ავტორი:

"რუსეთს უნდა, საქართველო როგორმე ე.წ. საზღვართან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას" - როგორ შეიძლება აღვუდგეთ წინ 21-ე საუკუნის "ლეკიანობას"

"რუსეთს უნდა, საქართველო როგორმე ე.წ. საზღვართან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას" - როგორ შეიძლება აღვუდგეთ წინ 21-ე საუკუნის "ლეკიანობას"

"რუსეთი შეშფოთდება მაშინ, როცა ჩვენ დავიწყებთ კონტაქტებს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან", - როგორ რეაგირებს და როგორ უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო ე.წ. საზღვრიდან ადამიანების გატაცებაზე?

სულ ახლახან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ ხშირი შემთხვევებიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის აკავებს. ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა, როგორ აფასებენ ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს მსგავს სიტუაციებში - არის თუ არა მეტი, რისი გაკეთებაც მთავრობას შეუძლია? ამაზე AMBEBI.GE-ს ექსპერტები, მამუკა არეშიძე და პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრებიან.

  • "შენ ომს გიცხადებს უკვე ოკუპანტი რუსეთი და არა - სეპარატისტი ხელისუფლება"

მამუკა არეშიძის თქმით, მსგავსი შემთხვევები ძირითადად, სასურველი შედეგით - საქართველოს მოქალაქეების გამოშვებით მთავრდება. მას მოჰყავს მაგალითები, თუ რა ვითარებაში შეიძლება, მოხდეს დაკავებები.

"შემიძლია, 2009 წლიდან დღემდე დაახლოებით 1000-მდე ასეთი შემთხვევა გავიხსენო. ასეთი ტიპის ამბებისთვის დამახასიათებელია, რომ მედიაში დასაწყისი პროცესი ძალიან ხმამაღლა ისმის ხოლმე და ეს გასაგებიცაა, რადგან ადამიანებს ასეთ ფაქტებზე ემოციური რეაქცია აქვთ; თუმცა, გამოშვების ფაქტებთან დაკავშირებით მაინცდამაინც აქტიურად არ იწერება ხოლმე. ამ დროს, დაახლოებით 1000 შემთხვევიდან შემიძლია გითხრათ, რომ 950 გამოშვებით დამთავრებულა. ზოგ შემთხვევაში ჯარიმა იყო გადახდილი - დაახლოებით 2 000 რუბლი, ზოგ შემთხვევაში სხვა ტიპის მოლაპარაკება ხდებოდა. იყო, რასაკვირველია, ტრაგიკულად დამთავრებული შემთხვევებიც, მაგალითად, ტატუნაშვილის მკვლელობა; იყო შემთხვევები, რომელიც ციხეში სასჯელის მისჯით დამთავრებულა, როგორც ახლა გახელაძის შემთხვევაშია; იყო სხვადასხვა ტიპის გაცვლაც. რაც შეეხება სახელმწიფოს რეაგირებას, ესეც მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე სხვადასხვანაირი იყო.

რამდენიმე დღის წინ ერთი პიროვნება როკის გვირაბთან დააკავეს - ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რა უნდოდა როკის გვირაბთან. ამიტომ, თვითონ ამ ადამიანების კატეგორიებიც განსხვავებულია: ზოგიერთს ეს გაუფრთხილებლობით ემართება, ზოგიერთის შემთხვევაში, გაუფრთხილებლობა კი არა, ლამის სახლში უვარდებიან... ჩვენ ვიცით, რომ საზღვრის დამრღვევის დაკავების შემთხვევაში მესაზღვრეებს სახლში ხანმოკლე შვებულებით აჯილდოვებენ - ვიცი ასეთი შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტულ რუს მესაზღვრეებს მონდომებიათ სახლში გამგზავრება და ამიტომ მომხდარა დაკავება; ეს 2 000 რუბლის საშოვნელადაც მომხდარა, როდესაც პრაქტიკულად, ადამიანების ყიდვა-გაყიდვასთან გვაქვს საქმე - ფული სჭირდებოდათ "ბიჭებს", დაუკავებიათ ადამიანი, მიუღიათ 2 000 რუბლი და გამოუშვიათ", - აღნიშნავს არეშიძე.

სახელმწიფოს რეაგირებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ, ექსპერტი აღნიშნავს, რომ სიფრთხილეა საჭირო, რადგან რუსეთს ამითაც სურს, საქართველო ე.წ. საზღვართან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაითრიოს.

"რასაკვირველია, შეგვიძლია, კატეგორიულები ვიყოთ, სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება, ძალისმიერი ოპერაციების ჩატარება მოვთხოვოთ, მაგრამ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ და რეალობა სწორად უნდა შევაფასოთ. რუსულ მხარესაც ეგ უნდა, რომ საქართველოს სახელმწიფო როგორმე ე.წ. საზღვართან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას - საზღვარი განისაზღვროს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. საქართველოს მხარე ამას გასაგები მიზეზების გამო ყველანაირად არიდებს თავს, რადგან მაშინ ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობის ცნობას ნიშნავს, აქედან გამომდინარე, ქართული მხარე ამაზე ვერ დათანხმდება. ამიტომაა ეს პრაქტიკულად, მიშვებული პროცესი. შესაბამისად, რუსები თავის სატელიტებთან ერთად, როგორც უნდათ, ისე იქცევიან საზღვართან. თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ გარკვეული რუკა აქვთ, რომელსაც მიჰყვებიან.

გარდა პროვოკაციისა, რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას არავითარ ანგარიშს არ უწევს, რადგან UEMM-ის ფორმატით, რომელზეც რუსეთს ხელი აქვს მოწერილი, UEMM ვალდებულია, პროცესის მონიტორინგი პირობითი საზღვრის იქითა მხარესაც აწარმოოს, მაგრამ ამას ვერ აკეთებს - რუსები მათ არ უშვებენ. ასე რომ, როცა მეკითხებით, თუ რა უნდა ქნას სახელმწიფომ, სახელმწიფო კი არა, საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ აუდის ამ თემას. ასეთი ვითარებაა.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს, 2008 წლამდე გვქონია შემთხვევები, რომ მათი წარმომადგენლები იქით მხარეს ოპერაციას ატარებდნენ - იქ ვიღაც-ვიღაცების ლიკვიდაციაც ხდებოდა ხოლმე - ადგილობრივი ჩინოვნიკების, რომლებიც "ცუდად იქცეოდნენ". მაგრამ მორალური კმაყოფილების გარდა, ამას სხვა შედეგი არ მოუტანია. 2008 წელს ეს სიტუაცია შეიცვალა. ახლა, შეუძლია თუ არა საქართველოს სპეცსამსახურებს, ჩაატარონ პირობითი საზღვრის იქით ოპერაცია? რასაკვირველია, ტექნიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ მაშინ შენ საქმე ოფიციალურად უკვე რუსეთთან გექნება, რადგან მას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთანაც ხელშეკრულებები აქვს დადებული ერთობლივი ქმედების თაობაზე. ამიტომ, შენ ომს გიცხადებს უკვე ოკუპანტი რუსეთი და არა - სეპარატისტი ხელისუფლება. პრაქტიკულად, ეს ქართულ და რუსულ მხარეებს შორის სამხედრო შეტაკებას ნიშნავს", - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

  • "რა აღიარებაზეა საუბარი? ეს მხოლოდ უცოდინრობის ამბავია"

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საუბრობს როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ისე - აფხაზეთის ე.წ. საზღვრებთან მომხდარ გატაცებებზე. ის ასევე აღნიშნავს, რომ დადებითი შემთხვევები ყოველთვის გახმაურებული არ არის ხოლმე, რაც მოლაპარაკებების პროცესს ხელს უწყობს.

"თვითონ ვიყავი ამ პროცესებში ჩართული და გვითქვამს, რომ თუ არ ვიხმაურებთ, შეიძლება, გამოვიყვანოთ - მთავარია, იქ, ადგილზე სასამართლომდე არ მივიდეს საქმე. თუ ეს ხერხდება და მანამდე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამასთანავე, თუ აფხაზურ და ოსურ მხარესთან გამოცდილება და ნდობა გაქვს, როგორც წესი, ადამიანი რამდენჯერმე ისე გამოგვიყვანია, რომ არავის გაუგია. სახელმწიფო მინისტრობისას, "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენი ოპოზიცია იყო და რეგულარულად გვაგინებდნენ, მაგრამ რამდენიმე მაჟორიტარ დეპუტატს შეუტყობინებია, რომ მათი რაიონიდან გაიტაცეს ადამიანები - მათაც კი ვეუბნებოდით, რომ თუ არ ვიხმაურებდით, გამოყვანას შევძლებდით და რამდენიმე შემთხვევაში ასეც მოხდა. დადებით მომენტებზე ეს, აფხაზეთის შემთხვევა მახსენდება.

გარდა ამისა, ცხინვალიდან 12 წლის მერე პატიმრები გამოგვიყვანია, მაგალითად, თეიმურაზ ჯერაპოვი, რომელიც შპიონაჟში იყო დადანაშაულებული. როგორც წესი, ოჯახმა ისიც კი არ იცოდა, როდის გამოვიდოდნენ, ბოლო მომენტამდე ვაჩერებდით პროცესებს, რადგან ჯერ ერთი, ბოლომდე არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ კარგად გამოვიდოდა, და მეორეც, მხარეები გვთხოვდნენ, რომ ეს აფიშირებული არ ყოფილიყო. მათ თავიანთი ოპონენტები ჰყავთ შიგნით, აფხაზურ და ოსურ მხარეებში, რომლებიც ქართველებთან თანამშრომლობის წინააღმდეგები არიან", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთის როლი იმით შემოიფარგლება, რომ პატრულირებას ისინი ახორციელებენ, ადამიანის დაკავების შემდეგ კი მას აფხაზებს თუ ოსებს გადასცემენ და კონკრეტულ პირზე გადაწყვეტილების მიღებასაც მათ ანდობენ.

"აყვანა, დაპატიმრება რუსების მხრიდან ხდება, რაც შეეხება მათი მხრიდან ორკესტრირებას, ეს მოსაზრებაა, რომელსაც, მაგალითად, მე ხშირად არ ვეთანხმები. გაფრინდაშვილის მაგალითი მშვენიერია - რუსებმა ის აიყვანეს, დააპატიმრეს, ოსურ მხარეს გადასცეს, შემდეგ ოსურმა მხარემ ის გაასამართლა. მერე ჩაერია უამრავი მხარე - გაფრინდაშვილის მეუღლემ მოძრაობა, ხალხის შეკრება დაიწყო, ექიმები და ა.შ. მაშინაც, რაკი ხმაური ატყდა, საჯაროდ ვამბობდი, რომ სასამართლოს ჩატარებამდე მას არ გამოუშვებდნენ. ყველას უნდოდა, სასამართლო არ შემდგარიყო, სასამართლო შედგა; მე ვამბობდი, რომ სანამ გაფრინდაშვილი შეწყალებას არ ითხოვდა, არ გამოუშვებდნენ - მან ითხოვა შეწყალება და ისე გამოუშვეს. ასე რომ, რაღაც სტანდარტები არსებობს - ან ხმაურის გარეშე მალე გამოშვება, ან ხმაურით, ოღონდ უკვე სასამართლოთი გამოშვება. ამიტომ, როგორც კი ხმაური იწყება, ამოცანა უნდა იყოს არა იმის თქმა, რომ "სასწრაფოდ გამოუშვით, გამოუშვით!", არამედ მოლაპარაკება უნდა იყოს იმაზე, რომ რაც შეიძლება, სწრაფად ჩატარდეს სასამართლო და დრო არ გაიწელოს.

რუსეთის მთავარი ამოცანაა, ე.წ. საზღვარი მის ხელში იყოს და სიტუაცია თვითონ აკონტროლოს. ადამიანი დააპატიმრა და მერე უკვე აძლევს ოსებს და აფხაზებს საშუალებას, გაათავისუფლოს, გაასამართლოს თუ რა ქნას, ამ მიმართულებით შედარებითი თავისუფლებაა. რუსეთს პრინციპულად მნიშვნელოვანი უკვე აღარაა, ამა თუ იმ ადამიანს 60 წელს მიუსჯიან თუ 4 წელს. არამედ, მისთვის მთავარია, რომ ყველამ - ქართველებმაც, ოსებმაც, აფხაზებმაც იცოდნენ, რომ იქ ისაა უსაფრთხოების მთავარი განმკარგავი, ჯარი მისია, ანუ ძალა მისია", - აღნიშნავს ექსპერტი.

მისივე თქმით, ცენტრალური მომენტია ის, რომ ხელი შეეწყოს გატაცებული ადამიანების ოჯახებს, იყოლიონ პროფესიონალი ადვოკატი.

"იგივე, თუ დაღუპული ადამიანია, ტატუნაშვილის შემთხვევაშიც, ოჯახს რომ ჰყოლოდა ადვოკატი, ის მოახერხებდა, მისი სხეულის ნაწილები დროზე გადმოცემულიყო ქართულ მხარეს. არც ბებუას და არც გახელაძის შემთხვევაში მათ დაქირავებული ადვოკატები არ ჰყავდათ, არამედ, ჰყავდათ სახაზინო ადვოკატები, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ. ამიტომ კარგი იქნებოდა რაიმე ფონდის შექმნა, რომელიც ასეთ დროს დააფინანსებდა ადვოკატის დაქირავებას - ამას სახელმწიფო ვერ გააკეთებს, რადგან იქაური ინსტიტუტების აღიარება გამოდის. ამიტომ, სახელმწიფომ შეიძლება, ხელი შეუწყოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კერძო პირებმა, ბიზნესმენებმა შექმნან რაიმე ფონდი და ეს იყოს იმის გარანტია, რომ თუ ადამიანი დღეს ჩავარდა, ხვალვე გავიდნენ ოჯახზე და უთხრან, რომ არსებობს გარკვეული ფონდი, რომელიც მათ ადვოკატის აყვანაში დაეხმარებიან. გახელაძეს ადვოკატი რომ ჰყოლოდა, ის დაამტკიცებდა, რომ ეს კაცი 10 ტყვიას ვერ გაისროდა; ასევე, ბებუას აფხაზეთში დროშის დაწვის გამო ეკუთვნოდა მაქსიმუმ 2 წელი, მაგრამ ჩაუდეს ყუმბარა და ვითომ სახლში უნახეს ასაფეთქებელი მასალა. იქ რომ ყოფილიყო ნორმალური, ძლიერი ადვოკატი, ამ ასაფეთქებელ მასალას ამოაღებინებდა და დაამტკიცებდა, რომ ეს სიმართლე არ იყო. ანუ, ამ დროს საჭიროა მათი დაცვა და ეს არ მომხდარა, როგორც ჩანს, სახელმწიფოს არ უწარმოებია მოლაპარაკებები მათ დაცვაზე.

ამიტომ, მუშაობაა საჭირო - როცა მუშაობა მიდის და არსებობს ნდომა მხარეებს შორის და მათ შენ ელაპარაკები, როგორც აფხაზურ და ოსურ მხარეს და არა ისე, რომ "რა აზრი აქვს მასთან ლაპარაკს" - ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ მათთან ლაპარაკით ბევრი რამე გამოდის; მაგრამ როცა თავზე ახტები და მოსკოვს ელაპარაკები, მოსკოვი შენ არ გელაპარაკება, დრო იწელება, სასამართლო მიმდინარეობს, ადვოკატი არ გყავს და სასამართლო იღებს ყველაზე მკაცრ გადაწყვეტილებას. გახელაძესთან დაკავშირებით დღესაც სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, სააპელაციო დრო ჯერ კიდევ მიდის, ადვოკატი რომ გვყოლოდა, ჯერ ერთი, 12 წელს ვერ მისცემდნენ, მაგრამ ახლა მაინც უნდა აიყვანოს ოჯახმა ვინმე ძლიერი და ძვირადღირებული ადვოკატი, რომელიც ადგილზე გაასაჩივრებს სასჯელს", - აცხადებს AMBEBI.GE-სთან პაატა ზაქარეიშვილი.

ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელ - ირაკლი ბებუას და ზაზა გახელაძის შემთხვევებში, მოლაპარაკებებში სახელმწიფოს როლი არ ჩანდა, რადგან მათთვის ამდენი წლის მისჯა უკვე გაბრაზებული მხარეების ქცევაა. მაშინ რატომ არ იყო საკმარისი აქტიურობა სახელმწიფოს მხრიდან - იმის გამო ხომ არა, რომ ამ შემთხვევაში იქმნება ისეთი აღქმის რისკი, თითქოს ქართული მხარე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლებად განიხილავს? როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ეს უბრალოდ, აბსურდია.

"არის განცდა, რომ რუსეთი მაინც ყველაფერს აკონტროლებს და სოხუმთან და ცხინვალთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მე ველაპარაკებოდი, 4 წელი ვიყავი მინისტრი და არის რამე საბუთი, სადაც ჩვენ დამოუკიდებლობას ვაღიარებთ? ეს ზღაპარია. 2016 წლის 10 მარტს დიდი გაცვლა მოხდა - სოხუმიდანაც და ცხინვალიდანაც ერთდროულად პატიმრები, 14 კაცი გამოიყვანეს. აფხაზურ მხარეს არაფერი მოუთხოვია, ისე მოგვცეს 2007-2012 წლებში დაკავებული ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვითომ ჯაშუშობისთვის იყვნენ ჩავარდნილები. ეს 14 პატიმარი ისე გამოვიყვანეთ, ხელი არაფერზე მომიწერია, ჰაერზე გამოვიყვანეთ - ვინმეს რომ ეთქვა, არ გამოუყვანია ეს ხალხიო, მტკიცებულებები არ მექნებოდა, გარდა ცოცხალი ადამიანებისა, რომლებიც დღეს სახლში არიან. ჟვანიამ თავის დროზე ხელი მოაწერა კოკოითთან 2004 წელს ესკალაციის განმუხტვას, რა აღიარებაზეა საუბარი? ეს მხოლოდ უცოდინრობის ამბავია, რომ თითქოს, რაღაც კონტაქტები აღიარებაა. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ სახელმწიფო განუყოფელია - ეს არაღიარების ძალიან კარგად დაცული სისტემაა.

ამის მიზეზია არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიცირებულობა - დღეს ქართულ ხელისუფლებაში არ დარჩა ხალხი, ვისაც აფხაზურ და ოსურ მხარესთან კონტაქტები აქვს და შეუძლიათ, დაელაპარაკონ, ვისაც აქვს მეხსიერება, როგორ მიმდინარეობდა მანამდე მოლაპარაკებები, ვინ და როგორ გამოუყვანიათ, ჩვენ რა გაგვიკეთებია მათთვის, მათ რა გაუკეთებიათ ჩვენთვის... გამოცდილი ხალხი არ ჰყავთ. საჭიროა მეტი კონტაქტები სოხუმთან და ცხინვალთან და ამით თუნდაც რუსული გავლენების განეიტრალება, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ მათ საერთოდ, ადამიანებად არ თვლიან, კონფლიქტის და მოლაპარაკების მხარედ არ თვლიან. ამიტომ, მათი სიმკაცრეც აქედან მოდის. დაწყებული შევარდნაძიდან, სააკაშვილის დროსაც კი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და კონტაქტები - ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" პრობლემაა, იმდენად არაკომპეტენტურები არიან, რომ საკუთარი ჩრდილის ეშინიათ და კონტაქტი აღიარება ჰგონიათ - თუ ბიჭი გოგოს ელაპარაკება, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკვე ცოლ-ქმარი არიან. როცა ტყვეზე, პატიმარზე, მძევალზეა ლაპარაკი, რა შუაშია აღიარება? ეს სრული აბსურდია", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

რა მესიჯს ვაძლევთ რუსეთს ჩვენ შორის კონფლიქტის კონტექსტში ამ ქმედებებით თუ უმოქმედობით? - როგორც ექსპერტი ამბობს, ამით რუსეთს ვეუბნებით, რომ ჩვენ არაკომპეტენტურები ვართ.

"ასეთი მოქმედებებით რუსეთს ვაგრძნობინებთ, რომ "კიდევ განაგრძე, მიდი, ჩვენ შტერები ვართ, სულელები, არაფრის მკეთებლები, არაპროფესიონალები და არაკომპეტენტურები და მომავალში კიდევ უფრო უარესად მოვიქცევით. ეს რუსეთს ხელს აძლევს, ასეთი მოქმედებებით ის ხედავს, რამდენად უუნაროა საქართველო, სწორი რეაგირება მოახდინოს მის აგრესიაზე და ის უფრო აგრესიული ხდება; უფრო მშვიდდება, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პრობლემა არაა - "მე ახლა პრობლემა მაქვს უკრაინაში, ევროპასთან, ნავალნიზე, მაგრამ საქართველო არაფრის გამკეთებელია". რუსეთი შეშფოთდება მაშინ, როცა ჩვენ დავიწყებთ ურთიერთობას აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, მაშინ ნერვიულობენ ხოლმე. თამამად შემიძლია გითხრათ, როგორც კი აფხაზები და ქართველები, აფხაზები და ოსები სადმე უცხოეთში ხვდებიან ერთმანეთს, როცა ბრუნდებიან, საზღვარზე 2-3 საათიან დაკითხვებს უწყობენ ხოლმე, - რატომ ხვდებით ქართველებს, სად და ა.შ. ხმამაღლა კი ამბობენ რუსები, რომ ეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტია და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ როგორც კი ასეთი რამ ფიქსირდება, მაშინვე ხდება კონტროლზე აყვანა.

რუსი იმიტომ გაიძახის ყოველთვის, რომ ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს, რომ კარგად იცის, ქართველები ამის გამკეთებლები არ არიან. აბა, დავიწყოთ კონტაქტები და შეიცვლება ვითარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მთელი ჩვენი ყურადღება დასავლეთისკენაა გადატანილი - დიახ, ევროპა და ამერიკა ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენს ნაცვლად ისინი საქმეს ვერ გააკეთებენ. ვერანაირი ევროპა ხელს ვერ შეგვიწყობს, თუ ჩვენ არ მოვინდომებთ. მთელი ჩვენი ყურადღება იმაზეა გადატანილი, რომ ისინი ჩვენს საქმეს აკეთებდნენ - "ვიღაცამ ჩემს ნაცვლად მოიყვანოს ცოლი" - დაახლოებით ეს მომენტია", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"