ავტორი:

"40 წლის ჯანმრთელი ქმარი მომიკლეს და არავინაა დამნაშავე?!" - რატომ არ უყენებენ ბრალს პოლიციელს, რომელმაც მამაკაცი იმსხვერპლა

"40 წლის ჯანმრთელი ქმარი მომიკლეს და არავინაა დამნაშავე?!" - რატომ არ უყენებენ ბრალს პოლიციელს, რომელმაც მამაკაცი იმსხვერპლა

პოლიციის მაღალჩინოსანს, რომელმაც ავარიის დროს 40 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, პროკურატურა ბრალს არ უყენებს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) სამი თვეა მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ამ პერიოდში ვერ მოახერხა ბრალდებულის გამოსავლენად საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 28 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე მოხდა. გარდაცვლილი შალვა ჯულაყიძე (მთავარ ფოტოზე) სამშენებლო კომპანია "აკორდის" მძღოლი იყო და სამუშაო დღის დასასრულს, გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე პირები სახლებში უნდა გადაეყვანა. მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგულში ნივთებს ალაგებდა, რა დროსაც უკნიდან შსს-ს თეთრი ფერის პიკაპი დაეჯახა. საჭეს ამბროლაურის პოლიციის უფროსის მოადგილე ანტონ დოლიძე მართავდა. დოლიძის ავტომობილში რამდენიმე ბავშვი იჯდა, რომლებმაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

ექიმებს შალვა ჯულაყიძე გარდაცვლილი დახვდათ

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა 112-ში თავად დარეკა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 40 წუთში მივიდა. ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ტრაგიკულ შემთხვევას არაერთი პირი შეესწრო, რომლებმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დეტალურად აღწერეს მომხდარი და გარკვევით მიუთითეს, რომ თეთრი ფერის პიკაპს, რომელიც შალვა ჯულაყიძეს დაეჯახა, ანტონ დოლიძე მართავდა. ეს არც თავად დოლიძეს უარუყვია საკუთარ ჩვენებაში, რომელიც მოწმის სტატუსით მისცა გამოძიებას.

დაზარალებული ოჯახის თხოვნით, საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ჩაერთო. ორგანზაციის იურისტის დიმიტრი ნოზაძის თქმით, სისხლის სამართლის საქმეში უამრავი დარღვევა იკვეთება.

"საქმის მასალების მიხედვით, ადგილზე მისულ პატრულს არ ჩაუტარებია ელემენტარული საგამოძიებო მოქმედებები: არ შემოუსაზღვრავს შემთხვევის ადგილი, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირისთვის არ ჩაუტარებია ალკოტესტი და ა.შ.

მართალია, ალკოტესტის პასუხები საქმეში დევს, მაგრამ განსასაზღვრია რამდენად დროულად იყო იგი ჩატარებული. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს არერთი მოწმის ჩვენება, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის ბრალეულობაზე მიუთითებს, გამოძიებას ამ დრომდე ბრალი არავისთვის წაუყენებია. თავად ეს პოლიციელიც ამბობს, რომ იგი დაეჯახა ჯულაყიძეს. პრობლემაა ისიც, რომ შემთხვევაში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი, ამ დრომდე არ არის ჩამოშორებული თანამდებობიდან, რითაც იქმნება რისკი იმისა, რომ მან მოწმეებსა და საქმის ობიექტურ გამოძიებაზე ზეგავლენა მოახდინოს" - ამბობს დიმიტრი ნოზაძე AMBEBI.GE-სთან.

გარდაცვლილის მეუღლე თამარ ჯოგლიძე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ 2021 წლის 22 იანვარს ცნო. ერთი თვის წინ მან პროკურატურას შემდეგი კითხვებით მიმართა: რატომ არ წაუყენეს ბრალი ამ დრომდე ანტონ დოლიძეს და რატომ არ ჩამოაშორეს თანამდებობას გამოძიების დასრულებამდე იგი?

დაზარალებულის კითხვებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლევან ზალკალიანმა ასე უპასუხა: "მოცემულ საქმეში ანტონ დოლიძე წარმოადგენს მოწმეს და ამ ეტაპზე, საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალდებისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი. გამომდინარე აქედან, არ არსებობს ანტონ დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძველი."

საგამოძიებო უწყების ეს პოზიცია მიუღებელია გარდაცვლილის მეუღლისთვის. თამარ ჯოგლიძე AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ პროკურატურის პასუხმა მას უსამართლობისა და დაუცველობის განცდა გაუჩინა.

"40 წლის ჯანმრთელი, ოჯახის მარჩენალი ქმარი მომიკლეს, ორი შვილი ობლად დამრჩა, სტუდენტი ბიჭი და არასრულწლოვანი გოგონა და როგორ, დამნაშავე არავინ არის?! არავინ მოსულა და უკითხავს, რამე ხომ არ გიჭირთო.

ერთხელ შეგვეხმიანა ანტონ დოლიძე და შემოგვითვალა, თუ გინდათ დაკრძალვის ხარჯებს ავანაზღაურებო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ჩემს ოჯახს არაფერი სჭირდება მისგან! ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, დამნაშავის დასჯაა. არ უნდა შერჩეს ეს დანაშაული! მე რომ დავჯახებოდი ვინმეს და მომეკლა, აქამდე ხომ დაჭერილი ვიქნებოდი? რადგან პოლიციის მაღალჩინოსანია ხელი უნდა დააფარონ? რატომ არსებობს ეს შერჩევითი სამართალი?!" - ამბობს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის მეუღლე.

AMBEBI.GE კომენტარისთვის ანტონ დოლიძეს დაუკავშირდა. ის მომხდარის შესახებ, რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლა.

"მე ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ არ იქნება უპრიანი ახლა კომენტარი გავაკეთო, ვერაფერს გეტყვით. მეორე მხარეს გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი, მე ხომ არ დავიწყებ ახლა თავის მართლებას?! დაწყებულია გამოძიება და დაიდება დასკვნა. მე ვარ ამ შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე. საქმეს ხომ არ ვიძიებ და ჩემგან რა პასუხს ელოდებით? რაც შეეხება ზეგავლენის მოხდენის საკითხს, რა გავლენა უნდა მოვახდინო ვინმეზე?! ეს არის სისულელე" - გვითხრა დოლიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევს, რომ საქმეში ბრალდებულის გამოკვეთა შეგნებულად ჭიანურდება და საგამოძიებო უწყებებს დროული და ობიექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი შალვა ჯულაყიძე

საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

"ვინმე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადოს" - ადვოკატი ფაქტს ხელისუფლების დადგმულ სპექტაკლს უწოდებს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს