ავტორი:

"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე

"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ორი პირის - „თრეველ ჯის“ დირექტორისა და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრის დაკავებას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა, ლიკა სიმონიშვილი ეხმიანება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი აცხადებს, მომხდარი ტრაგედია ორივე ბრალდებულის პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, კომპანიის დირექტორმა მიკროავტობუსი შემოწმების გარეშე გაუშვა მთაში ტურზე, ავტომანქანის მფლობელმა კი მისი გაუმართაობის შესახებ იცოდა, თუმცა, ადამიანების სიცოცხლის ფასად გარისკა.

„მათი ადგილი ციხეშია - ახლა სადაც არიან იქ. ძალიან მწყდება გული, ახლა იმაზე ვფიქრობდი, მათი ახლობლები რა დღეში იქნებიან-მეთქი, მაგრამ ეს არ არის შემთხვევითი ამბავი. შალვა ბოლოთაშვილი თაღლითურად აკეთებდა ფულს, სხვისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, თაღლითურად შოულობდა ფულს. ადამიანი ასე გაწირო სასიკვდილოდ, რადგან „კოკამ ერთხელ მოიტანა წყალი“, დაუშვებელია. სამწუხაროდ, ამჯერად აღარ „მოიტანა წყალი“ და სამწუხაროდ, ჩემი შვილები მოყვნენ ამ ამბავში. ასეთი რამ აუცილებლად კიდევ განმეორდებოდა. საქმეში რომ ჩავიხედე, „თრეველ ჯის“ გარშემო კომენტარებში ისეთი ამბები ტრიალდებდა, თურმე, წლებია, მათ ხალხი ებრძვის, უბრალოდ, არავინ შემოკვდომიათ ჩვენს ამბამდე, იქამდე ასე თუ ისე, „კოკას მოჰქონდა წყალი“. ამ კომპანიის მიმართ ხალხს ძირითადად, გაუმართავ მანქანაზე აქვს პრეტენზია, პასუხები არ გაინტერესებთ რა ჰქონდათ? მანქანაში რომ სხდებოდით, თვალები სად გქონდათო. ამხელა ამბავი მოხდა, ერთი შვილი მომიკლა, მეორე სიკვდილის პირას მიიყვანა, დირექტორს ერთი არ მოუკითხავს არც ცოცხალი, არც მკვდარი. კაცმა თავი დამნაშავედ საერთოდ არ იგრძნო! ასეთი რამე შეიძლება?! საერთოდ, ბალიშზე თავი როგორ ედო, როგორ ეძინა? ბოდიში მაინც მოეხადა, ბოდიში ეთქვა კაცურად, მწუხარებას ვიზიარებო, ეს მაინც რომ ეთქვა, ჩვენს კეთილგანწყობას ასე თუ ისე, მოიპოვებდა. მართლა არ მინდა არავის ციხეში ჩასმა, მაგრამ ამ ხალხის ადგილი ციხეშია, რომ ჩემსავით კიდევ არავინ გაამწარონ, ციხეში უნდა ისხდნენ. მანქანის მფლობელმა გოგინაშვილმა კიდევ ყველაზე კარგად იცოდა როგორი მანქანაც გააქირავა. ბოლოთაშვილმა ის დააშავა, რომ ისეთ ტურებს აწყობდა, რომელსაც არ აკონტროლებდა, არ ამოწმებდა, შეუმოწმებელ მანქანებს აგზავნიდა. გოგინაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, მისი მანქანა რა მდგომარეობაში იყო, ე.წ. რუჩნოი არ უმუშავებდა მანქანას და მთაში ტურზე გაუშვა. ძალიან კარგად იცონდნენ, რა რისკის ქვეშ დააყენეს 20 ადამიანის სიცოცხლე. 6 თვე ხომ ეძინათ კარგად, ბალიშზე ხომ ედოთ თავი კარგად? მათი ადგილი ციხეშია, ჩემი შვილი მიწას თუ არის ამოფარებული, ისინი ციხეში მაინც ისხდნენ, დიდი შეღავათია გარდაცვლილებთან შედარებით“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი გადარჩა. გადარჩენილებს შორის არის მედეა დევსურაშვილის და, ხატია დევსურაშვილი.

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?