ავტორი:

"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..." - ლაშა ბუღაძე

"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..." - ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ამბავს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში ბავშვები "კაცების თავდაჯერებულ იდიოტიზმსა და კრიმინალურ პატრიარქატს ეწირებიან".

ბუღაძის აუდიოკომენტარს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.

"ჩვენთან, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა თავს ქრისტიანად მიიჩნევს, რომელ მორალზე გვაქვს პრეტენზია, როდესაც კაცები, თავიანთი კაცური მცნებებით შეურყეველ დოგმებად აწესებენ ველურად მორალისტურ კანონებს, სადაც მართალი მამებისა და ბაბუების რწმენით, 14 წლის მოზარდს თავი იმიტომ მოუკლავს თურმე, რომ დანაშაული გამოესყიდა...

და სადაც ტვინშერყეული, სულ და ბიოგრაფიებწარწყმენდილი მღვდლები ამბიონებიდან ქადაგებენ, რომ უარგისად ცხოვრებას თურმე ბავშვობაშივე სიკვდილი სჯობია.

ვის და რას ეწირებიან ეს ბავშვები?! ამჯერად, არა ტროას ომს, არამედ კაცების თავდაჯერებულ იდიოტიზმს და გადაუშენებე, გადახრწნილ, ჩამპალ და მაინც არგამქრალ და მძლავს, ბნელ, კრიმინალურ პატრიარქატს, სადაც მკვლელს ხელს არავინ დაუჭერს უკანასკნელ წამს.

რომელ ქრისტიანობაზე ქაქანებს ეს უგულო ბრბო? დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო ფარავდნიდან მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ... თავსაც გაიმართლებდნენ, ქალს მარტო რა უნდოდაო. დამნაშავე აქ ხომ მხოლოდ მსხვერპლია. კიდევ კარგად გადაგვირჩა ქართველთა განმანათლებელი" - ამბობს ბუღაძე.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. მომდევნო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ახლობლები ძალადობაში პირიქით გოგონას ოჯახის წევრებს ადანაშაულებენ და ისინი ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებენ.

გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 თებერვალს გავრცელდა. ამის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.