ავტორი:

70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ რეჟისორ გუგული მგელაძის ის ნამუშევარია, რომელშიც მომღერალ თემურ წიკლაურის როგორც მსახიობის დებიუტი შედგა. ცოტა ხნის წინ, ამ ფილმის ეპიზოდები, სხვადასხვა ტელეარხის საშუალებით, არაერთხელ ვიხილეთ კიდეც, როდესაც საქართველო საყვარელ მომღერალს ეთხოვებოდა...

თემურ წიკლაურმა ამ ფილმში ნოდარის (ბელაფონტე) სახე შექმნა და როგორც რეჟისორი ამბობდა, შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია, ქართული კინოს ვარსკვლავებს... იმის გამო, რომ მისი პერსონაჟი, სხვებისგან განსხვავებით, ფილმის მსვლელობის მანძილზე, მღერის და გიტარაზე უკრავს, ამიტომ, მისთვის ამერიკელი მომღერლის და მსახიობის ბელაფონტეს სახელი შეურქმევიათ...

„მეც არ ვიცი, ვის დავეძებ, მეც არ ვიცი, რა მინდა, ამ ძებნაში სიჭაბუკის ნახევარი გავიდა“ - ეს არის კომპოზიტორ ნუგზარ ვაწაძის სიმღერა, რასაც ბატონი თემურის პერსონაჟი ასრულებს.

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ 1969 წელს გადაიღეს. გადაღებები უმეტესად სოხუმში მიმდინარეობდა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე. სცენარის ავტორი ცნობილი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. თემურ წიკლაური პარტნიორობას უწევს - დოდო აბაშიძეს (ალექსანდრე), ასევე გრიგოლ წიტაიშვილს (გერასიმე), თამაზ თოლორაიას (ბიძინა). ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - რუსუდან კიკნაძე (ტატა), ლეილა ყიფიანი (მარინე), ლალი მესხი (ლია), ნანული პირველი (გალინა)...

ნაჩვენებია გასული საუკუნის 60-იანი წლები, მშენებლობაზე მომუშავე ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრების დასაწყისში და საკუთარი თავის ძიებაში არიან და ჯერ სირთულეების პირისპირ არცკი აღმოჩენილან, მაგრამ მეგობრის მოულოდნელი დაღუპვა მათთვის პირველი ტკივილი და სერიოზული გამოცდაა (გერასიმე მშენებლობაზე უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება, რაც ფილმის სიუჟეტს ამძიმებს)... თბილი, მხიარული და სევდიანი ფილმი მასში მონაწილე მსახიობებით მაყურებლისთვის თავიდანვე საყვარელი გახდა...

„ლამის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ტელეეკრანებზე გამოჩნდა და მაყურებელი კიდევ ვერ ივიწყებს. რას ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა რამდენიმე ათეული წელი და ხალხში ისევ იცოცხლებდა, გამოდის, ტყუილად არ მიშრომია... სცენარის ავტორი ჩემი მეგობარი, კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. ერთხელ ცკ-ს მესამე მდივანმა (ქალბატონმა) დამიბარა და მკითხა, - ბატონო გუგული, რამე ახალი სიუჟეტი ხომ არ გაქვთ, რომ გადაიღოთ? ვუთხარი, რომ ორი იდეა მქონდა და ვუამბე ჩემი მეგობარი სცენარისტის სულიკო ჟღენტის შესახებაც. მაშინ სულიკო ბათუმში იყო. დავურეკე და ჩამოვიდა. მივაწოდე იდეა, რა თემაზე მინდოდა ფილმის გადაღება და დაწერა. რაღაცები შევცვალე, დავუმატე, ძირითადი სცენარი კი იგივე დარჩა,“ - ყვებოდა რეჟისორი გუგული მგელაძე წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ალექსანდრეს, მთავარი გმირის როლზე თურმე ორი მსახიობი მოიაზრებოდა: ეროსი მანჯგალაძე და დოდო აბაშიძე. ორივე გაუსინჯავთ, მაგრამ ეროსის რომ გაუგია, დოდოც ამ როლზე უნდოდათ, უარი უთქვამს. მეგობრები იყვნენ და არ უნდოდა, დოდოს შესცილებოდა.

„ეროსის რომ ეთამაშა, ცხადია, სხვანაირ პერსონაჟს შექმნიდა და ფილმიც სხვანაირი გამოვიდოდა. რაც შეეხება დოდო აბაშიძეს, კარგად ითამაშა, დასამახსოვრებელი სახე შექმნა...

...ფილმში „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ მომღერალ თემურ წიკლაურის, როგორც მსახიობის, დებიუტი შედგა. ნოდარის (ბელაფონტე) როლზე სხვა მსახიობი მყავდა შერჩეული, მაგრამ თემური რომ გავსინჯე, ძალიან მომეწონა. სრულიად ახალგაზრდა, ახალბედა და ნიჭიერი იყო. სინჯებზეც არაჩვეულებრივად ითამაშა...

ფილმს როცა ვიღებდი, ანსამბლ „ციცინათელაში“ მღეროდა. მისი ხელმძღვანელი გადაღებებზე არ უშვებდა, რადგან მის გარეშე იქ ვერაფერს აკეთებდნენ. ანსამბლი თითქმის ერთი წელი უმოქმედოდ იყო. ამის გამო „ციცინათელას“ ხელმძღვანელი ჩემზე გულნატკენი გახლდათ. ერთხელ მითხრა, - მანახეთ ეგ ფილმი, ღირდა კი, ერთი წელი რომ გაგვაჩერეთო? რომ ნახა, თქვა - ღირდაო,“ - ამბობდა რეჟისორი, როდესაც მას ამ თემაზე ეკითხებოდნენ.

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ პოპულარული იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, ფილმი უცხოეთშიც გაიცნეს... 1972 წელს ლონდონში ქართული ფილმების რეტროსპექტულ ჩვენებაზეც წარადგინეს. ნამუშევრების შესარჩევად საქართველოში ცნობილი ბრიტანელი კინომცოდნე გილეტი ჩამოსულა, რამდენიმე ქართული ფილმის ნახვის შემდეგ, თანამედროვე ცხოვრების ამსახველი რაიმე სურათის ნახვა მოუთხოვია. კინომექანიკოსს „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ფირი აღმოაჩნდა. კრიტიკოსს ნამუშვარი მოეწონა...

ლონდონში ქართული ფილმების ჩვენებას დელეგაცია გაჰყვა გუგული მგელაძის, რეზო ჩხეიძისა და მიხეილ კობახიძის შემადგენლობით... ფილმის ჩვენებას 600 ლორდი ესწრებოდა. ინგლისელებს „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ მოეწონათ... რეჟისორი ყოველთვის თბილად და მხიარულად იხსენებდა ლონდონში გატარებულ დღეებს და იმასაც დასძენდა, - ასე მომატარა ფილმმა „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ინგლისიო...

ფაქტია, რომ ეს ნამუშევარი იმ პერიოდში 23 წლის თემურ წიკლაურისთვისაც წარმატებული დებიუტი და კარიერაში საუკეთესო სტარტი აღმოჩნდა. მალე მომღერალი ანსამბლ „ციცნათელადან“ „ივერიაში“ გადავიდა, რასაც შემდგომ მისი საინტერესო და ნაყოფიერი კარიერა და კიდევ რამდენიმე ფილმში კინოროლი მოჰყვა... გუგული მგელაძის დამსახურებით, ქართულმა კინომ ასე შემოინახა 23 წლის თემურ წიკლაურის სახე...

"მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე... ნერვიულობისგან ცუდადაა, ოპერაციები სჭირდება" - ზურა ყიფშიძე თაღლითობის დეტალებზე

"შვილი რომ გავაჩინე, მეუღლეს უკვე დაშორებული ვიყავი" - ვინ ეხმარება მარიკა თხელიძეს შვილის აღზრდაში და რა შეცვალა პანდემიამ მის ცხოვრებაში

1-8 მარტს, სავაჭრო ცენტრ „მერანში“ , ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება