ავტორი:

ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ - როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში ჩასართავად

ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ - როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში ჩასართავად

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს.

“გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გადის.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 - 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში გერმანიის ელჩმაც. ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის სოფლის მეურნეობაში დასაქმება სეზონურად, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო.

"ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართველების დასაქმებას გერმანიაში სოფლის მეურნეობაში სეზონურად. საინფორმაციო კამპანია იწყება როგორც ინტერნეტში, ასევე შრომის სააგენტოს მეშვეობით. ეს არის შედეგი იმ ორწლიანი ინტენსიური მუშაობისა, ერთი მხრივ, საქართველოს მხრიდან, რაშიც საქართველოს შრომის სააგენტო და მინისტრი აქტიურად იყო ჩართული და მეორე მხრივ, გერმანიის მხარე და გერმანიის დასაქმების სააგენტო.

როგორც ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის გერმანიაში იმიგრაციის პროექტი, არამედ, ეს არის დროებითი სეზონური სამუშაო გერმანიაში, რომელიც მაქსიმუმ 90 დღეს გრძელდება. ეს იქნება სამუშაო ადგილები გერმანიაში სოფლის მეურნეობის დარგში. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ წვლილი შეიტანონ როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ასევე, ჩამოსვლის შემდეგ თავისი ქვეყნის იგივე სფეროში.

გერმანია ამ პროექტს ყველა ქვეყანასთან არ ახორციელებს, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოთი. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით და ამას ვაკეთებთ იმ რთულ გლობალურ პანდემიურ სიტუაციაში და განსაკუთრებით რთულ სოციალურ პირობებში, რაც ამ პანდემიამ წარმოქმნა. მოუთმენლად ველი შედეგებს ამ პროექტიდან“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

"სამწუხაროდ, პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები… მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება” - ამირან გამყრელიძე

"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

"საქართველო არ არის ამერიკა, რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც ნასა-ს ან პენტაგონს აქვს - გუშინ იყო 500 000 მცდელობა" - ცერცვაძე