ავტორი:

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა

Pfizer- ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში კოვიდ 19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო.

Sheba Medical Center-ის ეპიდემიოლოგმა, გილი რეგევ-იოჩაიმ განმარტა, რომ ადამიანები, რომლებზეც საავადმყოფოში კვლევა ჩაატარეს, ძირითადად ახალგაზრდები და ჯანმრთელები იყვნენ.

„ჩვენ 65 წელს გადაცილებული ბევრი თანამშრომელი არ გვყავს“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

Sheba Medical Center-ის კვლევის შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდება.

Pfizer-მა მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის განმარტებით, ვაქცინის რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, Pfizer-ი საკუთარ ანალიზს ატარებს.

გარდა ამისა, ლაბორატორიული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკულმა“ ვარიანტმა, შესაძლოა, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის საშუალებით ინფიცირებისგან დაცვა მნიშვნელოვნად შეამციროს.

კვლევის დროს ვაქცინის შემქმნელი კომპანიებისა და ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის (UTMB) მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნეს ვირუსი, რომელიც შეიცავდა იგივე მუტაციებს, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში პირველად აღმოჩენილი კორონავირუსის, B.1.351–ის სახელით ცნობილი ვარიანტი.

მკვლევარებმა ვირუსი ვაქცინირებული ადამიანის სისხლზე გამოსცადეს და აღმოაჩინეს, რომ მასში მანეიტრალებელი ანტისხეულების დონე 2/3-ით ნაკლები იყო, ვიდრე კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ ვერსიაშია დაფიქსირებული.

თუმცა, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ანტისხეულების რა დონეა საჭირო ვირუსისგან დასაცავად, უცნობია, გახდის თუ არა მათი რაოდენობის 2/3-ით შემცირება ვაქცინას არაეფექტურს ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ.

ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის პროფესორის და კვლევის თანაავტორის, პეი-იონგ შიმის განცხადებით, იგი მიიჩნევს, რომ Pfizer-ის ვაქცინა ადამიანებს ამ ვარიანტისგან დაინფიცირებისგან მაინც დაიცავს.

”ჩვენ არ ვიცით რა არის გამანეიტრალებლის მინიმალური რაოდენობა,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისი აზრით, დაფიქსირებული იმუნური რეაქცია მნიშვნელოვნად მაღალი იქნება იმ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ვირუსისგან დასაცავად არის საჭირო.

კვლევის დასკვნები New England Journal of Medicine (NEJM) - ში გამოქვეყნდა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, თავიანთი ვაქცინების 4-5% სასწრაფოდ გაუგზავნონ განვითარებად ქვეყნებს.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზის ან მილიარდობით ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფაზე. საქმე ეხება იმ დოზების 4-5% სწრაფად გამოყოფას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არ შეცვლის ჩვენს ვაქცინაციის კამპანიებს. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოყოს კუთვნილი დოზების მცირე რაოდენობა, მაგრამ ძალიან სწრაფად,” - განაცხადა ემანუელ მაკრონმა Financial Times- თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს ვაქცინის გაზიარების ინიციატივას და იმედი გამოთქვა, რომ მას აშშ-ის მხარდაჭერაც ექნება.

„ასეთი სქემის არარსებობის შემთხვევაში, ჩინეთი და რუსეთი ავსებდნენ სიცარიელეს, რაც ვაქცინებთან დაკავშირებული გავლენის ომისკენ გზას ხსნიდა”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისივე თქმით, თუ ვაქცინების სამართლიანად განაწილება ვერ მოხერხდა, ეს ხელს შეუწყობს გლობალური უთანასწორობის გამყარებას.

„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკავშირი მიმდინარე წელს Pfizer-სა და Moderna-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 350 მილიონ დამატებით დოზას მიიღებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი ბლოკს თავიანთი ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას, მოთხოვნის შემთხვევაში კი, კიდევ 100 მილიონ დოზას მიაწვდიან. 200 მილიონი დოზიდან 75 მილიონი წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაიგზავნება, დანარჩენი კი - წლის მეორე ნახევარში.

ამასთან, კომპანია Moderna ევროკავშირს ვაქცინის 300 მილიონ დოზას მიაწვდის, რომლის ნახევრის მიწოდება მიმდინარე წელს, მეორე ნახევრის კი - 2022 წელს განხორციელდება. საერთო ჯამში, 2021 წლის ბოლომდე Pfizer-ი ევროკავშირს ვაქცინის 500 მილიონ დოზას, Moderna კი - 360 მილიონ დოზას მიაწვდის. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჯერჯერობით სამი ვაქცინა: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, Moderna-ს ვაქცინა და AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინაა დამტკიცებული.

„ევრონიუსის“ ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციისთვის აღნიშნული ვაქცინების ორი დოზაა საჭირო, მიმდინარე წლის ბოლომდე 430 მილიონი ევროპელის აცრა გახდება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Our World in Data-ს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ჯერჯერობით მხოლოდ 22.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

მერკელის პანიკური რეაქცია, როდესაც აღმოაჩინა, რომ პირბადე არ ეკეთა - კურიოზი ბუნდესტაგში და კადრები, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა