ავტორი:

კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"

კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"

ერთი შეხედვით, თითქოს ვიცნობთ ჩვენს დედაქალაქს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით იმ წიგნის გაცნობის შემდეგ, რომელსაც "თბილისური ჰერბარიუმი" ჰქვია. ავტორმა ნოდარ სუმბაძემ წიგნში 25 ფოტოკოლაჟი შეიტანა, რომელთა ხილვის შემდეგ სულ სხვა თბილისში აღმოჩნდებით...

ხიდები, სახლები, სადარბაზოები, აივნები, სვეტები, მოაჯირები - წიგნში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. ფოტომასალას ავტორის მცირე ესეებიც ერთვის და ხვდები, რომ თბილისის ქუჩებში მართლაც უამრავი ულამაზესი ორნამენტი, ხის დეტალი თუ სხვადასხვა სიმბოლიკის მქონე ფრაგმენტია გაბნეული. ბატონი ნოდარი კი ამ ყველაფერს წლებია, გულდაგულ აგროვებს.

"თბილისი ჰერბარიუმია, რომლის გაცრეცილი ფურცლები, შენობები და ეზოები ჯერ კიდევ ინარჩუნებს იქ მცხოვრები მრავალი თაობის დარდს, სიხარულსა და აუხდენელ ოცნებებს. ოთახებსა და სადარბაზოებში ჯერ კიდევ ტრიალებს დროის სურნელი... ამ ქალაქის იერსახის განსაკუთრებულობას, განუმეორებელ "თბილისურ სტილს" აღმოსავლურ-დასავლურ-ევროპულ-აზიური არქიტექტურული მიქსი და ლოკალური გეოგრაფიულ-კლიმატური სპეციფიკა ქმნის" - ამბობს ნოდარ სუმბაძე.

პროფესიით არქიტექტორს, დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, სადაც ახლა გრაფიკულ დიზაინს ასწავლის. იმისთვის, რომ ეს უნიკალური კოლექციები შეექმნა, ვინ იცის, წლების განმავლობაში რამდენჯერ აქვს თბილისის ძველი უბნები ფეხით შემოვლილი.

ახლა ამ ყველაფერზე, რაც წლების განმავლობაში აგროვა, ნოდარ სუმბაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

- ამ თემებით ბავშვობიდან დავინტერესდი, ჯერ ერთი, დავიბადე თბილისში, ვცხოვრობდი ქალაქის ისტორიულ უბანში, სოლოლაკში. გარდა ამისა, ჩემი ბებიები ცხოვრობდნენ მთაწმინდაზე და ჩუღურეთში ("პლეხანოვზე"). ყველაზე ძველი რაიონები სულ ჩემს ირგვლივ იყო, ამიტომ თავიდანვე მიყვარდა. ამას ისიც დაემატა, რომ არქიტექტორი ვარ და პროფესიულადაც მაინტერსებს ძველი თბილისი.

ბავშვობიდან ასევე ძალიან მიყვარდა კოლექციების შეგროვება, ფოთლებს, ყვავილებს წიგნებში ვდებდი და ვახმობდი. გამხმარ მცენარეებს მართლია, სუნი აღარ ჰქონდა, მაგრამ რჩებოდა მშვენიერი ჰერბარიუმი... მოკლედ, მერე ასე ჰერბარიუმივით ვაგროვებდი ძველ თბილისში არსებულ უნიკალურ სიძველეებს.

ფოტოებს ვიღებდი, ვამონტაჟებდი და ნელ-ნელა გამიჩნდა სურვილი, თბილისის დამახასიათებელ სიძველესა და უნიკალურ ხასიათზე კოლექციები შემექმნა. ასე მომზადდა ჩემი პირველი წიგნი - "თბილისური ჰერბარიუმი" - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში არქიტექტორი, რომელმაც თბილისის 500-მდე ძველ შენობას ვიზუალური პასპორტი გაუკეთა, ყველა მხრიდან გადაიღო თავისი დეტალებით.

"კულტურის სამინისტრომ ჩემი 2 წიგნი გამოსცა: ერთს "მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის სადარბაზოები" ჰქვია, მეორე - ამავე პერიოდის თბილისის ფანჯრებს ეძღვნება. ცოტა ხანში ერთ-ერთი გამომცემლობა "თბილისური კატალოგის" წიგნს გამოსცემს. შეკრებილი და წიგნად გამოსაცემად გამზადებული მაქვს ძველი თბილისის შენობების დეტალების დიდი კოლექცია, 4-5 წიგნი მაინც გამოვა, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოვუხერხე.

არც ჰონორარი მინდა, არც არაფერი, ოღონდ, გამოიცეს, რომ ეს მასალა არ დაიკარგოს. ყველაფერი სისტემატიზებულია, ყველას აწერია მისამართი

- თქვენი ინტერესის სფეროში უშუალოდ რომელი პერიოდის შენობებია?

- მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის. მხოლოდ ეს პერიოდი მაინტერესებს და ამ შენობებს აღვნუსხავ. ეს ბურჟუაზიული თბილისია, პერიოდი, როდესაც რუსეთის მეფისნაცვალი ვორონცოვი თბილისში ჩამოვიდა და სწორედ მაშინ დაიწყო ჩამოყალიბება თბილისურმა ბურჟუაზიამ. ამ დროს აიგო არაერთი ევროპული არქიტექტურის მქონე შენობა, რომლებიც ეზოს მხრიდან ქართულ-ტრადიციულია.

ესენი დიდი, კაპიტალური 3-4-სართულიანი სახლებია, რომლებიც ძველ უბნებშია (სოლოლაკი, მთაწმინდა, ჩუღურეთი, ნაწილობრივ ავლაბარი და ვერა) აგებული. ყველაფერი ეს კი ევროპისა და აზიის საზღვარზე განლაგებული ქალაქის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის.

- ეს საქმე მატერიალურად არ ანაზღაურდება, ერთადერთი, გამოცემული წიგნის ჰონორარი აიღოთ... დამღლელი არ არის?

- ჯერ ერთი, ეს საქმე მოვალეობად მიმაჩნია და მერე უკვე სერიოზული გატაცებაც არის, დიდ სიამოვნებას მანიჭებს... სწორად გამიგეთ, ამ გადაღებებისას თბილისი ფეხით მაქვს უთვალავჯერ შემოვლილი. ყველა დეტალისთვის ცალ-ცალკე დავდიოდი, ვაფიქსირებდი და ასე ვიღებდი წლების განმავლობაში.

სამწუხაროა, რომ ბევრი რამ რაც გადავიღე, უკვე აღარ არსებობს - სადარბაზოებს კეტავენ, შენობების გადაკეთება ხდება, ბევრი მათგანი დაანგრიეს კიდეც და მათ ნაცვლად ახალი აშენდა. უნიკალური სიძველეები ასე იკარგება...

ზოგიერთი შენობის დეტალს იპარავენ და მშრალ ხიდზეც კი შეიძლება გაიყიდოს, მაგალითად, ალაყაფის კარის ნაწილი, საკეტის, სახელურის, მოაჯირის დეტალი, საფოსტო ყუთები და ა.შ. ასე თვალსა და ხელსშუა ქრება ჩვენი დედაქალაქის წარსული...

შეიძლება, ეს ყველაფერი დავაბრალოთ კორუფციას, უთავბოლობას, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და ყველაფერი ამის ბრალია... ბევრ უცხო ქვეყანაში ვყოფილვარ და ეს საკითხები შესწავლილი მაქვს. ხარისხიანად რომ აღადგინო ძველი შენობა, მოუარო, უნდა დააკმაყოფილო იქ მცხოვრები ადამიანები, შესაბამისი პირობები შეუქმნა...

კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ ისეთი სახლები დაანგრიეს, რომ გული მტკივა, შიშით იქაურობას ვერ ვუყურებ და საერთოდ, ასეთი მასობრივი ღონისძიებები ძალიან მაფრთხობს.