ავტორი:

ვინ იხდის საქართველოში ქონების გადასახადს და რა მოხდება, თუ დეკლარაციას არასწორად შეავსებთ - ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი

ვინ იხდის საქართველოში ქონების გადასახადს და რა მოხდება, თუ დეკლარაციას არასწორად შეავსებთ - ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი

საქართველოში ქონების გადასახადს იხდიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. გადასახადი არსებობს როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებაზე. ამ მიმართულებით უკანასკნელი სიახლე ავტომობილებზე ქონების გადასახადის დაწესება იყო, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურებაც მოჰყვა. როგორც იურისტები განმარტავენ, ქონების გადასახადი უძრავ და მოძრავ ქონებაზე მიღებული და კარგად აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა საქართველოს დონის ქვეყნისთვის ავტომობილებზე გადასახადის დაწესების ცალსახად პოზიტიურ ჭრილში განხილვა რთულია.

უფრო დეტალურად, თუ ვის აქვს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება და რა მოხდება თუ გადასახადებისგან თავის არიდებას ეცდება, საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი გვესაუბრება.

- რა ტიპის ქონების გადასახადი არსებობს საქართველოში ფიზიკური პირებისთვის?

ფიზიკური პირები იმ შემთხვევაში იხდიან გადასახადს, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აჭარბებს. გადასახადი წესდება სამი სახის ქონებაზე. ესაა საცხოვრებელი სახლი, სასოფლო -სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ავტომანქანა.

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გადასახადი სხვადასხვა წესით დგინდება. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1 კვ.მ.–ზე არის 24 თეთრი. თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აღნიშნული გადასახადის რაოდენობის შეცვლა შეუძლია. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე კი 1 ჰექტარზე გადასახადი 16 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. გადასახადის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა. როგორც აღვნიშნეთ, ფიზიკური პირები უკვე ავტომობილზეც იხდიან გადასახადს საქართველოში. ავტომობილზე გადასახადი არის მისი ღირებულების 0,2%. ასევე ღირებულების 0,2% არის გადასახადი საცხოვრებელ ფართებზეც, როგორც კერძო სახლის, ისე კორპუსის ბინის შემთხვევაში.

აღნიშნული ტარიფები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდეა. როდესაც შემოსავალი 100 000 ლარს აჭარბებს, 0,2%–ის ნაცვლად გადასახადი მერყეობს 0,8%–დან 1%–მდე. მიწის ნაკვეთებზე კი გადასახადი ამ შემთხვევაშიც იგივე რჩება.

- ძვირფას მეტალებზე ქონების გადასახადი თუ არსებობს?

- საქართველოში ძვირფას მეტალებზე ან სხვა სახის ფასეულ ნივთებზე ქონების გადასახადი ფიზიკური პირებისათვის არ არსებობს. ავტომობილის გარდა, სხვა მოძრავ ქონებაზე ჩვენთან ფიზიკური პირებისათვის ქონების გადასახადი არ მოქმედებს. ავტომობილზე გადასახადიც 2 წლის წინ დაწესდა.

იურიდიული პირები რა სახის ქონების გადასახადს იხდიან და როგორ ხდება გადასახადის დაანგარიშება?

იურიდიული პირები ქონების გადასახადს მისი შეძენისთანავე იხდიან. ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, ისინი ნებისმიერ შემთხვევში იხდიან ქონების გადასახადს და შემოსავლის წლიურ ნიშნულს მნიშვნელობა არ აქვს.

იურიდიული პირები ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების გადასახადს იხდიან, მათ შორის: ავტომანქანების, ტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯის, მიწის ნაკვეთების და სხვა.

სხვადასხვა სახის მოძრავ და უძრავ ქონებაზე გადასახადი მისი ღირებულების 1%–ია. თუმცა ამ შემთხვევაში ქონების „ცვეთის პრინციპი“ მოქმედებს. ეს ნიშნავს რომ ქონების ღირებულება იკლებს და შესაბამისად, გადასახადიც მცირდება. კომპანიის ფინანსისტები წარადგენენ ცვეთის და შეცვლილი ღირებულების დამადასტურებელ დოკუმენტს. მიღებული პრაქტიკაა, რომ იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფი ქონება გათვლილია 50 წლიანი სარგებლობისთვის და მისი ღირებულების კლება დროის ამ დიაპაზონის გათვალისწინებით უნდა მოვახდინოთ. შესაბამისად, საფინანსო სამსახურმა უნდა გათვალოს ყოველწლიურად რამდენით დაიკლებს ამა თუ იმ ქონების ღირებულება.

- როგორ ხდება ქონების გადასახადის ადმინისტრირება?

- ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალიც მიაღწევს 40 000 ლარს, ვალდებულია წელიწადში ერთხელ, ნოემბერში შეავსოს დეკლარაცია და ჩაწეროს ოჯახის ქონება და მისი ღირებულება. აღნიშნულ დეკლარაციაში მითითებულია ვადა, თუ როდის უნდა მოხდეს გადასახადის გადახდა. ფიზიკურ პირებს ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რომ დეკლარაციის პერიოდი არ გამოეპაროთ. თუ საგადასახადო სამსახური აღმოაჩენს, რომ ფიზიკური პირს, ქონების გადასახადი უწევს და დეკლარაცია შევსებული არ აქვს, მას ჯარიმას დააკსირებს.

- როგორ ხდება უძრავი ქონების ღირებულების შეფასება?

- იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან, ქონების შეფასება თავად მოახდინონ. თუ საგადასახადო სამსახურმა საეჭვოდ ჩათვალა მითითებული ღირებულება, შეამოწმა და შეუსაბამობა აღმოაჩინა, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ჯარიმას დააკისრებს.

- რა ოდენობის ჯარიმა ეკისრებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ ქონებას არ დაადეკლარირებენ?

ამ შემთხვევაში ჯარიმა არადეკლარირებული ქონების გადასახადის 50% არის. მათ ასევე მოუწევთ გადაიხადონ თანხა, რომელიც სავალდებულო დეკლარირების პერიოდიდან შემოწმებამდე უნდა გადაეხადათ და საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახადის 0,05%.

- ზოგადად, საქართველოში ქონების გადასახადის მიმართულებით არსებული წესები რამდენად მორგებულია განვითარებულ ქვეყნებში არსებულ კანონზე?

ქონების გადასახადი მეტად აპრობირებული ფორმატია ევროპისა თუ სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის. ის საბაზრო ეკონომიკის წესებთან წინააღმდეგობაში ნამდვილად არ მოდის. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო საკმაოდ დუხჭირ მდგომარეობაშია და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა არაა, ავტომობილებზე ქონების გადასახადის დამატება შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამატებითი ტვირთი და წნეხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ნახეთ, როგორია ყველაზე მასშტაბური პროექტი ბაკურიანში

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

ტრიბუ აპარტჰოტელის შეთავაზება ექიმებსა და მასწავლებლებს