ავტორი:

სმენაზე ზრუნვა ყველასთვის - 25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის დღეა

სმენაზე ზრუნვა ყველასთვის - 25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის დღეა

სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა წარმატებული, მზარდი კომპანიისთვის, ასევე სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ჯგუფი სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ ბიზნესმენმა და მეცენატმა ვანო ჩხარტიშვილმა მეუღლესთან, ნანა გოთუასთან ერთად დააფუძნა. ფონდის მიზანია მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით, სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია\რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი "აი ია" დაარსდა 2016 წლის 14 აპრილს, რათა მხარი დაუჭიროს სმენადარღვეულ ბავშვებს უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესში. ფონდის ბაზაზე 23 ბავშვსა და ოჯახს სრულყოფილი, კომპლექსური კოხლეარული იმპლანტის შემდგომი რეაბილიტაციის 5 წლიანი უწყვეტი კურსი მიეწოდება, რომლის ფარგლებშიც იღებენ აუდიო-ვერბალური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, სპეც-პედაგოგის, ფსიქოლოგის, მუსიკა თერაპევტისა და არტ თერაპევტის მომსახურება, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდის დამფუძნებელი.

სმენადაქვეითებული ბავშვების პრობლემებსა და ამ მიმართულებით ფონდის „აი ია“ საქმიანობაზე ფონდის აუდიო–ვერბალური თერაპევტი თამუნა კირვალიძე გვესაუბრება.

- მოგვიყევით ფონდის შესახებ

გარდა იმისა რომ ფონდი ბავშვებს რეაბილიტაციის უწყვეტ კურსს სთავაზობს, ის ზრუნავს სმენის პრობლემების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე; სმენის დაზიანების მქონე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, სპეციალისტების თუ პედაგოგთა გაძლიერებაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ დამხმარე სახელმძღვანელოების, ტრენინგების, ვორკშოპების გზით. 25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღეა და თავისთავად ცხადია ჩვენი ფონდი ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს.

- რა შემთხვევაშია საჭირო კოხლეარული იმპლანტი?

- როდესაც ადამიანს მძიმე ხარისხის სმენის დაქვეითება და სიყრუე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სამეტყველო და გარემოში არსებულ ხმების აღქმა უძნელდება. ეს თავისთავად აფერხებს მეტყველების განვითარებას და ხელს უშლის ადამიანს საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და კომუნიკაციის პროცესში. კოხლეარული იმპლანტის მეშვეობით კი ადამიანებს მათ ირგვლივ არსებული თითქმის ყველა ხმის გაგება შეუძლიათ.

- რა არის კოხლეარული იმპლანტი და რა დანიშნულება აქვს მას ადამიანისთვის?

- კოხლეარული იმპლანტი ყრუ ადამიანისთვის სმენის ალტერნატივაა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოწყობილობის მეშვეობით სმენის მძიმე დაზიანების მქონე ადამიანები სამყაროში არსებული მრავალფეროვანი ხმების გაგებას ახერხებენ. იმპლანტაციის პროცედურას ხშირად მოიხსენიებენ როგორც სმენის პროთეზირებას. კოხლეარული იმპლანტი პატარა, კომპლექსური ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: გარეთა და შიდა. გარეთა ნაწილი შეიცავს სამეტყველო პროცესორს მიკროფონით და მაგრდება ყურს უკან, ხოლო შიდა ნაწილი იმპლანტირდება ქირურგიული ჩარევით. ეს არის მიმღები და ელექტროდების ჯაჭვი, რომელიც თავსდება ლოკოკინაში. კოხლეარული იმპლანტის მიკროფონი იჭერს, იღებს ბგერებსა და მეტყველებას, გადასცემს სამეტყველო პროცესორს სადაც გარდაიქმნებიან ელექტრონულ იმპულსებად. ეს იმპულსები გადამცემის საშუალებით მიეწოდება ლოკოკინაში განთავსებულ ელექტროდებს, რომლებიც ასტიმულირებენ სმენის ნერვს, სმენის ნერვი ამ იმპულსებს გადასცემს თავის ტვინის სმენის ცენტრებს, სადაც აღიქმება როგორც ბგერა, მეტყველება, მუსიკა, ხმაური და ა.შ.

- რა ასაკიდან შეიძლება ჩატარდეს კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია?

იმპლანტის ოპერაცია შესაძლოა ჩატარდეს როგორც ერთ წლამდე ასაკის ბავშვთან, ასევე ზრდასრულ ასაკშიც, თუკი არსებობს ამის საჭიროება. სმენის დაზიანების ადრეული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და შედეგების თვალსაზრისით უკონკურენტოა. ამისთვის საჭიროა სმენის ადრეული სკრინინგი დაბადებისთანავე და მას შემდეგაც.

თუ ბავშვს არ აქვს სმენის დაზიანება დაბადებისას, მაგრამ ჩვილობის ასაკიდან მოყოლებულ პირველ წლებში უჩივის ყურის ტკივილებს, აქვს ხშირი ყურის ანთებები, ინფექციები, გადაიტანა მენინგიტი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამოწმდეს სმენა. რადგან ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ხშირად იწვევენ სმენის დაქვეითებას.

სმენის დაზიანების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში პირველი ნაბიჯი აბილიტაციაა, რაც კოხლეარულ იმპლანტამდე წინამოსამზადებელ პროცესად ითვლება. ამ შემთხვევაში ადამიანი 6 თვის მანძილზე ატარებს სასმენ აპარატს, გადის თერაპიულ პროცესს და ემზადება შემდგომი სმენა - მეტყველების რეაბილიტაციისთვის. რაც ნარჩენი სმენის სტიმულაციას ემსახურება და ამ პროცესის მიზანია ბავშვის სმენის სრული პოტენციალის წახალისება, ერთგვარი ადაპტირება სმენის სამყაროში - რის შემდეგაც ხდება ქირურგიული ჩარევა - იმპლანტაცია.

საქართველოში 2018 წლიდან ყველა სამშობიაროშია სავალდებულო სმენის სკრინინგი და ამ მხრივ სმენის პრობლემების ადრეული გამოვლენა და მართვა შესაძლებელია. იმპლანტის ოპერაცია 1998 წლიდან არის შესაძლებელი და დღემდე დაახლოებით 825 იმპლანტირებული ადამიანია.

- რა ხდება ოპერაციის შემდგომ?

- ოპერაციის შემდგომ აუცილებელია რეაბილიტაცია 3–დან 5 წლამდე ვადით, რომლის პროცესშიც ბავშვისთვის მოსმენის უნარი ბუნებრივი პროცესი ხდება, ამავე პერიოდში მეტყველების განვითარება, ბგერის გამოთქმასთან, სუნთქვასთან და სხვა საწარმოთქმო უნარ–ჩვევბთან დაკავშრებული საკითხების მოგვარება ხდება. ფონდის ბაზაზე კომპლექსური მომსახურების ფარგლებში პირველ რიგში ერთვება აუდიო-ვერბალური თერაპევტი, არტ თერაპევტი და ფსიქოლოგი, ინდივიდუალურად განისაზღვრება მუსიკა თერაპიის საჭიროება თითოეულ ბავშვთან, შემდგომ ეტაპზე ერთვება მეტყველების თერაპევტი და სპეც პედაგოგი. მულტიდისციპლინური გუნდი ურთიერთ-გადამკვეთ უნარებზე ერთობლივად , სხვადასხვა გზითა და სტრატეგიით მუშაობს ოჯახთან ერთად , მათი აქტიური ჩართულობით.

სმენის პროთეზირების დასაწყისში, როდესაც ბავშვი პირველ სმენით გამოცდილებას იღებს, მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბგერებს განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს. მას ესმის, მაგრამ ჯერ არ იცის მოსმენა. იმისთვის, რომ ბავშვმა შემოგხედოთ, როდესაც სახელით მიმართავთ, მას რამდენიმეთვიანი სმენითი გამოცდილება სჭირდება.

