ავტორი:

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს.

როგორც დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყოველ ოთხშაბათს მშობელს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების თაობაზე დარეგისტრირდეს, არამედ უარი თქვას ამაზე.

„მხოლოდ ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის მთლიანობაში დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე განმარტებით, თუ მხოლოდ ერთი მოსწავლე აირჩევს დისტანციურ სწავლებას, მისთვის დაორგანიზდება დისტანციური სწავლება. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ვირტუალურ საკლასო ოთახზეც ისაუბრა.

„იმ შემთხვევაში თუ სკოლაში არის 2,3,4 ან 5 პარალელური კლასი, პირველკლასელებისთვის იქმნება ვირტუალური საკლასო ოთახი, სადაც თავისივე სკოლის მასწავლებლები ასწავლიან პირველკლასელებს“, - აცხადებს დგებუაძე.

  • რისკ-ჯგუფში მყოფი პედაგოგები

განათლების სამინისტრო რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულად მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რაიონული ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, თუ მათ აქვთ ჯანმრთელობის მოწყვლადი მდგომარეობა, შესაძლებელია კონკრეტულად მათი საგანი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. აქვე მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რომლებსაც რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ეს არის წერტილოვანი მართვა სკოლების, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაფიქსირდება სკოლაში, ეს იქნება მოსწავლე, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში ერთვება რაიონული ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

  • პირბადე

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

“პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”, - განაცხადა დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 19 345 ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია რეგიონების მიხედვით

სოსო გოგაშვილი ეჭვობს, რომ 5 წლის წინ სამებაში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, რათა "ფული მოეტეხათ" - ვის ადებს ხელს ექსმაღალჩინოსანი?