ბავშვის შვილად აყვანის მსურველები რიგში ისევ წლობით დგანან

ბავშვის შვილად აყვანის მსურველები  რიგში ისევ წლობით დგანან

თეა დვალიშვილი (სახელ-გვარი შეცვლილია) 38 წლის გათხოვდა, ქმარი 41 წლის იყო. შვილი ძალიან უნდოდა, ორჯერ დაორსულდა კიდეც, მაგრამ მუცელი მოეშალა. ექიმებმა უთხრეს, რაღაც ვირუსი გაქვსო. იმკურნალა, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ახლა 42 წლისაა და როგორც თვითონ ამბობს, შვილის აყვანა უნდა.

"შვილი ძალიან მინდა. ექიმები კონკრეტულ პასუხს ვერ მცემენ, მეყოლება თუ არა. ამიტომ ბავშვის აყვანაზე ვფიქრობ. თუმცა, მითხრეს ოფიციალურად რომ იშვილო, საბუთების შევსებაში ბევრი ფული დაგეხარჯებაო და თან თურმე, რამდენიმე წელი უნდა ველოდო. სანამ შემიძლია მისი გაზრდა მანამ მინდა, თორემ 50 წლისას რაღად მინდა?!" - ამბობს ის ,,რეზონანსთან" საუბრისას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, მშვილებლად დარეგისტრირება უფასოა და მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო, შვილის აყვანის მსურველებს კი რიგში დგომა მართლაც წლობით უწევთ. დღეისათვის გასაშვილებელ ბავშვთა ერთიან რეესტრში 70-მდე გასაშვილებელი ბავშვია დარეგისტრირებული (ამათგან 60 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე), ხოლო იმათი რაოდენობა, ვისაც ბავშვის შვილად აყვანა უნდა 1600-მდეა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის, იურისტ ბიძინა ხარაზიშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, ძნელი სათქმელია, რამდენი ხანი მოუწევს ადამიანს რიგში დგომა, ეს არაპროგნოზირებადი პროცესია და დამოკიდებულია იმაზე, რამდენი პატარა დაიბადება, რამდენი მშობელი იტყვის უარს მასზე ან ბავშვების პოვნისა და მიტოვების რამდენი ფაქტი დაფიქსირდება.

"ოჯახს, რომელმაც ახლახან შემოიტანა საბუთები, გარკვეული მოთმინება და ლოდინი მართლაც მოუწევთ," - ამბობს ხარაზიშვილი.

"პატარა ბავშვი მინდა, ფეხი მე რომ ავადგმევინო, ლაპარაკი ჩემთან ისწავლოს... რა მნიშვნელობა აქვს, გოგო იქნება თუ ბიჭი, მთავარია, ჯანმრთელი იყოს," - ამბობს თეა დვალიშვილი.

ბავშვის შვილად აყვანის მსურველები რეგისტრაციის გავლისას ანკეტას ავსებენ, რომელშიც ბავშვების მათთვის სასურველ სქესს, ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეთნიკურობას მიუთითებენ.

ხარაზიშვილის თქმით, ანკეტების მიხედვით, ყველაზე დიდი მოთხოვნა 0-3 წლამდე, ჯანმრთელ (უნარშეზღუდულის შვილება თითქმის არავის უნდა), ქართველ ბავშვზეა, სქესის მხრივ თანაფარდობაა.

"ის, რომ ყველას ჯანმრთელი ბავშვი უნდა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ პროცესებზეა დამოკიდებული. ხალხი დამატებით ხარჯებს გაურბის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებს კი მკურნალობა და განსაკუთრებვული მზრუნველობა უნდათ", - ამბობს "იუნისეფის" ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფარცხალაძე.

2010 წლის 1 მარტს "შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით ცალსახად გაიმიჯნა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის ინსტიტუტები (მიუხედავად კანონთა გაერთიანებისა); კონკრეტულად განისაზღვრა იმ ბავშვთა კატეგორიები, რომლებიც ექვემდებარებიან გაშვილებას ანდა მინდობით აღზდას.

ბიძინა ხარაზიშვილის თქმით, ახალი კანონმდებლობით იმისათვის, რომ შვილად აყვანის მსურველად დარეგისტრირდე, მხოლოდ პირადობის მოწმობაა აუცილებელი, არანაირი ფინანსური დანახარჯები და დოკუმენტები არაა საჭირო - აპლიკანტი თვითონ წერს საკუთარ თავზე ინფორმაციას და მერე სპეციალური სამსახურები ამოწმებს ამას.

ხარაზიშვილი ამბობს, რომ გამარტივდა ბავშვისთავის გასაშვილებელი სტატუსის მინიჭების საკითხიც: მკვეთრად ჩამოყალიბებულია ის კრიტერიუმები, რომლებითაც ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს. მისი თქმით, სასამართლოს და სოციალური მომსახურების სააგენტო შსს-სთან თანამშრომლობით სწრაფ და მოქნილ ვადებში აღიარებენ ბავშვს მიტოვებულად, რაც თავისთავად ნიშნავს გასაშვილებელს. როცა მშობელი შვილზე უარს ამბობს, ერთი მარტივი ფორმის შევსებით, გასაშვილებელის სტატუსი ენიჭება;

"სასამართლო მუშობს ძალიან ეფექტურად, სწრაფი ფორმებით ვურთიერთობთ მშვილებელთან, რომ სასამართლოსთვის მოვამზადოთ, რომელიც 2 კვირაში იღებს გადაწყვეტილებას", - ამბობს ხარაზიშვილი.

ნათია ფარცხალაძის თქმით, კანონის შეცვლა ნამდვილად პროგრესია, რაც იმედია, ადრინდელ კორუფციულ სიტუაციას შეცვლის და ბავშვებს მზრუნველ ოჯახებს აპოვნინებს. მისი აზრით, კანონის ეფექტურად ფუნქციონირების შემთხვევაში უფრო მეტ ბავშვს, ნაკლებ დროში მიანიჭებენ გასაშვილებლის სტატუსს, მალე გააშვილებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვთა სახლებში ცოტა ხანი მოუწევთ ყოფნა.

მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ არის ბევრი დეტალი, რომლსაც სიფრთხილით უნდა მოკიდება. მაგალითად, მშობლის უფლების შეზღუდვა და ჩამორთმევა.

"ერთი მხრივ კარგი და მნიშვნელოვანია, რადგან ამის გამო ბავშვებს დიდი ხანი უწევდათ ბავშვთა სახლებში ყოფნა. მეორე მხრივ, თუ ხშირად და ზედაპირულად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, შეიძლება ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანების უმეტესობაში, ბევრ ადამიანს ჩამოერთვას მშობლის სტატუსი, რასაც ბევრი მინუსიც აქვს. თუმცა, ჯერჯერობით ამისგან შორს ვართ".

გასაშვილებელი ბავშვებზე საუბრისას, ხარაზიშვილის თქმით, ძირითადად, სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრებ ბავშვებზეა საუბარი და მათზე, ვინც მინდობით აღზრდაში ან შიდა საოჯახო ტიპის სახლებში იმყოფებიან.

რაც შეეხება მიუსაფარ ბავშვებს, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდებიან ქუჩაში, ხარაზიშვილი განმარტავს, რომ მათთან სხვა პრობლემებს ვხვდებით - ოჯახური აღზრდა, ტრადიცია, ძალადობა. მისი თქმით, არის ისეთი შემთხვევები, როცა ასეთი მშობლისთვის შვილი ჩამოურთმევიათ.

"ჯერ მათი ქუჩიდან მოწყვეტაა აუცილებელი, ამიტომ სხვა ტიპის მუშაობაა საჭირო."

ნათია ფაცხალაძის თქმითაც, იმ მიუსაფარი ბავშვების უმეტოსობას, რომლებიც ქუჩაში გვხვდებიან, ჰყავთ მშობლები და გასაშვილებლის სტატუსსაც ვერ დააკმაყოფილებენ.

"მაგრამ მათში, ალბათ, ბევრი ისეთიცაა, რომელმაც შეიძლება მიიღოს ეს სტატუსი. პრობლემა ისაა, რომ 5 წლის ზემოთ ბავშვები იშვითად აჰყავთ შვილად," - ამბობს ფირცხალაძე.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის შიგნით 2000 წელს - 40 ბავშვი გაშვილდა; 2001 წ. - 43, 2002 წ. - 35; 2003 წ. - 45; 2004 წ. - 25; 2005 წ. - 205; 2006 წ. - 186; 2007 წ. - 161; 2008 წ. - 91; 2009 წ. - 162.

ბიძინა ხარაზიშვილის თქმით, სტატისტიკის ასეთი ცვლილებები ამ სფეროსთვის დამახასითებელია, რადგან ვერაფერს იწინასწარმეტყველებ.

"შარშანდელი ციფრის გაზრდა 2008 წელთან შედარებით 2009 წელს მიღებული ახალი კანონმდებლობითაა გამოწვეული. 2010 წელს კანონში შესულმა ცვლილებებმა უკვე იმ სეგმენტზეც იმუშავა, რომელშიც ხარვეზები ჰქონდა წინა კანონს. მას მომავალში უკეთესი შედეგები ექნება," - ამბობ ხარაზიშვილი.

ქვეყანათაშორისი გაშვილების სტატისტიკის მიხედვით, 2000 წელს 40 ჩვილი ბავშვი იყო; 2001 წელს საქართველოს გარეთ გაშვილდა 56 ბავშვი; 2002 წ. - 122 (99% პირდაპირი გაშვილების ფორმით); 2003 წ. - 150 (99% პირდაპირი გაშვილების ფორმით); 2004 წ. - 39 ბავშვი (უმეტესობა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, აქედან 3 ნათესაური); 2005 წ. - 17 (აქედან, ერთი ნათესაური); 2006 წ. - 9 (აქედან, 3 ნათესაური); 2007 წ. - 5; 2008 წ. - 7 ბავშვი; 2009 წ. 1 ბავშვი;

სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის განცხადებით, საზღვარგარეთ გაშვილებული ბავშვების რაოდენობის კლება საკანონმდებლო რეგულაციის ზუსტმა და სწორმა წესების შემოსვლამ გამოიწვია - 2008 წლის პირველ მაისამდე მოქმედი კანონმდებლობით, ცნება "გასაშვილებელის სტატუსი" და ვადის შეზღუდვაც არ არსებობდა.

"თუ ორგანო გადაწყვეტდა, რომ ბავშვი უნდა გაშვილებულიყო, ნებისმიერი აქტის გარეშე იწყებდა ამ პროცესს. დღეს რეგულირდება, რომ ბავშვის გაშვილებაზე ნებართვა გამოიხატება აქტის (რატომ და როგორ ექვემდებარება გაშვილებას, რა დიაგნოზი აქვს, ექსპერტიზის პასუხი, მშობლის შესახებ რა ინფორმაცია არსებობს) გამოცემით. ამის შემდეგ 8 თვის მანძილზე ყველანაირად ვცდილობთ ბავშვი საქართველოში დარჩეს. უნდა ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ ბავშვმა არ დატოვოს სახემწიფო. ამასთან, გაშვილებისას უპირატესობა საქართველოს მოქალაქეს ენიჭება," - ამბობს ხარაზიშილი.

ნათია ფარცხალაძის თქმით, კარგია რომ უცხოეთში გაშვილება მკაცრად კონტროლდება, რადგან ადრე ისეთ ბავშვებსაც კი აშვილებდნენ საზღვარგარეთ, რომლის გაშვილება საქართველოშიც მოხერხდებოდა.

"ეს სწორია, თუნდაც საქართველოს დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე. ერთადერთი რაც შეიძლება, რომ უკეთესი გაკეთდეს ამ მხრივ, უნდა დაჩქარდეს გასაშვილებელი ბავშვისთვის იმ დიაგნოზის დადგენა, რომლის განკურნების პოტენციალიც საქართველოში არ არსებობს," - ამბობს ფარცხალაძე.

მაზიაშვილის განცხადებით, ევროპის მსგავსად, საქართველოშიც აქტუალური გახდა თემა, რომ ბავშვი ბიოლოგიურ დედას არ მოწყვიტოს. ამასთან, ამბობს, რომ ყველანაირად იცავენ მშვილებელის ინტერესებს.

კანონმდენლობის თანახმად, ბავშვი გაშვილებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ: მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; არ ჰყავს მშობლები (ობოლი); აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად; მშობელმა (მშობლებმა) თანხმობა განაცხადა ბავშვის გაშვილებაზე, და მიტოვების თაობაზე; მშობელს (მშობლებლებს) ჩამოერთვა მშობლის უფლება.

შვილად აყვანის მსურველმა პირმა (პირებმა) ბავშვის შვილად აყვანისთვის უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რეგისტრაციითვის საჭიროა ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების ფორმის შევსება და წარდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

სალომე ცეცხლაძე

გაზეთი ”რეზონანსი”