ავტორი:

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"

საფრანგეთის პროკურატურამ ცნობილ ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურებისა და მასზე ძალადობის საქმეზე ბრალი წაუყენა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, 2018 წელს დეპარდიე მსახიობ ქალს კარიერის აწყობაში დახმარებას დაჰპირდა. ის პარიზში, საკუთარ სახლში რეპეტიციაზე დაიბარა და მასზე იძალადა.

საქმეზე გამოძიება 2019 წელს მტკიცებულებების სიმცირის გამო შეჩერდა, 2020 წელს კი მსახიობმა ქალმა გამოძიების განახლება გადაწყვიტა. 73 წლის ჟერარ დეპარდიე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ საქმე თვეების განმავლობაში გაგრძელდება. მანამდე კი france24.com წერს, რომ მსახიობის ეკრანს მიღმა ცხოვრებამ დაჩრდილა ყველა ის წარმატება, რომელსაც მან კარიერის განმავლობაში მიაღწია. გამოცემა მსახიობის ცხოვრებიდან რამდენიმე დეტალს იხსენებს.

ის ფრანგულ კინოში წარმოუდგენელი სიღარიბიდან მივიდა. მამა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ოჯახში ექვსი ბავშვიდან, მესამე იყო. დეპარდიემ ერთხელ გაიხსენა, თუ როგორ უამბო დედამ, რომ მისი გაჩენა არ სურდა და აბორტის გაკეთება სცადა, თუმცა მუცელი არ მოეშალა. 16 წლის იყო, როდესაც მანქანის მოპარვის გამო, ციხეში მოხვდა. სამსახიობო კარიერამ ის ერთგვარად იხსნა ცუდი გარემოცვისგან, სიღარიბისგან. ამბობს, რომ როცა მსახიობობა გადაწყვიტა, მთავარი მოტივატორი ფულის შოვნის შესაძლებლობა იყო. "ეს შეიძლება ცოტა ვულგარულად ჟღერდეს, მაგრამ ასე იყო", - თქვა დეპარდიემ 2015 წელს.

მსახიობის ჰოლივუდური კარიერა ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვობაში ის ბევრი სიბინძურისა და გაუპატიურების მომსწრე იყო. თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ინტერვიუში ბევრი სისულელე ილაპარაკა.

დეპრადიეს ცხოვრებაში სკანდალს სკანდალი მოჰყვებოდა და ასეა დღემდე, თითქოს ეს უწყვეტი ჯაჭვია. ცუდი ურთიერთობა ჰქონდა შვილთან და იმდენად ცუდი, რომ 2003 წელს მისი ვაჟი დააკავეს. ბრალად მამის დაჭრა ედებოდა. აღსანიშნავია, რომ მის ვაჟს ნიჭიერ მსახიობად თვლიდნენ, თუმცა ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო ნიჭის რეალიზება ვერ შეძლო. 2008 წელს კი მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა.

ჟერარ დეპარდიე არაერთხელ უნახავთ მთვრალი პრემიერებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე და ამის გამო გამუდმებით ხდებოდა პრესის განხილვის მთავარი თემა. "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ, რომელსაც ხანდახან სურს, რომ გაითიშოს", - უთხრა დეპარდიემ ერთხელ CNN-ს