ავტორი:

"ამ სტატიაზე დიდ იმედს ვამყარებ... გთხოვთ, გამომეხმაურეთ" - ფრანგი ქალი თბილისელებს ახლობლების პოვნაში დახმარებას სთხოვს

"ამ სტატიაზე დიდ იმედს ვამყარებ... გთხოვთ, გამომეხმაურეთ" - ფრანგი ქალი თბილისელებს ახლობლების პოვნაში დახმარებას სთხოვს

1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, რუსეთის წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. საბჭოთა სამხედრო ძალები, რუსეთის მსროლელთა ბრიგადის პოლკები, სრულიად საქართველოს ალყაში მოქცევას ისახავდნენ მიზნად. ახლა 2021 წლის თებერვლია, ამ ამბიდან ზუსტად ერთი საუკუნის თავზე საოცარი სიზუსტითა და დამთხვევით ერთი ტრაგიკული ისტორია უნდა გიამბოთ, ისტორია "ტიფლისელი" ოჯახისა, რომელიც სწორედ 1921 წლის საქართველოში შემოჭრილმა რუსეთის არმიამ სამუდამოდ დაანგრია. თბილისელმა ახალგაზრდა ინჟინერმა კაცმა, პარიზში ცოლი და პატარა შვილები რუსის ჯარისგან გადასარჩენად გააქცია, იმ იმედით, რომ მოგვიანებით თავადაც ჩააკითხავდა, სამწუხაროდ, კაცს ისინი აღარასდროს უნახავს, საკუთარ ფესვებს კი დღეს საფრანგეთიდან მისი შვილთაშვილი ეძებს და დიდი ბაბუის საფლავზე ვარდების თაიგულის მიტანაზე ოცნებობს...

ფრანგი პატრიკ ჟანიოს ქუთაისში ემიგრირებული ოჯახის თაობაზე ambebi.ge-ს მიერ, ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიას, მარიან ტენეზი სოციალურ ქსელში გადააწყდა და გადაწყვიტა თბილისში საკუთარი ოჯახის წარსულის საძიებლად ჩემთვის მოემართა. ეს ისტორია, თითოეული მისი მკითხველის მიმართ გაგზავნილი დახმარების გზავნილია, მარიანი საკუთარი ოჯახის, დიდი ბაბუის კონსტანტინე ახვერდოფის (ქართულად ახვერდოვის) ნათესავების საძიებლად დახმარებისთვის საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისის მოსახლეობას მიმართავს.

მარიან ტენეზი

- მე მარიან ტენეზი ვარ, საფრანგეთში, ბორდოში ვცხოვრობ და დეპარტამენტალურ არქივებში ვმუშაობ. ჩემი საქმიანობა ძალიან მეხმარება ვაწარმოო საგვარეულო წარსულის ძიება, მაგრამ საქართველოს როდესაც მივწერე, არავინ მიპასუხა, დღემდე პასუხს ველი, ამიტომაც დახმარება თქვენ გთხოვეთ. უკვე ერთი წელია, რაც ჩემი ბიძისგან, მამაჩემის ძმისგან ელექტრონული წერილი მივიღე. იგი მწერდა, რომ სახლში აუდიოკასეტა აღმოუჩენია, კასეტა რომელზეც დედამისის, ანუ ბებიაჩემის ჟილბერტის ლაპარაკი იყო ჩაწერილი და რომელიც 1983 წლით თარიღდება. ეს ჩანაწერი ბებიაჩემის საქართველოდან დაბრუნების შემდეგ გახლდათ გაკეთებული. ბებიამ ერთადერთხელ იმოგზაურა, რუსეთის გავლით, საქართველოში და როდესაც უკან დაბრუნებულა, სახლში ახლადშეძენილი მაგნიტოფონი დახვედრია, რომლის საშუალებითაც ბებიამ სრულად და თანმიმდევრულად დაგვიტოვა შვილიშვილებს საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილის შესახებ მოგონებები. როდესაც შევიტყვე ამის შესახებ, სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემი ამ ამბით დაინტერესება და გამიჩნდა სურვილი წინაპრების კვალს გავყოლოდი.

- დასაწყისისთვის გვიამბეთ თქვენი წინაპრების ისტორია...

