ავტორი:

"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები

"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის რეჟიმს კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებელი ზამირა ჩოჩიევა, რომელიც დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო, 7 თებერვალს გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ბიბილოვის ხელისუფლებამ ოკუპირებული დაბიდან პაციენტების გადმოყვანის რეჟიმი შეამსუბუქა, თუმცა, ამან იქ დარჩენილ მოსახლეობას შვება ვერ მისცა, რადგან დოკუმენტების საკითხი ბიუროკრატიის გამო დროში იწელება, ისევე, როგორც პაციენტის რეანომობილით თბილისში დროულად გადმოყვანის პროცესი, რაც ხშირად ფატალური შემთხვევით სრულდება.

ახალგორის რაიონი თითქმის წელიწადნახევარია ბიბილოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩაკეტილია და ამ ხნის განმავლობაში ერთადერთხელ, იმ პენსიონერებისთვის გაიხსნა, რომელთა შემოსავალი მხოლოდ ქართული პენსიაა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს ხოლმე მძიმე ავადმყოფები, თუმცა, ზოგჯერ მათაც ექმნებათ შეფერხებები.

ზამირა ჩოჩიევა, რომელიც ახალგორის სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა, გულის შეტევის გამო, რაიონიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ თბილისელმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ პროფილზე ორ ენაზე შედგენილი მიმართვა გაავრცელა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს დაბაში მყოფი მოსახლეობისთვის გზის გახსნასა და რაიონში დარჩენილი ავადმყოფებისთვის სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას სთხოვს.

"ზამირა ჩოჩიევა ახალგორის სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა. აქ ღიმილიან და ბედნიერ სახეს იშვიათად ვნახულობთ, მაგრამ ეს ქალბატონი იმდენად პოზიტიური იყო, გეგონებოდა, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა. სულ ხალისსა და სიკეთეს აფრქვევდა. ყოველთვის მოწესრიგებული, გაპრანჭული და რაც მთავარია, ძალიან ლამაზი ქალი იყო. ასე მეგონა, თავისი ხალისით სიკვდილსაც დაამარცხებდა...

ახალგორის სამედიცინო პერსონალის არაპროფესიონალიზმმა შეიწირა. ინფარქტი მიუღია და ნახეთქი ჰქონია გულზე, ასე იყო ორი დღე. ახალგორის საავადმყოფოში ვერაფერი გაუგეს და ამასობაში კი გაუმწვავდა. პროფესიონალი კადრის, სწორი დიაგნოზის შემთხვევაში, გადარჩებოდა.

ერთი საიმედო ქირურგი გვყავდა, გამთენაძე, მთელი რაიონის იმედი, ისიც დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიწირა - ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს, კოვიდ-ინფიცირებული იყო და დაგვიანებული მკურნალობის შედეგად, თბილისისკენ მომავალ გზაზე, რეანომობილში გარდაიცვალა...

- რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელეთ, სადაც გახარიასა და ბიბილოვს მიმართავდით. შეიცვალა რამე, თუნდაც ამ უბედური შემთხვევის შემდეგ?

- არა, არაფერი... ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის, გზის ჩაკეტილობის გამო ადამიანი რომ იღუპება? უკვე 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა და ჩვენი ხელისუფლება ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლება, რომ ყველაფერს აკეთებს, ყველა ღონეს ხმარობენ და ა.შ. თუმცა, ჩვენ შედეგს ვერ ვხედავთ.

ამასწინათ, ტრანსპორტს ვითხოვდი, ცხინვალამდე რომ წავსულიყავით, რა არ ვცადე, რამდენი ვიბრძოლე და ბოლოს იმას მივაღწიეთ, რომ კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს "უაზის" მარკის ავტომანქანა დააყენეს. ამისთვისაც მადლობლები უნდა ვიყოთ, რადგან ხალხი ფიზიკურ ტკივილს ითმენდა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ახალგორის საავადმყოფოში, გინდ მისულხარ, გინდა - არა... კარგს არაფერს დაგმართებენ. დედაჩემს შაქრიანი დიაბეტი აქვს, მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება და მის მდგომარეობას ახლობელი ექიმის დახმარებით ვაკონტროლებთ.

- სურსათის ან მედიკამენტების დეფიციტი არის?

- დეფიციტი არა, მაგრამ ყველაფერი ძვირია. მაგალითად, შედარებისთვის, 1 კგ მანდარინში, 6 ლარამდე გადავიხადე, კივში - 7 ლარამდე, 700 გრამიანი პური 1, 30-ია. რაც მახსენდება იმას ვამბობ, თორემ პირველადი მოხმარების საგნები, მედიკამენტები, ყველაფერი ძვირია და რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, ვისი შემოსავალიც მხოლოდ ქართული პენსიაა? ნისიებით ცხოვრობენ, რომელსაც გზის გახსნამდე აგროვებენ და მერე ერთიანად იხდიან. ასეა მომავალ ჩაკეტვამდე... ამიტომ აქაურობა იცლება, ქართველებთან ერთად, ოსებიც წავიდნენ, ზოგი სად, ზოგი - სად..."

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

"შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება, ასევე უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე.

სახელმწიფო მინისტრმა მუდმივ კოორდინატორს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის" განხორციელების თაობაზე" - ნათქვამია უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.