ავტორი:

"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე

"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე

მოგეხსენებათ, კულტურის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გადის და ცალკე სამინისტროდ ყალიბდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. ამ თემაზე "კვირის პალიტრასთან" კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ალბათ, თითოეული ქართველი დამეთანხმება, რომ უდიდესი შეცდომა იყო, როცა კულტურის სამინისტრო განათლებას შეუერთეს და საერთოდ ჩაიკარგა. შემიძლია ვთქვა, რომ კულტურის სამინისტრო დღეს არ არსებობს, ჩამოიშალა და დაინგრა. სწორედ ამიტომ, პირველივე დღიდან მისი გაერთიანების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ცალკე სამინისტროდ ყალიბდება.

მე მხარს ვუჭერ თეა წულუკიანის კანდიდატურას, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი, ასეთი პრინციპული მენეჯერი სჭირდება კულტურის სამინისტროს. უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა, ბიუროკრატიული აპარატი და ნულიდან აქვს დასაწყები. იქ არიან ადამიანები, რომლებთანაც თეა ფიზიკურად ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ჯერ ბავშვი არ დაბადებულაო და სახელს არქმევდნენო, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

მიხარია, რომ თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული და არა როგორც მინისტრობის კანდიდატი, არამედ - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. არავის ეწყინოს და იშვიათად მინახავს, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გარეთ გამოსულიყოს, უმეტესად, იქით იბარებდნენ. ეს ძალიან კარგია, თეა თვითონ ადგილზე ეცნობა, სად რა ხდება. კულტურა ძალიან რთული, ბევრის მომცველი სფეროა და მისი მართვა ასე ადვილი არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თეას ყველა მიიღებს და ერთად გააკეთებენ იმ საქმეს, რასაც ქართული კულტურა ჰქვია.

ნებისმიერ სახელმწიფოში კულტურა ქვეყნის სახეა, ჩვენ კი კულტურაც გვაქვს და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, მსოფლიოში ცნობილი მოღვაწეეებიც გვყავს, ამას კი დიდი გაფრთხილება სჭირდება. მიხარია, რომ ქართულ კულტურას თავისი დიდება დაუბრუნდება. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ის გუნდი იქნება საინტერესო, რომელსაც თეა შეკრებს და მასთან ერთად გააკეთებენ და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ქართული კულტურისთვის იქნება მისაღები და კარგი.

- არიან ადამიანები, ვინც ამ პოსტზე მისი კანდიდატურის დაყენებას სკეპტიკურად უყურებს, მისი პროფესიიდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე - მას სხვა კუთხით აქვს განათლება მიღებული. რას შესძენს თეა წულუკიანი ამ სტრუქტურას? რამდენად მოაწესრიგებს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ იურისტი სჭირდება კულტურის სამინისტროს, ნულზეა ყველაფერი, სტრუქტურაა მთლიანად შესაცვლელი. მაგალითად, მე მუშაობა მომიხდა გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც იყო დიპლომატი და შესანიშნავი მინისტრი, მან გარშემო ის გუნდი შემოიკრიბა, რომელთან ერთადაც კულტურის სამინისტროს მართავდა. ეს უნდა ვაღიაროთ. მე ვიმუშავე მასთან ერთად. წაიკითხეთ სტატია სრულად