ავტორი:

ჩინეთს ეწოდა "მოწინააღმდეგე“, რუსეთს კი "ზიანის მომტანი“ ქვეყანა... ილაპარაკეს უკრაინაზე, ნაკლებად საქართველოზე - რა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი გზავნილი

ჩინეთს ეწოდა "მოწინააღმდეგე“, რუსეთს კი "ზიანის მომტანი“ ქვეყანა... ილაპარაკეს უკრაინაზე, ნაკლებად საქართველოზე - რა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი გზავნილი

რამდენიმე დღის წინ მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 57-ე კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც მსოფლიოს უმაღლესი რანგის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება, კვლავ გაძლიერდეს ტრანსატლანტიკური ალიანსი და რომელ სფეროებშია ყველაზე აუცილებელი ტრანსატლანტიკური და საერთაშორისო თანამშრომლობა.

კონფერენციაში სიტყვით გამოვიდნენ: ჯო ბაიდენი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ბორის კონსონი, ანტონიო გუტერესი, იენს სტოლტენბერგი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, შარლ მიშელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯონ ჯერი და ბილ გეიტსი.

იმაზე, თუ რით გამოირჩა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2021 წელს, AMBEBI.GE-ს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ესაუბრა.

- მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია, ალბათ, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი მთავარი გლობალური პლატფორმაა გარკვეული ტრადიციით, რომელსაც საფუძველი 1960-იან წლებში ჩაეყარა. დღეს მიუნხენის კონფერენცია გამორჩეულია იმით, რომ მას, პრაქტიკულად, ყველა მოწინავე ქვეყნის ლიდერი ესწრება, -ცხადია, როდესაც ფიზიკური დასწრების საშუალებაა. ერთი სიტყვით, ამ კონფერენციით შეგვიძლია, საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი ვექტორები გავზომოთ. წლევანდელი კონფერენცია გამორჩეული იყო, ვინაიდან მის ჩატარებასა და ფორმატს პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ბუნებრივად დაატყო კვალი. ამდენად, აღსანიშნია, რომ კონფერენციაზე წარმომადგენლობა ისეთი სრულფასოვანი არ იყო, როგორიც წინა წლებში გვინახავს. ასევე საყურადღებო საკითხია ის, რომ ვინაიდან კონფერენცია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდა, მან დამატებითი დატვირთვა მიიღო, კერძოდ ის, რომ ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთობის ჭრილში ევროპის ლიდერებს ძირითადად, ახლადარჩეული აშშ-ის პრეზიდენტისგან მთავარი გზავნილები მოესმინათ ასეთი ერთობის თაობაზე. მოგეხსენებათ, წინა ოთხი წელი, ამ მხრივ, გარკვეული დაძაბულობით, სირთულითა და გაურკვევლობით გამოირჩეოდა. ამდენად პრეზიდენტ ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიიდან გადმოტანილმა გზავნილებმა მიუნხენის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ თავი მოიყარა უმთავრესში, კერძოდ: აშშ-სა და ევროპის ურთიერთობა, ნატო-ს ფორმატში თანამშრომლობა უცვლელი რჩება, ის შემდგომშიც უნდა გაძლიერდეს და რომ ამ თანამშრომლობას ახლადარჩეული ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ხიფათი არ ემუქრება. შესაბამისად, მიუნხენის კონფერენციის მთავარი გზავნილად შეგვიძლია გამოვყოთ შეძახილი: "ამერიკა დაბრუნდა!“ ეს ის მოწოდებაა, რასაც ბაიდენმა, მსგავსად მისი წინასაარჩევნო კამპანიისა და ინაუგურაციისას წარმოთქმული სიტყვისა, ამჯერად მიუნხენშიც კვლავ ხაზი გაუსვა.

ორი დამატებითი გარემოება, რაც ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის შემდეგი:

მთლიანობაში, კონფერენციაზე რაიმე პრაქტიკული გზები, გნებავთ, ზოგადად უსაფრთხოების სფეროში ან ევროატლანტიკური ერთობის განვითარების კუთხით, არ მონიშნულა. ამჯერად ეს შეკრება უფრო მეტად ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობისადმი ერთგულებისადმი დადასტურების გამოხატვას ემსახურებოდა. ისევე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით გაჟღერდა მოწოდება დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულებაზე, დემოკრატიული წყობის პრინციპებისა და ღირებულებების ურყევობაზე. ბაიდენი არც იმის თქმას მოერიდა, რომ დღეს მსოფლიოს საზოგადოებაში წარმოებული დებატები, ერთგვარად, გზაგასაყარზეა, ხოლო ასეთი გზაგასაყარი ორ შესაძლო არჩევანს უკავშირდება: ან განვითარება ავტორიტარიზმის მეთოდებით - როდესაც ნაწილი ლიდერებისა და ქვეყნებისა თვლიან, რომ ავტორიტარული განვითარება არის ყველაზე ეფექტიანი გზა, რეალურად მოევლოს თანამედროვე ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებს, - ხოლო, მეორეს მხრივ, კვლავ ერთგულება დემოკრატიული სამყაროსათვის დამახასიათებელი პრინციპებისა და ღირებულებებისადმი. აშშ-ს პრეზიდენტმა დაბეჯითებით მოუწოდა თავის ევროპელ კოლეგებს მეორე, დემოკრატიული განვითარების ფორმისადმი ერთგულებისაკენ. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს მოწოდება ამჟამინდელი კონფერენციის თავისებურ იდეოლოგიურ ხაზად გამოირჩეოდა.

უსაფრთხოების კუთხით კონკრეტულ შეთავაზებებს რაც შეეხება, ლიდერები შეთანხმებულები არიან, რომ ასეთ კონკრეტიკაზე ისინი უფრო დეტალური საუბარს უკვე შემდგომ შეკრებაზე გამართავენ, რომელიც მათი ვარაუდით, უკვე პანდემიის დასრულების შემდგომ პერიოდში ჩატარდება.

- თუ იქნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნახსენები შავი ზღვის უსაფრთხოება, ან ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების შესახებ რაიმე ისეთი, რაც საქართველოსთვისაა რელევანტური?

- რასაკვირველია, ნებისმიერ ასეთ შეკრებისას ჩვენ, უპირველესად, საქართველოსთან ნებისმიერი პირდაპირი ან ირიბი ბმა გვაინტერესებს. ამჯერად, კონფერენციის ფარგლებში ბაიდენის ან სხვა ლიდერების (აქ მეტწილად გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტია საინტერესო) გამოსვლაში საქართველოზე საუბარი არ ყოფილა. ბაიდენმა და კონფერენციის მონაწილეებმა აქცენტირებულად ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ილაპარაკეს. ამ კონკრეტულ ასპექტში ძალზე საყურადღებოა კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან ამ ორი ქვეყნის დახასითებისას მათი ერთმანეთისგან ასე გამიჯვნა: კერძოდ, ჩინეთს ეწოდა "მოწინააღმდეგე“, რუსეთი კი ისე დაკვალიფიცირდა, როგორც "ზიანის მომტანი“ ქვეყანა. შემოთავაზებული გამიჯვნა ჩვენთვის მით უფრო საყურადღებოა, თუკი გავიხსენებთ მიუნხენის კონფერენციამდე ჯერ ბაიდენისა და პუტინის, ხოლო შემდეგ უკვე ბლინკენისა და ლავროვის სატელეფონო საუბრებს. ასევე, კონფერენციაზე გამოსვლისას ბაიდენმა ვრცლად ისაუბრა უკრაინაზე, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე რუსული აგრესიის პირობებში. სამწუხაროდ, ეს მით უფრო საყურადღებოა საქართველოს თემის გვერდის ავლის პირობებში.

- თქვენ თქვით, რომ ჩინეთს ეწოდა "მოწინააღმდეგე“, რუსეთს კი "ზიანის მომტანი“. ეს გამიჯვნა როგორ წაიკითხეთ?

- აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების კონცეფციის არაერთი დოკუმენტი ბოლო წლებში აშკარად და გამოკვეთილად საუბრობს ამ ორ ქვეყანაზე. მაგრამ ჩემი აზრით, მიუნხენის კონფერენცია წინა დოკუმენტებთან თუ შეკრებებთან შედარებით, რუსეთისა და ჩინეთის შემოთავაზებული გამიჯვნის თვალსაზრისით მაინც გამოსარჩევია. ისიც გავიხსენოთ, ჩინეთის საფრთხეზე ყურადღებას თანაბრად ამახვილებდა როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. მეტიც: წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრაქტიკულად, გამოკვეთილად ერთადერთი საკითხი, რაც ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს აერთიანებდა, სწორედ ჩინეთისადმი აშშ-ს დამოკიდებულება იყო. დღესდღეობით, ამერიკელ პოლიტიკოსებში ერთსულოვანი შეფასებაა ჩინეთისა, როგორც აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესებისადმი უმთავრესი გამოწვევის. რაც შეეხება რუსეთს, ის უფრო მეტად აღიქმება, როგორც საერთაშორისო წესრიგის მადესტაბილიზირებელი ძალა, ვიდრე აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებისადმი რაიმე არსებითი რისკის მქონე.

- ახსენეთ, რომ ყველაზე მეტი ყურადღება ჯო ბაიდენის გამოსვლის გარდა, ევროპელ ლიდერებს ორის, მერკელისა და მაკრონის გამოსვლაზე შეგვიძლია, გავამახვილოთ. რას იტყვით მათ გამოსვლებზე?

- მერკელის გამოსვლაში აღინიშნა, რომ როგორც ჩინეთთან, ისე რუსეთთან დაკავშირებით, ევროპელ ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. გერმანიის ლიდერს უფრო არ დაუკონკრეტებია. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება, - და ეს მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან არაორაზროვანი მოწოდებისა ამ შეთანხმებაზე თავშეკავებისაკენ. მერკელის ეს სიფრთხილეც, სავარაუდოდ, სწორედ ახლახან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებაში უნდა ვეძებოთ, ისევე, როგორც ევროპელების ინტერესსა და მგრძნობიარე დამოკიდებულებაში ჩინური ბაზრისადმი. სხვათა შორის, მერკელს არც Nord Stream უხსენებია, რაც გერმანიასა და აშშ-ს შორის ბოლო ხნის ერთ-ერთ მსხვილ უთანხმოებას ქმნიდა. კანცლერმა ამ საკითხსაც აუარა გვერდი. მოკლედ, გერმანიის ლიდერის მხრიდან ორი ქვეყნის მიმართ ტონალობა უფრო რბილი, რომ არა, ცოტათი ბუნდოვანიც კი იყო.

რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონმა მისთვის ჩვეული პოლიტიკური ხაზი განავითარა, რაც ე.წ. ევროპული ავტონომიის იდეის ადვოკატირებას უკავშირდება. ამ იდეის ქვეშ ევროპულ ქვეყნებს შორის მეტი სოლიდარულობა, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მეტი ორგანიზაციული ერთობა და თვითკმარობა მოიაზრება. ესეც არახალი თემაა. სხვა საქმეა, თუ რამდებად ძალუძს ევროპას, საკუთარ რესურსზე, საშუალებასა თუ ნებელობაზე დაყრდნობით, აშშ-ის მხრიდან ევროპის დღის წესრიგში აქტიური მონაწილეობის გარეშე, თვითონ მიხედოს საკუთარ თავს.

- როგორც თქვით, მიუნხენის კონფერენცია მას მერე ჩატარდება, რაც კორონავირუსის პანდემია უკან დაიხევს. შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების საკითხები დროებით ისევ გადაიდო შექმნილი ვითარების გამო? ანუ, რეალურად, რა მივიღეთ ამ კონფერენციის შედეგად ამჟამად?