- ჩემი დიდი ბებია, ფრანგი ჟან ნური საფრანგეთიდან რუსეთში გაემგზავრა. ჩემი საარქივო ძიებით დავადგინე, რომ მან 1908 წელს მოითხოვა ამისთვის ვიზა, სავარაუდოდ, ვიზის მიღებიდან მალე გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში. ვფიქრობთ, იგი სამუშაოდ, ფრანგულის მასწავლებლად უნდა წასულიყო და უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ სწორედ იქ გაიცნო ჩემი დიდი ბაბუა - კონსტანტინე არტემოვიჩ ახვერდოფი (ახვერდოვი), რომელიც 1884 წელს თბილისში გახლდათ დაბადებული. ახალგაზრდა კონსტანტინე რუსეთში, საინჟინრო საარქიტექტორო სასწავლებელში სწავლობდა, წარმოშობით სომეხი, მაგრამ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი "ტიფლისელი" ახალგაზრდა იყო.

ჟან ნური - პირველ რიგში თეთრი პერანგით

კონსტანტინეს და ჟანს, სანკტ-პეტერბურგში, წმინდა ეკატერინეს გრეგორიანულ ეკლესიაში დაუწერიათ ჯვარი. მათი სიყვარულის ისტორიაზე მხოლოდ ის ვიცით, რომ 1911 წელს 5 ივნისს დაქორწინდნენ. სავარაუდოდ, რუსეთში იქამდე დარჩნენ, ვიდრე ჩემი დიდი ბაბუა სწავლას არ დაამთავრებდა, შემდეგ კი 1914 წელს ისინი თბილისში დაბრუნდნენ. ჯერ ვაჟიშვილი არტემი შეეძინათ, შემდეგ ქალიშვილი ელენა 1915 წელს გაუჩნდათ (ბებიაჩემ ელენას, საფრანგეთში ჟილბერტს ეძახდნენ).

ჟან ნურის საქმიანობის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი მათ ოჯახზე ისაა, რომ თბილისში საკმაოდ მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდნენ, ჩემი დიდი ბაბუა ინჟინერ - არქიტექტორი გახლდათ და თავისი საქმიანობის გამოისობით კავკასიის ცნობილ ადამიანთა ნუსხაშიც კი შედიოდა. როგორც ჩანს, ამ ოჯახს საკმაოდ კარგად უნდა ეცხოვრა, ჩემს დიდ ბაბუას ბევრი დედმამიშვილიც ჰყოლია და ალბათ მჭიდრო კავშირი ჰქონდა მათთანაც, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში დადგა 1921 წელი, როდესაც მათი ოჯახური იდილია დასრულდა.

1921 წელი ისტორიაში ცნობილია როგორც რუსეთის წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის წელი... ქვეყანაში რუსეთის ჯარების მასიურმა შემოსვლამ გამოიწვია ის, რომ რუსებმა საქართველოში მცხოვრები ფრანგების დევნა და დაპატიმრება დაიწყეს.

კონსტანტინე ახვერდოვი

ჩემი დიდი ბებია ჟან ნური, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, თავისთავად საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და გადაწყვიტა რუსების ხელში ჩავარდნას, თავისი შვილებით, საფრანგეთში გამოქცეულიყო. მისი მეუღლე კონსტანტინე ახვერდოფი, რომელიც ქართველი გახლდათ, როგორც ჩანს, ასე ადვილად და სწრაფად ოჯახს ვერ გამოჰყვებოდა პარიზში, ამიტომ ბათუმიდან გემით გააცილა ცოლ-შვილი იმჟამინდელ კონსტანტინეპოლში, ანუ ისტამბულში. ისტამბულის არქივებში ჟან ნურის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ აღმოვაჩინე, რომ ბებიაჩემი სპეციალური დაზვერვის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ მას არაფერი არ უნდა სცოდნოდა და რომ არა ჩემი საარქივო საქმიანობა, ვერც ვერავინ გაიგებდა ამას, მაგრამ მე ხელი მიმიწვდება მსგავს დოკუმენტაციაზე, სადაც ვნახე რომ საფრანგეთში წასასვლელი ვიზა ჩემს დიდ ბებიას კონსტანტინეპოლში, 1921 წლის ოქტომბრის თვეში მიუღია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო მან აპრილის თვიდან ოქტომბრის თვემდე შუალედში დატოვა თავისი მცირეწლოვანი შვილებით.

ამ პერიოდში საფრანგეთის მთავრობა საქართველოში მცხოვრებ ფრანგებზე, ე.წ ფრანგულ კოლონიაზე, მათი რუსეთის ჯარის მარწუხებისაგან გადარჩენის და დახსნის მიზნით თავისთავად მონაცემებს აგროვებდა და სწორედ ამგვარ საარქივო ჩანაწერებში მოვიძიე ჩემი დიდი ბებიის ჟან ნურის გადაადგილებების შესახებ ინფორმაცია.

კონსტანტინე - პირველ რიგში, დედასთან და და-ძმებთან ერთად

როგორც ვიცი, კონსტანტინეს და ჟანს ჰქონდათ გეგმაში ის, რომ ჯერ ჟანი და ბავშვები გამოიქცეოდნენ პარიზში, მოგვიანებით კი მათ კონსტანტინე შემოუერთდებოდა, რაც სამწუხაროდ აღარ მოხდა, როგორც ჩანს, მან თავი ვეღარ დააღწია რუსის მმართველობას. საფრანგეთში დაბრუნებულმა ჟან ნურიმ ორი პატარა შვილით თავისთავად თავის ოჯახს მიაშურა. ჩემთვის ცნობილი ისაა, რომ ბავშვები ფრანგულად არ ლაპარაკობდნენ, ბებიაჩემი 6 წლის იყო, როდესაც საფრანგეთში ჩამოვიდა, ხოლო მისი ძმა ცოტა უფროსი, მათ ძალიან გაჭირვებიათ სკოლაში მისვლა, ცნობილია, მაგალითად ის ფაქტი, რომ ბებიაჩემის ძმას კლასელები დასცინოდნენ კიდეც აქცენტის გამო. ჟანმა შვილებით ცოტა ხანს თავის ძმასთანაც იცხოვრა, ვიცით, რომ მას საქართველოდან ჩამოტანილი სამკაულები და ნახატები გაუყიდია და ამით გაჰქონდა ერთხანს თავი. მოგვიანებით კი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად თავის შვილებთან ერთად. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჟანი ლამაზი ქალი იყო და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, ის ძალიან შეჰყვარებია ერთ პარიზელ ექიმს, მაგრამ ცოლად არაფრით არ გაჰყვა, ვინაიდან ის თავისი ქმრის გვარს, ახვერდოფს ძალიან უფრთხილდებოდა და არ სურდა დაოჯახება იმ მიზეზითაც, რომ გვარს შეაცვლევინებდნენ.

- რა იცით ჟანის მეუღლის კონსტანტინეს შესახებ, რომელიც თბილისში დარჩა?

- კონსტანტინემ ჩამოსვლა ვეღარ მოახერხა, ზუსტად ხუთი წლის შედეგ კი ის დაოჯახებულა ერთ ქვრივზე, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა - ირინა და მიხეილი. ბავშვები კონსტანტინეს შვილების ასაკისა ყოფილან იმ დროს და ჩემს დიდ ბაბუას მართლაც საკუთარი შვილებივით გაუზრდია ისინი. ეს ამბავი მისი გერისგან მიხეილ იურლოვისგან გაიგო ბებიაჩემმა 1983 წელს თბილისში მოგზაურობისას. კონსტანტინე ახვერდოფის შესახებ ვიცით ის, რომ იგი 1939 წლიდან თბილისის არქიტექტორთა გაერთიანებაში შედიოდა და როგორც ჩანს, თავის საქმიანობას წარმატებით განაგრძობდა. ბებიაჩემის ჩანაწერებიდან ირკვევა ისიც, რომ იგი 1957 წელს გარდაიცვალა.

ასევე ბებია ასახელებს მამამისის ბოლო მისამართს, თბილისი, ენგელსის ქუჩას და მის სამუდამო განსასვენებელს ვაკის სასაფლაოს. როგორც ჩანს, ბებიაჩემს მთელი ცხოვრება არ ასვენებდა თავისი ქვეყნის თუ ოჯახის უნახაობა და როგორც კი იქ წასვლის საშუალება მიეცა, მაშინვე გაემგზავრა. ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ჩვენი საოჯახო ლეგენდა ამბობს, რომ ჩვენი დიდი ბაბუის - კონსტანტინეს დედას 17 შვილი ჰყავდა, ჩვენ მხოლოდ ორ მათგანზე გვაქვს ბებიისგან ინფორმაცია. ეს გახლავთ კონსტანტინეს ძმა გრიგორი, რომელიც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი იყო და ქალიშვილი იდა ჰყავდა. ისევ ბებიაჩემის აუდიო ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ თბილისში მოგზაურობისას მან თავისი ბიძაშვილი იდაც მოინახულა.

კონსტანტინე მეორე ცოლთან ერთად

კონსტანტინეს მეორე ძმას ევანევი ერქვა და ის ადვოკატი ყოფილა. სულ ესაა, რაც კონსტანტინეს ოჯახის შესახებ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თბილისში მათი შთამომავლები კვლავ ცხოვრობენ და ჩვენ მათ ვიპოვით. როგორც გითხარით, ბებიაჩემი თბილისში თავის ბიძაშვილ იდას შეხვდა, თუმცა, არ ვიცით, რაზე ისაუბრეს მათ. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ იდა ცხოვრების ისტორიაც ძალიან მძიმედ წარმართულა, მისი მეუღლე ტროცკისტად გამოუცხადებიათ და ამის გამო დააპატიმრეს, ხოლო თავად იდა "გააგულაგეს". მთელი ტრაგედია იმაშია, რომ ამ დროს იდას შვილი სულ ახალი შეძენილი ჰყოლია, რომელიც ერთ ქართველ ოჯახს მისცეს თურმე გასაზრდელად. იდა როდესაც გულაგიდან დაბრუნდა, ის გერმანულის მასწავლებელი გახლდათ, ამიტომაც მუშაობა კერძოდ გაუგრძელებია ოჯახებში. ერთ ოჯახში კი როდესაც გერმანულის სასწავლებლად აიყვანეს, თავისი შვილი აღმოუჩენია. აი, მთელი ინფორმაცია, რაც ჩვენ ჩემი დიდი ბაბუის კონსტანტინეს ოჯახის წევრებზე ვიცით.

ჟილბერტ (ელენა ახვერდოვა) ახვერდოფის აუდიო ჩანაწერებიდან, სტილი დაცულია:

  • "გამგზავრება

ვიზა რომ ამეღო დავუკავშირდი საფრანგეთ-სსრ კავშირის სააგენტოს და წავედით საქართველოში, 13 - კაციანი ჯგუფი, რომელთა ერთ-ერთი წევრი იყო ბატონი შალვა იაშვილი, ჩემსავით დაბადებული საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად მიდიოდა იქ თავის ოჯახთან ერთად. იაშვილებთან ერთად მოგზაურობა ცოტათი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდა ჩემთვის.

ელენა ჟილბერტ ახვერდოვა

როდესაც მოსკოვში ჩავედით, რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. პოლიციამ გვაიძულა ფორმალობების გავლა მინიმუმ 4 საათის განმავლობაში, ანუ უნდა ითქვას, რომ მოგზაურობა, რომელიც სულ სამნახევარ საათს გაგრძელდა, უფრო მოკლეა, ვიდრე აეროპორტიდან გასვლა, რომელიც განსაკუთრებით გაჭიანურდა, რადგან ჩვენ ფრანგები ვიყავით.

სსრკ: მოსკოვი:

დიდი სიურპრიზი ის იყო, რომ სექტემბერში მოსკოვში შეიძლება გეგონოთ, რომ ცივა, ამიტომ თბილად ჩაცმული წავედი, მაგრამ ძალიან ცხელოდა.

საქართველო: ტფილისი / თბილისი

მოსკოვიდან ჩვენ გავემგზავრეთ საქართველოში, რაც ჩემი მოგზაურობის ერთადერთი მიზანი იყო. მას შემდეგ, რაც იქ დავიბადე, პირველად დავბრუნდი. მინდოდა მეცადა ჩემი ოჯახის კვალისთვის მიმეკვლია. მამა 1957 წელს აქ გარდაიცვალა და მე მქონდა მისი ძველი მისამართი. თბილისის აეროპორტში მისულს ქარიშხალი და საკმაოდ ძლიერი წვიმა დაგვხვდა, საღამო იყო. სასტუმროში ჩასვლისთანავე, ქართველმა მეგზურმა (რომელსაც ლილი ჰქვია და რომელზეც საკმაოდ ხშირად ვისაუბრებ), როდესაც პასპორტი მივეცით და მან ჩემი ქალიშვილობის სახელი დაინახა, მაშინვე თქვა: "ოჰ, შენ ახვერდოვა ხარ! თქვენ იცით, თქვენი ოჯახი აქ თბილისში ძალიან კარგად არის ცნობილი, ისინი არიან არისტოკრატი თბილისელები, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო ... ”. მაშინვე ის ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი გახდა. ავუხსენი, რატომ ვიყავი თბილისში, რატომ ჩამოვედი აქ, რომ მინდოდა მეპოვნა ჩემიანები და ა.შ. როგორც შემეძლო.

მეორე დილით, რადგან ქალაქის დათვალიერება მოგვიხდა, ჩვენ მთაწმინდიდან დავიწყეთ, ეს არის მთა, რომელიც დომინირებს ტიფლისში და რომლიდანაც ვხედავთ მთელ ქალაქს. საბაგიროთი იქ ავედით და საბაგიროში კი ჩვენი მეგზური ლილი რამდენიმე მეგობარს შეხვდა და მაშინვე უთხრა: "ხომ იცით, ეს ახვერდოვაა!" .

როდესაც ჩამოვბრუნდით, მთელი ქალაქი ავტობუსით მოვიარეთ. ლილი ძალიან კეთილი ადამიანია, მან მითხრა: "მომეცი მამაშენის ბოლო მისამართი". ჩვენ იქ წავედით, მან იპოვა, მამაჩემის სახლი, ჩვენ შევედით მამაჩემის სახლში, ლილიმ მითხრა , "ხედავ, ამ სახლში მამაშენის სამემორიალო დაფა ისევ რჩება". მან იპოვა მამაჩემის ახლობელი ადამიანი, რომელზეც მოგვიანებით გესაუბრებით და რომელმაც სადილად დაგვპატიჟა.

ჩვენ დავათვალიერეთ ტფილისი, რომელიც არის ქალაქი, რომელსაც ერთ დროს 250 000 მცხოვრები ჰყავდა, ახლა კი 1,300,000 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან სწრაფად გაიზარდა. იგი ძირითადად ქართველებისგან შედგება, საგზაო ნიშნებად ყველა ქართული სიმბოლოა და მცირე რამაც გამაკვირვა, ისაა, რომ აქ ძალიან გულგრილნი იყვნენ რელიგიასთან, დღეს კი მოსკოვთან შედარებით ეკლესიის ზარები რეკენ და ქართველები სანთლებს ანთებენ.

სადილზე მიგვიწვიეს იაშვილებმა თავის ოჯახში, რომელზეც თავიდანვე გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფის წევრები იყვნენ და საფრანგეთიდან ერთად გავფრინდით. ძალიან მისასალმებელი იყო ეს ფანტასტიკური წვეულება, მით უფრო, რომ მოიწვიეს მთელი ჩვენი ჯგუფი და ჩვენი მეგზური ლილი. გრძელი სუფრა იყო, სავსე კერძებით, საქართველოს ყველა სპეციალობით: ქათამი კაკლის სოუსში, დაფქვილი ლობიო თხილით, ხაჭაპური, რომელიც ერთგვარი საკონდიტრო ბლინია, რომელშიც ყველია. საქართველოში ჩვეულებრივია, რომ ყოველთვის უპირატესობა აქვთ მამაკაცებს. ყოველთვის არის მამაკაცი, რომელსაც თამადა ეწოდება და ამ თამადას რამდენიმე თვისება უნდა ჰქონდეს: მჭერმეტყველების ხარისხი, რადგან მან სადღეგრძელო უნდა თქვას და ასევე დალევის უნარი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი იზრდება, საოცარია ეს ყურძენი, საიდანაც ჩვენ ვამზადებთ ღვინოს, აქ არის ყველანაირი ხილი, ჩაი, ბამბა, აბრეშუმის ჭიები. ეს ასევე არის მანგანუმის რესურსი და, შესაბამისად, ეს უნდა გითხრათ, რომ ქვეყანა საკმაოდ მდიდარია და ავტომობილების სიჭარბის მიუხედავად, ხალხი უფრო ადვილად და ლაღად დაიარება ქუჩაში, უფრო მხიარული, უკეთ ჩაცმულნი არიან, ვიდრე ეს მოსკოვშია და მისასალმებელია, ქართველების სტუმართმოყვარეობა, ეს ხომ არაჩვეულებრივი და ლეგენდარულია.

ჩვენ ასევე ვნახეთ ქართული ცეკვების კონცერტი, რომელიც მშვენიერია, რადგან ქალებს აქვთ საკმაოდ ლამაზი კოსტიუმები, ძალიან ლამაზები არიან და როგორც ჩანს, ჰაერში სრიალებენ, სიარულის ნაცვლად. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ აცვიათ ტყავის ჩექმები, მაგრამ ძალიან რბილი ტყავია.

  • ვერა ... აი ეს ამბავი

დედაჩემი ჩვენთან ერთად საფრანგეთში წავიდა 1921 წელს რუსებისგან ტფილისის ალყის შემდეგ, მამა კი იმ დროს დაახლოებით 34 წლის იყო, ანუ ამ ასაკის კაცი დარჩა სრულიად მარტო უჩვენოდ, მან იცოდა, რომ ეს საბოლოო განშორება იყო, რომ ვეღარ გვნახავდა. ალბათ უიმედობით და მარტოობის შიშით, ხელახლა იქორწინა ქალზე, რომელიც განათხოვარი იყო და ორი შვილი ჰყავდა. მისი სახელი, ზუსტად არ მახსოვს, ის წარმოშობით გერმანელი იყო. მამაჩემმა გაზარდა მისი ბავშვები, რომლებიც ჩემი და ჩემი ძმის ასაკში იყვნენ. მამაჩემის გერს, ქალიშვილს, შეეძინა თავის მხრივ ქალიშვილი და ვაჟი. ეს ვაჟი, სახელად გივი ხაშიბაძეა, (რაც ძალიან ქართული სახელია), მან იქორწინა როსტოვიდან ახალგაზრდა გოგონაზე, სწორედ ესაა ვერა, რომელმაც მიგვიღო თავის სახლში. იგი ანთროპოლოგია, ის ნამდვილად დახვეწილი და კარგი ქალია, ძალიან თბილად მიმიღო. მან საჭმელი გაგვიმზადა, სადაც კვლავ აღმოვაჩინეთ კერძი - ქათამი უკვე თხილით, ხაჭაპური და ა.შ. ჩვენ ვსაუბრობდით ნახევრად რუსულად, სახელმძღვანელოს თარგმნით, ნახევარად ფრანგულად, საიდანაც მან რამდენიმე რამ იცოდა. ჩვენ მშვენიერი საღამო გავატარეთ და გამიკვირდა, რომ დანის იგივე სადგამები აღმოვაჩინე, რაც სახლში მაქვს საფრანგეთში. ვერამ მითხრა დამშვიდობებისას, - ხვალ შევეცდები ვიპოვო შენი ნამდვილი ოჯახი და ვნახავთ რისი გაკეთება შეგვიძლიაო...

მეორე დილას საუზმის შემდეგ მომაკითხეს სასტუმროში, ეს იყო ვერა ყვავილებით და მის გვერდით იყო ჩემი სისხლით ბიძაშვილი, რომელსაც იდა ჰქვია. იდა 71 წლის იყო, იდა მამაჩემის ძმის ქალიშვილია. მათ ასევე თან ახლდათ 70 წლის მამაკაცი, მიხეილი რომელიც მამაჩემის გერია, მამაჩემის გაზრდილია... გარწმუნებთ, ეს შეხვედრა იყო ძალიან ემოციური მომენტი, ყველას ესმოდა მთელი ეს ჩვენი გაერთიანება, ეს ჩახუტება, მძაფრი ემოციების მომენტი, ყველა ტიროდა. ყველანი ჩავსხედით ტაქსში ვაკის სასაფლაოზე გასასვლელად. ვაკე არის თბილისის ახალი უბანი. ამ სასაფლაოზე მხოლოდ დიდი კაცებია დაკრძალული. დასაწყისშივე გაკვირვებული ვიყავი იქ არსებული შესანიშნავი სამარხებით. ეს არა მხოლოდ ერთგვარი მუქი გრანიტი იყო, ძალიან დიდი, ძალიან დიდი სამარხები, არამედ თითოეული საფლავის თავზე გამოსახული იყო დიდი კაცის მთლიანი სიგრძის ქანდაკება. მე არ ვიცი, მაგრამ მგონია და მინდა გითხრათ, რომ ეს დიდი ხალხი რომელიც აქაა დაკრძალული და ამხელა ქანდაკებები ადგათ, ალბათ მაღალი რანგის კომუნისტები იყვნენ ... სასაფლაოს სულ ბოლოს მამაჩემის საფლავი იყო და იქ მე დავდე ყვავილები, რომლებიც მე მომართვეს იდამ და ვერამ. აღარ შემიძლია ავღწერო ჩემი გრძნობები...

