ავტორი:

"მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა.. ცომეულს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ" - როგორ სახლში ცხოვრობს ნინო ბურჯანაძე და რას ყვება ოჯახზე

"მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა.. ცომეულს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ" - როგორ სახლში ცხოვრობს ნინო ბურჯანაძე და რას ყვება ოჯახზე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მთავარს" სახლში უმასპინძლა და მისი ერთი დღის შესახებ უამბო. მკაცრი იმიჯის მქონე პოლიტიკოსი ქალი ოჯახსა და სახლზე იშვიათად საუბრობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სახლში ყოფნა, სამზარეულოში ფუსფუსი და დალაგება დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

"თურქული ყავა მიყვარს, მაგრამ დილით არ ვსვამ. მიყვარს ყავის მანქანით მომზადებული ყავა, მაგარი და უშაქრო. დილა რთულია ხოლმე, სანამ ფორმაში მოხვალ და დაიწყებ აქტიურ საქმიანობას. რომ გითხრათ, ვდგები და ფრენა მინდათქო, მოგატყუებთ. ძალიან ცოტა მძინავს, ბავშვობიდან ასეა. ერთმა ჩემმა კოლეგამ, პარლამენტში ყოფნისას შემომჩივლა: მე ვერ ვიძინებ, ღამე კარგად გძინავსო? კი-მეთქი, როგორც დავწვები მაშინვე მეძინება-მეთქი. გაუკვირდა, ასეთი გრაფიკის ფონზე, რომელზე იძინებო? სამზე ან ოთხზე-მეთქი, მაგ დროს მეც მეძინებაო. არ მიყვარს ძილი და მაღიზიანებს ძილში დროის კარგვა", - ამბობს პოლიტიკოსი.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სახლში განსაკუთრებით უყვარს ბაღში ყოფნა, სადაც მაგიდაზე ხელოვნური შადრევანი, შემინული კედლები, უამრავი მცენარე და კარგი მოსასვენებელი სივრცეა.

"სახლში ყოფნა მიყვარს. სახლში არ მბეზრდება, არ მწყინდება, ყოველთვის არის რაღაც გასაკეთებელი, წასაკითხი, სანახავი...

ძალიან მიყვარს წესრიგი. ერთხელ სახლს ვალაგებდი და ჩემმა ქმარმა მითხრა, სულ დალაგებულია და რას ალაგებ ამდენსო. მირჩევნია ვიყო დაღლილი, მაგრამ დავჯდე მოწესრიგებულ და სუფთა გარემოში...

ძალიან მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა. ყოველთვის, როცა უცხოეთში ვიყავი და ვარ, პირველი რასაც ვაქცევ ყურადღებას და ყიდვა მინდა, ეს არის სამზარეულოს ნივთები. გამოსაცხობად ბევრი რამ მაქვს, რაც მიადვილებს კეთებას. ცომეულს უფრო დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. თევზს ვაკეთებ ძალიან კარგს, სპეციალურ სოუსში, რომელიც ყველას ძალიან მოსწონს" - ამბობს ბურჯანაძე.

პოლიტიკოსის თქმით, უყვარს გემრიელი კერძების მომზადება და მირთმევაც, თუმცა დიეტა არასდროს დაუცავს, ფორმას კი მუდმივი მოძრაობით ინარჩუნებს და ხშირად მთელი დღე ვერ ახერხებს ჭამას:

"მირჩევნია მთელი დღე მშიერი ვიყო, ვიდრე გრამები ვზომო. ნამცხვრები იმდენად მიყვარს, მგონი ბუნებაც ხელს მიწყობს, რომ შედარებით ფორმაში ვიყო. ძალიან მიყვარს ცურვა და ზაფხულში ვცურავ, ზამთარში კი, როცა ამის საშუალება მაქვს, თხილამურებით ვსრიალებ. თუმცა, ამას ვარჯიში არ ქვია.

ძალიან პრანჭია ბებია მყავდა, დედაც არ მახსოვს მანიკიურისა და ვარცხნილობის გარეშე, ამიტომ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ იყო მოწესრიგებული, მით უმეტეს, როცა ხარ საჯარო ფიგურა.

ჩემს გარდერობში შეიძლება ნახოთ ახალი ნივთიც და შეიძლება ნახოთ ისეთი რამ, რაც 20 წლისაა. როცა რაიმე ახალს ვყიდულობ, ყოველთვის ვფიქრობ, რა მაქვს გარდერობში ისეთი, რასთანაც ეს კარგად გამოჩნდება. ასე შეიძლება ერთი ახალი ნივთით, 2-3 ახალი ჩაცმულობა გამოგივიდეს" - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.

კითხვაზე, რომელია მისთვის ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი, პოლიტიკოსი პასუხობს:

"ყოველთვის მსიამოვნებდა, როცა ვინმე გაუსვამდა ხაზს ჩემს ჭკუას, გადაწყვეტილებებს, რადგან ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი, რომ გარეგნობაზე კომპლიმენტებს არ ვიღებდი. ბებიები მყავდა ძალიან ლამაზი, დედა იყო და არის ძალიან ლამაზი და მათ ფონზე არანაირი შანსი არ მქონდა გარეგნობაზე კომპლიმენტი მიმეღო, ასე რომ, მშვიდად ვუყურებდი ამ ვითარებას", - გამოტყდა ბურჯანაძე.

კითხვაზე დაღალა თუ არა პოლიტიკამ, პასუხობს:

"არა, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რასაც იძულებით ვაკეთებ. მე მაინტერესებს ეს საქმე, ვიცი კარგად რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, მაქვს კონკრეტული მიზანი და მეტის გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის, შესაძლებლობა რომ მქონდეს.

ბავშვობაში მყავდა საყვარელი პოლიტიკოსები - მარგარეტ ტეტჩერი, ინდირა განდი. მისაბაძს ვერ ვიტყვი, რადგან იდეალური არც ადამიანია, არც პოლიტიკოს. უნდა შეძლო იყო ის, ვინც ხარ...

ძნელი სათქმელია, ვინ ვიქნებოდი, თუ არა პოლიტიკოსი, მაგრამ მე ყოველთვის მაინტერესებდა საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა... რაღაც ამ სფეროში ვიქნებოდი" - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

პოლიტიკოსმა შვილებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან მეგობრობს.

"ჩემი შვილები გამომიტყდნენ და მითხრეს, მკაცრი დედა იყავიო, თუმცა, მე ასე არ ვთვლიდი - საჭიროა ზომიერი სიმკაცრე. ვმეგობრობთ, ყოველთვის ვიცოდი რა უჭირდათ, რა ულხინდათ. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის. "პრადვინუტი" დედა ხარო, ამბობენ" - ყვება ნინო ბურჯანაძე.