ავტორი:

"თეთრი ჟილეტები" და ჯვართამაღლების ტაძრის მრევლის უნიკალური სოციალური დახმარება მოსახლეობისადმი პანდემიის დროს

"თეთრი ჟილეტები" და ჯვართამაღლების ტაძრის მრევლის უნიკალური სოციალური დახმარება მოსახლეობისადმი პანდემიის დროს

მაშინ, როდესაც საქართველოში ბოლო დროს ეკლესიის შესახებ ბევრი არასასიამოვნო ამბავი ისმის, თბილისში არის ეკლესია, რომელიც მუდმივად გამოირჩევა სხვადასხვა სოციალური და მისიონერული აქტივობით; ეკლესია, რომელმაც პანდემიის პირველივე დღეებიდან მოახერხა ახალ რეგულაციებზე გადაწყობა და მას შემდეგ სხვადასხვა ტიპის ჩართულობით ცდილობს არამხოლოდ მრევლის, არამედ საქართველოს მასშტაბით, არაერთი ოჯახის ცხოვრების შემსუბუქებას.

ეს ზემო ბახტრიონზე მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძარია, რომელიც 2003 წელს დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

სატაძრო ყოველდღიურობაში, მხოლოდ მსახურების ნაწილში სამრევლოდან 70-მდე ადამიანი მონაწილეობს. ეკლესიის შიგნით, მსახურების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო "თეთრმა ჟილეტებმა". ესაა ჯგუფი, რომელიც 2020 წლის დიდმარხვის პერიოდში შეიქმნა, პანდემიის გამოცხადების დღიდან, როდესაც სამრევლოს დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დადგა ტაძრის გარე პერიმეტრის დარეგულირების და მრევლის გადანაწილების საჭიროება.

ტაძარი მაქსიმალურად ცდილობს, ღვთისმსახურება იყოს მოწესრიგებული, თავისი დიდებულებით და მშვენიერებით. თეთრჟილეტიანი ახალგაზრდები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღემდე ყოველდღიურ ლიტურგიებზე ტაძრის ეზოში არიგებენ პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს, წვიმის დროს - ქოლგებს, ზამთრის ცივ დღეებში კი - პლედებს.

ჯვართამაღლების კომპლექსი მოიცავს სამ მოქმედ და ერთ მშენებარე ტაძარს, აგრეთვე სააქტო დარბაზს, გამომცემლობას, აუდიო წიგნებისთვის ხმის ჩამწერ სტუდიას და სხვა. ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში წირვა ყოველდღიურად აღევლინება, ხოლო კვირას და დღესასწაულებზე ლიტურგიები სამ სხვადასხვა ტაძარში სამ სხვადასხვა დროს აღესრულება, რათა ადამიანებს რამდენიმე ნაკადად, მათთვის ხელსაყრელ დროს მისვლის და მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

სამრევლოში მოქმედებს ახალგაზრდული საინიციატივო და საორგანიზაციო ჯგუფები, რომელთა ორგანიზებით რეგულარულად ხორციელდება სხვადასხვა საზოგადოებრივი პროექტი. მათგან აღსანიშნავია "ათონის წმიდა მთის სახელობის სახალხო (საკონფერენციო) დარბაზი", რომელიც სატაძრო კომპლექსის ეზოში მდებარეობს და თავისუფალი დასწრების პრინციპით, აბსოლუტურად უანგაროდ, ყველა მსურველს მასპინძლობს საღამოებზე. ათონის დარბაზი წარმოადგენს პატრიარქის რჩევის რეალიზებას, რომლითაც იგი სამრევლოებს საზოგადოების ყველა ფენასთან აქტიური მისიონერული და შემოქმედებითი მიდგომებისკენ მოუწოდებს.

"ათონის დარბაზში" პანდემიამდე რეგულარულად ტარდებოდა შეხვედრები ხელოვნების, მეცნიერების, მუსიკის და სხვა მიმართულების წარმომადგენლებთან, ეწყობოდა გამოფენები და საქველმოქმედო ღონისძიებები, ამავე სივრცის ფარგლებშია არაერთი უფასო საბავშვო წრეც. პანდემიის პირობებში "ათონის დარბაზმა" ფუნქციონირება ახალ დონეზე განაგრძო და ამჯერად მისი ორგანიზებით, იმართება დისტანციური შეხვედრები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ტელეხიდები კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული ინსტიტუტის განთქმულ პროფესორებთან და მსოფლიოში ცნობილ სულიერების სხვადასხვა კერასთან.

ამასთან ერთად, ჯვართამაღლებიბს ტაძრის სამრევლო და წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნისთვის საჭირო დროს აქტიურად ახორციელებს საზოგადოებრივ ღონისძიებებს, მათ შორის აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა 10 000 ლარი და პირველი ტალღის ბოლომდე დაეთმო ტაძრის მღვდელმსახურის ავტომანქანა.

მეორე ტალღის დროს კი საქართველოს მასშტაბით, აუცილებელი საჭიროების მქონე 10 მოსწავლეს გადაეცა 10 ახალი ლეპტოპი და აკადემიური წლის დასრულებამდე დაუფინანსდა ინტერნეტ-მომსახურება, რაც მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.ჯვართამაღლების ეკლესია სამომავლოდაც გეგმავს ცხოვრების ამ ყოველდღიური წესის გაგრძელებას, ამგვარი აქტივობები კი იძლევა იმის იმედს, რომ ერთმანეთის თანადგომა მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება საზოგადოებისთვის.

კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

საქართველოში გლოვის დღეა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია