ელისაბედ ჯავახიშვილი კალიგრაფია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი ძირითადი პროფესია დედობაა. მას ცხრა შვილი, 18 შვილობილი და 24 შვილიშვილი ჰყავს. ამის მიუხედავად, მრავალშვილიანობას გმირობად კი არა, ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს. 19 წლის იყო, რომ გათხოვდა და 33 წლისას უკვე ჰყავდა - ხუთი ბიჭი და ოთხი გოგო. გურჯაანიდან, სოფელ ახაშნიდან არის. წერს ლექსებს, მოთხრობებს, რომლებსაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ერთხანს საპატრიარქოს რადიოში კითხულობდა.
"მასწავლებლებისგან გაბეზრებული ვამბობდი, ღმერთო, რატომ მომეცი ხატვის ნიჭი-მეთქი"
- ბავშვობიდან არაჩვეულებრივად ვხატავდი, სულ ფანქარი და ქაღალდი მეჭირა ხელში. თავიდან ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, მაგრამ როდესაც ნათესავებმა ნახეს ნახატები და აღფრთოვანდნენ, რა ნიჭიერი გოგო ყოფილხარო, მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველას არ შეეძლო. მგონი, მე-4 კლასში ვიყავი, ბიძაშვილმა, რომელიც პიონერთა სახლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ჩემი ნახატები საფრანგეთში გაგზავნა, კონკურსზე. იქიდან მომივიდა სიგელი, რითაც მეც ძალიან ვამაყობდი და ჩემი მასწავლებლებიც. ხუთი წლის წინ ვნახე, კვლავაც ამშვენებდა სკოლის კედლებს.
როდესაც გაკვეთილის ჩაშლა უნდოდათ ჩემს კლასელებს, მეხვეწებოდნენ, ლიზიკო, მიდი, რა, მასწავლებელი დახატეო - კარიკატურას გულისხმობდნენ. იცოდნენ, რომ ის გაბრაზდებოდა და გაკვეთილი ჩაიშლებოდა. პედაგოგების თხოვნით, ყველა კლასიკოსის პორტრეტი მქონდა დახატული და ვამბობდი, ღმერთო, რატომ მომეცი ხატვის ნიჭი და რატომ არ მომეცი წერის ნიჭი-მეთქი. ეს ნატვრა წლების შემდეგ შეისმინა ღმერთმა.
"ერთ მშვენიერ დღეს წიგნსაც გამოვცემ"
- 1985 წელს გავთხოვდი, 19 წლისა და ხატვას თავი დავანებე. ერთხელ მატარებლის სადგურზე ჩემი სკოლის დამრიგებელი შემხვდა. უკვე იძვრებოდა მატარებელი, რომ შემამჩნია და მომაძახა, როგორ ხარო. კარგად ვარ, უკვე ხუთი შვილი მყავს-მეთქი. ისევ ხატავ? ალბათ, სამხატვროზე ჩააბარეო. ნონა მასწავლებელო, ახლა მე ცოცხალ ნახატებს ვხატავ-მეთქი, დავუძახე, მაგრამ კარგა ხანს გონებაში ჩამრჩა ეს შეხვედრა.
მე და ჩემს მეუღლეს წელიწადი და 7 თვე შვილი არ გვიჩნდებოდა. საუკეთესო ექიმები მეუბნებოდნენ, შვილი არასდროს გეყოლებაო, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რომ ერთი კი არა, ბევრი შვილი მეყოლებოდა და ასეც მოხდა. ხუთი შვილი მყავდა, ავარიაში რომ მოვყევი. 30 დღე უგონოდ ვიყავი, ხუთი წელი ძლიერ მედიკამენტებს ვსვამდი, თითქოს დროსა და სივრცეში ვიკარგებოდი, გარეთ გამოსვლა მიჭირდა... როდესაც გამოვჯანმრთელდი, კვლავ გამიჩნდა ხატვის სურვილი. დავჯექი დასახატავად, მაგრამ ვერ შევძელი და შვიდი ლექსი დავწერე. იმდენჯერ შევთხოვე ღმერთს, რატომ წერის ნიჭი არ მომეცი-მეთქი, ეტყობა, შეისმინა და იმ დღის მერე კალამი არ დამიდვია...წაიკითხეთ სრულად