ავტორი:

"ჩემი მეგობარია - ასე დავახასიათებ ჩვენს დედაშვილობას" - რას ყვება დედასა და ოჯახურ ტრადიციებზე საქართველოში ერთადერთი ქალი ეპისკოპოსის შვილი

"ჩემი მეგობარია - ასე დავახასიათებ ჩვენს დედაშვილობას" - რას ყვება დედასა და ოჯახურ ტრადიციებზე საქართველოში ერთადერთი ქალი ეპისკოპოსის შვილი

რუსუდან გოცირიძე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსია. ქალი ეპისკოპოსი ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ უჩვეულოდ გაისმის და როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს კიდეც, "რუსუდანი, როგორც ეპისკოპოსი ვერ მიიღო პატრიარქალურმა კულტურამ. ჩემზე ბევრი ცუდი იწერებოდა", მაგრამ ამას არ შეშინებია და საქმეს, რომელსაც გადაწყვიტა, რომ ემსახუროს, ემსახურება.

საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი ქალი ეპისკოპოსის ცხოვრებისეული ეპიზოდის შესახებ რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ ინტერვიუდან, რომელიც პროექტისთვის - "ქალები საქართველოდან" არის ჩაწერილი:

"ბაპტისტური ღვთისმსახურის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენს ოჯახში მეოთხე თაობის მორწმუნე ვარ. ერთი მხრივ, ჩემი რელიგიური ოჯახი და ხუცესი პაპის ავტორიტეტი ახდენდა ჩემს ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას, მეორეს მხრივ - გარემო. ჩემს ბავშვობაში, ქალების ეკლესიური მსახურება შემოიფარგლებოდა მხოლოდ გალობითა და ლოცვით, ქალებს არც ერთ საკრამენტზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ზიარება, ქადაგება და მოძღვრება კაცების - "ძმების" საქმე იყო.

არა და, ჩვენი ეკლესიის ისტორია არის ძლიერი ქალების გადარჩენილი ეკლესიის ისტორია. ზოგადად კრიზისის დროს ქალები იწყებენ სტერეოტიპების რღვევას და ინიციატივის ხელში აღებას... 1941 წელს, როდესაც სტალინმა ეკლესიები დახურა და ყველა ღვთისმსახური კაცი გადაასახლა, ქალები დარჩნენ და იატაკქვეშეთში გააგრძელეს ფუნქციონირება. იმ ქალებს შორის იყო ჩემი დიდი ბებია, მელანია კანდელაკი. 1890-იანებში დაბადებულ გლეხის ქალს, არ მიუწვდებოდა ხელი განათლებაზე. მელანომ სხვა ქალებთან ერთად, წერა-კითხვა სახარების გადაწერით ისწავლა და როდესაც გადასახლებული კაცები დაბრუნდნენ, მათ დახვდათ გადარჩენილი ეკლესია, ეკლესიის კარი ღია...

როდესაც ჩემმა წინამძღოლებმა შემომთავაზეს ეპისკოპოსად ხელდასხმაზე ფიქრი, ძალიან შემეშინდა. შემეშინდა პასუხისმგებლობის ღმერთის წინაშე, საზოგადოების წინაშე, მრევლის წინაშე. მაშინებდა ჩემი ასაკი - 33 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანის გამოცდილება არ იყო საკმარისი საეპისკოპოსო ტვირთისთვის. მაშინ მახსოვს, მეუფემ მითხრა, რომ 33 წელი კარგი ასაკია ჯვარცმისთვის... დიდი ხანი გავიდა ამ საუბრის შემდეგ, როცა დავთანხმდი ეპისკოპოსად ხელდასხმას. ეს მოხდა 2008 წელს. ამაში ჩემმა მეუღლემ ითამაშა დიდი როლი, რომელმაც უპირობო მხარდაჭერა გამომიცხადა. ოჯახის ფაქტორმა ბევრ რამეზე იმოქმედა, ჩემ გადაწყვეტილებაზე, თავდაჯერებაზე" - ყვება რუსუდან გოცირიძე ინტერვიუში პროექტისთვის "ქალები საქართველოდან".

