ავტორი:

"იმედია, აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება ოჯახში..." - რას ამბობენ შატილის ავარიისას დაზარალებულები ბრალდებულების დაკავებაზე

"იმედია, აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება ოჯახში..." - რას ამბობენ შატილის ავარიისას დაზარალებულები ბრალდებულების დაკავებაზე

2020 წლის აგვისტოში, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს "თრეველ ჯის" დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილი დააკავეს. დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავებული და სასწაულებრივად გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყებების რეაგირება დაგვიანებულია. მისი თქმით, სახელმწიფომ სათანადოდ ვერ გაართვა თავი უმძიმესი ტრაგედიის საქმის გამოძიებას. შატილის ტრაგედიას ხატიას და, მედეა ემსხვერპლა.

"კარგი შედეგია, მაგრამ დაგვიანებული. იმხელა ტრაგედია მოხდა, სახელმწიფომ გლოვის დღე გამოაცხადა, დროშები დაუშვა და ჩვენ თუ საერთოდ ხმის ამოღება დაგვჭირდებოდა, არ მეგონა. სამწუხაროდ, სანამ არ ვიაქტიურეთ, სანამ ჟურნალისტები და ადვოკატები არ ჩავრთეთ საქმეში, თავად არაფერი მოუმოქმედებიათ. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და გადაცემა "გამომძიებელი რეპორტიორის" დამსახურებაა, რომ ისინი დააკავეს.

არანაირ მხარდაჭერას არ იჩენდნენ თავიდან ჩვენ მიმართ საგამოძიებო უწყებები. დაზარალებულის სტატუსიც ადვოკატის დიდი ძალისხმევის შედეგად, სულ რაღაც სამი კვირის წინ მომანიჭეს. ახლა მთავარია საქმე ბოლომდე მივიდეს და მიუსაჯონ შესაბამისი სასჯელი.

შალვა ბოლოთაშვილი აქამდე უნდა დაეჭირათ. ის მთელი ამ დროის განმავლობაში ისევ აგრძელებდა ტურისტულ საქმიანობას, ამასთან, თავის პასუხისმგებლობას უარყოფდა და გარდაცვლილ მძღოლზე იწმენდდა ხელებს. ვინმემ რომ 20-თეთრიანი ქვითარი არ გამოწეროს, საგადასახადოს რა რაეაგირებაც ექნება ვიცით, და ტურის მთელი თანხები რომ შალვა ბოლოთაშვილის სახელზე ირიცხებოდა და არა კომპანიის ანგარიშზე, ამ ყველაფერზე სახელმწიფოს რეაგირება რატომ არ ჰქონდა?! მათ ხომ იცოდნენ ამის შესახებ. იმედია, ჩვენს ტრაგედიას გაკვეთილად გამოიყენებენ და აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება თავის ოჯახში..." - ამბობს ხატია დევსურაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

AMBEBI.GE ესაუბრა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული დავით სისაურის შვილსაც. თეა სისაური პროკურატურის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდებათ.

"სიმართლე, გითხრათ, ამ შედეგს გაცილებით ადრე ველოდებოდი. გუშინ გახდა 6 თვე ამ ტრაგედიიდან. როგორც გვეუბნებოდნენ, ელოდებოდნენ ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ეს დრო დასჭირდა. თუმცა, ახლა კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით, იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივა საქმე და კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდებიან.

მამაჩემი თავის 7 მეგობართან ერთად იყო წასული ტურში და მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა. 17 ადამიანი დაიღუპა, რა უნდა იყოს ამ ტრაგედიის საპირწონე?!" - ამბობს სისაური.

საქმეში დაზარალებულთა უფლებებს იცავს "ადამიანის უფლებათა ცენტრი". ორგანიზაციის იურისტი დიმიტრი ნოზაძე გვეუბნება, რომ ორი პირის დაკავების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასკვნამ განაპირობა. ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ ექსპერტიზის პასუხები სამხარაულის ბიურომ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. ნოზაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.

"ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ გვინახავს, მაგრამ სავარაუდოდ, ამ დასკვნის შედეგებმა განაპირობა დაკავება. როგორც ჩანს, დადგინდა ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა. ავტომობილს ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის იანვარში ჰქონდა გავლილი, რომლითაც დადგინდა, რომ სამუხრუჭე სისტემა იყო მწყობრიდან გამოსული. მიუხედავად ამისა, "თრეველერ ჯი" მაინც წავიდა ტურში. შესაძლოა, პასუხისმგებლობის დაკისრება მოვითხოვოთ იმ კომპანიისთვისაც, რომელმაც ტექდათვალიერება ჩაატარა და არ გააკონტროლა, გამოასწორა თუ არა ხარვეზი მძღოლმა. ამ ავტომობილს კიდევ უწევდა ტექდათვალიერების გავლა ივნისში, მაგრამ არ გაუვლია.

რაც შეეხება პროკურატურის გადაწყვეტილებას ბრალის წაყებენის თაობაზე, აბსოლუტურად სწორია. საქმეში მათი ბრალეულობა თავიდანვე იკვეთებოდა. კომპანიის დირექტორის პასუხისმგებლობაა ის, რომ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი დაიქირავა და არ შეამოწმა, 17-კაციან სამარშუტო ავტობუსში 20 ადამიანი ჩასვა და ყველანაირ პასუხისმგებლობას აარიდა თავი. სამარშუტო ტაქსის მესაკუთრის ბრალეულობა კი იმაშია, რომ მან გააქირავა ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი, მაშინ როდესაც იცოდა, რომ ავტომობილს უნდა ევლო ტურებში, სახიფათო ადგილებში" - ამბობს ადვოკატი

შეგახსენებთ, 2020 წლის 23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მძღოლიც, 3 კი მძიმედ დაშავდა.

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?