გასათვალისწინებელია სამი მნიშვნელოვანი ასპექტი:

  • მან უნდა ისმინოს;
  • თქვენ დაელოდოთ;
  • ბევრი უნდა ესაუბროთ.

თუ ბავშვმა ვერ მოისმინა, ვერც ალაპარაკდება. სიტყვა მეტყველების დროს რომ გამოიყენოს, ბავშვმა ის დაახლოებით 600-ჯერ უნდა მოისმინოს სხვადასხვა სიტუაციაში, ადეკვატურ გარემოში, რათა დაიმახსოვროს მისი ჟღერადობა, მნიშვნელობა და მიხვდეს, როგორ წარმოითქმის. რაც უფრო გვიან დიაგნოსტირდება სმენის დაზიანება, მით უფრო მეტი დრო და მიზანმიმართული ძალისხმევა დაგვჭირდება ბავშვის რეაბილიტაციისთვის.

- რა იგულისხმება სმენის განვითარებაში?

- ისევე, როგორც მეტყველების განვითარებას (ღუღუნი, ტიტინი, პირველი სიტყვა, პირველი წინადადება და ა.შ.), სმენის განვითარებასაც თავისი ეტაპები აქვს. საბოლოო შედეგის მისაღებად ბავშვმა ყველა მათგანი უნდა გაიაროს.

პირველ, საწყის ეტაპზე ბავშვი "მოსმენას" სწავლობს. ამ ეტაპის გავლის შემდეგ მას უნდა შეეძლოს სამეტყველო და არასამეტყველო ხმების დიფერენცირება, სივრცეში ბგერის წყაროს აღმოჩენა, ბგერათა რაოდენობის, ხანგრძლივობის, ხმის ტემბრის (ქალი, კაცი, ბავშვი), სიძლიერის, მარტივი რიტმის (ნელა, ჩქარა) განსაზღვრა.

მეორე, ბაზისურ ეტაპზე ბავშვმა უნდა შეძლოს სიტყვის მარცვლოვანი სტრუქტურის აღქმა, სიტყვაში მარცვალთა რაოდენობის განსაზღვრა, მარტივი კითხვის გაგება, სმენითი მეხსიერებისა და ყურადღების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

მესამე, საშუალო ანუ ენობრივი განვითარების ეტაპი გულისხმობს როგორც საკუთარი, ისე სხვისი მეტყველების აღქმასა და გაგებას. ფონემატური სმენის განვითარებას.

მეოთხე, გაბმული მეტყველების განვითარების ეტაპი მოიცავს რთული ტექსტების აღქმასა და გაგებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, გრამატიკული ფორმების განსაზღვრას, რამდენიმესაფეხურიანი ინსტრუქციის გაგებას, მეტყველების გაგებას ჩქარი ლაპარაკის დროს, ჩურჩულის დროს, შედარებით შორ მანძილზე, ხმაურის ფონზე. ეს ეტაპი ხანგრძლივია და მის გასავლელად ყველა ბავშვს სხვადასხვა დრო სჭირდება.

- სახლის პირობებში შეიძლება თუ არა შევამოწმოთ სმენა?

- კოხლეარული იმპლანტის ან სასმენი აპარატის მქონე ბავშვის სმენის უნარის შემოწმებაში ლინგის ექვსი ბგერის ტესტი დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით გაიგებთ, აღიქვამს თუ ვერა ბავშვი სამეტყველო ბგერების სრულ დიაპაზონს. ეს ბგერებია: ა, მ, ი, უ, შ, ს. ისინი განსაზღვრულ სიხშირულ დიაპაზონშია გაშლილი: უ და მ დაბალსიხშირულია, შ და ა - საშუალოსიხშირული, ს - მაღალსიხშირული. ი მაღალსიხშირულიც შეიძლება იყოს და საშუალოსიხშირულიც.

თუ 4-6 მეტრზე ბავშვს ესმის ნორმალური სასაუბრო ხმით ან ჩურჩულით წარმოთქმული ექვსივე ბგერა, ეს ნიშნავს, რომ მას ესმის ყველა სამეტყველო ბგერა და მეტყველებას გაიგებს.

დადექით აპარატის მხარეს, ოთხი მეტრის მოშორებით, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ბავშვი ვერ ხედავს თქვენს სახეს, ტუჩების მოძრაობას და ბგერებს მხოლოდ სმენით აღიქვამს. თუ წინ დაუდგებით, ტუჩებზე აიფარეთ ფურცელი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც ჰაერის ნაკადს გამოსვლაში ხელს არ შეუშლის და ბგერას სიმძლავრეს არ დაუკარგავს.

ბგერები წარმოთქვით ნორმალური ტემბრით, სხვადასხვა ხანგრძლივობითა და თანმიმდევრობით, ზომიერი არტიკულაციით.

ბავშვმა სურათზე უნდა გაჩვენოთ, რა გაიგო. მან წინასწარ იცის (გავარჯიშებულია), რომელი ხმა რომელ სურათთანაა დაკავშირებული. მაგალითად, "უუუ" - მატარებელი, "სსს" - გველი, "მმმ" - ნაყინი, "იიი" - თაგვი, "შშშ" - ჩაიდანი, "ააა" - თვითმფრინავი.

- როგორ შევუმოწმოთ ჩვილს სმენა

- ჩვილისთვის სმენის შემოწმება შინაც შეიძლება. ქინდერ-სიურპრიზის ერთ კაფსულაში მესამედზე ჩაყარეთ ბარდა, მეორეში - წიწიბურა, მესამეში - მანანის ბურღული. შეარჩიეთ დრო კვებასა და კვებას შორის, როცა ბავშვი მშვიდად და ფხიზლადაა. თუ ჯდომა ჯერ არ შეუძლია, ისე დააწვინეთ, რომ ორივე მხრიდან მიუდგეთ, 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვი კი შეგიძლიათ კალთაში ჩაისვათ.

დამხმარეც დაგჭირდებათ, რომელიც ბავშვს წინ დაუდგება და დააკვირდება მის რეაქციებს: გაშეშებას, მიყურადებას, ბგერის წყაროსკენ თავის მიტრიალებას და სხვა.

ბავშვის უკან, მარჯვენა ყურიდან 10 სანტიმეტრზე, შეარხიეთ ჯერ მანანიანი კაფსულა, 30 წამის შემდეგ - წიწიბურიანი, ამდენივე ხნის შემდეგ - ბარდიანი. ასევე შეამოწმეთ მარცხენა ყურიც.

6 თვემდე ასაკის ბავშვი უნდა რეაგირებდეს როგორც მანანის ბურღულის, ისე საჭყვიტინო სათამაშოების ხმებზე, 6 თვეს გადაცილებული - ყველა მიღებულ ბგერით სიგნალზე. თუ ბავშვს რეაქცია არ აქვს, პროცედურა ცოტა ხნის შემდეგ გაიმეორეთ. თუ რეაქცია კვლავ უარყოფითია, აუცილებლად მიმართეთ აუდიოლოგს.

- როგორ მოგმართონ საკითხით დაინტერესებულმა პირებმა?

შეუძლიათ ეწვიონ ჩვენს ფეისბუქ გვერდს საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ და ჩაეწერონ კონსულტაციაზე. ფონდში ყოველ პარასკევს ნებისმიერი მსურველისთვის 18 წლამდე უფასო კონსულტაციის დღეა.

ინფორმაცია, რომელსაც სისხლის წვეთი ადამიანზე ატარებს და მისი შესწავლის ახალი მეთოდი, რომელიც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

განსაკუთრებული საჩუქრები ქალთა დღეების გასალამაზებლად

მეწარმეთა ტრენინგები საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად იწყება