ეპისკოპოს ქალს ოჯახი რომ მუდმივად გვერდით უდგას, ეს მისი ქალიშვილის - ნანო სარალიშვილის ინტერვიუდანაც ჩანს, რომელიც AMBEBI.GE-მ ჩაწერა მასთან. ნანო ოჯახზე, ეპისკოპოს დედასა და საკუთარ თავზე გვიყვება.

- 24 წლის ვარ. ბაკალავრი თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით დავამთავრე, ახლა ვარ მაგისტრატურის სტუდენტი - საქართველოს თანამედროვე ისტორიას ვსწავლობ. პარალელურად ვმუშაობ - ოღონდ, გამიჭირდება, ზუსტად ვთქვა, რას ვაკეთებ. ვცდილობ, მრავალფეროვანი გამოცდილება დავაგროვო - ვასწავლი, ვთარგმნი, ვფოტოგრაფობ, მეგობრებთან ერთად პროექტებზე ვმუშაობ და ა.შ.

- დედა ეპისკოპოსია, ამ წოდების ქალი საქართველოში, როგორც ვიცი, სხვა არ არსებობს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- რომ დავიბადე, დედა ჯერ ეპისკოპოსი არ იყო - მქონდა იმის ფუფუნება, რომ თვალი მედევნებინა, როგორ იცვლებოდა მისი ცხოვრება და მასთან ერთად, ჩვენიც - მთელი ოჯახის. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, როგორია ასეთ გარემოში გაზრდა - საინტერესო. გარშემო უამრავი საინტერესო ამბავი, ადამიანი და გამოცდილება გროვდება.

ჩემთვის ეს ამბავი რამდენიმე რამეს ნიშნავს, ამის ჩამოყალიბება მიჭირს. უბრალოდ მეამაყება იმის, სადაც დგას, რა საქმესაც აკეთებს, როგორი ადამიანიცაა. მისი ასეთად ყოფნა ნიშნავს, რომ შეუძლებელი არ არის იმ საქმეს აკეთებდე, რისიც გჯერა - ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. შესაბამისად, ამისი ცოდნა და ამისი ცოცხალი მაგალითის ყოლა, ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა.

- როგორი დედაა რუსუდან გოცირიძე?

- ჩემი მეგობარია და ასე მგონია, ამაზე უკეთ ვერც დავახასიათებ ჩვენს დედაშვილობას. ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ სხვადასხვა თაობის და "სტაჟის“ ხალხი ვართ.

- თქვენ ჩართული ხართ მასთან ერთად ეკლესიის საქმიანობაში?

- კი, ჩართული ვარ ეკლესიის საქმიანობაში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ მიკეთებია და შედეგად ძალიან საინტერესო გამოცდილებები მოვაგროვე.

- რადგან დედა იყო აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, თქვენც ავტომატურად მიჰყევით ამას?

- მგონია, რომ ოჯახი ყველას გადაწყვეტილებაზე ახდენს გარკვეულ გავლენას. ამ ეკლესიაში გავიზარდე, ფაქტობრივად, - ოღონდ, მხოლოდ ეს ნამდვილად არ ყოფილა იმის საფუძველი, რომ ამ ეკლესიის ცხოვრებაში ჩავრთულიყავი. საშუალება მქონდა, რომ დამოუკიდებლად მეფიქრა და არჩევანიც თავისუფლად გამეკეთებინა. ვფიქრობ, რომ სწორ ნაბიჯებს დგამს ეს ეკლესია, ისტორიის სწორ მხარეს დგას და მის ნაწილად ვხედავ თავს.

სანათესაო ჭრელია - ერთ მხარეს თაობები პროტესტანტები არიან, მეორე მხარეს - მართლმადიდებლები არიან.

- საქართველოში ბულინგის ობიექტი არაერთი ადამიანი ყოფილა. ხომ არ გამოგიცდიათ ეს სააკუთარ თავზე, იმის გამო, რომ მართლმადიდებელი არ ხართ?

- ვიცი, როგორი არატოლერანტული შეიძლება იყოს საზოგადოება რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანის მიმართ და როგორი მძიმე ფორმები შეიძლება მიიღოს ამან. ამ მხრივ პირადად მე ნამდვილად ძალიან გამიმართლა - არც სკოლაში მქონია მსგავსი გამოცდილება, არც - მერე. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარყოფით დამოკიდებულებას არსად გადავყრივარ ან ეკლესიის, ანდა ამ ეკლესიის წევრების მიმართ.

- როგორ ცხოვრობს თქვენი ოჯახი - რა ტრადიციები გაქვთ, რომელსაც მუდმივად მიჰყვებით და არ ღალატობთ?

- როცა შეგვიძლია, ერთად ვვახშმობთ და ვლაპარაკობთ ყველასა და ყველაფერზე. განსაკუთრებით კარანტინში იქცა ეს ერთგვარ რიტუალადაც კი.

განსაკუთრებულ ტრადიციად არ ვიცი, რა შეიძლება ჩაითვალოს - მსგავსი პატარა რიტუალები გვაქვს ხოლმე, რასაც ერთად ვაკეთებთ. რაც დრო გადის მით უფრო სხვადასხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობთ ყველანი და დროის ერთად გატარების სხვადასხვა გზებს ვეძებთ.

- გაგვაცანით მამა და ძმა...

- მამაჩემი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია, ვინც კი დედამიწის ზურგზე შემხვედრია. საერთაშორისო ორგანიზაციის ოპერაციების მენეჯერია და უმუშავია უამრავ ადგილას - ჰაიტიდან დაწყებული ტაჯიკეთით დამთავრებული. პანდემიის დაწყებამდეც საქართველოდან შორს იყო. თავისი საქმიანობის წყალობით, იცნობს უამრავი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას და თუ მოიხელთებ, მარგალიტი ამბების გაზიარება შეუძლია.

რაც შეეხება ჩემს ძმას - მათე 21 წლისაა. ასაკში განსხვავება რაკი პატარაა, სულ ახლოს ვიყავით, ამ ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად. მშობლები იცინიან ხოლმე, მათე რომ გაჩნდა, რომ არ გეეჭვიანა, გითხარით, შენ მოგიყვანეთ, შენია და ძალიან სერიოზულად მიიღე ეს ამბავიო... მთლად მე ვერ დავიბრალებ ყველაფერს, მაგრამ მიხარია, რომ ერთმანეთის გვერდით გავიზარდეთ.

მათეც ილიაუნის სტუდენტია, თავისუფალ მეცნიერებებს წავლობს. მუსიკა უყვარს, ლიტერატურა, თეატრი და რაც უყვარს იმისი მარტო დამკვირვებელი ან მსმენელი არასოდეს რჩება, საკუთარი ხელით ცდილობს, შექმნას. თეატრის დასი ჰყავს თავისი, ადრე ბენდთან ერთადაც უკრავდა. მათეს პირველი რომანი - "მივიწყებულნი" ცოტა ხნის წინ გამოიცა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს ტექსტი ნახა, ჯერ კიდევ სანამ საწყის ეტაპზე იყო. მაშინვე მიჭირდა დაჯერება, რომ ამ ამბავს ჩემი პატარა ძმა ქმნიდა და ახლა კიდევ უფრო უცნაურია ამ ამბის ხელში წიგნად დაჭერა.

- სამომავლოდ რა ფიქრობთ, რა გეგმები გაქვთ?

- ეს შეკითხვა ცუდ დღეში მაგდებს ყოველთვის, იმიტომ, რომ გრძელვადიანი ჩამოყალიბებული გეგმები არასოდეს მაქვს. ბაკალავრის ეტაპზეც ამ დაბნეულობის გამო მივიღე თავისუფალი მეცნიერებების პროგრამაზე სწავლის გადაწყვეტილება და ნამდვილად გაამართლა. მაგისტრატურის მიმართულებაც იმის გამო ავირჩიე, რომ ახლა, ამ ეტაპზე ისტორიის ეს მონაკვეთი მაინტერესებს. შესაბამისად, ჯერ მაგისტრატურის დასრულებაზე ვარ კონცენტრირებული. პარალელურად ვცდილობ, ჩემი სხვა ინტერესები არ დამრჩეს უყურადღებოდ. ზოგადად, პანდემიის ამბავმა ჩემთვის ბევრი რამ გადააფასა და ჯერ კიდევ ამ გადაფასების პროცესში ვარ.