ავტორი:

"პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია გაიყვეს" - რას წერს დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი?

"პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია გაიყვეს" - რას წერს დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი?
  • კარიკატურის ავტორი: რასმუს სანდ ჰოიერი

დანიის გაზეთ "ჯილანდ პოსტენ"-ში («Jyllands-Posten») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია - გაიყვეს", რომელშიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციაა განხილული. სტატიის ავტორია დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პერ სთიგ მოლერი.

პუბლიკაციიის დასაწყისში მოკლედაა მიმოხილული კავკასიის უახლესი, მე-20 საუკუნის მოვლენები: თუ როგორ დაკარგეს დამოუკიდებლობა რეგიონის ქვეყნებმა - საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა 1920-21 წლებში, როგორ დაიპყრო რუსეთმა სამივე რესპუბლიკა და საბჭოთა კავშირში შეიყვანა, რა ინტერესები ჰქონდათ რუსეთსა და თურქეთს (ლენინსა და ქემალს) კავკასიაში...

სტატიის ძირითადი ნაწილის შინაარსი ასეთია:

1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში დაწყებული ეროვნული მოძრაობის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, სამივე რესპუბლიკა დამოუკიდებელი გახდა და ისინი ევროპის საბჭოს წევრებად მიიღეს.

პერ სთიგ მოლერი

დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ასი წლის წინ - 1921 წელს არსებულ ვითარებას: ისევე როგორც მაშინ, ამჟამადაც სამხრეთ კავკასია რუსეთსა და თურქეთს შორის გავლენის სფეროებად გადანაწილების წინაშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში დასავლეთის გავლენა მცირდება. მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთთან დაწყებულ ომში აზერბაიჯანმა გაიმარჯვა, რომელსაც თურქეთი ეხმარებოდა. მართალია, რუსეთი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩაერია და თავისი ჯარები ყარაბაღში განალაგა. სამაგიეროდ, თურქეთმაც მიიღო დივიდენდები - სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში და სატრანსპორტო კომუნიკაციების (დერეფნის) უფლება ბაქოსაკენ, სომხეთზე ტრანზიტით. ამრიგად, რუსეთმა და თურქეთმა ფაქტიურად 1921 წლის პოზიციები აღიდგინეს - პუტინი და ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდნენ, დასავლეთი კი წავიდა.

თავისი სამხედრო ყოფნით სომხეთში (გიუმრის სამხედრო ბაზით), აზერბაიჯანში (ყარაბაღის სამშვიდობო ძალებით), უკრაინაში (ყირიმი და დონბასში), საქართველოში (აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში") ვლადიმირ პუტინი ყველა ჩამოთვლილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს აჩვენებს, რომ მათი მიზნები დასავლეთთან გაერთიანებაზე მხოლოდ ოცნებად რჩება. ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანს, ფაქტობრივად, კი მის ძლიერ მოკავშირეს - თურქეთს მთიანი ყარაბაღის გაკონტროლების ნება მისცა იმ მიზნით, რომ რეჯებ ერდოღანს კიდევ უფრო დაუახლოვდეს და იგი ნატოს ძირის გამოსათხრელად გამოიყენოს. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი აზერბაიჯანში, სირიაში და ლიბიაში მოქმედებით აჩვენებს, რომ იგი მუსლიმანური სამყაროს ძლიერი ლიდერია. ორივე პრეზიდენტს მსგავსი მიზნები აქვთ: რეჯეფ ერდოღანი ოსმალეთის იმპერიის ყოფილ დიდებაზე ოცნებობს, ვლადიმირ პუტინი კი - დიდი რუსეთის იმპერიის ძლიერების აღდგენაზე, - ნათქვამია სტატიაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