ავტორი:

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

იტალია – ჩემი ყველაზე საყვარელი ქვეყანაა, თავისი ულამაზესი ადგილებით, ნაგებობებითა და განუმეორებელი კერძებით. იტალიაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამ ბლოგში მინდა ყველაზე რბილი, „წვნიანი“, ახალი და გემრიელი იტალიური ყველის – „მოცარელას“ შესახებ მოგიყვეთ.

მოცარელა (Mozzarella) – ახალი, სწრაფად „დამწიფებული“ ყველია, რომელიც ფაქტობრივად მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ. ის წარმოშობით კამპანიას რეგიონიდანაა და ბოჭკოვანი ყველის (pasta filata) ოჯახს მიეკუთვნება. რბილ ყველს მთელს მსოფლიოში, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

მომზადების სიმარტივისა და უნივერსალურობის გამო, მას იტალიურ სამზარეულოში მთავარი როლი უჭირავს და ევროპულ სამზარეულოშიც მყარად მოიკიდა ფეხი. თავად სიტყვა „მოცარელა“, ჩვენს ენაზე ითარგმნება როგორც „მოჭრილი“, გაწყვეტილი“. დღემდე, ყველის ქარხნებსა და კერძო ფერმებში, სადაც ყველის დამუშავება ხელით ხდება, მომზადების პროცესში კვლავაც ძველ „მოჭრის“ მეთოდს იყენებენ.

თუ ერთხელ მაინც გასინჯავთ მოცარელას, მასზე უარს ვეღარასოდეს იტყვით.

თავდაპირველად, „მოცარელას“ კამეჩის რძისგან ამზადებდნენ. მისი წარმოშობის ზუსტი ისტორია დღემდე უცნობია. ზოგი ამბობს, რომ კამეჩები იტალიაში პირველად ჰანიბალ ბარკამ შემოიყვანა, რომელიც კართაგენის მხედართმთავარი და რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი იყო. სხვა ვერსიით, კამეჩები არაბებმა, ან ინდუსებმა შემოიყვანეს. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ყველის ეს სახეობა მე-12 საუკუნეში გამოჩნდა და ის სრულიად შემთხვევით გამოიგონეს. იმ პერიოდში, როგორც ცნობილია არ იყო მაცივრები და პატარა ქალაქი კამპანიას ადგილობრივი მოსახლეობა, რძეს სარდაფში ინახავდა. ერთხელაც, ვიღაცას დაავიწყდა შენახული რძე და როდესაც გაახსენდა, აღმოაჩინა, რომ ის მრგვალი ფორმის ყველად გადაქცეულიყო, რომელსაც შიგნით ნაზი ხაჭოს მასა ჰქონდა.

დროთა განმავლობაში, ყველი იტალიის ყველა რეგიონში გავრცელდა. დღეისათვის, საუკეთესო მოცარელას კაზერტასა და ბატტიფალიას რეგიონებში ამზადებენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში, იტალიამ ჭაობიანი ადგილების გამოშრობის რეფორმა წამოიწყო. კამეჩებისთვის კი ასეთი გარემო იდეალურია. ამ მხრივ მნიშვნელოვნად შემცირდა კამეჩების რაოდენობა და გლეხებმაც, მოცარელას წარმოება ჩვეულებრივი ძროხის რძისაგან დაიწყეს.

ამ ყველის დამახასიათებელი და გამორჩეული თვისება მისი წელვადი ტექსტურაა. რძე განსაზღვრულ ტემპერატურაზე იხარშება, რის შემდეგაც, შრატი იწყებს გამოყოფას. მასას განუწყვეტლივ ურევენ. ნელ-ნელა ფორმულირდება ბლანტი მასა – pasta filata. რაც ყველაზე საინტერესოა, მწარმოებლები იწყებენ ბურთების ძერწვას და ყველის მოჭრას (mozzare). პროცესი არ არის მარტივი. ყველის ოსტატები დიდი სინაზითა და სიყვარულით წელავენ ყველს, აკეთებენ გლუვ ბურთულებს, რომლებიც ერთი ზომის და თანაბარი უნდა იყოს. შემდეგ, მოცარელას მარილიან ხსნარში ათავსებენ, რომ სირბილე და წვნიანობა დიდი ხნით შეინარჩუნოს.

ახალ მოცარელას აქვს ნაღების გემო, რბილი ტექსტურა და ფაფუკ ღრუბელს მოგვაგონებს. როდესაც ბურთულას დანით გაჭრით, იქიდან თეთრი რძე უნდა გადმოვიდეს. ეს პროდუქტი აუცილებლად ახალი მომზადებული უნდა მიირთვათ, ამიტომ, ყველის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, მისი ტრანსპორტირების საკითხი შედარებით პრობლემატურია და ბევრი ქვეყანა უპირატესობას ადგილობრივ წარმოებას ანიჭებს, რაც საშუალებას იძლევა ყველი ახალი მიირთვათ და ამასთან, მისი ფასიც საგრძნობლად მცირდება.

საქართველოში „მოცარელას“ წარმოებაზე ექსკლუზივი კომპანია „ნიკორას“ ეკუთვნის. „დღის პროდუქტები“ – „ნიკორას“ ჰოლდინგის ქვეშ შემავალი რძის პროდუქტების ქართული ბრენდია, რომელიც „მოცარელას“ აწარმოებს. როგორც თავად კომპანიასთან გავარკვიე, ქართული მოცარელას დამზადების ტექნოლოგია იტალიურის იდენტურია და იგივე წესების დაცვით მიმდინარეობს. გამოიყენება ძროხის პასტერილებურ რძეზე დამზადებული ნედლეული. იტალიური მეთოდის მსგავსად, ყველის ბურთულები მარილიანი წყლის ხსნარში იდება და მაღაზიის დახლებზე შეფუთულ მდგომარეობაში მიდის.

ბონუსად, გთავაზობთ უგემრიელესი მოცარელას სენდვიჩის რეცეპტს, რომელიც დიდი ალბათობით, ჯერ არ გაგისინჯავთ.

ინგრედიენტები:

მოცარელა 140 გრ.

ტოსტის პური 8 ნაჭერი

კვერცხი 3 ცალი

რძე 3 ს/კ.

სეზამის ან სიმინდის ზეთი 1 ჭიქა

პილპილი 1 ჩ/კ

მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ტოსტის პურს ჩამოაჭერით კიდეები. მოცარელა დაჭერით პურის სისქეზე და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. დაალაგეთ საწურზე, რომ წვენი გამოუვიდეს.

გააკეთეთ 4 ბუტერბროდი.

კვერცხები ათქვიფეთ რძესთან ერთად, დაუმატეთ მარილი.

ბუტერბროდები ამოავლეთ ფქვილში, მსუბუქად დაფერთხეთ და სწრაფად ამოაწეთ კვერცხის მასაში და შეწვით ცხელ ზეთიან ტაფაში, ორივე მხრიდან.

სენდვიჩები დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. მიირთვით ცხელ მდგომარეობაში, სანამ ყველი წელვადობას არ დაკარგავს.

მოცარელათი მომზადებული გემრიელობების სია უსასრულოა. ის იდეალურია სალათებში, პიცისთვის, პასტაში და სხვ. ეს ყველი იდეალური და საუკეთესოა.

წყარო: https://teasblogi.wordpress.com

რა არის და როგორ უწყობს ხელს საკონკურსო პროექტი "დიდგორელი" განათლებას?

კერძი, რომელიც საუკუნეებს ითვლის - უგემრიელესი უელსის რეარბიტსის სწრაფი რეცეპტი შეფისგან

MIT-ს სამეწარმეო ქსელში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს