ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს არ ვიცნობ" - "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე სოფო ჯაფარიძე ლეგენდარულ წინაპრებზე, ოჯახსა და ცნობილ მეგობრებზე

"მიხეილ სააკაშვილს არ ვიცნობ" - "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე სოფო ჯაფარიძე ლეგენდარულ წინაპრებზე, ოჯახსა და ცნობილ მეგობრებზე

პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი სოფო ჯაფარიძე საზოგადოებამ სოციალური პლატფორმა "მედგიდით" გაიცნო. პანდემიის პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებული 5 ათასზე მეტი ადამიანი იყო ქვეყანაში, მათი ნაწილი კი კლინიკაში მოხვედრასაც ვერ ახერხებდა, სოფო და მისი ჯგუფი მათ უანგაროდ ეხმარებოდა...

რამდენიმეთვიანი აქტივობის შემდეგ, სოფო "ნაციონალური მოძრაობის" ახალ სახეებს შორის მოგვევლინა. ამის შემდეგ იყო კრიტიკა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, ამბობდნენ, რომ მას პოპულარობა პოლიტიკაში წასასვლელად სჭირდებოდა. გაჩნდა კითხვებიც, თუ საიდან შოულობდა სოფო ჯაფარიძე პაციენტებისთვის საწოლს, როდესაც ქვეყანაში საწოლფონდის კრიზისი იყო...

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში სოფო ჯაფარიძე გულახდილად გვესაუბრა როგორც მის პოლიტიკაში მოსვლაზე, ასევე ოჯახზე და კარიერაზე.

- ექიმების ოჯახში ხართ დაბადებული... როგორია ბავშვობა, როდესაც ირგვლივ ყველა ექიმია?

- ჩემი ოჯახი ექიმების ოთხ თაობას ითვლის, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან. დიდი ბაბუა აკაკი ჯაფარიძე სვანეთში პირველი კლინიკის დამაარსებელი იყო და დღემდე ახსოვს სვანეთს მისი დიდი ექიმობა და დიდებული კაცობა. ბაბუა პროფესორი ქართლოს ჯაფარიძე წლების განმავლობაში იყო ჯერ ლიკანის და შემდეგ მეცხრე საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

ჩემი გამზრდელი ბაბუა პროფესორი, აკადემიკოსი ვახტანგ ყიფიანი იყო. იგი ათეულობით წელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ. ბებია ცისანა ყიფიანი ინფექციონისტია, რომელიც დღემდე აქტიურად მუშაობს. დედა ნინო ყიფიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორია.

უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. გავიზარდე ბებიების და ბაბუების კალთაში და გამომდინარე მათი პროფესიიდან, ჩვენს ოჯახში მრავალი თაობის საუკეთესო ექიმები ირეოდნენ, თამამად ვიტყვი, რომ გავიზარდე ბაბუაჩემის უნიკალურ სამედიცინო ბიბლიოთეკაში.

ბიოლოგიური მამა აკაკი ჯაფარიძე 33 წლის ასაკში ექიმების შეცდომით და დაუდევრობით დამეღუპა. გამზარდა ზურა კობახიძემ, რომელიც ჩემთვის მამაზე მეტია, მისთვის მე ერთადერთი შვილი ვარ.

- თქვენი ბაბუა ვახტანგ ყიფიანი სამედიცინო წრეებში ლეგენდაა და მისი სახელი ყველას გაუგია, როგორ გაიხსენებთ მასთან ურთიერთობას?

- გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ვახტანგ ყიფიანი მართლაც ლეგენდაა. იგი ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი და მესაიდუმლე იყო. რამდენიმე წელია რაც აღარ მყავს და ვერასოდეს შევავსებ იმ სიცარიელეს, რომელიც დამიტოვა. მისი აღზრდილია საქართველოში თაობები და ის ადამიანები, რომლებმაც შემაძლებინეს შემექმნა "მედ გიდის" ისტორია, ფასდაუდებელია მისი მეცნიერული მოღვაწეობა.

უბრალოდ ვერც წარმომედგინა, რომ სხვა პროფესია შეიძლებოდა ამერჩია, დაბადებიდან ჩემში გამჯდარი იყო ის, რომ მედიცინაში უნდა მემსახურა.

- მეუღლე როგორ გაიცანით, რამდენად ახლოს არის პროფესიულად თქვენს საქმიანობასთან?

- მეუღლე გავიცანი საერთო მეგობრების წრეში. არანაირი შეხება არ აქვს ჩემს საქმიანობასთან, მაგრამ ძალიან მოსწონს რასაც ვაკეთებ.

- სამი შვილი გყავთ, ვაჟები. მოგვიყევით, მათ შესახებ, როგორ ახერხებთ წარმატებული კარიერა და დედობა ერთმანეთს შეუთავსოთ...

- მყავს 11 წლის ვაკი, 5 წლის ზუკა და 1 წლის ვახუნა. ყველანაირად ვცდილობ, რომ მათთან დიდი დრო დავყო, თუმცა ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ბოლო დროს საკმარის დროს ნამდვილად ვეღარ ვუთმობ, მეხმარება ორი საოცარი ქალბატონი და ვარ ძალიან მშვიდად.

- სოფო, თქვენს მეგობრებში ბევრი ცნობილი ადამიანია - პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, პოლიტიკოსი დავით საგანელიძე ოჯახით...

- მე მყავს საუკეთესო მეგობრები და ამაყი ვარ იმით, რომ გვერდით მართლაც ძალიან დიდი არმია მიდგას მათი სახით. არასოდეს ამირჩევია და გამომირჩევია მეგობრები, პოლიტიკური თუ სხვა რაიმე ნიშნით.

თათია შარანგიასთან და გიორგი ვაშაძის მეუღლესთან, ქეთი სიჭინავასთან ერთად

ჩემთვის პოლიტიკა და მეგობრობა სრულად გამიჯნულია ერთმანეთისგან. თათია შარანგიასთან და სოფო ფარცხალაძესთან (დათო საგანელიძის მეუღლე) ნათელმირონობა მაკავშირებს, ისინი ჩემი შვილების ნათლიები არიან და ბედნიერი ვარ, რომ ჩემ შვილებს ასეთი ნათლიები ყავთ.

- როგორ ცხოვრობდით პანდემიამდე, როგორი იყო თქვენი ყოველდღიურობა და შეგიძლია გაიხსენოთ ის დღე, როდესაც გაჩნდა "მედ გიდი"?

- პანდემიამდეც აქტიურად ვცხოვრობდი, ვარ კლინიცისტი ექიმი, ვასწავლი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ქართველ და უცხოელ სტუდენტებს, ბოლო რამდენიმე წელია ძალიან ვარ დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯანდაცვით და ჯანდაცვის მენეჯმენტით და დოქტორანტურაშიც სწორედ ამ მიმართულებით ჩავაბარე.

რაც შეეხება "მედ გიდს"... ჩემი მეოთხე შვილია. მე და ჩემმა მეგობარმა ნუცა ზურაბიანმა შევქმენით ეს პლატფორმა ადამიანების დასახმარებლად, ჩვენი გმირი ექიმების გვერდში დგომით. შედეგმაც არ დააყოვნა და სამ თვეში "მედ გიდი" გახდა 85 000 მდე ადამიანის ოჯახის წევრი.

- ყველაზე წარმატებული სამედიცინო პლატფორმის შემდეგ, მოულოდნელად წახვედით პოლიტიკაში. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, იცნობდით ნიკა მელიას?

- ამ გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ იყო ჩემთვის მარტივი. ნიკა მელიას ვიცნობდი გამარჯობით. როცა ვნახე ჩამოშლილი ჯანდაცვა და არათანმიმდევრულობა ამ სისტემაში, ვუყურე რამდენიმე თვე ქვეყანაში შექმნილ რეალურ მდგომარეობას, რაშიც არ მინდა ჩემი სამი შვილი გაიზარდოს, სწორედ ამ დროს დამიკავშირდა ნიკა მელია, შემომთავაზა ჩამებარებინა ახალი "ნაციონალური მოძრაობის" ჯანდაცვის მიმართულება, გამაცნო სრულიად არაჩვეულებრივი გუნდი, გამაცნო მისი სამოქმედო გეგმა. ჩავთვალე, რომ მათთან ერთად გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო და სიამოვნებით დავთანხმდი. მე დავინახე, რომ ახალმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის, რა როგორ უნდა გააკეთოს და რა როგორ აღარ უნდა გააკეთოს. სწორედ ნიკას ფაქტორი იყო ჩემთვის გადამწყვეტი.

- სოფო, არ გწყინდათ, როდესაც ადამიანები და მათი ახლობლები, ვისაც დაეხმარეთ, შემდეგ სოციალურ ქსელში თქვენზე წერდნენ, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო, რომ პოლიტიკაში წასვლისთვის გჭირდებოდათ...

- ნამდვილად არ ვაპირებ თავის მართლებას. მე ეს ყველაფერი უანგაროდ ვაკეთე და გავაკეთებ სიცოცხლის ბოლომდე.

- გაჩნდა კითხვები, როგორ პოულობდა სოფო ჯაფარიძე პანდემიისას საწოლს პაციენტებისთვის, როდესაც სასწრაფოებს ვერ გადაყავდათ პაციენტები...

- სწორი მენეჯმენტი, საუკეთესო საკოორდინაციო ჯგუფი, თავდაუზოგავი მუშაობა, თანმიმდევრულობა, მყისიერი რეაგირება ყველა შემოსულ პრობლემაზე იყო და არის "მედ გიდის" "საიდუმლო" თუ როგორ ვახდენდით ჰოსპიტალიზაციას და პაციენტების დახმარებას.

- სოფო, არაერთხელ დაწერილა "მედ გიდში", რომ თქვენ იდეალური ჯანდაცვის მინისტრი იქნებოდით, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პოლიტიკური კარიერა?

- სადაც არ უნდა ვიყო, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა გამართული და სამაგალითო გახდეს საქართველოში. მედ პერსონალი იყოს სათანადოდ დაფასებული და პაციენტის ინტერესი იყოს დაცული.

- ეკატერინე ტიკარაძე თქვენი კოლეგაა, თუ შეხვედრიხართ მას პირადად?

- ეკატერინე ტიკარაძეს არასოდეს შევხვედრივარ და არც მისი და არც რომელიმე სხვა მაღალჩინოსნის მხრიდან არ ყოფილა დაინტერესება "მედ გიდთან" დაკავშირებით.

- ვაქცინაციაზეც გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, რატომ იგვიანებს ვაქცინა საქართველოში?

- იმისთვის, რომ ვაქცინა დროულად შემოსულიყო, აუცილებელია პოლიტიკური ნება და აუცილებელი არის სახელმწიფოს დროული ჩართულობა სხვადასხვა იერარქიების. აქ საჭიროა ჩართვა მთლიანად სახელმწიფოსი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის.

მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე დაგვიანებულია, დაანონსებული არის რომ 2021 წლის ბოლომდე პოპულაციური იმუნიტეტი იქნება საქართველოში, მინიმუმ იქნება აცრილი 60 000 ადამიანი, რაზე დაყრდნობით? საიდან მოგვაქვს ეს ვაქცინები? თუ ეხლა იმდენიც კი ვერ ჩამოდის, რომ სრულად ეყოს მედპერსონალს? სად არის გეგმა გაწერილი? ათეულობით ქვეყანაში უკვე წარმატებით მიმდინარეობს ვაქცინაცია. ამ ყველაფერს სჭირდება ცოდნა და მონდომება, მე არ ვიცი რომლის დეფიციტია ჩვენთან, მაგრამ ვფიქრობ რომ ორივესი.

- დასასრულს, გკითხავთ, მიხეილ სააკაშვილმა თუ გაგიცნოთ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრები? ან მანამდე ხომ არ იცნობდით და უჭერდით მხარს, როდესაც ქართულ პოლიტიკაში იყო?

- მიხეილ სააკაშვილს ახლოს არ ვიცნობ. ჯერ მას არ შევხვედრივარ.