ავტორი:

"პროცესი უწყვეტი იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას" - რას გეგმავს ოპოზიცია

"პროცესი უწყვეტი იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას" - რას გეგმავს ოპოზიცია

"ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია "სირცხვილის კორიდორების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალიდან ისინი უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებენ.

"ხვალინდელი აქცია არის დასაწყისი უწყვეტი პროტესტის. პროტესტი ეხება პირველ რიგში, პოლიტპატიმრებს, რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ უფრო ფართოდ დგას დღეს საკითხი. დღეს, საქართველოს გასაბჭოების და კომუნისტურ რესპუბლიკად ქცევის 100 წლის თავზე, კვლავ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღეს არამარტო 20%-ია ოკუპირებული, არამედ მე-11 არმია პირდაპირ გვყავს ხელისუფლებაში. დღეს, როგორც არასდროს, საქართველო ყველაზე მეტად დაემსგავსა რუსეთს და რა საზიზღრობებიც ხდება რუსეთში, ანალოგიური, სამწუხაროდ, ხდება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.

პროტესტი იქნება უწყვეტი, გაიშლება ბევრი კარავი. კარავი არ არის თვითმიზანი, ეს არის საშუალება გულანთებული პატრიოტებისთვის, რომ ცუდ ამინდში თავი შეაფარონ. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებშიც.

იქნება პიკეტები, "სირცხვილის კორიდორები“, იქნება ასევე აქციები სხვადასხვა სამინისტროსთან, იმ სამინისტროებთან, რომლებიც გამოდიან როგორც "ოპრიჩნიკები” და არბევენ და ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. რეგიონებშიც იქნება მანიფესტაციები და მსვლელობები. კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა დაშვებული ხერხი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან. რიგგარეშე არჩევნები ნიშნავს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

პოლიტპატიმრების პირობებში ვერანაირი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ვერ იქნება. ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, ხვალ 13:00 საათზე ვიკრიბებით ფილარმონისთან და ყველა ერთად გავაგრძელებთ მსვლელობას. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარჩენის. ჩვენ გადავდივართ უწყვეტი პოლიტიკური პროტესტის და დაუმორჩილებლობის ფაზაში”, - განაცხადა უგულავამ.

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, "ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება დათმობისკენ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს საბოლოდ მათი დამარცხებით დასრულდება.

"ხვალ არის პირველი მსვლელობა თბილისში და მას მოჰყვება როგორც რეგიონებში, ისე შემდგომი აქციები თბილისში. როცა საუბარია არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაზე, პიკეტირება ბუნებრივი ინტრუმენტია მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტის. ეს გაგრძელდება ვიდრე არ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა. ჩვენ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური რეპრესიების დასრულება, ანუ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამის მიღმა ვერ იქნება ვერაფერი, რამაც შეიძლება განმუხტოს ქვეყანაში ვითარება. რაც შეეხება იმას, მჯერა თუ არა, რომ წამოვა "ოცნება“ დათმობაზე, ჩემი პასუხია, რომ მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. თუ ის ბოლომდე გაყვება ამ გზას, რომელიც სრულდება კატასტროფით, ის საბოლოო ჯამში დამარცხდება. ჩვენ ამისთვის გამოვიყენებთ ისეთ ინტრუმენტებს, როგორიცაა პიკეტირება, მსვლელობები, თბილისსა და რეგიონებში, მიტინგები და კარვების გაშლა პარლამენტთან“, - განაცხადა ბოკერიამ.

ასევე, "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა, რომ ოპოზიციამ გაითვალისწინოს ევროკავშირის მოწოდება, ოპოზიციის როლი უნდა იყოს კონსტრუქციული და ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში. ბოკერიას თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"საერთოდ განიხილება პარლამენტში შესვლა? ეს საერთოდ დღის წესრგიშიც არ დგას. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმემ სრულიად სხვა სახე შესძინა იმ ბრძოლას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

"უწყვეტი აქციები იქნება. ბუნებრივია, არ გვინდა ადამიანებს ცრუ მოლოდინი შევუქმნათ, ერთი აქცია იქნება, ამ აქციით ყველა პრობლემა მოგვარდება და ხელისუფლება გონს მოეგება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გზავნილი იქნება ხელისუფლებისთვის აქციების ის წყობა, რომელსაც ვგეგმავთ. ეს იქნება თბილისში, შემდეგ ბათუმში, სხვადასხვა რეგიონებში. ეს პროცესი უწყვეტი იქნება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, ნიკა მელიას საქმემ სრულიად სხვა სახე შესძინა იმ ბრძოლას, რომელიც ქვეყანაშია. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. ველოდებით, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ჩაეთვება ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტია, მაგრამ პოლიტიკოსები ვაპირებთ, ადამიანებს ამ შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი მივცეთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, ე.წ. კომენდანტის საათის ძალაში დატოვება მოწმობს, რომ ხელისუფლებას სურს ამ გზით საპროტესტო აქციების ჩატარებას ხელი შეუშალოს.

"ეს პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანებს აქტივობაში ხელი შეუშალო. ამ პირობებშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მალე მივაღწიოთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხვალ დაგემილ აქციაზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერებს მათ სამ ძირითად მოთხოვნას, რომელიც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა საპატიმროდან უნდა გათავისუფლნენ.

"საზოგადოებისთვის ჩვენი მოთხოვნები ცნობილია. პირველ რიგში, ეს შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემას - ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროდან უნდა გათავისუფლნენ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის თაობაზე და იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება სამართლიანი და თავისუფალი. სწორედ ამ მოთხოვნებით ვაპირებთ ხვალ აქციაზე მოსვლას - შეწყდეს პოლიტიკური დევნა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს დემოკრატიული არჩევნები ჩვენს სახელმწიფოში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს.

"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან..." - რატომ არ იყო "გირჩი" პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან?

"დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე, რაც დასანანია" - ნიკა მელია

"მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმას ეხმაურება