ავტორი:

8 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-5 ტომი გამოვა

8 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-5 ტომი გამოვა

ამერიკის შეერთებული შტატები - შესაძლებლობების, ოცნებების ახდენისა და წარმატების მიღწევის ქვეყანა. გასულ საუკუნეებში ნებსით თუ უნებლიეთ ბევრმა ქართველმა გადალახა ოკეანე და ახალ ქვეყანაში, ახალ მიწაზე, ახალი ცხოვრება დაიწყო. ქართველების კვალი ამერიკაში იმდენად მკაფიოა, რომ გაოცებასაც კი იწვევს, თუ როგორ მოახერხეს მათ უზარმაზარ ქვეყანაში საზოგადოებრივ-კულტურული თუ სოციალურ-ეკონომიკური სფეროს დარგებში მოწინავე ადგილების დაკავება.

ალექსანდრე ქართველიშვილი - ამერიკული ავიაციის ქართველი ლეგენდა, გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) - ამერიკული ბალეტის ქართველი დამფუძნებელი, გიორგი პაპაშვილი - ამერიკული ბესტსელერის ავტორი, გიორგი მაჩაბელი - სუნამოების პრინცი...ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ცნობილი ქართველებისა, რომლებმაც თავიანთი კარიერის მწვერვალს აშშ-ში მიაღწიეს და ქვეყნის ისტორიაში ქართული კვალი დატოვეს.

ამერიკაში მოღვაწე ქართველების შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს, უნიკალურ ინფორმაციასა და ფოტომასალას ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ გამოცემის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-5 ტომში მოუყარა თავი. გამოცემის მე-5 ტომი 8 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად – 15.00 ლარი.

ამავე ტომში ვკითხულობთ ბალეტის „შავ მარგალიტად“ წოდებული, უნიჭიერესი და ულამაზესი ქართველი ბალერინის, თამარ თუმანიშვილის შესახებ, რომელსაც ბრწყინვალე საბალეტო კარიერასთან ერთად თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერაც ჰქონდა. მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის დედამისს - ევგენია თუმანიშვილს - რომელსაც ქალიშვილის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა და უამრავი სირთულის, დიდი გაჭირვების, შიმშილის თუ სიცივის მიუხედავად თამარის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავდა.

როგორც გამოცემის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-5 ტომში ვკითხულობთ,ევგენია თუმანიშვილს ქალიშვილი 1919 წლის 2 მარტს ციმბირიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში შეეძინა. ახალშობილს თამარი დაარქვა და თავისი გვარი ‒ თუმანიშვილი ‒ მისცა, რადგან მეუღლე მგზავრობის დროს გარდაეცვალა. ევგენიამ მატარებელშივე გაიცნო პოლონური წარმოშობის მეფის არმიის ოფიცერი ვლადიმერ ხასიდოვიჩი, რომელიც თამარის მამინაცვალი გახდა.

1926 წლიდან ოჯახი ცხოვრებას პარიზში იწყებს. 7 წლის თამარი პრეობრაჟენსკაიას ცეკვის სტუდიაში იწყებს სიარულს და ანა პავლოვას ყურადღების ქვეშ ექცევა. ცნობილმა ბალერინამ თამარი კონცერტებისთვის შერჩეულ პატარა ბალერინებს შორის დაასახელა. თამარს ბედმა კიდევ ერთხელ გაუღიმა, როდესაც პრეობრაჟენსკაიას სტუდიას პარიზის ოპერის თეატრის დირექტორი ჟაკ როშე ესტუმრა. იგი ახალი სპექტაკლისთვის ეძებდა ბავშვს. არჩევანი ათი წლის თამარზე შეაჩერა და გოგონა საბავშვო ბალეტ „L’Eventail de Jeanne“-ში წამყვან როლზე მიიწვია...

1932 წელს სამივე „გოგონა-ბალერინა“ მონტე-კარლოს ბალეტმა მიიწვია იმჟამად ცნობილ საბალეტო დასში „De Basil Ballet Russes de Monte-Carlo“. აქედან იწყება თამარის წარმატებული კარიერა. იგი ცეკვავდა პარიზის „გრანდ ოპერაში“, მილანის „ლა სკალაში“, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“ და ა. შ. მის რეპერტუარში, კლასიკური ბალეტების გარდა, თანამედროვე ბალეტებიც შედიოდა.

1932 წელს ჯორჯ ბალანჩინმა თამარისთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში „Cottilon“, რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა. ამავე წელს თამარმა მონაწილეობა მიიღო დადგმაში „Concurrence da Le Bourgeois“ და ჯორჯ ბალანჩინის მიერ საგანგებოდ მისთვის შექმნილ ბალეტში „Le Palais de Cristal“ („ბროლის სასახლე“). პარიზის პრესამ თამარა თუმანოვას ბალეტის „შავი მარგალიტი“ შეარქვა.

1939 წელს, ჯორჯ ბალანჩინის რჩევით, 20 წლის ბალერინა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ულამაზესი მანდილოსანი ჰოლივუდში მალევე შეამჩნიეს. იმავე წელს ის მონაწილეობს ბროდვეის მიუზიკლში „Stars In Your Eyes“ და იწყებს ტურნეს მსოფლიოს გარშემო. თამარა თუმანოვამ, ბროდვეის დაპყრობის შემდეგ, მიუზიკლებიდან კინოში გადაინაცვლა და იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სტატუსიც დამსახურებულად მიიღო.

თამარი პირველი ბალერინა იყო, რომელმაც ჰოლივუდისაკენ გაიკაფა გზა. 1944 წელს ფილმში „Days of Glory“ („დიდების დღეები“) იგი იმ დროისათვის კინოდებიუტანტ გრეგორი პეკთან ერთად მონაწილეობდა. ამ ფილმის რეჟისორი და სცენარისტი კეისი რობინსონი გახლდათ, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა ქართველი ქალი და მას ცოლობა სთხოვა. როგორც გიორგი კალანდია წერს, კეისი ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მეუღლე გამოდგა. თამარის ყველა სურვილი მისთვის კანონი იყო. ამიტომ ქალის თხოვნა, სახლისთვის სარეპეტიციო დარბაზი მიეშენებინა, მყისიერად და ულაპარაკოდ შეასრულა.

როგორ განვითარდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ბალერინასა და ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავის ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამის შესახებ ვრცლად გამოცემის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-5 ტომში წაიკითხავთ.

შეგახსენებთ, „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში ქართული კვალი დატოვეს.

გამოცემის მეხუთე ტომი, რომელიც ამერიკაში მოღვაწე ქართველების შესახებ მოგვითხრობს, 8 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად – 15.00 ლარი.

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“

1-ლი მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად “დავით აღმაშენებელი“ გამოიცემა, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება „მთვარის მოტაცებაც“

გამომცემლობა „პალიტრა L“  100-დღიან საპროტესტო კამპანიას უერთდება