ჟან ნური - მარცხნიდან მეორე, ფოტო, სავარაუდოდ, თბილისშია გადაღებული

ჩემი ოჯახის წარსულიდან გამომდინარე, როდესაც საფრანგეთში დავბრუნდი ამ მოგზაურობიდან, რატომღაც ვიგრძენი, რომ არასდროს ვყოფილვარ ასე მშვიდად. თითქოს ტვირთი მომეხსნა დაბრუნებისას, წასვლისას ისე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. ისეთი დიდი სურვილი მაქვს ისევ უკან დასაბრუნებისა. იქ ყველა დამპირდა, რომ დამხვდებოდნენ, ვერა და მიხეილმა კი მითხრეს: ”თუ მომავალ წელს დაბრუნდები, მაგიდასთან 30 ადამიანი მაინც შევიკრიბებით”. ღმერთმა ინებოს, თუ ცოცხალი ვიქენი, იქნებ ჩემს შვილებსაც მოესურვოთ ჩემთან ერთად საქართველოში წასვლა. ვიმედოვნოთ..."

- ბებიათქვენი მას შემდეგ საქართველოში აღარ წასულა?

- სამწუხაროდ, ეს მისი ერთადერთი მოგზაურობა იყო. მე ხუთი წლისა ვიყავი, როდესაც ბებია გარდაიცვალა, ვიცოდი, რომ სადღაც რუსეთის მხრიდან ვიყავი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი ეს ჩვენი ოჯახის მთელი ისტორია. ახლა როდესაც გავიზარდე, ოჯახი მყავს, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის მთელი წარსულის, დიდი ბაბუის ოჯახის მოძებნა და მათი გაცნობა.

მინდა, დეტალებს გავეცნო ჩემი საგვარეულო ცხოვრებიდან, მინდა, ძველი ფოტოები ვიხილო, მინდა, თბილისის იმ ქუჩებში ვიარო, სადაც ჩემი დიდი ბაბუა დადიოდა, ის სახლი მინდა ვნახო, რომელშიც ის ცხოვრობდა და მოვინახულო მისი საფლავი ვაკის სასაფლაოზე. საქართველოში წასვლამდე კი მინდა ახვერდოვების პოვნა, მათი გაცნობა, მე შემიძლია ინტერნეტით ვეძიო ისინი, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ოჯახის წევრები იქნებიან და მერიდება ხალხზე მიწერა, ამიტომ დიდ იმედებს ვამყარებ ამ სტატიაზე, იმედი მაქვს წაიკითხავენ და გამომეხმაურებიან.

სავარაუდოდ, ის ხალხი ვინც ბებიაჩემს შეხვდა, ვერა, მიხეილ იურლოვი, იდა, ყველა ჩემი დიდი ოჯახის წევრი ან ჩემი დიდი ბაბუის ახლობელია, ეგება ვინმეს მათი ოჯახიდან ახსოვდეს 1983 წელს თბილისში ჩასული ბებიაჩემის ჟილბერტ, ელენა ახვერდოფის ამბავი. როდესაც ამ კასეტის ჩანაწერები მოვისმინე და ბებიის თბილისში მოგზაურობის ფოტოები ვნახე, დავუკავშირდი საფრანგეთში ცნობილ ქართველ რაგბისტს დიმიტრი იაშვილს. მაინტერესებდა იაშვილების ოჯახი, რომელზეც ბებია ამდენს საუბრობს ჩანაწერებში, მისი ოჯახი ხომ არ იყო და გავუგზავნე ფოტოები, რომელიც, სავარაუდოდ, მათ სახლშია გადაღებული. დიმიტრიმ თავისი ბაბუა შალვა იაშვილი მაშინვე იცნო და ძალიან თბილად და თავაზიანად მიპასუხა. მან დამიდასტურა, რომ სწორედ მისი ოჯახი გაუცნია ბებიას თბილისში მოგზაურობისას. უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩასვლა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება გახდა, პანდემია გადაივლის თუ არა, უნდა გავემგზავრო, იქამდე კი ძალიან, ძალიან მინდა ამ სტატიის წყალობით ჩემიანები ვიპოვო ტიფლისში, როგორც ამ ქალაქს ბებია ეძახდა.

დიანა ჭანკოტაძე

სპეციალურად ambebi.ge-სთვის საფრანგეთიდან

რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო