ავტორი:

24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

პოლიციამ ქობულეთში მამაკაცი 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, არასრულწლოვანი ექვსი თვის წინ გააუპატიურეს, ოჯახმა კი ამის შესახებ ორი თვის წინ გაიგო. მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მოძალადე სამართალდამცავებმა ახლა დააკავეს:

"სახლში, რომ დავბრუნდი, ბალის ხეზე ჩამოკიდული ვნახე. იგი გააუპატიურეს, რის გამოც ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას თბილისიდან ველოდებოდით. დაიგვიანა პასუხმა, ეს ბიჭი კი დაკავებული არ იყო... როგორც ვიცი, ბიჭი ჩაქველია... ბავშვი, ამ ამბავს დარდობდა და ამაზე არ საუბრობდა... სექსუალური ძალადობის ფაქტი ივლისში მოხდა. აქამდე ბავშვი არაფერს ამბობდა, ალბათ ის ბიჭი ემუქრებოდა. ფაქტის შესახებ გავიგეთ ექვსი თვის შემდეგ, ანუ ორი თვეა, რაც გაიგო ოჯახმა გაუპატიურების შესახებ" - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა.

კიდევ ერთი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ოჯახმა გოგონას გაუპატიურების შესახებ შეიტყო, არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, რასაც ბაბუა უარყოფს.