცხადია, ასევე შემაწუხა. მანამდე შეხება რომ არ მქონია ენდიკრინოლოგთან, დიეტოლოგთან და დიეტებთან, უკვე ამ საკითხებით დავინტერესდი. ამ თემასაც ჩავუღრმავდი და ჩემთვის კომფორტული დიეტა აღმოვაჩინე, ანუ ხანგრძლივი შუალედები ჭამასა და ჭამას შორის. არის დიეტები 16, 19, 24, 30, 48-საათიანი შუალედით. დავინტერესდი ასევე საკითხით, თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში მაშინ, როდესაც შიმშილობს.

არაერთ საინტერესო სამეცნიერო კვლევას გავეცანი. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამ გადაწყვეტილებით ორგანიზმს მხოლოდ დავეხმარებოდი. კვების ამ რეჟიმს დავუმატე ფეხით სიარული. ყოველდღე ან დღეგამოშვებით ფეხით 10 კილომეტრს გავდივარ. შედეგი მაქვს... კიდევ 3 კილოგრამი და ძველ ფორმას დავუბრუნდები.

- არ გღლის ეს რუტინა?

- ფეხით სიარული და ეს დიეტა უკვე ჩემი ცხოვრების წესია. თუ რომელიმე დღეს მოჭარბებული საქმის გამო ვერ ვახერხებ ფეხით 10 კილომეტრის გავლას, ორგანიზმი თითქოს მახსენებს - აბა, რას შვრები, მიდი, დრო გამოძებნე...

- აუცილებელია 10 კილომეტრის გავლა?

- ვაკეში ვცხოვრობ და ჩემი სახლიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კილომეტრია, მერე უკან დასაბრუნებლად ცხადია, ისევ ამდენი მჭირდება. თავიდან რომ დავიწყე სიარული, პირველი ორი კვირის მანძილზე, ხან მენჯი ამტკივდა, ხან ხელი გამიკავდა, კუნთები მეტკინა. ახლა უკვე არაფერი მტკივა, ენერგიაზე ვარ. ნეტავ, დრო უფრო მეტი მქონდეს, 2-ჯერ 10 კილომეტრს გავივლიდი. უბრალოდ, სამსახური და ვალდებულებები არ მაძლევს მეტის საშუალებას... ამიტომ, ამ მარშრუტზე წასვლა ხან დილას მიწევს, ხან - შუადღეს და ხან - საღამოს...

- იმ დიეტას რასაც იცავ, კვებით რაციონში რა პროდუქტები შედის?

- საერთოდ ცუდი მჭამელი ვარ და ბევრი პროდუქტი არ მიყვარს. წლებია, ქათმის ხორცის გარდა ხორცს არ ვეკარები. არ მიყვარს ბოსტნეული, სალათები. მიყვარს ცომეული და რთული ნახშირწყლები (ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, პური). ამ ყველაფერს როგორც ვთქვი, დიდი ინტერვალებით ვჭამ. ამ წესსაც მყარად მივყვები, არ ვარღვევ...

- გამაჯანსაღებელ პროცედურებს - მასაჟი, აკვა აერობიკა არ მიმართავ?

- ვარჯიში არ შემიძლია, ბოლოს როდის ვივარჯიშე, არ მახსოვს. ცურვა ვიცი, მაგრამ არ მიყვარს, ზღვაზეც რომ დავდივარ, წყალში არ შევდივარ. მსიამოვნებს ზღვიდან მოშორებით ჯდომა, მაგალითად, აივანზე და იქიდან ყურება. ეს არის ჩემი სიამოვნების პიკი.

- ჯანმრთელობისთვის სრულფასოვანი ძილიც მნიშვნელოვანია...

- მიყვარს ძილი, თუ დამაკლდა, მეორე დღეს საქმეს კი ვაკეთებ, რაც მევალება და გასაკეთებელია, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ, გაფანტული, თავს უცნაურად ვგრძნობ... კარგად რომ ვიყო, 8-10 საათი უნდა მეძინოს. დაძინება 9 საათზეც შემიძლია, თან, ისე, დავწვე და მაშინვე დავიძინო. ჩაძინების პრობლემა არ მაქვს. რაც არ უნდა სტრესული დღეები, ან კვირები მქონდეს, ვწვები და მარტივად ვიძინებ. ეს იმ პერიოდში კარგი განტვირთვაა. სტრესის დროს, როგორც ჩანს, ძილში ტვინი ასე მასვენებს.

- ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ექიმების რეკომენდაცია, დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღებაცაა. ამას ასრულებ?

- ცოტა ურჩი ვარ. არ მწამს და არ მჯერა მოცემული ფორმულების, რომ მაგალითად, ყველამ დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ და ეს გაგვაჯანსაღებს. ეს არ შემიძლია და არ მგონია, ყველას ორგანიზმს ერთნაირად სჭირდებოდეს ასეთი რაოდენობის წყლის მიღება. ჯერ ერთი, ამდენი წყალი ორგანიზმს რეცხავს იმ აუცილებელი ნივთიერებებისგან, რომელიც ორგანიზმს სჭირდება, მაგალითად, კალიუმისგან, კალციუმისგან...

წყალს მაშინ ვსვამ, როდესაც მწყურია და მწყურია მაშინ, როდესაც ოდნავ მარილიან საკვებს ვიღებ. სხვა შემთხვევაში, წყლის დალევა არ მახსენდება.

- ცხოვრების ჯანსაღი წესიდან გამომდინარე, შენი გამოცდილებიდან AMBEBI.GE-ს მკითხველს რას ეტყოდი და ურჩევდი?

- ვისაც არ აქვს საშუალება, ვარჯიშში ფული დახარჯოს, სპორტულ დარბაზში იაროს, ფეხით სიარული ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა... მიხარია, ფეხით რომ დავდივარ, ვუყურებ და ვაკვირდები ადამიანებს, ახალგაზრდებს, ჩემი ასაკისებს, უფროსებს, ვამჩნევ ასაკოვან წყვილებს, რომლებიც ხელჩაკიდებულები დადიან, ვხედავ, ძალიან ბევრ ძაღლს, რომელსაც საჭმელი უყრია... ეს ფაქტები მომწონს, მგონი, გაკეთილშობილდნენ ადამიანები, ჯიბით, ჩანთით დააქვთ ძაღლებისთვის და კატებისთვის საკვები.

მეუღლესთან, ლევან მათითაშვილთან ერთად

ჩემი ქუჩაში გასვლა ყოველდღე რაღაც კარგთან ასოცირდება. ასევე გავიცანი რამდენიმე ადამიანი, მაგალითად, ასაკოვანი ქალბატონი ნინა, რომელიც ძალიან ლამაზად ჩაცმული მოწყალებას ითხოვს, მოსწონს ადამიანებთან კონტაქტი, გავიცანი ქალბატონი, რომელიც ქუჩაში ზის და ფეხები ყუთში უწყვია და მოწყალებას ასე ითხოვს... ძალიან თბილები და საყვარლები არიან, მათთან შეხვედრა, კონტაქტი მიხარია.

ნანიკო ხაზარაძე შვილთან, ლილუსთან ერთად

კიდევ ერთი მოხუცი ქალბატონიც იქცევს ჩემს ყურადღებას, რომელიც მელიქიშვილზე ლიმონს ყიდის, ვიღაცას კარგი მაკიაჟით გასაყიდად ყვავილები დააქვს. ამ ადამიანებს დიდი გამოცდილება აქვთ, უფრო ლაღებიც კი არიან თითქოს, ვიდრე მე და ჩემნაირები, ვისაც თითქოს ცხოვრება აწყობილი აქვთ...

ამიტომ, ადამიანებს ვურჩევ გარეთ გასვლას, ფეხით სიარულს, მით უფრო კარგი ზამთარია, მზეც სასიამოვნოდ გვეფერება... გავიდნენ და დატკბნენ ყოვედღიურობით, რომელიც ჩვენს ქალაქში არც ისე უშნოა...