ავტორი:

"ვნანობ, ერთზე მეტი შვილი რომ არ გავაჩინე..." - რა დათმო ჭადრაკისთვის და როგორი იყო ნანა იოსელიანის "სიყვარულის პარტია"

"ვნანობ, ერთზე მეტი შვილი რომ არ გავაჩინე..." - რა დათმო ჭადრაკისთვის და როგორი იყო ნანა იოსელიანის "სიყვარულის პარტია"

ბავშვობიდანვე ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. მამას უყვარდა ჭადრაკი, მასწავლიდა კიდეც და ოჯახში სპორტის ამ სახეობას ფეხბურთის შემდეგ პირველი ადგილი ეკავა. ჩემგან მოჭადრაკე არ გამოვიდა, უმალ ფეხბურთს უფრო ვითამაშებდი, მაგრამ ჭადრაკის დიდ გულშემატკივრად დავრჩი... ჩვენი, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი (მხოლოდ ერთმანეთთან თუ დამარცხდებოდნენ) მოჭადრაკე ქალბატონების "გადამკიდე“. მისით კი მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი. საოცრად ნათელი ადამიანი ჩანდა, გულწრფელი ღიმილით. ახლახან, 12 თებერვალს დავურეკე, თურმე, დაბადების დღე ჰქონდა. მაინცდამაინც იმ დღეს მოვინდომე ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ... გაუთავებლად ულოცავდნენ და არაფერი გამოგვივიდოდა, სამაგიეროდ, მეორე დღეს ვისაუბრეთ ხანგრძლივად. გავიხარე, რომ სწორედ ისეთ ადამიანს ველაპარაკებოდი, როგორიც წარმომედგინა, რომ იყო. უამრავი ტიტულის მქონე ნანა იოსელიანი მართლაც არასდროს ყოფილა მხოლოდ ძალიან ძლიერი მოჭადრაკე, იგი დღემდე ხალხის საყვარელი მოჭადრაკეც გახლავთ:

- მშობლები მეცნიერები იყვნენ, ფიზიკოსები და, ალბათ, ჰქონდათ რაღაც გეგმები ჩემი მომავლის შესახებ. პატარა რომ ვიყავი, ცოტას ვავადმყოფობდი, თუმცა, როგორც ამბობენ, გამორჩეული ნიჭის ბავშვი ვიყავი. სკოლამდელ ასაკში უკვე ვიცოდი ალგებრული შეკრება-გამოკლება. იმ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სკოლაში კარგად სწავლას. ეს ვალდებულებაც კი იყო და გმირობად ნამდვილად არ მიიჩნეოდა. გარდა ამისა, ჩემი თანატოლების მსგავსად, მეც დავდიოდი ინგლისურსა და მუსიკაზე, თუმცა ფორტეპიანო სასტიკად არ მიყვარდა. მაშინ ჭადრაკიც ძალიან პოპულარული იყო. მამა მოყვარული იყო და ხშირად თამაშობდა. ჭადრაკის სვლები მეც შინ ვისწავლე, ყურებით, მაგრამ ჩემი ჭადრაკზე მიყვანა მშობლების გეგმაში ნამდვილად არ შედიოდა. თუმცა თავად ვიყავი ძალიან აქტიური ბავშვი: ყველა წრეზე დავდიოდი, მათ შორის - ტანვარჯიშზეც, ძალიან მონდომებული ვიყავი და სკოლის სიმღერის გუნდშიც ვმღეროდი, არადა, მუსიკალური სმენა საერთოდ არ მქონდა (იცინის). გვიან მივხვდი, რომ ეტყობა, სიმღერის მასწავლებელმა ასეთი მოწადინება რომ შემატყო, კი არ გამომიშვა, - არ გაქვს შვილო სიმღერის უნარიო, ერთადერთს მეხვეწებოდა: ხმადაბლა იმღერეო. დაწყებით კლასებში ვსწავლობდი, როდესაც ერთ დღეს კლასში მასწავლებელი შემოვიდა და იკითხა, ჭადრაკის თამაში ვინ იცისო? მე, როგორც ძალიან აქტიურმა, ხელი ავწიე...

მაცხნივ ნანა იოსელიანი ოთარ ალხანიშვილთან ერთად

მოკლედ, რამდენიმე წაგვიყვანეს და საჭადრაკო შეჯიბრება სკოლაშივე ჩატარდა. გამარჯვებულებიდან 1 ბიჭს და 2 გოგონას ჭადრაკის წრეზე წაიყვანდნენ. ჩემმა მეზობელმა გოგონამ მომიგო და, შესაბამისად, წრეზე ვერ მიმიღებდნენ. ძალიან განვიცადე, ხმამაღლა ავტირდი და ჩვენმა სასწავლო ნაწილის გამგემ იკითხა, რატომ ატირებთ ამ ბავშვს, წაიყვანეთ, სინდისი არ გაქვთო? და წამიყვანეს. ის ქალი კი, ნინო თევდორაძე, სულ მიყვარდა, რადგან ბავშვობიდან დამამახსოვრდა, რომ სწორედ მან გადამარჩინა. ასე აღმოვჩნდი "პლეხანოვზე“, კლუბ "განთიადში“, სადაც საჭადრაკო მწვრთნელი გახლდათ ოთარ ალხანიშვილი, ღმერთმა აცხონოს მისი სული.

იქაც შეჯიბრება მოეწყო და... კვლავ წავაგე, და... კვლავ ძალიან ბევრი ვიტირე. წამომიყვანეს იქიდან დამარცხებული, მაგრამ იმ მწვრთნელმა - ბატონმა ოთარმა საოცრად იაქტიურა, სკოლაშიც მოვიდა, დედაჩემსაც შეხვდა და უთხრა, ჭადრაკზე უნდა ატაროთო. თამაში არ ვიცოდი, ჩემთვის მართლა არავის უსწავლებია, მაგრამ ვფიქრობ, მწვრთნელი იმით დაინტერესდა, რომ შეამჩნია, ჩემთვის წაგება და მოგება სულერთი არ იყო. ეს თვისება სპორტსმენს აუცილებლად სჭირდება. დედა ძალიან წინააღმდეგი იყო, რადგან მშობლები მუშაობდნენ და ვერაფრით მოახერხებდნენ ჩემს "პლეხანოვზე“ ტარებას, მე კი 8 წლის ვიყავი და მარტოს ვერ გამიშვებდნენ. ძალიან გავჯიუტდი და რაღას იზამდნენ? გადაწყვიტეს, ჩემზე 2 წლით უფროსი ძმაც მიეყვანათ ჭადრაკზე, თანაც იძულებით. მას შემდეგ დიღმიდან ერთად დავდიოდით ხოლმე "პლეხანოვზე“. ძმამ მალევე დაანება თავი, მე კი მწვრთნელმა პირველი ტურნირი 4 თვის მერე მათამაშა ჩემზე უფროსებთან და უფრო გამოცდილებთან. მხოლოდ ერთი პარტია მოვიგე, დანარჩენი წავაგე და ამჯერადაც ბევრი ვიტირე. ზოგადად, მტირალა არ ვიყავი, მაგრამ საშინლად ვერ ვეგუებოდი დამარცხებას. შემდეგ წრეზე სხვასთან უნდა მეთამაშა, მაგრამ, ალბათ, შემიცოდეს და ისევ იმ გოგონას შემახვედრეს, ვისაც პირველად მოვუგე. და მეორედაც გავიმარჯვე.

3 წელიწადამდე ვიარე ამ მწვრთნელთან, რაღაც წარმატებებიც მქონდა, პირველთანრიგოსანიც გავხდი და მერე სხვასთან გადავედი, რადგან უკვე ასაკთან ერთად სხვა კვალიფიკაციის მწვრთნელი მჭირდებოდა. მეორე მწვრთნელი იყო ოთარ თურქესტანიშვილი - მეცნიერი, რომელიც ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა და თავისუფალ დროს ჭადრაკის მწვრთნელობას ახმარდა. ეს იყო ძალიან კულტურული ადამიანი, ვისაც თავისუფლად ჩააბარებდი ჩემი ასაკის ბავშვს. თითქოს ერთად ვიზრდებოდით - ერთად ვისხედით და ვარჩევდით სვლებს, პარტიებს... და ეს პროცესი არასდროს მბეზრდებოდა.

დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ, ალბათ, მიყვარდა ეს საქმე, თორემ სინამდვილეში, თუ არ გიყვარს, ჭადრაკის მეცადინეობა ძალიან მოსაწყენია. ნელ-ნელა ყველაფერს შეველიე: ცეკვას, ტანვარჯიშს, საბედნიეროდ, ფორტეპიანოსგანაც გავთავისუფლდი და ჭადრაკთან ერთად დამრჩა ინგლისური და სკოლა. მშობლებიც მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ, მაგრამ წაგებისადმი ჩემს მტკივნეულ დამოკიდებულებას ძალიან განიცდიდნენ, თუმცა არასდროს უსაყვედურიათ, რატომ წააგეო. იმ ემოციის დაფარვაც საკმაოდ დიდხანს მიჭირდა. რა თქმა უნდა, წაგების გამო მერეც მიტირია, ოღონდ ჩუმად და არა - სახალხოდ. მიუხედავად წაგება-მოგებისადმი ამგვარი დამოკიდებულებისა და გამოხატვისა, არასდროს დავმდგარვარ არჩევანის წინაშე, უნდა გამოვსულიყავი მოჭადრაკე თუ - არა. სხვათა შორის, ოდესღაც მინდოდა, თვალის ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ჭადრაკის კუთხით ისე განვითარდა მოვლენები, რომ დაფიქრების საშუალებაც არ მქონდა. სკოლის შემდეგ დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მერე ჟურნალისტიკაზე გადავედი. რატომ? ვერ გეტყვით... ჟურნალისტიკაც მიყვარდა. ერთხანს ტელევიზიის პირველ არხზეც ვმუშაობდი.

- პირველ წარმატებას როდის მიაღწიეთ?

- 13 წლისა 20 წლამდე გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონი გავხდი. მომდევნო ჩემპიონატშიც, 14 წლისამ, იმავე წარმატებას მივაღწიე. 16 წლის ვიყავი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში მეორე ადგილზე რომ გავედი, პირველი მაია ჩიბურდანიძე იყო, მესამეზე - ნანა ალექსანდრია. 17 წლისა საერთაშორისო დიდოსტატიც გავხდი...

- რაც ჩამოთვალეთ, ის მხოლოდ ჭაშნიკი იყო. მას შემდეგ ბევრ და დიდ წარმატებას მიაღწიეთ, მაგრამ ყველაზე დრამატულს მაინც რომელ მატჩს უწოდებდით?

- ალბათ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მაია ჩიბურდანიძესთან მატჩს, რომელიც 1988 წელს წავაგე. მაია ძალიან ძლიერი მოჭადრაკე იყო და - არა მხოლოდ მოჭადრაკე. ჭადრაკი მარტო თამაში ხომ არ არის? მას ფიზიკური ძალაც უნდა და ძლიერი ნერვული სისტემაც. მაიაში ყველაფერი იყო თავმოყრილი. ამ საკითხზე ადრეც მისაუბრია საკუთარ თავთან და ახლაც ვფიქრობ... შეიძლება, მაშინ ბოლომდე ვერ დავიჯერე, რომ მაიასთვის შემეძლო, მომეგო. თუმცა ახლაც მჯერა, რომ ასეთ მატჩებში, სადაც ორი, დაახლოებით ერთნაირი მოწინააღმდეგე პაექრობს, იქ ძალიან ბევრი, სხვა ფაქტორიც მოქმედებს. ზურგის ქარიც მაგ დროს უბერავს და, როდესაც სპორტსმენს სჭირდება, ცოტათი უნდა გაგიმართლოს კიდეც, მაგრამ... ეტყობა, ეს მე არ დავიმსახურე. სამწუხაროდ, მატჩამდეც ბევრი შეცდომა დავუშვი - ახალი მწვრთნელები ავიყვანე და ა.შ. თამაშის დროსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე და მხოლოდ ერთი ქულით წავაგე.

- ფაქტობრივად, თქვენი კარიერის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონობა თქვენთვის...

- დიახ, არ აღმოჩნდა. მაგრამ ამას დიდი განცდა არ მოჰყოლია. მოხდა და მოხდა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო-მეთქი, ვიფიქრე და განვაგრძე ცხოვრება.

- ჭადრაკმა რისი დათმობა "მოგთხოვათ“ და რას შეელიეთ ჭადრაკისთვის?

- პირველ რიგში, ჭადრაკის გამო ჩვენს სახლში სიმშვიდე აღარ იყო - ვიდრე პატარა ვიყავი, დედას უნივერსიტეტში სამუშაო უნდა მიეტოვებინა და ტურნირებზე, ხშირად - საზღვარგარეთაც, მე უნდა გამომყოლოდა. ცხადია, მისი ყურადღება აკლდებოდა ჩემს ძმასაც, თუმცა მან მაინც გაუმართლა მშობლებს იმედები და ფიზიკოსი გამოვიდა. ჩემი წაგება-მოგებაც, ხომ, ბევრ ემოციას იწვევდა და ძალიან არღვევდა ოჯახის მყუდროებას! კიდევ რა დავთმე? ალბათ, მეტი უნდა დამეთმო, მსოფლიო ჩემპიონი რომ გავმხდარიყავი... ან, იქნებ, ჩემპიონობა არც მეწერა...

- დააკელით ძალისხმევა?

- ყოველ შემთხვევაში, მახსოვს, ჩემს თავს ვეუბნებოდი ხოლმე, ისე არ მოხდეს, რომ ახლა დააკლო და მერე ინანო-თქო... ჩემთვის ჭადრაკი რომ მოგეშორებინათ, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი - მყავდა ამხანაგები და ძალიან მიყვარდა მათთან ურთიერთობა, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეზოში თამაში და ა.შ.

- რა დათმეთ-მეთქი, რომ გკითხეთ, ვგულისხმობდი, რომ გარეგნობაც გამორჩეული გქონდათ და, ალბათ, ბევრ ვაჟს მოსწონდით... იქნებ სიყვარულიც დათმეთ?

- იმის ამბიცია, რომ გამორჩეული გარეგნობა მქონდა, არასდროს გამჩენია, ამას არასდროს ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას, თუმცა, ალბათ, ეს რაღაცნაირად გაჰყვა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ... რა დავთმე? - დავთმე ის, რომ მხოლოდ ერთი შვილი მყავს. ადრე გავთხოვდი და 21 წლის ვიყავი, შვილი რომ გავაჩინე. რომ მეკითხებოდნენ, მეორე შვილი არ გინდაო? - ისეთ "არას“ ვამბობდი, არასდროს დავფიქრებულვარ, რომ ეს შესაძლებელი იყო, რადგან არასდროს მეცალა. ნინო რომ დაიბადა და საავადმყოფოდან გამოვედით, ჩემს მშობლებთან მივედით. მე ძალიან ხშირად მიხდებოდა გამგზავრება ხან ტურნირებზე, ხან შეკრებებზე და ნინოს მშობლებთან ვტოვებდი, მათ გამიზარდეს. წასული რომ ვიყავი, დღეებს ვითვლიდი, როდის დავბრუნდებოდი შინ. თბილისში რომ ჩამოვდიოდი, მაქსიმალურად ვცდილობდი, ბავშვთან დიდი დრო გამეტარებინა, მაგრამ მეორე ბავშვზე არც კი მიფიქრია...

ნანა პატარა ქალიშვილთან ერთად

ვნანობ თუ არა ამას? ალბათ, ვნანობ. მეტი შვილი რომ მყავდეს, უკეთესი იქნებოდა... ყოველ შემთხვევაში - ჩემი შვილისთვის. სხვათა შორის, ნინო სასტიკად ეჭვიანობდა ჭადრაკზე და ამიტომ მისი თამაში არც ისწავლა. ეგ კი არა, ჭადრაკის ფიგურებს აივნიდან ჰყრიდა ხოლმე, - არ მინდა ეს ჭადრაკიო.

- როგორც ვიცი, ცოლად გაჰყევით თქვენზე ასაკით უფროს ადამიანს, პოლიტიკოსსა და მეწარმეს გურამ მგელაძეს (გარდაიცვალა 2015 წელს). ეს ნაბიჯი დიდმა სიყვარულმა გადაგადგმევინათ?

- საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გურამი აღარ იყო პოლიტიკოსი, საქართველო დატოვა და ხან პრაღაში იყო, ხან რუსეთში. მასთან ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებდა. მიძნელდება მასზე ლაპარაკი... აქამდე არასდროს მითქვამს და, მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა, ის გვერდზე რომ არ მყავს, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ იგი მყავდა. ჩვენ ერთად ძალიან რთული პერიოდი გადავიტანეთ, მაგრამ არასდროს გავხდით "იქაური“ - ყოველთვის და ყველგან საქართველოს ცხოვრებით ვცხოვრობდით.

გურამ მგელაძე

- როდის დატოვეთ საქართველო?

- 1992 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელით საქართველოს ნაკრებმა პირველი ოლიმპიადა მოვიგეთ, შემდეგ იყო 1994 წლის ოლიმპიადაზე გამარჯვება და ისეთი შემართულები ვიყავით, ისეთი აღტკინება გვქონდა, ლამის ჭადრაკიც მიმეტოვებინა - ვფიქრობდი, ახლა შენების დროა და ვინ იცის, რაში დავჭირდებით საქართველოს-თქო, მაგრამ... გზადაგზა ბევრი იმედგაცრუება შეგვხვდა. 1994 წელს იძულებული გავხდით და საქართველოდან წავედით. პრაღა თავად ავირჩიე, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთი გამოკვეთილად საჭადრაკო ქვეყანა არ იყო, თუმცა ჭადრაკს თამაშობდნენ. სხვათა შორის, ერთხანს იქაურ საჭადრაკო აკადემიაში ბავშვებთან ლექციებსაც ვკითხულობდი და რიგ ტურნირებშიც ვმონაწილეობდი. იქ ენის ბარიერიც ნაკლები გვქონდა და თანაც ძალიან მომწონდა. მე და ბავშვი, ძირითადად, პრაღაში ვიყავით, ჩემს მეუღლეს კი პრაღასა და მოსკოვს შორის უხდებოდა სიარული.

ნანა იოსელიანის შვილიშვილები

მამა უკვე გარდაცვლილი იყო, დედა კი ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან. ნინომ იქ დაამთავრა ამერიკული სკოლა, რადგან ენის ბარიერის გამო ჩეხურში ვერ ივლიდა. ნოსტალგიის მომენტი არ გვქონდა - იქაც ბევრი ქართველი იყო და თბილისშიც ხშირად ჩამოვდიოდით ხოლმე. მთავაზობდნენ საჭადრაკო წინადადებებს, მაგრამ მაშინ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა უნდა მიმეღო. ამაზე არასდროს მიფიქრია, ვერც კი წარმომედგინა, საქართველოს საჭადრაკო სახელი სხვა ქვეყნის პასპორტზე გამეცვალა. მე კვლავ ვთამაშობდი ჭადრაკს და 1996 წელს საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობით კვლავ ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ნინო სწავლის გასაგრძელებლად ინგლისში წავიდა, მე კი განვაგრძობდი ჭადრაკის თამაშს ჩეხეთის კაცების კლუბში, პირველ დაფაზე, ასევე - გერმანიის პირველ დაფაზე და - საკმაოდ წარმატებითაც. მაგრამ ინტენსიურად ვეღარ ვვარჯიშობდი და კარგად ვიცოდი, ძველებურ წარმატებებსაც ვეღარ მივაღწევდი. მივხვდი, აღარ შემეძლო საკუთარი თავით უკმაყოფილო ყოფნა, ოჯახიც თავისას ითხოვდა და 2003 წელს საკმაოდ ადვილად დავემშვიდობე ჭადრაკს. რაღაც ხნის შემდეგ კი თბილისშიც დავბრუნდი. ახლა ბებია ვარ - სამი შვილიშვილი მყავს, სამივე გოგონა, ნინომ აშკარად მაჯობა და ყოჩაღ - კარგი გოგოა. ჭადრაკი კი ვერც ერთს ვერ ვასწავლე.

- კონსტანტინე გამსახურდია რომ ამბობს ხელოვნებაზე, - თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდანო, იმავეს იტყოდით ჭადრაკზე?

- რა თქმა უნდა. სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევ. თუ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს მისი საქმეა, მისთვის "ჯანის შელევა“ სრულიად ბუნებრივია. ეს არ არის ტანჯვა, ეს ადვილია. ტანჯვა მაშინაა, როდესაც ადამიანი იმას აკეთებს, რაც არ უნდა. დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს იმას, რაც არ უნდა. მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარდა.

ავტორი: ირმა ხარშილაძე