- ამ კონფერენციის შედეგად მივიღეთ დეკლარაციები, მაგრამ არ მიგვიღია კონკრეტული შეთავაზებები და წინადადებები. მეტიც, ზოგადად კონფერენციის ღერძი თემა იყო უცნაური ტერმინი: "პოლიპანდემია“, რომელშიც გაერთიანებული იყო როგორც სოციალური და ეკონომიკური პრობლემატიკა, რაც ამ ეტაპისათვის დასავლეთში დაგროვდა, ასევე, უსაფრთხოების და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევები. სხვათაშორის, ბაიდენის გამოსვლაში პირდაპირ და არაორაზროვანდ ითქვა, რომ როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის კონტინენტზე დემოკრატიული პროცესები საფრთხის ქვეშ მოექცა. ამდენად, ვიმეორებ, რომ არსებული მრავალფეროვანი პრობლემატიკის ერთგვარი ანარეკლია, რომ კონფერენციის მსვლელობისას არ მოგვისმენია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტები თუ შეთავაზებები და, ამ მიზნით, მიუნხენის მომავალ შეკრებას უნდა დაველოდოთ. ამ მოლოდინის პირობებში, ასევე, ვიქონიოთ იმედი, რომ შემდგომი კონფერენცია თავს დაგვამახსოვრებს არა მხოლოდ მეტი კონკრეტიკით, არამედ მისი, ყურადღების არეალში ქართული თემის მოქცევით.

- ამისთვის ხომ ალბათ, რაიმე უნდა გაკეთდეს და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები წინ თავად საქართველომ წამოსწიოს?

- იმის მოლოდინი, რომ დასავლეთი თავისი სვლით და თავისივე დამოუკიდებელი ნებით მოვა ჩვენამდე და კარზე მოგვიკაკუნებს, არის მცდარი მოლოდინი და ილუზია. უდავოა, რომ ისევ ჩვენი აქტიურობით, ჩვენივე ინოვაციურობით, ქართული დიპლომატიის ენერგიულობის ხარჯზე დასავლეთი, კარგი გაგებით, უნდა "ვაიძულოთ“ მეტი მობილურობითა და ადეკვატურობით განეწყოს ქართული საკითხისადმი, მეტად კონკრეტულ გამოწვევებზე ჩვენთან ერთად ასევე მეტად კონკრეტული და რეალური გადაწყვეტები ეძებოს. ვისურვებდი, თბილისის მხრიდან წარმოებდეს კონცეპტუალური წინადადებებისა თუ მოდელების შეთავაზება... ასეთი წინადადებები თუ იდეები ქართულ ანალიტიკურ წრეებში დღეს გვხვდება, თუმცა ახლა მთავარია, ამ იდეების პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების არხებში დროულად გადამისამართება მოხდეს.

- ალბათ, ეს რომ მოხდეს, პირველ რიგში, პოლიტიკური კრიზისი უნდა დავამთავროთ...

- ვიზიარებ თქვენს შენიშვნას - ნებისმიერი საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა, მათ შორის მკვეთრი მიჯნა და საზღვარი დღეს უკვე არ არსებობს, შიდა დღის წესრიგი ბუნებრივად ტრანსფორმირდება გარე ასპარეზზე. ქართველებიც გარეთ იმაზე მეტად ან განსხავევბულად ვერაფერს გავიტანთ, რაც შიგნით ხდება. შედეგად, ნებისმიერი საზოგადოებრივად მწვავე უთანხმოება, დაპირისპირება, არეულობა, და უწესრიგობა, ცხადია, საგარეო ინტერესის გატარებაზე პირდაპირ აისახება. შესაბამისად, ქვეყნის შიგნით მუქი ფერების რეალობის შემთხვევაში წარმოუდგენელია, გარე ასპარეზზე განსხვავებული წარმოდგენები და ოპტიმისტური მოლოდინები შევქმნათ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

რა წერილი გამოუგზავნა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს?