ბავშვობაში კითხვაზე მეტად თამაში იზიდავდა, თუმცა შემდეგ მუშკეტერების მეგობრად იქცა, საკუთარი თავი ჭვავის ყანაშიც აღმოაჩინა და მიხვდა, რომ წიგნს ვერაფერი შეცვლის. რაც ძალიან მოსწონს, ნელ-ნელა კითხულობს და ცდილობს, კითხვისგან მიღებული სიამოვნება მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს. "წიგნის თაროს" სტუმარია მსახიობი თემურ ჭიჭინაძე.
- სულ ვკითხულობ. ამას ჩემი პროფესიაც მავალებს, რადგან მსახიობი გამუდმებით ახალ-ახალი პიესების ძიებაში უნდა იყოს. თანაც ახლა ბევრი კარგი დრამატურგია...
- წიგნთან თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო?
- ბავშვობაში, ისევე როგორც ყველას, მეც მაძალებდნენ კითხვას. არადა, გარეთ გაგირბის თვალი, კითხვას თამაში გირჩევნია (იცინის)... ძირითადად ბებიაჩემის ძალისხმევით ვკითხულობდი. მოწიფულობისას გემოვნება ჩამომიყალიბდა და უკვე თვითონ ვირჩევდი, რა წამეკითხა.
- რომელი მწერალი მოგწონდათ?
- ბავშვობაში დიუმა ყველას უყვარდა, განსაკუთრებით ბიჭებს. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, "სამი მუშკეტერის" თავგადასავალი მეც ძალიან მხიბლავდა. შემდეგ რემარკი შემიყვარდა, მერე - ჰემინგუეი, პრუსტი... თანამედროვეთაგან განუმეორებელია მარკესი. ახლა გადავიკითხე, ბევრი რამ გაცილებით უკეთ გავიგე და უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე პირველი წაკითხვისას.
- წიგნების გადაკითხვა გიყვართ?
- ძალიან. წიგნის წაკითხვის შემდეგ დროთა განმავლობაში რაღაც გავიწყდება, რაღაც უკეთ გამახსოვრდება, მერე ამის გადამოწმების სურვილი ჩნდება და იწყებ ხელახლა კითხვას. თუმცა პირველი ემოცია მაინც სხვაა... აღარც კი მახსოვს, "12 სკამი" რამდენჯერ წავიკითხე. ხშირად ვუბრუნდები ნოდარ დუმბაძეს. ახლა გადაწყვეტილი მაქვს ო,ჰენრის გადაკითხვა და დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალ რამეს მომაწვდის.
ახლახან გადავიკითხე "დიდოსტატის მარჯვენა" და ძალიან ვისიამოვნე. გგონია, რაკი ნასწავლი გაქვს, იცი და კარგად გახსოვს... ასე არ არის. სკოლაში ნასწავლს ხშირად უნდა მივუბრუნდეთ, რადგან ბავშვის ფსიქოლოგია ისეთია, ძალდატანებით ნასწავლი არ ამახსოვრდება... ვისაც წიგნიერებაზე აქვს პრეტენზია, გამუდმებით უნდა იკითხოს "ვეფხისტყაოსანი". არც ეს ნაწარმოები ისწავლება სკოლაში სრულფასოვნად. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამოკიდებულებას ჩამოგიყალიბებს მასწავლებელი ამა თუ იმ ნაწარმოების მიმართ.
- თქვენი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის შეგიდარებიათ?
- პირველ პირში დაწერილი ნაწარმოები თუ მოგწონს, ბუნებრივად გიჩნდება შეგრძნება, რომ შენი დაწერილია, ან თვითონაც ხარ ამ ამბების მონაწილე. მეც ვიყავი ჰოლდენ კოლფილდი. წარმოუდგენელია, მოზარდმა "თამაში ჭვავის ყანაში" წაიკითხოს და თავი ამ გმირთან არ გააიგივოს. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და ბევრჯერ დამიჭერია ჩემი თავი - ახლა ხომ ჰოლდენივით ვიქცევი-მეთქი...
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ახალგაზრდებს წიგნი აღარ აინტერესებთ?
- სამწუხაროდ, ასეა, რაც მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. მსოფლიო კომპიუტერულ ეპოქაში ცხოვრობს. ყველგან, სადაც ვყოფილვარ, ჩივიან, რომ ახალგაზრდები წიგნს აღარ კითხულობენ... ბოლო ხანს ეს პრობლემა აქტიურად წამოიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ პროგრესს მივესალმები და ინტერნეტი საოცრებად მიმაჩნია, მჯერა, ჩვენი არსებობა წიგნის გარეშე წარმოუდგენელია. შესაძლოა, დროში ვიყო ჩარჩენილი, მაგრამ კომპიუტერით წიგნს ვერ წავიკითხავ. ინტერნეტი ინფორმაციის მისაღებად შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ წიგნი სხვა ინტიმია. წამოწვები, გადაშლი და გგონია, რომ მარტო შენთვის არის დაწერილი, შენ და ავტორი სხედხართ და რაღაც ისტორიას განიხილავთ. მე ასეთი ჩვევა მაქვს: თუ წიგნი ძალიან მომწონს და, არ მინდა მალე დამთავრდეს, ვიზოგავ ხოლმე, რომ სიამოვნება დიდხანს გავიგრძელო.
- ჩვენი დღევანდელობა რომელიმე ნაწარმოებს ხომ არ გაგონებთ?
- კონკრეტულ ნაწარმოებს - არა, მაგრამ მარკესს ან ო,ჰენრის თუ გადაიკითხავთ, ძალიან ბევრ საერთოს აღმოაჩენთ ჩვენს დღევანდელობასთან.
- ჩვენი პოლიტიკოსები რომელ პერსონაჟებს ჰგვანან?
- ამაზე არც მიფიქრია... მით უმეტეს, პოლიტიკოსი რატომ უნდა ჰგავდეს? პერსონაჟში შეიძლება მეგობარიც იპოვო.
- რის წაკითხვას გვირჩევს თემურ ჭიჭინაძე?
- ბოლო ხანს ბევრი საინტერესო წიგნი გამოვიდა. ახალგაზრდობას ვურჩევდი, თანამეროვე ავტორები იკითხონ, შეძლებისდაგვარად ბევრ კარგ წიგნს გაეცნონ, რაც გონებრივი დიაპაზონის განვითარებაში, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.
დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)