ავტორი:

პიანისტი მეუღლე, 8 შვილი და ოჯახის ამერიკული ცხოვრება - ვინ არის და რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

პიანისტი მეუღლე, 8 შვილი და ოჯახის ამერიკული ცხოვრება - ვინ არის და რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

ერთი თვის წინ, მას შემდეგ რაც გიორგი გახარია გადადგა და ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს, თავდაცვის მინისტრად ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა. მანამდე ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე იყო.

43 წლის მინისტრს მეუღლე და 8 შვილი ჰყავს. დამთავრებული აქვს საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი, ასევე გავლილი აქვს ინგლისური ენის კურსები ქალაქ ოქსფორდის (Swan) სკოლაში.

რაც შეეხება ქონებრივ მდგომარეობას:

ჯუანშერ ბურჭულაძე თბილისში, ნუცუბიძეზე ფლობს ბინას, რომლის ღირებულება 300 000 ლარია. 3 საცხოვრებელი სახლი, რომელიც მინისტრის დეკლარაციაშია მითითებული მეუღლის სახელზეა გაფორმებული. კერძოდ, ნინო მხეიძის მფლობელობაშია 3 სახლი, რომლებიც თბილისში ბაგების სატყეო უბანში მდებარეობს. სამივეს ღირებულება ჯამში 465 000 ლარია.

ჯუანშერ ბურჭულაძის მფლობელობაშია ავტომობილი ჰიუნდაი ტუქსოში, რომლის ღირებულება 25000 ლარია. რაც შეეხება შემოსავლებს, მინისტრს დეკლარაციაში უფიქსირდება, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტზე 2019 წელს 54 000 ლარი მიიღო, ხოლო შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას 22 500 ლარი.

ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლე ნინო მხეიძე პროფესიით პიანისტია. ის 15 წლის ასაკში გათხოვდა. როგორც ამბობს, შვილების გაზრდაში დედა ეხმარებოდა. ნინო მხეიძე მაშინ სკოლაში მუშაობდა.

ოჯახისა და პროფესიის შესახებ ნინომ "რუსთავი 2"-ის ეთერში ოთხი წლის წინ ისაუბრა. მაშინ გადაცემაში შვილებთან ერთად მივიდა. მაღალჩინოსნის ცოლი მრავალშვილიანი დედების ფონდ "ქართულ გენშია" გაწევრიანებული და დედები სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები.

"ჩემი გათხოვების პირველივე დღიდან დედამ იყოჩაღა, რომ ჩემი საქმისთვის თავი არ დამენებებინა. 15 წლის ასაკში გავთხოვდი, 16 წლისას შვილი მყავდა. დეკემბერში შვილი შემეძინა და მაისში ჯანსუღ კახიძის კონცერტზე დავუკარი.“ - ჰყვება ნინო მხეიძე პირად ცხოვრებაზე.

ოჯახი გარკვეული პერიოდი ამერიკაში ცხოვრობდა. მამა ჯუანშერ ბურჭულაძე მუშაობდა, დედა კი შვილებთან ერთად მარტო იყო, მაშინ ოთხი შვილი ჰყავდა ნინოს.

როგორც ინტერვიუში მეორე შვილი დათო ჰყვება, მაშინ 11 წლის იყო და დედას შვილების გაზრდაში ძალიან ეხმარებოდა. შემდეგ ნინომაც დაიწყო მუშაობა და ამერიკაში, ქართულ სკოლაში მუსიკაში გაკვეთილებს ატარებდა. შვილები ამ დროს ბაღებსა და სკოლებში ჰყავდა გადანაწილებული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბურჭულაძეს 2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა;

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები;მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში;