ავტორი:

რა დაგვიბარა შარლ მიშელმა და რა გაიგეს ქართველმა პოლიტიკოსებმა? - "გზა დაულოცეს, გააცილეს და ორივე მხარემ გააგრძელა ის პოლიტიკა, რასაც ამ შეხვედრამდე ატარებდნენ“

რა დაგვიბარა შარლ მიშელმა და რა გაიგეს ქართველმა პოლიტიკოსებმა? - "გზა დაულოცეს, გააცილეს და ორივე მხარემ გააგრძელა ის პოლიტიკა, რასაც ამ შეხვედრამდე ატარებდნენ“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრაზე ჩამოიწერა 6 პუნქტი, რაზეც ორი მხარე უნდა შეთანხმდეს, ხოლო როგორც მიშელმა განაცხადა, სხვადასხვა რთულ საკითხზე პროგრესის შესაფასებლად ორი კვირის შემდეგ საქართველოსთან ასოცირების საბჭო ბრიუსელში ჩატარდება.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები ახალ - ფასილიტატორობის შემდეგ უკვე მედიაციის დონეზე გადავიდა, სულ რამდენიმე საათში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაგრძელდა და პიკეტირებაზე უარი არ ითქვა. ეს მთავრობამ "დესტრუქციულ ქმედებად“ შეაფასა.

შარლ მიშელის ვიზიტის გზავნილებსა და შედეგებს, ისევე, როგორც მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს AMBEBI.GE-სთან ექსპერტები - ვახტანგ ძაბირაძე და ვიქტორ ყიფიანი აფასებენ.

როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, შედეგი, რაც შარლ მიშელის ვიზიტს ახლდა, ისაა, რომ საქართველოს პარტნიორებმა დაინახეს, რომ კრიზისის განსამუხტად ფასილიტატორობა არ არის საკმარისი. თუმცა მისივე თქმით, ვიზიტის მიუხედავად, ქართული მხარეების მხრიდან პოლიტიკა ანალოგიური რჩება და უფრო მეტი და აქტიური ჩარევის გარეშე სათუოა, რეალური შეთანხმება დადგეს.

"საქართველოში მიშელის ვიზიტი ალბათ უფრო სხვა მიმართულებით უნდა ყოფილიყო, რომ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, რაც, ფაქტობრივად, დაპირისპირებულმა მხარეებმა - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ წარმოშვეს. ამას დაემატა ის, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება დასავლეთში აღიქვეს, როგორც შეტევა ოპოზიციაზე და უკუსვლა დემოკრატიული თვალსაზრისით.

უამრავი პრობლემაა როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონული მასშტაბით - ამ ბოლო დროს რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა, ძირითადად მხედველობაში მაქვს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარება და თუნდაც, ამჟამად სომხეთში მიმდინარე მოვლენები, რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიაზე, სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. ამ ყველაფერზე ალბათ ცოტ-ცოტა იყო ლაპარაკი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შუამავლის ფუნქცია და პოლიტიკური ნიადაგის მოსინჯვა იყო, რამდენად შესაძლებელია ამ ორ მხარეს შორის დიალოგი და რა შეეძლო გაეკეთებინა ამ შემთხვევაში როგორც პირადად მიშელს, ასევე - ევროსტრუქტურებს.

მნიშვნელოვანი მგონია და სწორედ ეს იყო კულმინაცია, ქართველი საზოგადოებაც იმდენადაა ჩართული ამ პროცესებში, რომ ყველაფერზე მაღლა მაინც ამ ურთიერთობებს აყენებს და ამის პასუხი იყო შეხვედრა, რომელიც მიშელის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული მისი ბოლო განცხადებით, ის კმაყოფილია, რომ ქართულმა მხარეებმა, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ, გამოთქვა მზადყოფნა, რომ ისინი დასხდებიან, ერთმანეთს დაელაპარაკებიან და დიალოგის წინააღმდეგი არ არიან.

მიშელი თვლის, რომ ეს წარმატებაა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ასეც არის, თუ არ იცნობ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რადგან იმ შეხვედრაზე არც ერთი პოლიტიკოსი არ იტყოდა იმას, რომ დიალოგის წინააღმდეგია. ოღონდ რამდენად რეალურია ეს დიალოგი და რამდენად აქვს საფუძველი იმას, რომ ამ კრიზისიდან გამოსავლის ძებნაში მართლა დაიწყება სერიოზული მოლაპარაკება, ეს უკვე სხვა თემაა და არა მგონია, მხოლოდ ამ ვითარებამ მოიტანოს რაიმე შედეგი. ამას უკვე ვხედავთ, განცხადებები გაკეთდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან - ე.წ. "წითელი ხაზებიდან“ უკუსვლას, კომპრომისს არც ერთი მხარე არ აპირებს. ოპოზიციისთვის დიალოგი ნიშნავს, რომ ხელისუფლება დათანხმდეს მის მოთხოვნებს, ხოლო ხელისუფლებისთვის დიალოგი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია მის მოთხოვნებს დათანხმდეს. არც ერთი უშვებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და არც მეორე უშვებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ მოითხოვოს. ყველაზე ფუნდამენტური საკითხი აქ სწორედ რიგგარეშე არჩევნებია“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

მისი თქმით, ის, რომ პარტნიორების მეტი ინიციატივის გარეშე პრობლემები არ მოგვარდება, უკვე შეგვიძლია, დავინახოთ.

"ერთადერთი, რაც წარმატება მგონია, ისაა, რომ ფასილიტატორის ფუნქციიდან მედიატორის ფუნქციაზე გადავიდნენ, თუმცა მეეჭვება, რომ თუნდაც ამ მედიატორის ფუნქციით მივიღოთ შედეგი, თუ ის კიდევ უფრო არ გამკაცრდა, ანუ მოთხოვნა თუ არ იქნება ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, რომ დასხდნენ და თავად პარტნიორი ქვეყნების მიერ შეთავაზებული წინადადებები მიიღონ. ეს ოპოზიციის დღევანდელ ქმედებებშიც ჩანს - დიალოგის შემდეგ მათ საპროტესტო აქციები არ გადადეს. საპროტესტო აქცია თავისთავად კი არაა პრობლემა, მაგრამ ის, რაც დღეს ვნახეთ, რაც პიკეტირების დროს ხდებოდა, აბსოლუტურად არაფრით განსხვავდებოდა იმ პიკეტირებებისგან, რაც ადრე გვინახავს - ისევ იყო ძიძგილაობა, ისევ იყო არა პიკეტირება, არამედ, გზების გადაკეტვა და ა.შ. ამასთანავე, ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მელიას საქმეში ვერ ჩაერევა და რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არ არის. აბა, სხვაზე რაზე უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, თუ ერთ მაგიდასთან დასხდებიან, მე უბრალოდ არ მესმის. ყველაზე პრინციპული საკითხები სწორედ ესენია და თუ არ მოგვარდება, ოპოზიციას არ აქვს რაიმეზე ლაპარაკის სურვილი, ხელისუფლებას კი რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არ სურს.

ისინი მიშელს დათანხმდნენ, თქვეს, დიალოგი გვინდაო, მაგრამ დიალოგი ორივე მხარეს თავის სასარგებლოდ ესმის. ოპოზიცია ხომ არ ეტყოდა, დიალოგი არ გვინდაო? ეს კი იცის ოპოზიციამ, რომ არ "მოსულა“; ამას არც ხელისუფლება იტყვის, - დიალოგი როგორ არ უნდათ, კაცო?! მაგრამ რეალური დიალოგი არც ერთ მხარეს არ უნდა. ასე რომ, დაამშვიდეს ის კაცი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ის არ იცნობს, ჩვენ ვიცნობთ და ვიცით, რაც ხდება. ამიტომ ის წავიდა, გზა დაულოცეს, გააცილეს და ორივე მხარემ გააგრძელა ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ამ შეხვედრამდე ატარებდნენ. სწორედ ამიტომ ვამბობ, არც ფასილიტატორობა და არც მოდერატორობა არ ჰყოფნის ამ ვითარებას, პარტნიორი ქვეყნების უფრო აქტიური ჩარევაა საჭირო“, - აღნიშნავს ძაბირაძე.

კითხვაზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რამდენად ელოდება იმას, რომ მიშელის დათქმა შესრულდება და 2 კვირის შემდეგ შეთანხმება სახეზე გვექნება, ექსპერტი პასუხობს, რომ სავარაუდოდ, ამის მიღწევა ვერ მოხერხდება.

“რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ეს არ მოხდება. რომც გულწრფელად უნდოდეთ, მაინც გამორიცხული იქნებოდა, ორი კვირა ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ამდენი პრობლემა თუნდაც შეხვედრების დონეზე, მოაგვარონ კი არა, თუნდაც, გაიარონ, იმდენად ბევრი თემაა და იმდენად რადიკალიზებულია პოზიციები. ორი კვირის შემდეგ უბრალოდ, ხელისუფლებას უფრო მეტი შანსი აქვს, რაღაც ქულები დაიწეროს დასავლეთთან მიმართებაში, ვიდრე ოპოზიციას - თუნდაც იმიტომ, რომ ბრიუსელში სალაპარაკოდ ხელისუფლება ჩავა და არა ოპოზიცია. ეს ხელისუფლებას გარკვეულწილად, პრიორიტეტს აძლევს, მაგრამ არ აძლევს გარანტიას, რომ პრობლემა მოგვარდება.

ასეა თუ ისე, ყველამ - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კარგად იცის, რომ პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ქვეყანაში სრული კატასტროფა იქნება, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ - ეკონომიკური, გნებავთ - სოციალური, გნებავთ - სუვერენიტეტის თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვა ტერიტორიულ მთლიანობაზე და ა.შ.“, - ხაზს უსვამს ძაბირაძე.

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი მიშელის ვიზიტში ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად იმას გამოჰყოფს, რომ ამით გამოჩნდა, რამდენადაა ევროკავშირის "რადარებზე“ საქართველო.

"შარლ მიშელის ვიზიტი გამოსარჩევია უმთავრესად იმიტომ, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც "მოდურად“ იტყვიან, ევროკავშირის რადარებზეა. გარდა ამისა, ვიზიტის შარლ მიშელი ადგილზე გაეცნო როგორც ქართული პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობას, გაიცნო პროცესის აქტორები, უშუალოდ მათგან მოისმინა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული მათი გზავნილები და ინტერპრეტაცია; ასევე, ის ეწვია ბორდერიზაციის ხაზს და ადგილზე საუბრებისა და ნანახის შედეგად, უშუალოდ შეექმნა წარმოდგენა, თუ რა გამოწვევებს უპირისპირდება ჩვენი ქვეყანა ოკუპაციისა და ბორდერიზაციის პირობებში. ასე რომ, ეს შესაბამის ინსტიტუტებს დაეხმარება, რომ უფრო სწორი პოლიტიკისა და მიდგომების ფორმირება მოახდინონ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, მინდა ვთქვა, რომ ის, რასაც მედიაციას ვეძახით, სინამდვილეში გუშინ მედიაცია არ აღმოჩნდა და ეს მაინც ფასილიტაციაა. მედიაცია ის მექანიზმია, როდესაც თავად მედიატორი მხარეებს საკუთარ გადაწყვეტას სთავაზობს.

გუშინდელი პრესკონფერენციის შედეგად, მე ასეთი წარმოდგენა არ დამრჩა, რომ ევროკავშირმა თავისი ფორმულის, ვარიანტის და მოდელის შეთავაზება გააკეთა, ყოველ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ მოვისმინეთ. სწორედ ესაა ფასილიტაციისა და მედიაციის განმასხვავებელი. ეს შეიძლება, ტექნიკური განსხვავებაა, თუმცა მაინც სჯობს დაზუსტების გაკეთება.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ეს ფასილიტაცია იყო თუ მედიაცია, ცხადია, ასეთი ინტერვენციის, ჩართულობის ფასი ამით აბსოლუტურად არ მცირდება. მეორე საკითხია და ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ უკვე გამოითქვა გულისწყვეტა იმის თაობაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ ძალუძს, პირდაპირ ასეთი ჩარევის, ასეთი უცხოური თანამონაწილეობის გარეშე მოძებნოს ერთმანეთში საერთო ენა და არათუ იპოვოს ის, არამედ, დასხდნენ და ერთმანეთს პირდაპირ ესაუბრონ. ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა მაინც, ჯერჯერობით ვერ არის იმ დონისა და სტანდარტის, რაც სრული სითამამით გვათქმევინებს, რომ ევროპულ პოლიტიკურ პარამეტრებსა და სტანდარტებს ვეზიარეთ.

სეა თუ ისე, როგორიც არ უნდა იყოს ტერმინოლოგიური დაზუსტება და ერთგვარად ჩვენი გულისწყვეტა, რომ ჯერ კიდევ გვჭირდება შუამავლობა, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია და ფრთხილ ოპტიმიზმს გვიტოვებს, რომ ორი კვირის თავზე რაიმე ხელშესახები შედეგი გვექნება. ამ წუთში დარწმუნებითა და დაბეჯითებით იმაზე საუბარი, რომ ასეთი შედეგი გარანტირებულად იქნება, მიჭირს, რადგან ამ მომენტისთვის მხარეთა შორის პოზიციებში დაშორიშორება საკმაოდ საგრძნობია. რაც შეეხება კომპრომისის ფორმულას, ერთია, ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია, მეორეა, რამდენად შეუვალნი იქნებიან მხარეები თავიანთ პოზიციებში. ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყუროთ ამ ორკვირიან პერიოდს და ვიქონიოთ იმედი, რომ როგორც შიდა აუდიტორიის ხათრით, ასევე - საგარეო აუდიტორიის ხათრით, პროცესის მონაწილენი გადააბიჯებენ საკუთარ პოლიტიკურ ეგოს და იპოვიან ერთმანეთისკენ მიმავალ გზას“, - გამოთქვამს იმედს ვიქტორ ყიფიანი.

ის აკეთებს კომენტარს ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის ჩატარების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მისი გადმოსახედიდან, ეს არ შეესაბამება გუშინდელ საუბრებს.

"გაკვირვებას გამოვთქვამ დღეს დილით განახლებული აქციით. ჩემი გადმოსახედიდან, ეს აბსოლუტურად არ შეეფერება გუშინდელი საუბრების სულისკვეთებას და როგორც მინიმუმ, ფორმას. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, განახლებული აქციების პრაქტიკული დანიშნულება რაში მდგომარეობს. ვთვლი, რომ ეს აბსოლუტურად ზედმეტია და ასევე, ძალიან ცუდ ფონს უქმნის გუშინდელ საუბრებსა და შეხვედრებს. იმედს ვიტოვებ, რომ დღის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან ამის გააზრება ხელახლა მოხდება. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ჩარევა ამ პროცესებში საკმარისი გარანტიაა, რომ ოპოზიციამ ქუჩის აქციებს არ მიმართოს - ქუჩის აქციების მნიშვნელობის გათანაბრება ევროკავშირის ჩარევის მნიშვნელობასთან, ვფიქრობ, ძალიან უსამართლო ტოლობის ნიშანია. ამიტომ, ოპოზიციისადმი ჩემი მოწოდება იქნება, რომ გადახედონ თავიანთ პრაქტიკას - ვიმეორებ, ერთი, რომ ეს შეუფერებელია და მეორეა, რომ ასეთი აქციების გაგრძელება ამ ორკვირიან მონაკვეთში არ ქმნის იმის ფონს, რომ ხელისუფლება საკმარისი კონსტრუქტივიზმით მოეკიდოს პროცესს. უფრო მეტიც, შეიძლება, სახელისუფლებო წრეებში ოპოზიციის მხრიდან ასეთმა ქუჩის ზეწოლამ ერთგვარი საბაბი მისცეს ხელისუფლებას, მან განაცხადოს, რომ ოპოზიცია შარლ მიშელისა ან ევროკავშირის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების სულისკვეთების ერთგული არ არის და შესაბამისად, ამან გამოიწვიოს პროცესის ჩაშლა, რაც ძალიან სამწუხარო იქნება. ჩემი აზრით, ოპოზიციის მხრიდან ქუჩის აქტივობაზე მინიმუმ ორკვირიანი მორატორიუმი არათუ მათ სისუსტეზე მინიშნება ან ამის აღიარება იქნება, არამედ პირიქით, მთლიანობაში პროცესისადმი ძალიან საღი და სწორი მიდგომა იქნება“, - აღნიშნავს ყიფიანი.

სპეციალისტი დასძენს, რომ საბოლოოდ, საერთო ევროპული გადმოსახედიდან ჩანს ერთიანი ქართული სურათი.

"ვფიქრობ, ევროპული გადმოსახედიდან ამ ქართულ სურათში ბრიუსელი ან რომელიმე ევროპული დედაქალაქი დიდად არ დაიწყებს გარჩევას, სად დგას ხელისუფლება და სად დგას ოპოზიცია. ამიტომ მგონია, რომ ამ სურათს დისტანცირებულად უნდა შევხედოთ და ასე გვერდიდან დანახული ჩვენი პოლიტიკური უმწიფობა და მოქმედება შეიძლება, ბევრი გაკვეთილის მომტანი იყოს. საერთო ინტერესშია, რომ მეტი სოლიდარობა იყოს პოლიტიკური პროცესის მონაწილეთა შორის, მეტი ინკლუზიურობა, მეტი საზიარო ინტერესები იყოს საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, რადგან სხვაგვარად ევროკავშირს, რომელსაც ისედაც საკმარისზე მეტი პრობლემა აქვს, როგორც საშინაო, ასევე - საგარეო ხასიათის, არა მგონია, რომ საკმარისი მოთმინება და პოლიტიკური ნება ჰქონდეს, რომ ქართულ თემასთან დაკავშირებით "პოლიტიკური ძიძის“ ფუნქცია დაუსრულებლად შეასრულოს.

ჩემი აზრით, ამ მხრივ ჩვენი ეგოიზმი და ჭარბი მოლოდინების სურვილი უნდა დავიოკოთ, რაციონალურად და პარგმატულად უნდა შევხედოთ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში განკუთვნილი გვაქვს ჩვენი მოკრძალებული ადგილი და იმაზე მეტს ჩვენ ევროპა ვერც დროში, ვერც სივრცეში, ვერც ყურადღებისა და ვერც სხვა რესურსის კუთხით არ და ვერ მოგვანიჭებს - ეს ძალიან არსებითია“, - დასძენს ვიქტორ ყიფიანი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

პრემიერი ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

"ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ... დანარჩენი ნაწილი ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე" - მეგრელიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე