ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს სტუმრობს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ის ოპოზიციასაც შეხვდა. რას აცხადებენ ოპოზიციონერები ამ შეხვედრის შემდეგ?
გიგა ბოკერია, "ევროპული საქართველო":
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი შეერთებულ შტატებთან ერთად, ევროკავშირიცაა და ამ რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან ფუნდამენტურად ერთი გზავნილის მოსმენა, რომ კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური დევნა შეწყდა ანუ პოლიტიკური პატიმრები: მელია და რურუა გათავისუფლდებიან. ამასთან, დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლაინ არჩევნებამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მას მოესმინა როგორც დეტალები, ასევე ჩვენი არგუმენტები. მის ნაცვლად მე არ ვისაუბრებ, ეს არასწორია. ერთადერთი ამ შეხვედრიდან გამომდინარე, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, თავისუფალი სამყაროს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ყურადღება ეპიზოდური იყო და გადაივლიდა და მერე აღარ იქნებოდა, გაქარწყლდა. ეს ვიზიტი არის იმის დასტური, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მომავალში მისი პოლიტიკური ფასი. ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომის. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს.
ჩვენი მიზანი არის ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მკაფიოდ დაინახოს ის საფრთხე, რაც მას ელის თუ ბოლომდე შეტოპავს. თუ ბოლომდე შეტოპავს ნამდვილად ელის სანქციები. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიმუშავებთ თავისუფალ სამყაროს ყველა არგუმენტი მივაწოდოთ თუ რატომ არის აუცილებელი მისთვის ამ საფრთხის მკაფიოდ დანახება“.
მისივე თქმით, ოპოზიციის ხვალინდელი გეგმა არ შეცვლილა და პარლამენტის პიკეტირება კვლავ იქნება.
გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებელი":
"უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში თუ მზაობა იქნება, ზოგადად, ჩვენი მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოშია. მეორე ძალიან სერიოზული განაცხადი, რაც იყო რომ, ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან, ეს არის ორი განსხვავებული რამ, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. მესამე, მე დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთხელ და სამუდამ ამ ქვეყანაში უნდა დაიხუროს და ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდან. ეს არ არის ნორმალური გარემო, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ აქ სერიოზული წინსვლა გვექნება. მეოთხე - მე რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდები, რომ შეთანხმება იქნება, ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ასეთი შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე, რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს,“- განაცხადა ვაშაძემ.
სალომე სამადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა":
"ჩვენი ევროპელი მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი. ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი აუცილებლად მოსაძებნია და წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესები რომლებიც შეიძლება განვითარდეს აწყობს მხოლოდ რუსეთს. ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში აქვს გეოპოლიტიკური ინტერესი, სწორედ ამიტომ, გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი როგორც ევროკავშირის ფუნქციის გაძლიერებაზე კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ასევე მთავარ პრობლემებზე, რომელსაც ვხედავთ კრიზისდან გამოსვლის თვალსაზრისით, როგორიც არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ იმისათვის, რომ დავიწყოთ კრიზისიდან გამოსვლა და ქვეყანას სჭირდება ახალი, განახლებული დემოკრატიული პროცესი. ეს პროცესი შესაძლოა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. გვქონდა დეტალური საუბარი ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე როგორ ვხედავთ ჩვენ გამოსავალს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ შეუძლებელია მძევლად აყავდეს ადამიანები ხელისუფლებას, აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ დროს საუბრობდეს დიალოგზე".
მამუკა ხაზარაძე, "ლელო":
"საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ ავუხსენით შექმნილი სიტუაცია, თვითონაც ინფორმირებული იყო. მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თვითონ და ევროკავშირი საქართველოს უწევს. ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს დიალოგი. აქვე დავაფიქსირეთ, რომ ოპოზიციას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. მე კონკრეტულად ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, პანდემიურ კრიზისშია, ქვეყანა არის გაყოფილი ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და რიგგარეშე არჩევნების სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ. ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, პირდაპირ დანიშვნაზე. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. იმედი მაქვს, რომ ეს ყურადღებული იქნება და სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ ამ პროცესში.
შევთავაზე, რომ უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება, ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო და მე მგონი ყურად იღეს, რომ საბოლოოდ, როდესაც დამთავრდება ყველა ეს საკითხი, რომელიც დღესდღეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისაა წარმოშობილი, დასრულდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ხელმოწერით“.