ავტორი:

"უცხოელ პარტნიორებს უჭირთ იმის გარკვევა, თუ რა ჯანდაბა ხდება ქართულ პოლიტიკაში" - რა დამატებით საფრთხეებს აჩენს საქართველოში შექმნილი ვითარება გეოპოლიტიკურ ჭრილში?

"უცხოელ პარტნიორებს უჭირთ იმის გარკვევა, თუ რა ჯანდაბა ხდება ქართულ პოლიტიკაში" - რა დამატებით საფრთხეებს აჩენს საქართველოში შექმნილი ვითარება გეოპოლიტიკურ ჭრილში?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის, გირაოს გადაუხდელობის გამო, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება.

თავისთავად, ამ ვითარებას საერთაშორისო აქტორებიც აკვირდებიან - იქნებიან ეს კეთილგანწყობილი თუ ბოროტისმსურველი ძალები. რამდენად შეიძლება, რომ რუსეთს ბოლოდროინდელი მოვლენები ხელს აძლევდეს და გარკვეული ფორმით, სწორედ ის ცდილობდეს სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ბიძგის მიცემას? როგორ ჩანს ვითარება დასავლეთიდან? რა გზავნილს გზავნის ქვეყანა არეულობით საზღვრებს გარეთ? ამ ყველაფერზე AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ესაუბრა.

"რაც ხდება, რუსულ სცენარებს ვერ დავარქმევდი, რადგან სამწუხაროდ, ამ სცენარებს ჩვენ არავინ გვაცნობს. მტკიცებით ფორმაში რომ ვისაუბროთ, არის თუ არა ეს დაგეგმილი ჩრდილოეთში, მაშინ უბრალოდ, ძალიან სერიოზულად გადავალთ კონსპირაციულ თეორიებში. მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ჩვენ ვიცით მაგალითად, რა არის მოსკოვის ინტერესი კაკვკასიის რეგიონში, რა მიმართულებით მიჰყავთ მათ მოვლენები და საქართველო ამ შემთხვევაში სად უშლით ხელს. პოლიტიკური არასტაბილურობა მით უმეტეს, ემთხვევა ისეთ პერიოდს, როგორიც გლობალური პანდემიაა - გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად უძლური აღმოჩნდა და ისედაც, ყოველდღიურად რესურსებს ვკარგავთ და ცხადია, ეს კრიზისი სახელმწიფოს უკიდურეს დასუსტებას იწვევს - ინსტიტუციურს, ეკონომიკურს და ა.შ.

პროცესი ეკონომიკის მიღმა არ უნდა განვიხილოთ, რადგან ასეთი ნებისმიერი პოლიტიკური არეულობა ქვეყანაში ისედაც მყიფე და სუსტ საინვესტიციო კლიმატს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუარესებს, შესაბამისად, ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ შეიძლება, კიდევ უფრო გრძელვადიანი კრიზისი მივიღოთ, თუ რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლასი ვერ გააცნობიერებს და ვერ გაიაზრებს იმას, თუ რამხელა საფრთხეს გვიქმნის ამ ტიპის პოლიტიკური რყევები.

რეალურად, ეს კრიზისი 20 ივნისიდან, გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენებიდან დაიწყო, შემდეგ კი ამ ყველაფერში გადაიზარდა, რადგან არც მთავრობაში და არც ოპოზიციაში არ აღმოჩნდა იმხელა კეთილგონიერება და არ აღმოჩნდნენ იმდენად კეთილგონიერი პოლიტიკოსები, რომ გაეაზრებინათ, სად შეიძლებოდა, ქვეყანა აღნიშნული პრობლემის გაღრმავებით წასულიყო.

გიორგი გობრონიძე

ვხედავთ, რომ მაშინაც, როდესაც სახელმწიფო ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ძირითადი აქცენტები მაინც კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებსა და იმაზე კეთდებოდა, თუ როგორ უნდა განაწილებულიყო გავლენის სფეროები ცალკეულ პოლიტიკურ აქტორებს შორის. ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ, რომ უკიდურესად გაღმავდა და შეიძლება ითქვას, ჩიხში შევიდა პოლიტიკური კრიზისი - ეს პირველ რიგში აბსოლუტურად უკომპრომისო დამოკიდებულებამ გამოიწვია.

ეს ქართველ პოლიტიკოსებს, პირველ რიგში მმართველ ჯგუფს ეხება, რადგან ჯერ სწორედ მმართველი ჯგუფია გადაწყვეტილების მიმღები და მერე არიან დანარჩენი პოლიტიკური აქტორები. უკომპრომისობამ ის გამოიწვია, რომ ბოლოს ევროკავშირის ელჩი ამბობს, ეს ყველაფერი მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდამდე არ მიდისო. ე.ი., ვხედავთ კრიზისის მასშტაბსაც თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში რეალურად, მოგვიხდა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, რომ უცხოელი დიპლომატები ჩაგვერთო მოლაპარაკებებში - ეს ცოტა არანორმალური მოვლენა იყო და ის, რაც არანორმალურად მიდიოდა, გრძელდება ასევე არანორმალურად.

ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისო და პროვოკაციული პოზიციის მოწმენი გავხდით ოპოზიციის ლიდერის მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და პრაქტიკულად, წავიდა ვა-ბანკზე. მთავრობასაც არ ეყო კეთილგონიერება, რომ მას უბრალოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე გაეანალიზებინა ვითარების სიმწვავე; ის ძალიან მარტივად წამოეგო ამ ფანდზე და საბოლოოდ, ქვეყანა მივიდა მდგომარეობამდე, სადამდეც მივიდა. ანუ, შეცდომების კასკადი, რომელიც მთავრობამ დაუშვა, გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ კრიზისში, რომელშიც დღეს სახელმწიფო იმყოფება და ამ შემთხვევაში პრემიერის პოზიცია გასაგებია, როდესაც მან პოლიტიკური გადაწყვეტილება აიღო საკუთარ თავზე. აქ უკვე კითხვა ჩნდება, თუ როგორ გაგრძელდება მოვლენები საბოლოო ჯამში - მივალთ ჩვენ ვადამდელ არჩევნებამდე თუ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება, ქვეყნის შიგნით საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, ვინ იჯდება მმართველის სკამში, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მეტი პრობლემაა, მაგრამ საერთაშორისო არენაზე სწორად რა უნდა გაიგონ? არ ჩანს ორდინალურად ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება და იგივე, კომუნიკაციაც მაქვს ჩემს უცხოელ კოლეგებთან - მათ უჭირთ იმის გარკვევა, თუ რა ჯანდაბა ხდება საერთოდ ქართულ პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების წარმომადგენლებზე, რომლებიც უბრალოდ, ვერ ხვდებიან, ეს რა არის, რაც ახლა ჩვენთან ხდება და გაოცებულები არიან, რაღაც ახსნას ითხოვენ, თუ რასთან გვაქვს საბოლოო ჯამში საქმე. როგორც აკადემიური სექტორში და საექსპერტო წრეებში, დარწმუნებული ვარ, ისევე უჭირთ ამ ყველაფრის გაგება და გააზრება პოლიტიკურ წრეებშიც - ამ შემთხვევაში ჩვენს ძირითად პარტნიორებზე ვსაუბრობთ. თუ ჩვენი ძირითადი პარტნიორები ჩათვლიან, რომ ჩვენთან რაღაც გაუგებრობა ხდება, რომლის ახსნაც რაციონალურად შეუძლებელია, მაშინ პრაქტიკულად რა გამოდის? რომ ჩვენ მათთვის არა საიმედო, პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი, არამედ აუხსნელი პარტნიორი ვართ. ჩანს, რომ გაუგებარი ქვეყანა ვართ, რომელსაც რაციონალურად ვერ ხსნიან“, - აღნიშნავს გობრონიძე.

საერთაშორისო ექსპერტის თქმით, ვინ რა ფორმით მუშაობს საქართველოს შიგნით რუსეთზე, ეს არაა მთავარი - არამედ მთავარია, როგორ რეაგირებს ქვეყანა საფრთხეებსა და სირთულეებზე.

"ქვეყნის შიგნიდან რომ რუსეთზე ვინმე კი არა, ძალიან ბევრიც მუშაობს, ამას დიდი მიგნებები არ სჭირდება. ეს შეგვიძლია, ძალიან მარტივად ავხსნათ - თქვენ რომ რუსული რომელიმე სერიოზული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი იყოთ, ისურვებდით თუ არა, რომ ქვეყნის შიგნიდან თქვენთვის ვინმეს ემუშავა? ბევრ სხვა ქვეყანაში აქვს რუსეთის სპეცსმსახურს საკმაოდ მყარი პოზიცია და რა თქმა უნდა, რუსული გავლენები არსებობს. მაგრამ მოდით, ასე შევხედოთ, რომ არის ორი მოცემულობა - ერთი, როგორია ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე და მეორე, როგორია საფრთხესთან გამკლავების გზები. იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაცია მუშაობს არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც და ისინი მეტ-ნაკლებად ახერხებენ, გაუმკლავდნენ კრიზისებს, ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემა იმაში კი არაა, რომ საფრთხე არსებობს, არამედ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ საფრთხეებზე ვერ ვრეაგირებთ. საფრთხე ყოველთვის იარსებებს, მაგრამ რამდენად სწორად ვახერხებთ, რომ საფრთხეს გავუმკლავდეთ, რამდენად ზუსტია ჩვენი მოქმედებები ამ კუთხით?“ - სვამს კითხვას სპეციალისტი.

შესაძლოა თუ არა, მსგავსმა დაძაბულმა სიტუაციამ გზა გაუკვალოს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის ინიციატივას სამხრეთ კავკასიის რეგიონში ე.წ. კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის ჩამოყალიბების თაობაზე? ამაზე გიორგი გობრონიძე პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია და ჯერ უნდა გამოჩნდეს, თუ როგორ განვითარება შემდგომი მოვლენები.

"ერდოღანის ეს ინიციატივა, რომელიც რუსეთის მხრიდანაც იქნა გაზიარებული და ირანის მხრიდანაც, რეალურად შევხედოთ, სამივესთვის მისაღები სცენარია, რაც დასავლეთისთვის კიდევ ერთი საინტერესო რეგიონიდან დასავლეთის გამოდევნას ემსახურება. აქ უკვე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება ამ ყველაფრის შემდეგ. თუ ვითარება ჩაწყნარებისკენ წავა და პრემიერის გადადგომა იმ დეკლარირებულ მიზანს მოემსახურება, რაზეც მან ისაუბრა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მთლად ასე საგანგაშო არ იქნება. მაგრამ თუ ამ ყველაფერს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება მოჰყვა, რისი ალბათობაც ასევე არსებობს, რა თქმა უნდა, მაშინ შეიძლება, არათუ ეს ფორმატი, არამედ ბევრი სხვა რამე დაგვირჩეს სახვეწარი. არ მინდა აპოკალიპტური სცენარები დავხატო, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად დაგვასუსტებს საერთაშორისო ასპარეზზე აღნიშნული სიტუაცია“, - აღნიშნავს გობრონიძე.

რა მესიჯია თავად რუსეთისთვის ის გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისი, რომლის სათავეც, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის 20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქცია იყო? ექსპერტის თქმით, ეს რუსეთისთვისაც იგივე მესიჯია, რაც მთელი მსოფლიოსთვის...

"ესაა გზავნილი, რომ ეს სახელმწიფო ვერ უმკლავდება ელემენტარულ კრიზისებს; რომ ეს არის სუსტი ქვეყანა, სუსტი ქვეყანა კი პარტნიორებისთვის თავის ტკივილია და მტრისთვის გემრიელი ლუკმა.

ერთ მარტივ მოვლენას და შეცდომას შეუძლია, ქვეყანაში ამხელა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. ელემენტარულად, ამის ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ ჩანდა, როდესაც ქართველი ჟურნალისტის გინების გამო საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვდა ამ საქციელის შეფასებასა და დაგმობას, - გაბუნიას ინციდენტი რომ გავიხსენოთ, რაც ჩემთვის ერთგვარი პარადოქსი იყო.

ცალკე თემაა, მე მსიამოვნებს თუ არ მსიამოვნებს ტელევიზიიდან გინების მოსმენა, კიდევ ცალკე თემაა ის, რომ თავად რუსეთში შეიძლება, ბევრი ადგილობრივი ადამიანი უარესად ამკობდეს საკუთარ პრეზიდენტს, მაგრამ ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პრეზიდენტი რომ საუბრობენ, ეს უკვე საკმაოდ სახიფათო ნიშანი და ინდიკატორი იყო, ისევე, როგორც ამან შემდგომში თავისი გაგრძელება რუსეთის ფედერაციაში, შიგნითაც ჰპოვა.

ვნახეთ, რომ რუსეთმა მოიცალა, მიუხედავად იმისა, რომ მას იმ პერიოდში ამხელა პრობლემები ჰქონდა - აღმოსავლეთით წყალდიდობა, დასავლეთით ატომური ძრავის მქონე რაკეტის აფეთქება და მაინც სამი თვე განიხილავდა გაბუნიას გინებას. შესაბამისად, აქ რა შეიძლება ითქვას? ცოტა არაადეკვატურ ნაბიჯებს ვდგამთ ხოლმე საგარეო პოლიტიკაშიც და შიდა პოლიტიკაშიც რაც ხდება, ესეც, როგორც ვთქვი, აუხსნელია ჩემთვის იმ გაგებით, რომ არანაირ ნორმალურ ჩარჩოში არ ჯდება.

არ შეიძლება, ქვეყანა ყველა არჩევნების დროს აპოკალიფსის მოლოდინში იყოს; არ შეიძლება, ყველა პოლიტიკური აქტორი არჩევნებს ისე უყურებდეს, რომ ჩვენ თუ არ მოვედით ხელისუფლებაში, მერე მოდი, ამის მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა; არ შეიძლება ის, რომ ერთი დეპუტატის ჩამოყვანამ რუსეთის ფედერაციიდან ქვეყანა შეიყვანოს ამხელა კრიზისში და ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს ქვეყანაში მყოფი პოლიტიკური კლასი - არც პირველ რიგში, სამთავრობო და არც ოპოზიციური. რაც არ უნდა იძახონ, პროვოკაცია მოგვიწყესო, ეს შეიძლება ყოველთვის მოხდეს, მაგრამ მმართველი ჯგუფის სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ის პროვოცირებული არ აღმოჩნდეს, რადგან თუ ყველას შეუძლია, პროვოკაცია მოუწყოს და ყველა თითის დაქნევაზე ქვეყანაში ასეთი ამბავი უნდა მოხდეს, მაშინ საერთოდ, რას აკეთებენ და რისთვის აკეთებენ? მათ ქვეყანა პროვოკაციისგან, რისკებისგან და საფრთხეებისგან უნდა დაიცვან და ისინი პირველ რიგში არიან პროვოცირებადები...“, - დასძენს გიორგი გობრონიძე.

გია გაჩეჩილაძის თქმით, 9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და "საქართველოს მარადისობის დღე" დაფუძნდება

"IRI-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული იყო" - მამუკა მდინარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"